გადაწყვეტილება №25929/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.11.2025
№ დოკუმენტი 25929/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25929/2/2025

13 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 და 07.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 26.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25929/2/2025).

 

დავის საგანი:

დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2025 წლის N EL289924 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 08.09.2025 წლის N 19657 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

09.07.2025 წელს მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემაში „eCustoms“ დაშვებული პირის – შპს ----- მიერ შევსებული N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით მის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონით 13 516.41 კგ, საერთო საბაჟო ღირებულება 477 909.91 ლარი). საბაჟო დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე დეკლარირებულ იქნა პლასტმასის ნაწარმი (სეს ესნ-ის კოდი 3926 90 97 000, საბაჟო ღირებულება 8 525.03 ლარი, საერთო წონა 52.10 კგ), რომლის შესაბამის 36-ე გრაფაში პრეფერენციული წარმოშობის კოდად მითითებულ იქნა „380“ (-----) და აღნიშნული საქონელი წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე, გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან (შესაბამისად დაერიცხა მხოლოდ დღგ - 1 534.51 ლარი).

დეკლარირებული საქონელი ----- სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა 10.07.2025 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, სადაც საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „eCustoms“- ის მიერ საბაჟო დეკლარაციისთვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი დაექვემდებარა გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით. შესაბამისად, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით, დეკლარაციის 53-ე გრაფაში დანიშნულების საბაჟო ორგანოს შესახებ ინფორმაციის (99111, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“) ასახვით, გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ დანიშნულებით.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა, რომ თანხმლებ დოკუმენტებში არ იყო დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელთან მიმართებაში გამოყენებული წარმოშობის დეკლარაციის (ინვოისის) დედანი შესაბამისი პრეფერენციული ჩანაწერით.

მომჩივნის 11.07.2025 წლის ----- განცხადებით, საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ დეკლარანტი დროის მოკლე მონაკვეთში ვერ უზრუნველყოფდა წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის წარდგენას და ითხოვა საქონლის გაფორმების ფორმალობების დასრულება აღნიშნული დოკუმენტის გაუთვალისწინებლად (პრეფერენციის – საგადასახადო შეღავათის გავრცელების გარეშე). შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე, 01.07.2025 წლის N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება, დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელს დაერიცხა იმპორტის გადასახადი (1 023 ლარი) და შესაბამისი დღგ-ის თანხა (სულ დარიცხული დღგ – 1 718.65 ლარი) და საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის A----- მინიჭებით, საქონელი გაშვებულ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დეკლარანტმა ვერ უზრუნველყო დეკლარირებისას ელექტრონულად წარდგენილი წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, რითიც დარღვეულ იქნა საბაჟო კოდექსის 31-ე მუხლითა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები. საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2025 წლის N EL289924 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

მომჩივნის 25.07.2025 წლის მიმართვის და მის მიერ წარდგენილი პრეფერენციული დოკუმენტის საფუძველზე, N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი ცვლილება და დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელზე გავრცელდა საგადასახადო შეღავათი (დეკლარაციის 36-ე გრაფაში კოდის „150“ – საქონელი წარმოშობილია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში – მითითებით, საქონელს მოეხსნა იმპორტის გადასახადი და შეუმცირდა შესაბამისი დღგ-ის თანხა).

საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2025 წლის N EL289924 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 08.09.2025 წლის N 19657 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 31-ე მუხლზე, 163-ე და 175-ე მუხლებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივანმა ვერ უზრუნველყო დეკლარირებისას ელექტრონულად წარდგენილი წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებასთან მიმართებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ დეკლარაციაში პრეფერენციის არასწორად გამოყენება გამოწვეული იყო არა დეკლარანტის, არამედ მომწოდებელი კომპანიის ბრალეული ქმედებით, ვინაიდან მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, თანხმლებ დოკუმენტებში უნდა ყოფილიყო ინვოისის დედანი, შესაბამისი პრეფერენციული ჯეროვანი ჩანაწერით.

