შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 14.02.1997
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა

ენიჭება PDF დოკუმენტს.

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობა შემდგომში ,,მხარეებად" წოდებულნი, სურთ რა განავითარონ მეგობრული ურთიერთობანი, მათ შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობის მეშვეობით, მიისწრაფვიან რა, საბაჟო სამსახურების თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყონ მხარეებს შორის სამგზავრო და სატვირთო შეტყობინებების განვითარებას და დაჩქარებას, იღებენ რა მხედველობაში, რომ საბაჟო კანონმდებლობის დაცვა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლა შეიძლება უფრო წარმატებით განხორციელდეს მხარეების საბაჟო სამსახურების ურთიერთთანამშრომლობით,შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

განსაზღვრებანი

ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინები აღნიშნავენ:

"საბაჟო კანონმდებლობა" - მხარეთა სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას, რომლებიც არეგულირებენ საქონლის, ხელბარგის, მგზავრთა ბარგის, ვალუტის და სხვა ფასეულობების, საერთაშორისო საფოსტო გზავნილების შემოტანის, გატანის და ტრანზიტის, საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების ამოღების, შეღავათების დაწესების, აკრძალვებისა და შეზღუდვების შემოღების, აგრეთვე მხარეთა საბაჟო საზღვრებზე საქონლის გადაადგილებაზე კონტროლის წესს.

"საბაჟო სამსახურები" - მხარეთა ცენტრალურ საბაჟო ორგანოებს.

"საბაჟო სამართალდარღვევა" საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა ან დარღვევის მცდელობას.

"პირი" ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

"ნარკოტიკული საშუალებები" - ნივთიერებებს, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შეტანილია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენციის სიაში, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით.

"ფსიქოტროპული ნივთიერებები" - ნივთიერებებს, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შეტანილია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ 1971 წლის კონვენციის სიაში, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით.

"პრეკურსორები" - ნივთიერებანი და მათი მარილები, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებით კლასიფიცირდება როგორც ქიმიური მასალა და გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა საწარმოებლად.

"კონტროლირებადი მიწოდება" - მეთოდი, რომლის მიხედვითაც მხარეების ტერიტორიაზე დაიშვება არაკანონიერი ან არაკანონიერებაში ეჭვმიტანილი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების პარტიების შემოტანა, ტრანზიტი ან გატანა, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების ნებართვით და ზედამხედველობის ქვეშ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების არაკანონიერ ბრუნვაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით.

მუხლი 2

შეთანხმების გამოყენების სფერო

მხარეები, ამ შეთანხმების საფუძველზე და საბაჟო სამსახურების შუამდგომლობით მათი კომპეტენციის ფარგლებში და მხარეთა კანონმდებლობის დაცვით ითანამშრომლებენ:

a) მხარეთა შორის მგზავრთა მიმოსვლისა და ტვირთის გადაზიდვის სრულყოფისათვის;

b) საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების სწორი ამოღებისა და აგრეთვე საბაჟო შეღავათების გამოყენების უზრუნველყოფისათვის;

c) საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთისათვის.

მუხლი 3

საბაჟო პროცედურების გამარტივება

საბაჟო სამსახურები:

a) ურთიერთშეთანხმებით იღებენ აუცილებელ ზომებს საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად.

b) აღიარებენ ერთმანეთის საბაჟო უზრუნველყოფას (ლუქების, ბეჭდებისა და შიფრების ნიმუშებს) და საბაჟო დოკუმენტებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილებულ საქონელზე დამატებით ანხორციელებენ საკუთარ საბაჟო უზრუნველყოფას.

2.ტრანზიტით მიმავალი საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები თავისუფლდებიან საბაჟო შემოწმებისაგან, გარდა იმ სავარაუდო შემთხვევებისა, როდესაც მათი შემოტანა, გატანა და ტრანზიტი აკრძალულია მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, ან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას.

მუხლი 4

მოწმობების აღდგენა

1.საბაჟო სამსახურები მოთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს წარუდგენენ მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ ერთი მხარის ტერიტორიაზე შეტანილი ან მისი ტერიტორიიდან გატანილი საქონელი, მეორე მხარის ტერიტორიიდან გადის ან მისი ტერიტორიაზე შემოდის კანონის საფუძველზე. მოწმობაში მითითებულია საბაჟო პროცედურების სახეობა და შედეგები, რომელთა შესაბამისადაც გაფორმდა საქონელი.

2.საბაჟო სამსახურები მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს წარუდგენენ მონაცემებს იმის შესახებ, რომ მათდამი დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოწმობები ან სხვა დოკუმენტები დედნებია და და შეიცავენ ყველა აუცილებელ მონაცემს.

მუხლი 5

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა

1.საბაჟო სამსახურები, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთის სფეროში მოქმედებათა გააქტიურების მიზნით, წინასწარი მოთხოვნის გარეშე, უმოკლეს ვადაში ერთმანეთს აწვდიან ცნობებს:

a) იმ პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების უკანონო ბრუნვას ან ეჭვმიტანილნი არიან ასეთ საქმიანობაში.

b) სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, კონტეინერებისა და საფოსტო გზავნილების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების უკანონო ბრუნვისათვის და აგრეთვე მათზე კონტროლის ახალი მეთოდების შესახებ.

2.საბაჟო სამსახურები წინასწარი მოთხოვნის გარეშე ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების უკანონო ბრუნვისათვის გამოყენებული საშუალებებისა და მათზე კონტროლის ახალი მეთოდების შესახებ.

3.ერთ-ერთი მხარისაგან ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად მიღებული მონაცემები და დოკუმენტები შეიძლება გადაეცეს მეორე მხარის სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს ნარკომანიასთან და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა.

4.მხარეთა კანონმდებლობის საფუძველზე და ურთიერთშეთანხმებით, საბაჟო სამსახურები აუცილებლობის შემთხვევაში იყენებენ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლირებადი მიწოდების მეთოდს, მათ უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული პირების გამოვლენის მიზნით.

მხარეები, კონტროლირებადი მიწოდების მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში და აუცილებლობისას ითვალისწინებენ მხარეთა ფინანსურ ხელშეკრულებებს.

მხარეებს შეუძლიათ, ამ შეთანხმების მოქმედება გაავრცელონ იმ ნივთიერებებზეც, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოებისათვის.

მუხლი 6

ინფორმაციის გადაცემა

1.საბაჟო სამსახურები მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს გადასცემენ მათ განკარგულებაში არსებულ ინფორმაციას, მათ შორის შეტყობინებებს, ოქმების და სხვა მასალების, ან მათი დამოწმებული ასლების გადაგზავნის გზით:

a) იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების ამოღებასთან, ასევე საბაჟო შეღავათების გამოყენებასთან.

b) იმ ჩადენილი ან გათვალისწინებული მოქმედებების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოთხოვნის წარმომდგენი მხარის საბაჟო კანონმდებლობას.

2.საბაჟო სამსახურები შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მათ შორის წინასწარი მოთხოვნის გარეშეც ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას მოსალოდნელი სამართალდარღვევების შესახებ, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლით მხარეები განსაკუთრებულად არიან დაინტერესებულნი. პირველ რიგში ეს ეხება იმ საბაჟო სამართალდარღვევებს, რომლებსაც ადგილი აქვს:

a) გარე სამყაროსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის საზიანო საქონლის გადაადგილებისას;

b) იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების, ფეთქებადი საშუალებების გადაადგილებისას;

c) ისტორიული, მხატვრული, კულტურული, არქეოლოგიური ღირებულებების მქონე საგნების გადაადგილებისას;

d) მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად მაღალი საბაჟო გადასახადების, აქციზების და სხვა გადასახადებით დაბეგრილი, არასატარიფო შეზღუდვებს დაქვემდებარებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქონლის გადაადგილებისას.

მუხლი 7

დოკუმენტების გადაცემა

1.საბაჟო სამსახურები ერთმანეთს გაუცვლიან საბაჟო საკითხების მარეგულირებელ საკანონმდებლო ან სხვა ნორმატიული აქტების ასლებს და დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს საბაჟო კანონმდებლობაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას.

