გადაწყვეტილება №17504/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17504/2/2022
2.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------" 15.08.2022 წელს და 2.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №17504/2/2022, №18768/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით;
2. ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფაქტობრივ და შემოწმებით დადგენილ ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის ფასნამატით მიწოდებულად ჩათვლა;
3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა;
4. მოპედებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;
5. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის შემცირება;
6. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
7. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №007-585 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20861 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 483 264 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 252 712
დღგ - 151 670
საშემოსავლო გადასახადი - 99 972
ქონების გადასახადი - 1 070
ჯარიმა - 125 722
საურავი - 104 830
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია, კერძოდ: მოპედების, სკუტერების, მოტოციკლების, კვადროციკლების და მათი ნაწილების/აქსესუარების 2 რეალიზაცია. გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს, როგორც დოკუმენტით, ასევე, საცალოდ.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.12.2021 წლის №41592 ბრძანება და №007-585 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20861 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მეწარმის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და ბუღალტრული აღრიცხვით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ: წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, შეუძლებელია საცალოდ რეალიზებული საქონლის სახეობების და ფასების დადგენა. გადამხდელი საცალო რეალიზაციას ახორციელებს ასევე განვადებით. გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებიდან, განვადებების ნაწილზე ასევე შეუძლებელია პროდუქციის დასახელებების იდენტიფიცირება. ამასთან, გადამხდელს 2020 წლის სექტემბერში საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის დარღვევისთვის (საქონლის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე) შეეფარდა გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დადგინდა მოპედების, სკუტერების, კვადროციკლების და სხვა დანარჩენი საქონლის საშუალო ფასები და ფასნამატები წლების მიხედვით (კონკრეტული ფასნამატის არ არსებობის შემთხვევაში საშუალო ფასნამატი). გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებები, რომელზეც გავრცელდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატები. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი შემოწმებისას არ ყოფილა. რეალიზებული პროდუქციის 95% დოკუმენტურია. ამასთან საბუღალტრო პროგრამაშიც ნათლად არის ასახული ყველა რეალიზაცია. რაც შეეხება საცალო რეალიზაციებს, აღნიშნული დაბეგრილია, როგორც დღგ-ის ნაწილში, ასევე გათვალისწინებულია წლიური დეკლარაციის ერთობლივ შემოსავალში და საბუღალტრო პროგრამითაც მიწოდებულია.
ამასთან, რომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა საქონელი საცალოდ გაიყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასშიც, ვინაიდან ძველი წლებიდან (2013 წ) მოყვება გარდამავალი 3 ნაშთები და იძულებულია საქონელი გაყიდოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. შემოწმების დაწყებიდან დასრულებამდე არაერთხელ დაუკავშირდა აუდიტის დეპარტამენტს, რათა სრულად მომხდარიყო მოთხოვნილი/მოსათხოვი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა მათგან შემოწმების პროცესში არ იქნა დაზუსტებული მოთხოვნა რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარედგინა. აღნიშნულის შემდეგ, აუდიტორების მხრიდან იმდენად სწრაფად მოხდა საბოლოო აქტის დაწერა (ვინაიდან 2018 წელი ხანდაზმულ პერიოდში გადადიოდა) ვერ მოხერხდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის სრულად მიწოდება.
საცალო რეალიზაცია (არაიდენტიფიცირებადი) რეალიზაციაც ბუღალტრულ მონაცემებში ასახულია დეტალურად, კერძოდ, თითოეული ასეთი რეალიზაციის დროს ხდება საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკის ამოღება და აღნიშნულ ჩეკზე ხდება ხელით მიწერა თუ რა საქონელი გაიყიდა, შედეგად იდენტიფიცირებულია დღის ჭრილში სრული რეალიზაცია და გაყიდული საქონლის ფასი, რაც გამორიცხავს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ლოგიკას და აღნიშნულ რეალიზაციაზე ფასნამატის გავრცელება.
მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ფასნამატის იდენტიფიცირება საქონლის სახეობების მიხედვით, რაც წარმოდგენილი იქნება დამატებითი მტკიცებულების სახით, რადგან აუდიტორების მიერ არ მომხდარა ფასნამატის სწორი გაანგარიშება, რის შედეგადაც დაერიცხა არარეალური საგადასახადო ვალდებულებები.