11.07.2025 წლის N ----- განცხადებით საბაჟო ორგანოს აცნობა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ვერ უზრუნველყოფდა წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის წარდგენას და ითხოვა, საქონლის გაფორმების ფორმალობების დასრულება აღნიშნული დოკუმენტის გაუთვალისწინებლად (პრეფერენციის – საგადასახადო შეღავათის გავრცელების გარეშე). შესაბამისად, საბაჟო კოდექსის საფუძველზე, 11.07.2025 წლის N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება, დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელს დაერიცხა იმპორტის გადასახადი და შესაბამისი დღგ-ის თანხა და საბაჟო დეკლარაციისთვის შეფასების ----- ნომრის მინიჭებით, საქონელი გაშვებულ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

24.07.2025 წელს მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა ორიგინალი ინვოისი და მოითხოვა, წარდგენილი ორიგინალი ინვოისის საფუძველზე, დეკლარაციაში შესაბამისი კორექტირება, რაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა, თუმცა მიუხედავად შეთანხმებულ ვადებში წარდგენილი ორიგინალი ინვოისისა, მაინც დაეკისრა საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, თუმცა მომჩივნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც არ არის რელევანტური და სამართლიანი, ვინაიდან მან უმოკლეს ვადაში უზრუნველყო წარმოშობის დეკლარაციის (ინვოისი) საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდება და აღნიშნული ხარვეზი იყო არა მისი, არამედ მომწოდებლის ბრალეული ქმედება.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე, საბაჟო კოდექსის მე-13 31-ე, 163-ე 175-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ ვალდებულებას დოკუმენტების წარდგენის შესახებ არ გულისხმობს იმპერატიულ მოთხოვნას დედანი დოკუმენტების წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის გარემოება, რომ დედანი დოკუმენტის წარდგენა ადგილზე ვერ განხორციელდა (მომჩივნის ბრალისაგან დამოუკიდებელი მიზეზით), არ არღვევს ზემოაღნიშნულ მუხლს. გარდა ამისა, მოთხოვნილი დოკუმენტები წარდგენილი იქნა შესაძლებლად მოკლე ვადაში და სრულად იქნა გაწეული დახმარება საბაჟო ფორმალობის და საბაჟო კონტროლის განხორციელების პროცესში. ვალდებულებას დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ სრულად შესრულებულია. დოკუმენტები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით. ის გარემოება, რომ ადგილზე არ იყო წარმოდგენილი დედანი ინვოისი (მათგან დამოუკიდებელი მიზეზით), არ გამორიცხავს ფაქტს, რომ მომჩივანი უზრუნველყოფს ყველა სავალდებულო დოკუმენტების კანონით განსაზღვრული ვადებისა და წესის დაცვით შენახვას.

საბაჟო დეპარტამენტი მომჩივნის მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გატარებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების შეწონადობის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მომჩივნის შემთხვევაში გამოყენებულ იქნა პირდაპირ ჯარიმა, რაც არაპროპორციულია, ვინაიდან არასოდეს დაურღვევია კანონი, ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მსგავსი ხარვეზი მათთვის იყო პირველი შემთხვევა, რაც უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს, თუ რატომ ვერ იქნა გამოყენებული ნაკლებად მკაცრი ღონისძიება (მაგალითად, გაფრთხილება), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პირველ შემთხვევას და დარღვევა არ არის სისტემური.

მომჩივანი ასევე მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, თუ დოკუმენტის საბაჟო ორგანოსთვის ელექტრონულად წარდგენისას მისი მატერიალური ფორმით წარდგენა სავალდებულო არ არის, იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში დოკუმენტის შენახვის ვადა არ დარღვეულა. პრობლემა უკავშირდებოდა არა დოკუმენტაციის შენახვის წესს, არამედ თანხმლებ დოკუმენტებში დეკლარაციის (ინვოისის) დედანის არარსებობას, რომელიც გამოწვეული იყო არა დეკლარანტის, არამედ მომწოდებელი კომპანიის ბრალეული ქმედებით.

