ბრძანება N 18074
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18074
26 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -------- (პ/ნ -------)
(მის.: ----------)
2023 წლის 3 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -----) №82049/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №002-127 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებია ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. აცხადებს, რომ მიღებული შემოსავალი უკვე დაბეგრილია გადახდის წყაროსთან, დეკლარაცია შეავსო დამოუკიდებლად, რის საფუძველზეც წარმოეშვა ზედმეტობა, ხოლო დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №13044 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ -------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 30 ივნისის №15445 ბრძანება და ამავე თარიღის №002-127 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 12 240 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 160 ლარი, ჯარიმა 4 080 ლარი, საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ფ/პ ------- (ს/ნ ------) ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკუთარი და იჯარით აღებული საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადამხდელის მიერ 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი ასახულია 40 800 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ჩასათვლელ თანხაში (42-ე გრაფა) მითითებულია აღნიშნული შემოსავლის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი - 8 160 ლარი, რის შედეგადაც შემცირებულია „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი" (გრაფა 43) და შეადგენს 0 ლარს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში არსებული ფართი (ს/კ ------; ქ.------, ----- გ.N ---, 56.36 კვ.მ) იჯარით ჰქონდა გაცემული შპს “------”-ზე (ს/ნ -------), რომლისგანაც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საიჯარო ქირის სახით მიღებული აქვს ჯამში 40 800 ლარი, აქედან საშემოსავლო გადასახადი 8 160 ლარი დაკავებული იქნა წყაროსთან.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996- ის 32-ე მუხლით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნომრებიდან გამომდინარე, რამდენადაც შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ საიჯარო ქირის სახით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი დაკავებულია წყაროსთან, ხოლო აღნიშნული გადასახადი არ წარმოადგენდა გადამხდელისთვის დაბრუნებად გადასახადს, მის მიერ აღნიშნული გადასახადის თანხა 8 160 ლარის ოდენობით არ ექვემდებარებოდა ასახვას წლიური საშემოსავლო გადასახადის 42-ე გრაფაში. შემოწმების შედეგად აღნიშნულ გრაფაში მითითებული მონაცემი დაექვემდებარა კორექტირებას, რამაც გამოიწვია როგორც გადასახადის, ასევე ჯარიმის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 32-ე მუხლის თანახმად, წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 42-ე და 45-ე უჯრები ივსება ფიზიკური პირის მიერ, რომელიც დეკლარაციას წარადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ საიჯარო ქირის სახით მიღებული შემოსავალი შესაბამის პერიოდში დაკავებულია წყაროსთან, ხოლო აღნიშნული გადასახადი არ წარმოადგენს გადამხდელისთვის დაბრუნებად გადასახადს და არ ექვემდებარება ასახვას წლიური საშემოსავლო გადასახადის 42-ე გრაფაში. შემმოწმებლის მიერ აღნიშნულ გრაფაში მითითებული მონაცემი დაექვემდებარა კორექტირებას, რამაც გამოიწვია გადასახადის დარიცხვა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნომრებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
შემოწმებით განსაზღვრულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნით საურავი არ დარიცხვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ფ/პ ------- (პ/ნ ------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №002-127 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ფ/პ ------- (პ/ნ ------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №002-127 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №002-127 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელი იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებია ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკუთარი და იჯარით აღებული საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. გადამხდელის მიერ 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი ასახულია 40 800 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ჩასათვლელ თანხაში (42-ე გრაფა) მითითებულია აღნიშნული შემოსავლის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი - 8 160 ლარი, რის შედეგადაც შემცირებულია „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი" (გრაფა 43) და შეადგენს 0 ლარს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საიჯარო ქირის სახით მიღებული აქვს ჯამში 40 800 ლარი, აქედან საშემოსავლო გადასახადი 8 160 ლარი დაკავებული იქნა წყაროსთან.
რამდენადაც შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ საიჯარო ქირის სახით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი დაკავებულია წყაროსთან, ხოლო აღნიშნული გადასახადი არ წარმოადგენდა გადამხდელისთვის დაბრუნებად გადასახადს, მის მიერ აღნიშნული გადასახადის თანხა 8 160 ლარის ოდენობით არ ექვემდებარებოდა ასახვას წლიური საშემოსავლო გადასახადის 42-ე გრაფაში. შემოწმების შედეგად აღნიშნულ გრაფაში მითითებული მონაცემი დაექვემდებარა კორექტირებას, რამაც გამოიწვია როგორც გადასახადის, ასევე ჯარიმის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №002-127 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(1), 81(1), 100(1), 153(1"ა")(4), 43(1"ა")(4), 269(1)(7), 270(1)(2), 275(2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.