გადაწყვეტილება №20267/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20267/2/2023
30 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 14.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20267/2/2023).
დავის საგანი:
1. ბინების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. სასტუმრო ნომრებად აღრიცხული ფართების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-301 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13523 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 233 919,78 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 668 547
დღგ - 237 145
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 205
საშემოსავლო გადასახადი - 400 869
ქონების გადასახადი - 30 328
ჯარიმა - 287 995
საურავი - 277 377,78
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-301 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13523 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ბინების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს ქალაქ -----ში, -----ს ქუჩაზე აშენებული აქვს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, კომერციულ ფართებსა და სასტუმროს ნომრებს. კომპანიას აღნიშნული კორპუსი აშენებული აქვს ხანდაზმულ პერიოდში, თუმცა გარკვეული ბინების რეალიზაციას ახდენს შესამოწმებელ პერიოდში. გადამხდელის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს აღნიშული ფართები არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები არ აქვს ასახული სააღრიცხვო პროგრამაში. 20.05.2022 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიაში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნდა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომელიც საწარმოდან გატანილია, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-4 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმება ჩატარდა 1.01.2018 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდზე, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წელს დაზუსტებული ჰქონდა 2018 წლის დეკლარაციები. შესაბამისად, 2018 წლის საანგარიშო პერიოდი არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. კერძოდ, შემოწმების მიერ დაიბეგრა გადამხდელის მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინები, რაზეც გადამხდელი ინფორმირებული იყო შემოწმების პროცესში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს ბინები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. ასევე 28.10.2022 წლის №27249 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარებული დათვალიერებით და ასევე გადამხდელის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ კომპანიას რეალიზებული აქვს სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართი, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესამოწმებელ პერიოდში. აგრეთვე, 20.05.2022 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიაში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინების, ასევე, სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართის დღგ-ით დაბეგვრა და აღნიშნული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია საგადასახადო შემოწმების აქტის ანალიზიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტი და თანდართული მასალები შინაარსობრივად საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტების კონსტანტაციის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის განსაზღვრის დასასაბუთებლად არ პასუხობს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის მაისის თვეში დაინიშნა საჩივრის განხილვის დრო, რაზეც მიწვეულნი იქნენ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლები. გადასახადის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს საკითხის განხილვის გადადებაზე 25.05.2023 წელს, სამწუხაროდ საკითხი განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე, მაშინ როცა საქმე ეხება სამშენებლო სფეროს, სადაც გადასახადის გადამხდელი ახორციელებს გრძელვადიან პროექტს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ქ. ------ში, ------ს ქ. №---ში. მშენებლობა დღესაც გრძელდება.
საგადასახადო შემოწმების აქტით დარღვეულია ხანდაზმულობის ვადები. შემოწმების პერიოდი მოიცავს 1.01.2018 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდს.
ხანდაზმულობის ვადების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც არასწორია, რადგან ფაქტიური კორექტირება განხორციელდა 2021 წლის მარტის თვეში, შემოწმება კი დაიწყო 2022 წლის სექტემბერში.
საწარმოს მიერ კორექტირებები განხორციელდა სწორედ იმ ბინების მიმართ, სადაც პოტენციური მფლობელების მიერ თანხების გადახდა მოხდა 2017 წელს, მხარეებს შორის გარკვეული სადავო საკითხების გამო პოტენციურ მფლობელთა მოთხოვნით ბინები ფაქტიურად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2018 წლის თებერვალში, გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის მოსაწესრიგებლად რეალიზაციად აღიარებული იქნა ის ბინები, რომელთა დავალიანებები დაფარული იქნა 2018 წელს, ანუ გადასახადის გადამხდელი მოიქცა კეთილსინდისიერად და დააკორექტირა დეკლარაციები, რის გამოც მკაცრად დაისაჯა.
სამშენებლო პროცესი დროში გაწელილი ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს, ამდენად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დეტალურ ინფორმაციას. კომპანიის მიერ დაიწყო მთლიანად მშენებარე ობიექტის ირგვლივ განხორციელებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მოძიება, რადგან ამას არსებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ:
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაგებად მიწის ნაკვეთი გამოიყო ქ. -----ს მთავრობის 24.02.2006 წლის №52 დადგენილებით. მიწის ნაკვეთი გამოეყო ------ს;
- მშენებლობის ნებართვა გაიცა 26.11.2009 წლიდან და შემდგომში არაერთხელ გაგრძელდა. მშენებლობა დღესაც არ არის დასრულებული;
- აუდიტორის მიერ რეალიზაციაში აღიარებულია კომპანიის მიერ ვალდებულებათა სანაცვლოდ ქ. ------ს მერიაზე გადაცემული ბინები;
- არასწორია სასტუმროს ნომრების რეალიზაციად აღიარება, რადგან იგი პროექტში შესული ცვლილებების საფუძველზე გადაეცა ქვედა სართულებზე გაყიდული ბინების მფლობელებს (დეტალურად მოცემულია დანართებში).
