ბრძანება N 19494

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.09.2025
№ დოკუმენტი 19494
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19494

04 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------------ის (პ/ნ ------------------)

(მის.: ------------------------------------)

2025 წლის 11 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ფ/პ ------------ის (პ/ნ ------------------) 2025 წლის 11 ივლისის №------/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №024-44 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ თითოეული ტრანზაქციის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად 300 აშშ დოლარის მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე, მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციებიდან მიღებული თანხები არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, ვინაიდან ოპერაცია წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 მარტის №3714 და 23 ივნისის №13348 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------------ის (პ/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 ივლისის №15241 ბრძანება და ამავე თარიღის №024–44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 10 607 ლარი, მათ შორის გადასახადი 5 935 ლარი, ჯარიმა 2 887 ლარი და საურავი 1 785 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი დასაქმებულია შპს „-----ში“ (ს/ნ ---------), საიდანაც ერიცხება ხელფასი 2024 წლის მაისიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს შეტანილი ჰქონდა თანხა ჯამში 7 310 547 ლარი შპს „--------ის“ (ს/ნ -------), შპს „--------ს“ (ს/ნ --------) და შპს „----------ის“ (ს/ნ ---------) ანგარიშებზე. გადამხდელმა წარმოადგინა ახსნაგანმარტება, სადაც განმარტავს, რომ ეხმარებოდა ------ის მოქალაქე --------ს აღნიშნული კომპანიების ანგარიშებზე თანხის შეტანაში. ------ი იყენებდა ფ/პ ------ის პირადობის მოწმობას თანხის შესატანად, რაშიც უხდიდა საფასურს. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხა, რომელიც მისი პირადობის მოწმობით ირიცხებოდა კომპანიების ანგარიშებზე, მას არ ეკუთვნოდა და მისი სახელით გადარიცხვაში იღებდა გარკვეულ თანხას. თანხის შეტანის პერიოდი იყო 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით. გადამხდელმა წარმოადგინა ამონაწერები, სადაც არ ფიქსირდებოდა აღნიშნული თანხების მოძრაობა. ასევე, გადამხდელის სახელზე არ ფიქსირდებოდა ავტომობილების შეძენა. შემოწმების მიერ მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა აღნიშნული კომპანიებიდან. გადამხდელებმა დაადასტურეს, რომ ფ/პ ------ის მიერ ჩარიცხული თანხებით შეძენილია ავტომობილები ------ის მოქალაქეებისთვის, ავტომობილებს გავლილი აქვთ საბაჟო პროცედურები და მიწოდებულია ----------ის ტერიტორიაზე.

შემოწმების მიერ თითოეულ გადარიცხვაზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დადგინდა გადარიცხვის პერიოდი და მიღებული კომპენსაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და მომსახურებაში მიღებული თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება: საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის პოზიცია, დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებითა და საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები არ დარიცხვია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ თითოეული ტრანზაქციის ანაზღაურებად 300 აშშ დოლარის მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ როცა თანხა 200 000 აშშ დოლარზე მეტი იყო, მაშინ იღებდა 300 აშშ დოლარს, დანარჩენ შემთხვევებში ძირითადად იღებდა 50-100 ლარს, ხან 200 აშშ დოლარს, ზოგჯერ სხვა თანხასაც გადარიცხული თანხის მოცულობის გათვალისწინებით. მომჩივანი აცხადებს, რომ დეტალური ინფორმაცია შეუძლია წარუდგინოს შემოწმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები მიღებული შემოსავლის შესახებ, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), ინფორმაციის ურთიერთშეჯერება-შესწავლის საფუძველზე, დასაბეგრი შემოსავალი განსაზღვროს ზემოხსენებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ------------ის (პ/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები მიღებული შემოსავლის შესახებ, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), ინფორმაციის ურთიერთშეჯერება-შესწავლის საფუძველზე, დასაბეგრი შემოსავალი განსაზღვროს ზემოხსენებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ თითოეული ტრანზაქციის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად 300 აშშ დოლარის მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე, მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციებიდან მიღებული თანხები არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას .

ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3714 და №13348 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15241 ბრძანება და №024–44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 10 607 ლარი, მათ შორის გადასახადი 5 935 ლარი, ჯარიმა 2 887 ლარი და საურავი 1 785 ლარი.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი დასაქმებულია , საიდანაც ერიცხება ხელფასი 2024 წლის მაისიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს შეტანილი ჰქონდა თანხა ჯამში 7 310 547 ლარი კომპანიების ანგარიშებზე. გადამხდელმა წარმოადგინა ახსნაგანმარტება, სადაც განმარტავს, რომ ეხმარებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული კომპანიების ანგარიშებზე თანხის შეტანაში. არარეზიდენტი პირი იყენებდა მომჩივანის პირადობის მოწმობას თანხის შესატანად, რაშიც უხდიდა საფასურს. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხა, რომელიც მისი პირადობის მოწმობით ირიცხებოდა კომპანიების ანგარიშებზე, მას არ ეკუთვნოდა და მისი სახელით გადარიცხვაში იღებდა გარკვეულ თანხას. თანხის შეტანის პერიოდი იყო 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით. გადამხდელმა წარმოადგინა ამონაწერები, სადაც არ ფიქსირდებოდა აღნიშნული თანხების მოძრაობა.

ასევე, გადამხდელის სახელზე არ ფიქსირდებოდა ავტომობილების შეძენა. შემოწმების მიერ მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა აღნიშნული კომპანიებიდან. გადამხდელებმა დაადასტურეს, რომ მომჩივანის მიერ ჩარიცხული თანხებით შეძენილია ავტომობილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ავტომობილებს გავლილი აქვთ საბაჟო პროცედურები და მიწოდებულია მათსავე ტერიტორიაზე. შემოწმების მიერ თითოეულ გადარიცხვაზე მომსახურების ღირებულება განისაზღვრა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დადგინდა გადარიცხვის პერიოდი და მიღებული კომპენსაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და მომსახურებაში მიღებული თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები მიღებული შემოსავლის შესახებ, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), ინფორმაციის ურთიერთშეჯერება-შესწავლის საფუძველზე, დასაბეგრი შემოსავალი განსაზღვროს ზემოხსენებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, მომჩივნის პოზიცია დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებითა და საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები არ დარიცხვია.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 79( „ა“); 80(1); 100(1); 104(1 „გ“„გ.ა.“); 269(7);