2.ერთი მხარის საბაჟო სამსახური, მეორე მხარის საბაჟო სამსახურის მოთხოვნით, ახდენს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებათა ასლების გადაცემას.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაცემის შესახებ მოთხოვნაში ამ შეთანხმების 11 მუხლის მე-2 პუნქტის e) ქვეპუნქტის მოთხოვნისაგან განსხვავებით, საქმის არსი შეიძლება არ გადმოიცეს.

4.დოკუმენტების მიღებას მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური ადასტურებს მიღების თარიღის მითითებით.

მუხლი 8

გამოცდილების გაზიარება და დახმარების გაწევა

1.საბაჟო სამსახურები ინფორმაციას გაცვლიან:

a) თავიანთი საქმიანობისა და კონტროლის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გამოცდილების შესახებ;

b) საბაჟო სამართალდაღვევების ჩადენის ახალი საშუალებებისა და ხერხების შესახებ;

c) სხვა საბაჟო საკითხების შესახებ, რომლებიც ორივე მხარისათვის საინტერესოა.

2.საბაჟო სამსახურები ერთმანეთს დახმარებას უწევენ საქმის სფეროში, მათ შორის:

a) თანამშრომელთა გაცვლაში, ორივე მხარისათვის საინტერესო შემთხვევებში, აგრეთვე საბაჟო სამსახურების მიერ გამოყენებული ტექნიკური საშუალებების გაცნობის მიზნით;

b) მუშაკების მიერ სპეციალური ცოდნის მიღებასა და სრულყოფაში;

c) საბაჟო საკითხებში ექსპერტების გაცვლაში;

d) საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გაცვლაში.

მუხლი 9

გამოძიება

1.ერთი მხარის საბაჟო სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, მეორე მხარის საბაჟო სამსახური ატარებს შემოწმებას ან გამოძიებას ამ შეთანხმების მე-2 მუხლის b) და c) პუნქტებში გათვალისწინებულ საკითხებზე. შემოწმების ან გამოძიების შედეგები ეცნობება მოთხოვნის წარმომდგენ მხარეს ამ შეთანხმების მე-6 მუხლის 1 პუნქტის გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

2.შემოწმება ან გამოძიება ტარდება მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შემსრულებელი საბაჟო სამსახური შემოწმებას ან გამოძიებას ატარებს თავისი სახელით.

3.მომთხოვნ საბაჟო სამსახურს შეუძლია ნება დართოს მოთხოვნის წამრდგენ საბაჟო სამსახურის თანამდებობის პირებს ესწრებოდნენ ასეთ შემოწმებას ან გამოკვლელვას.

4.ერთი მხარის თანამდებობის პირებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას უნდა ჰქონდეთ მათი ოფიციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, არ უნდა ატარებდნენ ფორმის ტანსაცმელს და არ უნდა ჰქონდეთ იარაღი.

მუხლი 10

ექსპერტები და მოწმეები

თუ ერთი მხარის სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები საბაჟო სამართალდარღვევების განხილვასთან დაკავშირებით წარდგებიან შესაბამისი მოთხოვნით, მეორე მხარეს შეუძლია უფლებამოსილებით აღჭურვოს თავისი მუშაკები მონაწილეობა მიიღონ როგორც მოწმეებმა და ექსპერტებმა ასეთ სასამართლო ან ადმინისტრაციულ განხილვაზე.

ეს მუშაკები იძლევიან ჩვენებებს ან დასკვნებს იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც დადგენილია მათ მიერ, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას. სასამართლო ან ადმინისტრაციულ განხილვაში მონაწილეობის შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს თუ რომელ საქმეზე და რა სახით იღებს მონაწილეობას მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახურის მუშაკი.

მუხლი 11

მოთხოვნის ფორმა და შინაარსი

1.ამ შეთანხმების მე-9 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით. მოთხოვნას, მისი შესრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები თან ერთვის, დედნების, ოფიციალურად დამოწმებული ასლებისა და ფოტოასლების სახით.

2.მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

a) საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის ინტერესები მოთხოვნაშია გადმოცემული;

b) მოთხოვნის საგანი და მიზეზი;

c) პროცედურის სახეობა;

d) პროცედურის მონაწილეთა გვარები, მისამართები და სხვა მონაცემები;

e) საქმის არსის მოკლე მიმოხილვა და მისი იურიდიული კვალიფიკაცია.

