საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/871-18

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.04.2025
№ დოკუმენტი 3/871-18
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/871-18

16 აპრილი, 2025 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სალომე ჯაბიძე

სხდომის მდივანი ელისო ჟორჟოლიანი

მოსარჩელე - შპს "-----"

წარმომადგენელი - -----

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური წარმომადგენელი - -----

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმომადგენელი - -----

დავის საგანი:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 8 დეკემბრის N 021-195 საგადასახადო მოთხოვნა;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის N 5623 ბრძანება

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის N -----/2/2018 გადაწყვეტილება;

მოსარჩელემ განმარტა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 04 ივლისის N 1796 ბრძანებით ჩატარდა შპს „-----” სასაქონლო - მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის შესაბამისადაც გადამხდელს დაუდგინდა საქონლის ფაქტიური ნაშთი საბაზრო ფასებით 64 949 ლარის ოდენობით, რაც აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გადამხდელს დაუდგინდა საქონლის ფაქტიური ნაშთი საბაზრო ფასებით 64 949 ლარი, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული - 340 304 ლარის. შემოწმების მიერ განისაზღვრა ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილ ფაქტიურ ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის დღგ-ის ბრუნვაში ასახვა. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 05 ივლისის N 18063 ბრძანების მიხედვით შპს "-----" საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 4 ივლისის ჩათვლით, წლიური მოგების და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადების ნაწილში - 2016 წლის საანგარიშო პერიოდი, ხოლო ქონების (მიწის) გადასახადის ნაწილში - 2016 და 2017 წლების საანგარიშო პერიოდი. ამასთან 2017 წლის მოგების გადასახადის მიზნებისათვის შემოწმებულ იქნა 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 ვლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

როგორც ბრძანებიდან ირკვევა, აუდიტის ჯგუფს შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული ქონდა 2017 წლის 04 ივლისის ჩათვლით, რის გამოც დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით 2017 წლის ივლისის თვის შემოწმების უფლება/ვალდებულება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს არ გააჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.“ მიუხედავად აღნიშნული საკანონმდებლო ნორმისა, შემმოწმებელთა მიერ „არამარლთზომიერად განხორციელდა გადასახადებით დასაბეგრი პერიოდის ცვლილება, კერძოდ: შემოწმებელთა მიერ ჩვენს მიერ იმპორტირებული პროდუქციის მიწოდებად განხილვა და შესაბამისი გადასახადებით დბეგვრა განხორციელდა შემოტანიდან 14 დღის ვადაში, რის გამოც აუდიტორის მიერ გამოყენებულია დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდი.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აქტის მიხედვით „საზოგადოების წარმომადგენლის ახსნა - განმარტებით საქონლის შენახვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 7-14 დღეს, ხოლო აღნიშნულ შუალედში ხდებოდა საქონლის სრული რეალიზაცია.“ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს ვინაიდან ასეთი სახის ახსნა - განმარტება კომპანიის წარმომადგენელს არ მიუცია. ამასთან, იმის მიუხედავად რას განაცხადებდა საზოგადოების წარმომადგენელი, კანონმდებლობის მიხედვით დანაკლისი უნდა დაბეგრილიყო გამოვლენის მომენტში და არა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 04 ივლისის N 1796 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შპს „-----” სასაქონლო - მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, შპს „-----“ მიერ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ჩაითვალა ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და 2017 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაცია წარდგენილ იქნა აღნიშნული დანაკლისის გათვალისწინებით. ამდენად, შპს „-----“ მიერ აღიარებულ იქნა ბიუჯეტში დამატებით გადასახდელი დღგ-ის თანხა და იგი მზად იყო დაეფარა აღნიშნული დავალიანება, თუმცა აუდიტორის მიერ აღნიშნული თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, დარიცხულ იქნა მათი იმპოტირების პერიოდის სავადოს შესაბამისად, რამაც გამოიწვია ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არაადეკვატურად გაზრდა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, და ახალი ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ ვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის კოდექსის შეცდომით/არცოდნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 05 ივლისის N 18063 ბრძანებით, შპს "-----" (ს/ნ: -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ, დაინიშნა შპს "-----" (ს/ნ:-----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით.

შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 4 ივლისის ჩათვლით წლიური მოგების და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადების ნაწილში შემოწმდეს 2016 წლის საანგარიშო პერიოდი, ხოლო ქონების (მიწის) გადასახადის ნაწილში შემოწმდეს 2016 და 2017 წლების საანგარიშო პერიოდი, ამასთან 2017 წლის მოგების გადასახადის მიზნებისთვის შემოწმდეს 2017 წლის 1 იანვრდან 2017 წლის 4 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები;

კამერალური შემოწმების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 05 ივლისიდან 2017 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივლისის N 20190 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 05 ივლისის N 8063 ბრძანებაში და შპს "-----" (ს/ნ: ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 29 სექტემბრის N 26419 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 05 ივლისის N 18063 ბრძანებაში და შპს "-----" (ს/ნ: ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.07.2017 წლის ბრძანება (ს.ფ. 51);

- 31.07.2017 წლის ბრძანება (ს.ფ. 52);

- 29.09.2017 წლის ბრძანება (ს.ფ. 54)

 

3.2. შპს "-----" საგადასახადო შემოწმების აქტის (შედგენის თარიღი 06.12.2017 წ.) თანახმად შპს "-----" საქმიანობის საგანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა (როგორც იმპორტით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე) რეალიზაცია. საზოგადოების წარმომადგენლის ახსნა - განმარტებით საქონლის შენახვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 7-14 დღეს, ხოლო აღნიშნულ შუალედში ხდებოდა საქონლის სრული რეალიზაცია. საზოგადოების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფმორმაციით შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრა, შესაბამისად სახეზეა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძელი.

შემოწმების პერიოდში დირექტორს შემოწმებასთან არ უთანამშრომლია, შესაბამისად უცნობია მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 15-50)

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 08 დეკემბრის N 33012 ბრძანებით შპს "-----" საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 1292041 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 8612833 ლარი, ჯარიმა 4307308 ლარი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 08 დეკემბრის N ----- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად შპს "-----" გადასახდელად დაეკისრა: ძირითადი გადასახადი - 8612833 ლარი (საიდანაც დღგ - 3397020 ლარი მოგების გადასახადი - 247665 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 4968148 ლარი), ჯარიმა - 4307308 ლარი, საურავი - 923515.58 ლარი, სულ - 13843656.58 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 08 დეკემბრის N 33012 ბრძანება (ს.ფ. 57)

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 08 დეკემბრის N ----- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 58-59);

 

3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის N 5623 ბრძანებით შპს "-----" საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

გადამხდელი არ ეთანხმებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ასევე მოითხოვა სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციისგან გათავისუფლება (საჩვრის თარიღი 16.01.2018 წ.)

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის N 5623 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის ფაქტიურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობის თვეების მიხედვით რეალიზებულად განხილვის შედეგად დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხები ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის N 5623 ბრძანება (ს.ფ. 60-62);

3.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის N -----/2/2018 გადაწყვეტილებით შპს „-----“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის 08.12.2017 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 15.03.2018 წლის N 5623 ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის N -----/2/2018 გადაწყვეტილება (ს.ფ. 74-79);

3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 219 მარტს შედგენილი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნის (რეგ. N ---) თანახმად, შემმოწმებლის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 მარტის N 5623 ბრძანების აღსრულების მიზნით განხილულ იქნა საკითხი და დადგინდა შემდეგი:

შემოწმების შედეგად, ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის ფაქტიურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობის თვეების მიხედვით რეალიზებულად განხილვის შედეგად დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხები, სულ - 62 663 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 19 მარტის შედგენილი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნა (171-177);

3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 26 მარტის N 6380 ბრძანებით შპს "-----" შეუმცირდა სულ 62664 ლარი, მათ შორის გადასახადი 41776 ლარი, ჯარიმა - 20888 ლარი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 26 მარტის N ----- 15 საგადასახადო მოთხოვნით შპს „-----" დაერიცხა: ძირითადი გადასახადი 8571057 ლარი (მათ შორის: დღგ 3355244 ლარი, მოგების გადასახადი 247665 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 4968148 ლარი), ჯარიმა - 4286420 ლარი, საურავი - 918857.56 ლარი, სულ - 13776334,56 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 26 მარტის N 6380 ბრძანება (ს.ფ. 169-170)

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 23 იანვრის N ----- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 168-169);

3.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 04 ივლისის N 17966 ბრძანებით დაინიშნა შპს "-----" (ს/კ: -----) სასაქონლო - მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების

ინვენტარიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება ( ს.ფ. 63);

3.9. შპს "-----" დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის (პირველადი, დაზუსტებული, 2017 წლის ივლისი, წარდგენის თარიღი:16.01.2018 წ.) დღგ-ის გადასახდელი თანხა შეადგენდა 3804204.55 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დეკლარაცია (ს.ფ. 64-72)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს "-----" სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს საგადასახადო კოდექსი (დავის პერიოდში არსებული რედაქცია);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ - სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ ქცეული აქტები სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 8 დეკემბრის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის N 5623 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის -----/2/2018 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ - ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი

სპირიტი დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა

დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანამხად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს

დადასტურებული.

ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. როგორც წესი, საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას სწორედ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, მაგრამ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, მას შეუძლია, გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი, რაც გულისხმობს გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულების დადგენას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქნეს სათანადო წესით დასაბუთებული და შეესაბამებოდეს გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 05 ივლისის N 18063 ბრძანებით, შპს "-----" (ს/ნ: -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ, დაინიშნა შპს "-----" (ს/ნ: ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით.

შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 4 ივლისის ჩათვლით წლიური მოგების და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადების ნაწილში შემოწმდეს 2016 წლის საანგარიშო პერიოდი, ხოლო ქონების (მიწის) გადასახადის ნაწილში შემოწმდეს 2016 და 2017 წლების საანგარიშო პერიოდი, ამასთან 2017 წლის მოგების გადასახადის მიზნებისთვის შემოწმდეს 2017 წლის 1 იანვრდან 2017 წლის 4 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები;

კამერალური შემოწმების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 05 ივლისიდან 2017 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 ივლისის N 20190 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 05 ივლისის N 18063 ბრძანებაში და შპს "-----" (ს/ნ:-----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 29 სექტემბრის N 26419 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 05 ივლისის N 18063 ბრძანებაში და შპს "-----" (ს/ნ: ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

შპს "-----" საგადასახადო შემოწმების აქტის (შედგენის თარიღი 06.12.2017 წ.) თანახმად შპს "-----" საქმიანობის საგანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა (როგორც იმპორტით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე) რეალიზაცია. საზოგადოების წარმომადგენლის ახსნა - განმარტებით საქონლის შენახვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 7-14 დღეს, ხოლო აღნიშნულ შუალედში ხდებოდა საქონლის სრული რეალიზაცია. საზოგადოების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფმორმაციით შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრა, შესაბამისად სახეზეა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძელი.

შემოწმების პერიოდში დირექტორს შემოწმებასთან არ უთანამშრომლია, შესაბამისად უცნობია მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოთა უფლებამოსილებები ნორმატიულად არის განსაზღვრული, ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების გამოანგარიშების უფლებამოსილება შეზღუდულია საგადასახად არიან ამბის გამოანგარიშების უფლებამოსილება შეზღუდულია საგადასახადო კონტროლის მიზნებით და არ არის აბსოლუტური საგადასახადო ორგანოს, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს, მოქმედების თავისუფლება შეზღუდულია კანონმდებლობით დადგენილი ნორმებითა და პრინციპებით და არ მოიაზრებს მოგების გადასახადის პარალელური აღრიცხვიანობის წარმოებას, მოგების გადასახადის გამოანგარიშებისთვის საჭირო შესაბამისი მონაცემების წარდგენის ვალდებულება გადასახადის გადამხდელს ეკისრება, შესაბამისად, სწორედ გადასახადის გადამხდელმა უნდა მიუთითოს იმ დოკუმენტებზე, რომელიც გამოსაქვითი ხარჯის დადგენას უზრუნველყოფს და მოგების გადასახადის ოდენობის შემცირებას იწვევს. საგადასახადო შემოწმება ადმინისტრაციული წარმოების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც გადასახადის გადამხდელი არის არა მხოლოდ ვალდებულებებით დატვირთული, არამედ სათანადო უფლებებით აღჭურვილი სუბიექტი, შესაბამისად გადამხდელს კანონმდებლობით ეძლევა თავის სასარგებლო დოკუმენტაციისა და მოსაზრებების ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენის შესაძლებლობა, თავის მხრივ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სათანადოდ შეაფასოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მათი მართებულობის შემთხვევაში გაითვალისწინოს ისინი შემოწმების აქტის გამოცემისას, ხოლო არასარწმუნოობის შემთხვევაში - დაასაბუთოს მათ გაზიარებაზე უარი. განსახილველ დავაში არ იკვეთება გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ალტერნატიული აუდიტორული ხარჯების არსებობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის, მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითების ფაქტი, ამდენად, არ დასტურდება საგადასახადო ორგანოს მიერ ალტერნატიული აუდიტორული ხარჯების თანხის შემოწმების შედეგების განსაზღვრისას გათვალისწინების შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს „-----“ საგადასახადო ორგანოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რითაც ორგანო მოახდენდა არაპირდაპირი მეთოდის გარდა სხვა მეთოდის გამოყენებას. ამასთან, მოსარჩელეს არც სასარჩელო განცხადებაში და არც სასამართლოს სხდომაზე არ დაუსახელებია კონკრეტული გარემოებები, რაც დაადასტურებდა, რომ საგადასახადო ორგანოს არ უნდა გამოეყენებინა დათვლის არაპირდაპირი მეთოდი.