მომჩივანმა 2.02.2023 წელს წარმოადგინა №18768/2/2023 დაზუსტებული საჩივარი სადაც განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში არ მიეცა საშუალება სრულად წარედგინა არგუმენტაცია, შემდეგი მიზეზების გამო:
მის მიერ წარდგენილი არგუმენტები სრულად ემყარება აუდიტორებისთვის წარდგენილ ბუღალტრულ ბაზას და rs.ge პორტალზე არსებულ ინფორმაციას, შესაბამისად არ ჩათვალა საჭიროდ დამატებით წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უკვე წარდგენილი ჰქონდა აუდიტორებისთვის. მომჩივანი დეტალურად აღწერს ფაქტობრივ გარემოებებს და წარმოდგენს მტკიცებულებებს, კერძოდ:
1) 2018 წლის განმავლობაში, არაიდენტიფიცირებადი რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაში ჯამში შეადგენს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების 3.95%-ს, სხვა დანარჩენი რეალიზაციის იდენტიფიცირება ხდება სასაქონლო ზედნადებების საშუალებით, აღნიშნული დასტურდება საბუღალტრო ჩანაწერებით და გამოწერილი ზედნადებებით. დანართი №1, №2 და №3;
2) 2019 წლის განმავლობაში, არაიდენტიფიცირებადი რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 12.17%-ს, სხვა დანარჩენი რეალიზაციის იდენტიფიცირება ხდება ზედნადებების საშუალებით, აღნიშნული დასტურდება საბუღალტრო ჩანაწერებით და გამოწერილი ზედნადებებით. დანართი №4 და №5;
3) 2019 წლის განმავლობაში, არაიდენტიფიცირებადი რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 10.3%-ს, სხვა დანარჩენი რეალიზაციის იდენტიფიცირება ხდება სასაქონლო ზედნადებების საშუალებით, აღნიშნული დასტურდება საბუღალტრო ჩანაწერებით და გამოწერილი ზედნადებებით. დანართი №6 და №7.
იმისათვის, რომ არაიდენტიფიცირებადი რეალიზაცია გაიზარდოს იმ თანხით, რაც აუდიტორების მიერ არის განსაზღვრული, ფასნამატი უნდა შეადგენდეს 400-500%-ს, რაც ხაზს უსვამს არაპირდაპირ მეთოდში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დადგინდა მოპედების, სკუტერების, კვადროციკლების და სხვა დანარჩენი საქონლის საშუალო ფასები და ფასნამატები წლების მიხედვით (კონკრეტული ფასნამატის არ არსებობის შემთხვევაში საშუალო ფასნამატი). გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებები, რომელზეც გავრცელდა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატები.
ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით და ბუღალტრული აღრიცხვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის თაობაზე.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ რეალიზებული პროდუქციის 95% დოკუმენტურია. შემოწმებისას წარადგინა საბუღალტრო პროგრამა, სადაც ნათლად იყო ასახული ყველა რეალიზაცია. საცალო რეალიზაცია (არაიდენტიფიცირებადი) რეალიზაციაც ბუღალტრულ მონაცემებში ასახულია დეტალურად, კერძოდ, თითოეული ასეთი რეალიზაციის დროს ხდება საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკის ამოღება და აღნიშნულ ჩეკზე ხდება ხელით მიწერა თუ რა საქონელი გაიყიდა, შედეგად იდენტიფიცირებულია დღის ჭრილში სრული რეალიზაცია და გაყიდული საქონლის ფასი, რაც გამორიცხავს აღნიშნულ რეალიზაციაზე ფასნამატის გავრცელებას. იშვიათად საქონელი საცალოდ გაიყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასშიც.
მომჩივანი მოითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საჩივრებში დასახელებული არგუმენტების/წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობისას დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ საჩივრებში დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფაქტობრივ და შემოწმებით დადგენილ ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის ფასნამატით მიწოდებულად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 13 მაისის მდგომარეობით, გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის ფაქტობრივი აღწერის მასალებზე დაყრდნობით აუდიტის დეპარტამენტმა გამოიყვანა და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახა ინვენტარიზაციის შედეგები.
ბუღალტრული ნაშთი შედარდა ფაქტობრივი აღწერის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთთან, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებად, რაზეც გავრცელდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობის დადგენილი ფასნამატით მიწოდებად განხილვას. მიუთითებს, რომ სრულად არ არის გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, კერძოდ არ არის გათვალისწინებული ნაშთების უწყისები, რომლითაც დადასტურდებოდა საბუღალტრო ნაშთი. შესაბამისად, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას გადამხდელის მონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის (1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქცია) 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ შემოწმებისას ბუღალტრული ნაშთი შედარდა ფაქტობრივი აღწერის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთთან, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები. აღნიშნულ სხვაობაზე გავრცელდა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატები და შესამოწმებელ პერიოდში ჩაითვალა მიწოდებად.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტაცია არ აქვს და ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას.