მომჩივანი ითხოვს, რომ ვინაიდან ყველა საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია მოყვანილი, გათვალისწინებულ იქნეს ფაქტობრივი გარემოებები და გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის განხორციელებაში ან რომელსაც ეხება საბაჟო კონტროლი, ვალდებულია საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და სხვა ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

2. პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილ ან/და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ ნებისმიერ ინფორმაციაზე.

საბაჟო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო კონტროლის მიზნისთვის პირი ვალდებულია ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 3 წლისა, საბაჟო ორგანოსთვის მისაღები და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ საქონლის საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ამ დეკლარაციის „eCustoms“-ში რეგისტრაციისას, ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედანის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, თუ დოკუმენტის საბაჟო ორგანოსთვის ელექტრონულად წარდგენისას მისი მატერიალური ფორმით წარდგენა სავალდებულო არ არის, – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 08.10.2025 წლის ----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ მომჩივანმა ვერ უზრუნველყო დეკლარირებისას ელექტრონულად წარდგენილი წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

მომჩივანი განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლი ადგენს ვალდებულებას დოკუმენტების წარდგენის შესახებ და არ გულისხმობს იმპერატიულ მოთხოვნას დედანი დოკუმენტების წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის გარემოება, რომ დედანი დოკუმენტის წარდგენა ადგილზე ვერ განხორციელდა (მომჩივნის ბრალისაგან დამოუკიდებელი მიზეზით), არ არღვევს ზემოაღნიშნულ მუხლს. გარდა ამისა, მოთხოვნილი დოკუმენტები წარდგენილი იქნა შესაძლებლად მოკლე ვადაში და სრულად იქნა გაწეული დახმარება საბაჟო ფორმალობის და საბაჟო კონტროლის განხორციელების პროცესში. განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის შენახვის ვადა არ დარღვეულა. პრობლემა უკავშირდებოდა არა დოკუმენტაციის შენახვის წესს, არამედ თანხმლებ დოკუმენტებში დეკლარაციის (ინვოისის) დედანის არარსებობას, რომელიც გამოწვეული იყო არა დეკლარანტის, არამედ მომწოდებელი კომპანიის ბრალეული ქმედებით.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას/შეფასებას საჭიროებს საქმისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. ამ მიზნით, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 08.09.2025 წლის N 19657 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.09.2025 წლის N 19657 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა, რომ თანხმლებ დოკუმენტებში არ იყო დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელთან მიმართებაში გამოყენებული წარმოშობის დეკლარაციის (ინვოისის) დედანი შესაბამისი პრეფერენციული ჩანაწერით. დეკლარანტმა აღნიშნა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ვერ უზრუნველყოფდა წარმოშობის დეკლარაციის ორიგინალის წარდგენას და ითხოვა საქონლის გაფორმების ფორმალობების დასრულება აღნიშნული დოკუმენტის გაუთვალისწინებლად (პრეფერენციის – საგადასახადო შეღავათის გავრცელების გარეშე). საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 175-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. მომჩივნის მიმართვის და მის მიერ წარდგენილი პრეფერენციული დოკუმენტის საფუძველზე საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი ცვლილება და დეკლარაციის მე-2 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელზე გავრცელდა საგადასახადო შეღავათი (დეკლარაციის 36-ე გრაფაში კოდის „150“ – საქონელი წარმოშობილია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში – მითითებით, საქონელს მოეხსნა იმპორტის გადასახადი და შეუმცირდა შესაბამისი დღგ-ის თანხა). საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

პრობლემა უკავშირდებოდა არა დოკუმენტაციის შენახვის წესს, არამედ თანხმლებ დოკუმენტებში დეკლარაციის (ინვოისის) დედანის არარსებობას, რომელიც გამოწვეული იყო არა დეკლარანტის, არამედ მომწოდებელი კომპანიის ბრალეული ქმედებით. საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას/შეფასებას საჭიროებს საქმისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. ამ მიზნით, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 08.09.2025 წლის N 19657 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 13(2)(3); 31; 175;.