გადაწყვეტილება №19980/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19980/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19980/2/2023

20 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 15.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19980/2/2023).

 

დავის საგანი:

ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 1.05.2023 წლის №21-11/35481 წერილი;

2. შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12636 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს 1.05.2012 წელს მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შესახებ გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს მიმართა 14.07.2016 წელს, რის შემდეგ ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა.

მომჩივანმა 20.04.2023 წლის №------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დარიცხული და გადაანგარიშებული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების თაობაზე, რომელმაც აღნიშნული განცხადება განიხილა შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის №16277 ბრძანების შესაბამისად და გადამხდელს №------- შუალედური წერილით შესთავაზა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის №16277 ბრძანებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის არსებობის შემთხვევაში, წარედგინა შესაბამისი დოკუმენტი, რაც არ იქნა წარდგენილი.

მომსახურების დეპარტამენტის 1.05.2023 წლის №------- წერილით, გადასახადის გადამხდელს ეცნობა, რომ ვინაიდან, გადამხდელი ასევე ითხოვდა დავალიანების ჩამოწერას, მისი განცხადება გაიგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტში.

მომჩივანს 24.05.2023 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 7 978.43 ლარი, საურავი 6 217.78 ლარი.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.06.2023 წლის №12636 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახდო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 951 მუხლით, 956 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 „საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ბრძანების დანართი №4-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, ამავე დანართის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით და განმარტავს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის თანხები დარიცხულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტაციას საჩივართან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

„საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანების დანართი №4-ს მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერებამდე განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

2. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში პირს არ დაერიცხება ფიქსირებული გადასახადი.

ამავე ბრძანების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.

მომსახურების დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №------ წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის N16277 ბრძანების შესაბამისად ეცნობა, რომ დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების პროცედურა ხორციელდება თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) გადასახადის გადამხდელმა, საგადასახადო ორგანოში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე შეწყვიტა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობა;

ბ) ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის პერიოდში, გადასახადის გადამხდელი არ იმყოფება საქართველოში და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით ამავე პერიოდში არ უფიქსირდება დაქირავებული პირი;

გ) ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის პერიოდში გაცემულია საავადმყოფო ფურცელი ან/და ცნობა გადასახადის გადამხდელის შრომისუუნარობის შესახებ და ამავე პერიოდში არ უფიქსირდება დაქირავებული პირი;

დ) ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის პერიოდში პირს აღკვეთილი აქვს თავისუფლება და ამავე პერიოდში არ უფიქსირდება დაქირავებული პირი;

ე) ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის პერიოდში გადასახადის გადამხდელს გაუქმებული აქვს ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია.

მომსახურების დეპარტამენტის 1.05.2023 წლის №------- შუალედური წერილით მომჩივანს განესაზღვრა მოთხოვნები და მიეცა წინადადება, რომელიმე პირობის არსებობის შემთხვევაში, წარედგინა შესაბამისი დოკუმენტი, რაც არ შესრულებულა.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა მომსახურების დეპარტამენტის №------- შუალედური წერილით განსაზღვრული მოთხოვნები, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელებული დარიცხვა და ასევე დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშებაზე უარი მართლზომიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის მართლზომიერებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს 1.05.2012 წელს მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შესახებ გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს მიმართა 14.07.2016 წელს, რის შემდეგ ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა. მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დარიცხული და გადაანგარიშებული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების თაობაზე.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 6.06.2023 წლის №12636 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელებული დარიცხვა და ასევე დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშებაზე უარი მართლზომიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 951; 956;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება