ბრძანება N 32950

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.12.2023
№ დოკუმენტი 32950
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32950

26 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 27 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა ი/მ -----ს (ს/ნ -----) №85423/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №227-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობის შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილებას და ითხოვს აღნიშნული სხვაობის გამოვლენის მომენტისთვის დანაკლისად განხილვას. ასევე არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ სმფ-ების დანაკლისი უნდა დაბეგრილიყო გამოვლენის მომენტისთვის, ხოლო აუდირებული ფასნამატის ნაცვლად უნდა გავრცელებულიყო შემოწმებისთვის მიწოდებული ფასნამატის გაანგარიშების მიხედვით დადგენილი ფასნამატი.

2. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში შემოწმების მიერ სმფ-ების ნაშთების დაკორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის №2122 და 5 მაისის №9997 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -----ს (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 25 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 ოქტომბრის №26412 ბრძანება და ამავე თარიღის №227-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 714 913 ლარი, მათ შორის, გადასახადი 413 769 ლარი, ჯარიმა 186 515 ლარი, საურავი 114 629 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ და მეწარმის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების ანალიზის/შესწავლის შედეგად დგინდება, რომ პირს 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დადეკლარირებული აქვს 303 592 ლარის ღირებულების სმფ-ების ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციით ფიქსირდება 6 470 ლარის სმფ-ების ნაშთი. შემოწმებით განისაზღვრა წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის თვითღირებულება - 870 197 ლარი, რაზეც გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 110%, ხოლო წარმოების გარეშე რეალიზებული ნედლეულის თვითღირებულებამ შეადგინა 176 759 ლარი, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი 3%. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 159-ე, 160-ე და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების კორექტირება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარირებული მონაცემები მკვეთრად განსხვავდებოდა ფაქტიური ნაშთის მონაცემებისაგან, შემოწმებით ჩაითვალა, რომ პირს ყოველი წლის ბოლოს ნაშთად ერიცხებოდა იმდენივე სმფ, რაც აღმოჩნდა ფაქტიური აღწერის დროს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა სმფ-ების ნაშთები და გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მხოლოდ სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღწერა და აღწერის მასალები გადმოგზავნილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში, მათი მხრიდან დანაკლისი ან/და აღურიცხავი საქონელი არ გამოვლენილა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით (ფაქტიური ნაშთის თვითღირებულებით) განსაზღვრული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე, რაზეც გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი და შემოწმების მიერ დადგენილი დასაბეგრი ბრუნვი გადანაწილდა მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, შემოწმების მიერ არ იქნა გაზიარებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშება (კალკულაცია), ვინაიდან აღნიშნული შედგენილი იყო არარეალური სასაქონლო ნაშთის გამოყენებით, ამასთან, წარდგენილ კალკულაციაში ასახული იყო მხოლოდ საქონლის რაოდენობები თვითღირებულებების გარეშე. აღნიშნულ კალკულაციაზე დაყრდნობით განისაზღვრა სავარაუდო თვითღირებულებები, რა დროსაც დაფიქსირდა ანალოგიური საშუალო ფასნამატი.

წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს და ითხოვს მის კორექტირებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კალკულაციები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ დეკლარირებული მონაცემები მკვეთრად განსხვავდება სმფ-ების ფაქტიური ნაშთის მონაცემებისაგან. შემოწმებით ჩაითვალა, რომ პირს ყოველი წლის ბოლოს ნაშთად ერიცხებოდა იმდენივე სმფ, რაც აღმოჩნდა ფაქტიური აღწერის დროს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა სმფ-ების ნაშთები და გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაადეკლარირა არარეალური სასაქონლო ნაშთი, ამასთან, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების ანალიზის მიხედვით, პირი ყოველი წლის ბოლოს ადეკლარირებდა მზარდ ნაშთებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ ყოველი წლის ბოლოს გადასახადის გადამხდელის ნაშთად ჩათვალა სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კალკულაციები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობის შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილებას და ითხოვს აღნიშნული სხვაობის გამოვლენის მომენტისთვის დანაკლისად განხილვას. ასევე არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.

2. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში შემოწმების მიერ სმფ-ების ნაშთების დაკორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ და მეწარმის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების ანალიზის/შესწავლის შედეგად დგინდება, რომ პირს 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დადეკლარირებული აქვს 303 592 ლარის ღირებულების სმფ-ების ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციით ფიქსირდება 6 470 ლარის სმფ-ების ნაშთი. შემოწმებით განისაზღვრა წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის თვითღირებულება - 870 197 ლარი, რაზეც გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 110%, ხოლო წარმოების გარეშე რეალიზებული ნედლეულის თვითღირებულებამ შეადგინა 176 759 ლარი, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი 3%. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების კორექტირება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარირებული მონაცემები მკვეთრად განსხვავდებოდა ფაქტიური ნაშთის მონაცემებისაგან, შემოწმებით ჩაითვალა, რომ პირს ყოველი წლის ბოლოს ნაშთად ერიცხებოდა იმდენივე სმფ, რაც აღმოჩნდა ფაქტიური აღწერის დროს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა სმფ-ების ნაშთები და გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კალკულაციები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

გადასახადის გადამხდელის საჩივარი დანარჩენ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა"), 159(1"ა""ბ"), 163(1), 164(1), 79"ა", 80(1), 81(1), 100(1), 102(1"ა"), 105(1)(2), 106"ა", 145(1)(2)(3).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").