მუხლი 12

მოთხოვნების შესრულება

1.საბაჟო სამსახურები ერთმანეთს ეხმარებიან მოთხოვნების შესრულებაში, მათი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2.მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქმის, თუ მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს მოთხოვნის შემსრულებელი მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს.

3.მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე უარის თქმის მიზეზების შესახებ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება წერილობით ფორმით.

მუხლი 13

დოკუმენტები

1.მოთხოვნის საფუძვეზე დოკუმენტების დედნების გადაცემა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ოფიციალურად დამოწმებული ასლები ან ფოტო ასლები არასაკმარისია.

2.დოკუმენტების დედნები მომთხოვნი საბაჟო სამსახურის მიერ უკან უნდა იქნეს დაბრუნებული უმოკლეს ვადებში.

3.ამ მუხლის დებულებების გამოყენებისას არ უნდა დაირღვეს მომთხოვნი მხარის ან იმ სახელმწიფოს უფლებები და კანონიერი ინტერესები, რომელიც არ არის ამ შეთანხმების მონაწილე.

მუხლი 14

მიღებული მონაცემების და დოკუმენტების გამოყენება

1.საბაჟო სამსახურებს თავის ოქმებში, შეტყობინებებში, ან სხვა მასალებში, შემოწმებებისა და გამოკვლევების ჩატარებისას, საბაჟო სამართალდარღვევების განხილვიასთან დაკავშირებულ სასამართლო ან ადმინისტრაციული განხილვისას შეუძლიათ გამოიყენონ ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებული მონაცემები და დოკუმენტები. სასამართლო ან ადმინისტრაციული განხილვისას ასეთი მონაცემების შემოწმება ხდება მოთხოვნის წარმდგენი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

2.მოთხოვნის საფუძველზე წარდგენილი მონაცემები, შეტყობინება და დოკუმენტები გამოიყენება მხოლოდ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით და არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს ან გამოყენებული იქნეს სხვა მიზნებისათვის, მათი წარმდგენი საბაჟო სამსახურის თანხმობის გარეშე.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები არ ეხება ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვასთან დაკისრებულ სამართალდარღვევების საქმეებს. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ორგანოებს, რომლებიც უშუალოდ იბრძვიან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.

მუხლი 15

ხარჯების ანაზღაურება

1.მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური მომთხოვნ საბაჟო სამსახურს აუნაზღაურებს იმ ხარჯებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ შეთანხმების შესრულებისას იმ ექსპერტებისა და მთარგმნელების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ მუშაობენ მოთხოვნის შემსრულებელ საბაჟო სამსახურში.

2.ამ შეთანხმების მე-8 მუხლის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება შეიძლება გახდეს მხარეთა საბაჟო სამსახურებს შორის ცალკეული შეთანხმებების საგანი.

მუხლი 16

შეთანხმების შესრულება

1.ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა ხორციელდება უშუალოდ საბაჟო სამსახურებს შორის.

2.საბაჟო სამსახურები თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ამ შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებს.

3..ამ შეთანხმების შესრულებისათვის მხარეთა საბაჟო სამსახურები დებენ ცალკეულ შეთანხმებებს, ორმხრივი საბაჟო ურთიერთობების მთელი კომპლექსის შესახებ.

მუხლი 17

დასკვნითი დებულებები

1.ამ შეთანხმების დებულებები არ ეხება მხარეთა ვალდებულებებს, რომლებიც მხარეებმა მიიღეს სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ.

2.ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მოქმედება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთი წლის ვადით, თუ არცერთი მხარე შესაბამისი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობითი ფორმით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი სურვილის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება.

შესრულებულია ქ. კიევში 1997 წლის 14 თებერვალს ორ ეგზემპლარად ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტი იდენტურია. შეთანხმების დებულებათა განმარტებისას აზრთა სხვაობის შემთხვევაში საფუძვლად მიიღება რუსული ტექსტი.

საქართველოს მთავრობის სახელთ

უკრაინის მთავრობის სახელით