ბრძანება N 3254
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3254
22.02.2023
ფ/პ "----------" (პ/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 28 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) №77663/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის №081-216 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის გაზრდის მიზნით შპს "----------"-ის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემის ოპერაციის აქტივის რეალიზაციად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არამართლზომიერია. ამასთან, არ ეთანხმება შესყიდვის ღირებულების არამართლზომიერად მიჩნევას. აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთის შესყიდვა განხორციელდა იმ მომენტისთვის არსებული საბაზრო პირობებისა და მიწის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (ნავენახარი) და საბაზრო ფასის გამოყენების არცერთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, იმ დაშვებითაც კი, რომ საბაზრო ფასის გამოყენების საფუძველი ჰქონოდა შემოწმებას, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი კაპიტალში შეტანის მომენტში 173 000 ლარი ვერ იქნებოდა. ასეთი ფასი შესაძლოა მხოლოდ გაშენებული ვენახის შემთხვევაში ყოფილიყო. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება. აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი სრულად ათავისუფლებს მომჩივანს გადასახადისგან, ვინაიდან იგი წარმოადგენს კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აგვისტოს №21796 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ---------- ) შპს "-----------"ის (ს/ნ ----------) კაპიტალში შეტანის (გადაცემის) შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 16 ნოემბრის №28792 ბრძანება და ამავე თარიღის №081-216 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 50 285 ლარი, მათ შორის გადასახადი 24 563 ლარი, ჯარიმა 12 282 ლარი და საურავი 13 440 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ფ/პ "---------"-მ, რომელიც არის შპს "----------"-ის (ს/ნ ----------) 70% წილის მფლობელი, 2018 წლის 17 აგვისტოს შეისყიდა ქალაქ "----------" კვ.მ. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ----------), ნასყიდობის საფასური 50 000 ლარი. 2018 წლის 6 ნოემბერს, კაპიტალის გაზრდის მიზნით შპს "----------"-ს (დარეგისტრირდა 2018 წლის 2 აგვისტოს) საკუთრებაში გადასცა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი. ქ. "----------" კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 172 816 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, ფ/პ "----------"-მ განახორციელა 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის (მიწის ნაკვეთის) მიწოდება. ამდენად, სახეზეა აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი - 122 816 ლ. (172 816-50 000). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ფ/პ "----------"-ს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პერიოდში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. საგადასახადო შემოწმების აქტში ინფორმაციის სახით აღნიშნულია, რომ საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ გამოიყენონ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდი, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ვინაიდან ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს.
მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან დაკავშირებულ არგუმენტთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული განცხადების მიხედვით, რომლის თანახმადაც მოხდა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. კერძოდ, შპს "----------"-ის (ს/ნ ----------) 2018 წლის 6 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმის მონაცემებზე დაყრდნობით, კრებამ გადაწყვიტა შემდეგი: შპს "----------"-ის კაპიტალი გაიზარდოს -"----------" კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 172 816 ლარს.
რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, რომ ფ/პ "----------" წარმოადგენს შპს "----------"-ის 70%-იანი წილის მფლობელს და შესაბამისად, აქტივების გადაცემა არ წარმოადგენს აქტივების მიწოდებას, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შემოწმებით გამოყენებულია შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება არ გამოიყენება, ვინაიდან ოპერაციის მონაწილე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის გაზრდის მიზნით შპს-ის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემის ოპერაციის აქტივის რეალიზაციად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან დაკავშირებულ არგუმენტთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული განცხადების მიხედვით, რომლის თანახმადაც მოხდა იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. კერძოდ, შპს -ის 2018 წლის 6 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმის მონაცემებზე დაყრდნობით, კრებამ გადაწყვიტა შემდეგი: შპს -ის კაპიტალი გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 172 816 ლარს.
რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, რომ მომჩივანის წარმოადგენს შპს -ის 70%-იანი წილის მფლობელს და შესაბამისად, აქტივების გადაცემა არ წარმოადგენს აქტივების მიწოდებას,გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 82(1„ვ.გ“); 97(3); 102(1„ბ“); 275
(2021 წლამდე მოქმედი): 151(1).