გადაწყვეტილება №21723/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.03.2024
№ დოკუმენტი 21723/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21723/2/2023

29 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 25.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21723/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით;

2. დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების შემცირება და დღგ-ის დარიცხვა;

3. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №081-209 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.12.2023 წლის №30130 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 77 030,61 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 49 945

ჯარიმა - 18 146

საურავი - 8 939, 61

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება, მომსახურებას ეწევა ----------ში.

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 16.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდში მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრის სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №081-209 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.12.2023 წლის №30130 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის შემოსავალი განისაზღვრა ტერმინალიდან ამონაწერზე და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ ამონაწერზე დაყრდნობით, რის შედეგადაც, გადამხდელის მიერ სარესტორნო მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, გადააჭარბა 100 000 ლარს 26.01.2022 წელს. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 9.09.2022 წელს.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია უწევდა 26.01.2022 წელს, ნაცვლად 9.09.2022 წლისა, რა პერიოდშიც გადასახადის გადამხდელი საქმიანობდა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე.

აღნიშნულ პერიოდში მიღებული შემოსავლებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 165- ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელს დეკლარირებული აქვს დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა, რომელიც გადამხდელის განმარტებით განსაზღვრულია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტების საშუალებით შეძენილი პროდუქტების ღირებულების მიხედვით, რაც თავის მხრივ გამოყენებულია კერძების მოსამზადებლად. შემოწმებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საქმიანობის შედეგად განხორციელებული ოპერაციები სრულად დაიბეგრა დღგ-ით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება და შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე და რეგისტრაციის შემდეგ შეძენილ საქონელზე დღგის ჩათვლასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენისას და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის თაობაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები. ასევე დარღვეულია ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენისას და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის თაობაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემისას პრაქტიკულად არ განხორციელებულა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა, გამოკვლევა და შეფასება. შემოწმების შედეგებზე მიღებული არ არის საგადასახადო შემოწმების აქტის წინასწარი შედეგები, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს არ მოუთხოვია და არ წარდგენილა გადასახადის გადამხდელის პოზიცია, რის გამოც პრაქტიკულად არ მომხდარა მათი გადასახადის გადამხდელთან ერთად განხილვა-შეფასება.

ყოველივე ზემოაღნიშნულთა გამო, შემოწმების შედეგებზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის არგუმენტებისა და მოსაზრებების, ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის შედეგადაც შემმოწმებლის მხრიდან საწარმოს საფინანსო-სამეურნეო ოპერაციებს პრაქტიკულად მიეცა მხოლოდ ცალმხრივი და შესაბამისად არასწორი შეფასებაკვალიფიკაცია, ისე, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ისეთი არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, როგორსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის დაწესებული რეგულაციები/ნებართვები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ არაკანონზომიერად და არამართლზომიერად განხორციელდა დამატებითი გადასახადების და შესაბამისი ფინანსური სანქციების დარიცხვა, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები უსაფუძვლოა, არამართლზომიერია და ზემოაღნიშნული არგუმენტების საფუძველზე არსებითად უნდა გადაანგარიშდეს.

ტერმინალით მიღებული შემოსავალი არ არის სწორად გაანგარიშებული და შეიცავს უზუსტობებს. მაგალითად, 2 400 ლარი, 2 200 ლარი, 1 945 ლარი და ასე შემდეგ. აღნიშნული თანხა გადახდით არასოდეს მიღებულა, შესაბამისად შემმოწმებელთან ხელახლა უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის გავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მულის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახამდ, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასაახდო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილს თანხამდ, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებისას დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავალი ფიქსირდება ტერმინალის და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ სარესტორნო მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, 100 000 ლარს გადააჭარბა 26.01.2022 წელს.

მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებულია 9.09.2022 წელს. შესაბამისად, იგი 26.01.2022 წლიდან 9.09.2022 წლამდე პერიოდში საქმიანობას ახორციელებდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებზე, აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მხრიდან საწარმოს საფინანსო-სამეურნეო ოპერაციებს პრაქტიკულად მიეცა მხოლოდ ცალმხრივი და შესაბამისად არასწორი შეფასება-კვალიფიკაცია, თუმცა არ წარმოუდგენია აღნიშნულის გამადასტურებელი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების შემცირება და დღგ-ის დარიცხვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

დღგ-ის დეკლარაციებში გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, რაც მისი განმარტებით, განსაზღვრულია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით შეძენილი პროდუქტების ღირებულების მიხედვით, რასაც აკლებდა მიღებულ შემოსავალს. აღნიშნული პროდუქტები გამოყენებულია კერძების მოსამზადებლად.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები სრულად წარმოადგენს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვას.