საგადასახადო შემოწმების აქტზე თანდართული მასალებიდან დღგ-ის ნაწილში დარიცხვის დროს იკვეთება შემდეგი გარემოება:
საგადასახადო შემოწმების აქტის დანართის დღგ-ის გაანგარიშების მიხედვით იკვეთება, რომ შემოწმების შედეგად დაზუსტდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელს ეკისრება დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი 180 084 ლარი და არა 237 145 ლარი (ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით აქტის შინაარსიდან გამომდინარე სწორადაა გაანგარიშებული) ანუ დავების დასრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელის ბარათზე დაფიქსირდება აქტით დარიცხული 237 145 ლარი, რაც არაობიექტურად ასახავს რეალურ სურათს. დეკლარაციაში დაშვებულია დღგ-ის დარიცხული თანხის შემცირება და არა შემოწმების აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ რა ექნება გადასახდელი. ბრუნვებით (აუდიტორის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით) გადასახდელი აქვს 180 084 ლარი, რაზეც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე ერიცხება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას აშენებული აქვს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, კომერციულ ფართებსა და სასტუმროს ნომრებს. კომპანიას გარკვეული ბინების რეალიზაციას განხორციელებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში, რაც არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში, ასევე ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები არ აქვს ასახული სააღრიცხვო პროგრამაში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 20.05.2022 წელს კომპანიაში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებით მოცული პერიოდების წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის დაბეგვრა არ განხორციელებულა, ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები გადასახადის გადამხდელს აღრიცხული არ ჰქონდა სააღრიცხვო პროგრამაში და ამასთან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნაწილში არ დგინდება შემოწმებით დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, რაც გახდება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სასტუმრო ნომრებად აღრიცხული ფართების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
28.10.2022 წლის №27249 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას რეალიზებული აქვს სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართი, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებით. აღნიშნული ფართები კომპანიას ასევე არ აქვს დაბეგრილი შესამოწმებელ პერიოდში. შესაბამისად, რეალიზებული ფართები შემოწმების მიერ დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომელიც საწარმოდან გატანილია, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორია სასტუმროს ნომრების რეალიზაციად აღიარება, რადგან იგი პროექტში შესული ცვლილებების საფუძველზე გადაეცა ქვედა სართულებზე გაყიდული ბინების მფლობელებს (დეტალურად მოცემულია დანართებში). საგადასახადო შემოწმების აქტით არ არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ფინანსური შედეგი.
ცნობილია, რომ ხელფასად მიღებული თანხის განსაზღვრის დროს გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანება (შემოწმების აქტში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი), რაც არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო:
- გაუგებარია, რატომ ხდება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მისი აგროსვა. სალაროს ნაშთი წარმოშობილია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობით, ფაქტობრივ მოვლენებში განმარტებულია ხელფასის, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლის საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად განმარტება.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
შემოწმების აქტით იკვეთება მხოლოდ 93 461 ლარის გაცემა, საიდან მოდის ეს რიცხვი უცნობია. შემოწმების აქტი მხოლოდ ვარაუდებით საუბრის საშუალებას იძლევა, რადგან აქტს არავითარი გაანგარიშება არ ახლავს, შესაბამისად მსჯელობაც რთულია.
საგადასახადო შემოწმების დროს გავრცელებული პრაქტიკაა სალაროს ნაშთის აგროსვა, რაც არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და თავისი შინაარსით წარმოადგენს გადასახადების ფარული ზრდის საფუძვლებს, რადგან ფიზიკურ პირს ეკისრება დამატებით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის მოძიება, რომელიც რატომღაც უნდა გადაიხადოს საგადასახადო აგენტმა. გადასახდელი თანხა წარმოდგენილია როგორც განყენებული დამატებით საძიებო სიდიდე, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტურ დებულებებს. იურიდიულმა პირმა, რომელსაც სალაროში დარჩენილი აქვს ნაშთი, გადასახადის გადამხდელისთვის ნაშთის ზემოთ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი როგორ უნდა აღრიცხოს, როცა მისი დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ანუ გამოდის, რომ ის უნდა ჩამოიწეროს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან (სხვა მოცემული ხარჯის ბუღალტრულად ჩამოწერის მექანიზმი არ არსებობს, თუ არსებობს მიგვითითეთ). გამოდის, რომ გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტში იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებითაა განსაზღვრული. იგივე შემთხვევაში სალაროში ნაშთად დარჩენილი თანხა მეწარმე სუბიექტზე რომ გაიცეს, როგორ უნდა აისახოს სუბიექტის ერთობლივ შემოსავლებში, აგროსილი თუ ნაშთად ფიქსირებული?
საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საბიუჯეტო გადასახადების განმსაზღვრელი ნორმების ფარული ზრდის მაგალითს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
28.10.2022 წლის №27249 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული დათვალიერების პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას რეალიზებული აქვს სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართი, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ სასტუმროს ნომრებად აღრიცხულ ფართებში ცხოვრობენ სხვა პირები და ამის შემდეგ გადასახადის გადამხდელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ფართები რეალიზებულია. სარეალიზაციო ღირებულების განსასაზღვრად გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად დგინდება, რომ სასტუმროს ნომრებად აღრიცხული ფართები გადასახადის გადამხდელის მიერ გასხვისებულია, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული თანხები საწარმოდან გატანილია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობს დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობას და სასტუმროს ნომრებს, რომელიც არასრულად აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. ამასთან, კომპანიას უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ბინები, რომლის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ფართობი არ აქვს სრულად ასახული ქონების გადასახადის დეკლარაციებში.
საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლების და 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს ძირითად საშუალებებზე, დაუმთავრებელ მშენებლობასა და მიწაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებზე, მე-4 მუხლის მე-7 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობს დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობას და სასტუმროს ნომრებს, რომლებიც არასრულად აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. ამასთან, კომპანიას უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ბინები, რომლის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ფართობი არ აქვს სრულად დეკლარირებული ქონების გადასახადის დეკლარაციებში.
გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ შენობაში კიდევ ფლობს გარკვეულ ფართებს, შესაბამისად აღნიშნული მიწისა და ქონების გადასახადის დარიცხვა გამოწვეულია კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქონების გადასახადი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია აუდიტორის მიერ რომელი აპარტამენტები აღრიცხა კომპანიის ქონებაში, მაშინ როდესაც გაიყიდა 8 აპარტამენტი, ამასთან დადასტურებულია, რომ აპარტამენტები გაყიდული კი არა, პროექტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გაუქმებული ქვედა სართულზე განთავსებული ბინების სანაცვლოდაა გადაცემული. დეტალური ინფორმაცია კი არ არსებობს.
არასწორადაა გაანგარიშებული მიწაზე ქონების გადასახადი.
მოყვანილი ყველა სადავო საკითხიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ (საგადასახადო ორგანომ) არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც, მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობს დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობას და სასტუმროს ნომრებს, რომელიც არასრულად აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. კომპანიას უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ბინები, რომლის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ფართობი არ აქვს სრულად ასახული ქონების გადასახადის დეკლარაციებში.
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქონების გადასახადი განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ბინების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. სასტუმრო ნომრებად აღრიცხული ფართების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. კომპანიას კორპუსი აშენებული აქვს ხანდაზმულ პერიოდში, თუმცა გარკვეული ბინების რეალიზაციას ახდენს შესამოწმებელ პერიოდში. გადამხდელის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს აღნიშული ფართები არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები არ აქვს ასახული სააღრიცხვო პროგრამაში. 20.05.2022 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიაში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნდა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომელიც საწარმოდან გატანილია, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
2. კომპანიას რეალიზებული აქვს სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართი, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებით. აღნიშნული ფართები კომპანიას ასევე არ აქვს დაბეგრილი შესამოწმებელ პერიოდში. შესაბამისად, რეალიზებული ფართები შემოწმების მიერ დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომელიც საწარმოდან გატანილია, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
3. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობს დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობას და სასტუმროს ნომრებს, რომელიც არასრულად აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. ამასთან, კომპანიას უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ბინები, რომლის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ფართობი არ აქვს სრულად ასახული ქონების გადასახადის დეკლარაციებში. გადასახადის გადამხდელს ძირითად საშუალებებზე, დაუმთავრებელ მშენებლობასა და მიწაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(7), 159(1"ა"), 163(6"ბ"), 73(9"ა""ბ"), 101(1), 154(1"ა"), 201(1"ა.ა"), 203, 205(2).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა")(8).