გარდა ამისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დასაბეგრი ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების, საქონლის ექსპორტისა და საქონლის რეექსპორტის თანხის ჯამი. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად ბიუჯეტში შესატანი დღგ მოიცავს:

ა) დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის;

ბ) საქონლის იმპორტისას ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას;

გ) საქონლის დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში შესატან დღგ- ის თანხას;

დ) უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრი ოპერაციიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად დეკლარაციის წარდგენა და დღგ-ის გადახდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად დღგ-ის საანგარიშო პერიოდი დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული მუხლი ეხება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემას, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება. ამდენად, ვინაიდან შპს "-----" ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და შესაბამისი საქმიანობიდან იღებს მოგებას, მითითებული მუხლის მის საქმიანობაზე გავრცელება მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია და არ ემსახურება თვით ამ მუხლის მიზნებს.

6.3. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების გათავისუფლება.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახდო სანქციის სახეებს მიეკუთვნება ჯარიმა და საურავი. ჯარიმა გამოიყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენისას, ამავე კანონით გათვალისწინებული ოდენობით; ხოლო საურავი გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამასთან, საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გამოუვლინდა დარღვევები, რისთვისაც განესაზღვრა ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ასევე შპს „-----“ დაეკისრა საურავი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახდო სანქციისაგან გათავისუფლების ერთ - ერთ საფუძველს ითვალისწინებს საქართველოს საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლით დავის განმხილველ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Noბს-222-219(კ-14) და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ ” საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში. ამდენად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ქვეშ არ ექცევა შპს „-----“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების მოთხოვნა.

სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევის შემთხვევაში ერთ - ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხს. დავების განხილვის ორგანოებს, მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ უფლება გაათავისუფლონ გადასახადის გადამხდელი სანქციისგან, რათა გამოჩნდეს ის ფაქტები, გარემოებები, რომელსაც ისინი დაეყრდნობიან გადაწყვეტილების მიღებისას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, მაგრამ სადავო საკითხთან მიმართებაში მტკიცების ტვირთის გადატანა ადმინისტრაციულ ორგანოზე, არ უნდა იყოს გამოყენებული, რამდენადაც ამ შემთხვევაში სადავოა და დამტკიცებას ექვემდებარება არა დავის საგნის სამართლებრივი მხარე, არამედ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა/არ დადგენა. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთი პროპორციულად იქნას გადანაწილებული.

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. შესაბამისად, სწორედ საგადასახადო ორგანოზე იქნება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ნამდვილობა. თუმცა, სანქციისგან კეთილსინდისიერი გადამხდელის გათავისუფლების მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი კანონმდებლობით არ არის განმარტებული. დოქტრინის მიხედვით ყოველი პროცესუალური კანონმდებლობა აირეკლავს და ითვალისწინებს შესაბამისი დარგის მატერიალური კანონმდებლობის ინსტიტუტებს, პრინციპებს, მიზანს. ადმინისტრაციულ მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავის სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Noბს-626-596(კ-07)). სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოების უფლებამოსილებას გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან, რაც თავისთავად გულისხმობს გადამხდელის უფლებას მიმართოს უფლებამოსილ ორგანოებს, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და გათავისუფლდეს სანქციისგან თუ დაამტკიცებს სამართლებრივი ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ მომხდარა იმ გარემოებების დადასტურება, რომელიც გახდებოდა საფუძველი სადავო ჯარიმის ნაწილში მისი გათავისუფლების.

სასამართლო, ასევე, მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებს, რომელთა თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასანადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

სასამართლო განმარტავს , რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა საჯარიმო სანქციების გარდა ითვალისწინებს უფლებააღმდგენ სანქციებსაც, მათ შორის, საურავს, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საურავი გაანგარიშებულია გადამხდელის კუთვნილი, მათ შორის, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული მუხლის საფუძველზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დასაბუთება იმ გარემოების დადასტურებისათვის, რომელიც სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი კანონშეუსაბამობას დაადასტურებდა.

 

8. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257, 364-ე, 267-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს "-----" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. ქუთაისი, ვ. კუპრაძის ქ. N 11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში

 

მოსამართლე

სალომე ჯაბიძე

 

სადავო საკითხი:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა (როგორც იმპორტით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე) რეალიზაცია. წარმომადგენლის ახსნა - განმარტებით საქონლის შენახვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 7-14 დღეს, ხოლო აღნიშნულ შუალედში ხდებოდა საქონლის სრული რეალიზაცია. საზოგადოების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფმორმაციით შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრა, შესაბამისად სახეზეა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძელი. შემოწმების პერიოდში დირექტორს შემოწმებასთან არ უთანამშრომლია, შესაბამისად უცნობია მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.

 

გადაწყვეტილება:

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საურავი გაანგარიშებულია გადამხდელის კუთვნილი, მათ შორის, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული მუხლის საფუძველზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

 

დასაბუთება:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257, 364-ე, 267-ე, 369-ე მუხლებით.