ვინაიდან, ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფაქტობრივ და შემოწმებისას დადგენილ ბუღალტრულ ნაშთებს შორის შედარებით გამოვლინდა სხვაობა, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სხვაობის მიწოდებად ჩათვლა და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მართებულია.
3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე და 111-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 72-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, სრულად არ იქნა გათვალისწინებული გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა. აღნიშნული საკითხი საჭიროებს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 105-ე და 111-ე მუხლების მიხედვით, გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. მომჩივანს მიაჩნია, რომ სრულად არ იქნა გათვალისწინებული გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა, თუმცა არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.
საქმეზე არსებული მასალების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. მოპედებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელს 2018 წლის საწყის ნაშთად უფიქსირდება მოპედები, რომელიც შეძენილია 2017 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში, შესაბამისად ამავე პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის და 174-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით გაუქმდა საწყის ნაშთად რიცხულ მოპედებზე ჩათვლილი დღგ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით და 174-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებულია იმ პერიოდში, როდესაც მიწოდება იბეგრებოდა დღგ-ით, შესაბამისად არასწორად მოხდა ჩათლილი დღგ-ის გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-5-მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადამხდელს 2018 წლის საწყის ნაშთად უფიქსირდებოდა მოპედები, რომელიც შეძენილია 2017 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში, შესაბამისად ამავე პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის და 174-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შემოწმებისას გაუქმდა საწყის ნაშთად რიცხულ მოპედებზე ჩათვლილი დღგ.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მოპედები რეალიზებულია იმ პერიოდში, როდესაც მიწოდება იბეგრებოდა დღგ-ით, შესაბამისად, არასწორად მოხდა ჩათლილი დღგ-ის გაუქმება. აღნიშნული საქონლის ნაშთი 2017 წლის ნოემბრამდეც იყო და ის რეალიზებულია, ასევე საქონლის ნაშთი არსებობდა 2017 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე. მის ხელთ არსებული მასალებით შესაძლებელია აღნიშნული ნაშთების გაშიფვრა და რეალიზაციების იდენტიფიცირება შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
5. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის შემცირება
ფაქტების აღწერა
გადამხდელი ახორციელებს, როგორც დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ, ასევე, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებს. სრულად ახორციელებს გაუმიჯნავ ოპერაციებში გამოყენებულ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლას. შემოწმებით შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით შემცირდა ჩასათვლელი დღგ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით, საქონელი რეალიზებულია იმ პერიოდში, როდესაც მიწოდება იბეგრებოდა დღგ-ით, შესაბამისად აუდიტორების მიერ არასწორად მოხდა ჩათლილი დღგ-ის გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-5-მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა
ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადამხდელი ახორციელებს, როგორც დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ, ასევე, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებს. სრულად ახორციელებს გაუმიჯნავ ოპერაციებში გამოყენებულ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლას. შემოწმებით შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით შემცირდა ჩასათვლელი დღგ.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ საქონელი რეალიზებულია იმ პერიოდში, როდესაც მიწოდება იბეგრებოდა დღგ-ით, შესაბამისად, არასწორად მოხდა ჩათლილი დღგ-ის გაუქმება, რაზეც მზადყოფნა გამოთქვა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
6. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 125 000 ლარს. გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადის გაანგარიშებისთვის გამოყენებული აქვს განაკვეთი, რომელიც განკუთვნილია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. ამასთან ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არა აქვს გათვალისწინებული მის საკუთრებაში არსებული სარდაფი. შედეგად, შემოწმებით გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 205-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილებით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
10 მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში დარიცხვას და საჭიროებს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით.
ვინაიდან, მომჩივანს ქონების გადასახადის განაკვეთი არასწორად ჰქონდა გაანგარიშებული, ასევე, დამატებით გამოუვლინდა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელზეც არ ჰქონდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება შესრულებული, ამასთან, არ წარმოადგენს არგუმენტებსა და მტკიცებულებებს დარიცხვის არამართლზომიერების შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დამატებითი თანხის დარიცხვა მართებულია.
7. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №007-585 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 125 722 ლარი და საურავი - 104 830 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20861 ბრძანება;
3. საჩივრის პირველ, მე-4 და მე-5 დავის საგნების ნაწილში:
4. ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.