შემოწმების შედეგად დაკორექტირდა 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის და დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული გათავისუფლებული შემოსავალი. მეწარმეს შეძენილი და რეალიზებული აქვს ქართული ხილი და ბოსტნეული, რომლის რეალიზაციაც ხდება ხილის ასორტის და მწვანილის ასორტის სახით, აღნიშნული აუდიტორების მიერ დაბეგრილია დღგ-ით, აღნიშნული საქონელი რომ წარმოადგენს ქართულს დასტურდება შესაბამისი შესყიდვის აქტების საფუძველზე, მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული შესყიდვის აქტების წარმოდგენა, აღნიშნულის გამო შემოწმებით განხორციელდა დღგ-ის რეგისტრაციის ცვლილება, რაც მიუღებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

მომჩივნის არგუმენტაციის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის და დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული გათავისუფლებული შემოსავალი. მეწარმეს შეძენილი და რეალიზებული აქვს ქართული ხილი და ბოსტნეული, რომლის რეალიზაციაც ხდება ხილის ასორტის და მწვანილის ასორტის სახით, აღნიშნული აუდიტორების მიერ დაბეგრილია დღგ-ით, აღნიშნული საქონელი რომ წარმოადგენს ქართულს დასტურდება შესაბამისი შესყიდვის აქტების საფუძველზე.

შემოწმებისას დადგინდა, რომ დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, განსაზღვრულია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით შეძენილი პროდუქტების ღირებულების მიხედვით. აღნიშნული პროდუქტები გამოყენებულია კერძების მოსამზადებლად. საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შეზღუდვის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები სრულად წარმოადგენს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვას.

საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სავადო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმება მოიცავდა მხოლოდ მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრის სისწორეს, შესაბამისად აუდიტორების მიერ არ მომხდარა რეგისტრაციის დროს საქონლის ნაშთზე დღგ-ის და რეგისტრაციის შემდეგ (2022 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე) შეძენილ საქონელზე დღგ-ის ჩათვლა, რაც იწვევს მეტი გადასახადის და საურავის დარიცხვას, შესაბამისად შემოწმება გულისხმობს ყველა საკითხის სრულად შესწავლას და აუდიტორებს შემოწმების ბრძანების შესაბამისი კორექტირებით (ახლა უკვე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილებით) უნდა მოეხდინათ დღგ-ის ჩათვლა. მომწოდებლებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია და მოხდება შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების მიღება, შესაბამისად სავალდებულო რეგისტრაციისას საქონლის ნაშთზე და შემდეგ შეძენილ საქონელზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა, რაც გამოიწვევს დარიცხული გადასახადის რადიკალურ ცვლილებებს და შესაძლებელი იქნება დარჩენილი საგადასახადო ვალდებულების შესრულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საბჭო მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტების ფარგლებში შემოწმებული არ არის დღგ-ის ჩათვლის მართლზომიერების საკითხი, ასევე დღგ-ის ჩათვლის განხორციელება წარმოადგენს დასაბეგრი პირის უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით 9 044 ლარის ოდენობით და 275-ე მუხლით 9 102 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №081-209 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 8 939,61 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2020 წლიდან ბიუჯეტში გადახდილია 35 000 ლარი, მიზანი არ არის გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია შეცდომით და არცოდნით (რა იგულისხმება შეცდომაში და არ ცოდნაში, თუ ქართული ხილის ასორტის და მწვანილის ასორტის მიწოდება იბეგრება დღგ-ით ეს გამოწვეულია არ ცოდნის/შეცდომის გამო, ვინაიდან აღნიშნული მიჩნეული იყო დღგ-ით დაუბეგრავ ოპერაციად), აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა შემცირდეს გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია არასწორად, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქმიანობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე.

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით;

2. დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების შემცირება და დღგ-ის დარიცხვა;

3. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავალი ფიქსირდება ტერმინალის და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ სარესტორნო მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, 100 000 ლარს გადააჭარბა 26.01.2022 წელს. მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებულია 9.09.2022 წელს. შესაბამისად, იგი 26.01.2022 წლიდან 9.09.2022 წლამდე პერიოდში საქმიანობას ახორციელებდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე.

2. მომჩივნის არგუმენტაციის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის და დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული გათავისუფლებული შემოსავალი. მეწარმეს შეძენილი და რეალიზებული აქვს ქართული ხილი და ბოსტნეული, რომლის რეალიზაციაც ხდება ხილის ასორტის და მწვანილის ასორტის სახით, აღნიშნული აუდიტორების მიერ დაბეგრილია დღგ-ით, აღნიშნული საქონელი რომ წარმოადგენს ქართულს დასტურდება შესაბამისი შესყიდვის აქტების საფუძველზე. შემოწმებისას დადგინდა, რომ დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, განსაზღვრულია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით შეძენილი პროდუქტების ღირებულების მიხედვით. აღნიშნული პროდუქტები გამოყენებულია კერძების მოსამზადებლად. საგადასახადო კოდექსის შეზღუდვის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები სრულად წარმოადგენს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვას.

3. საგადასახადო კოდექსის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საბჭო მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტების ფარგლებში შემოწმებული არ არის დღგ-ის ჩათვლის მართლზომიერების საკითხი, ასევე დღგ-ის ჩათვლის განხორციელება წარმოადგენს დასაბეგრი პირის უფლებას.

4. მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია არასწორად, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქმიანობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა“„ბ“); 165(1,2); 172(4„უ“); 275; 282(1).