სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში დივიდენდის სახით ზედმეტად გაცემული თანხა N 2659
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში დივიდენდის სახით ზედმეტად გაცემული თანხა N 2659
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ, რომელიც ეწევა შერეული ტიპის საქმიანობას, 2020 წლის ივნისში ფიზიკურ პირებზე გაანაწილა შუალედური დივიდენდი, კერძოდ: აზარტული კლუბის საქმიანობიდან - 400 000 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობიდან - 1 600 000 ლარი; სამშენებლო საქმიანობიდან - 2 000 000 ლარი.
· საწარმოს 2020 წლის ფინანსური მოგება ასე განაწილდა: მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული (აზარტული კლუბი) - 400 000 ლარი; სპეციალური რეჟიმით (7%-იანი) დასაბეგრი (სისტემურ - ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობა) - 1 500 000 ლარი; ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი (სამშენებლო საქმიანობა) - 3 500 000 ლარი. აღმოჩნდა, რომ სპეციალური რეჟიმით (7%-იანი) დასაბეგრ ნაწილში გაცემულია 100 000 ლარით მეტი შუალედური დივიდენდი, ვიდრე ეკუთვნოდა წლიური შედეგების მიხედვით.
· ვარიანტი I: კომპანიის პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით ზედმეტად გაცემული დივიდენდის კომპენსაცია უნდა მოხდეს მოგების გადასახადით ჩვეულებრივი წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული მოგებიდან. შესაბამისად, საწარმომ დააზუსტა ივნისის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია და ზედმეტად გაცემული შუალედური დივიდენდი 100 000 ლარი (1 600 000 - 1 500 000) დაბეგრა მოგების გადასახადით.
· ვარიანტი II: კომპანიის პარტნიორთა საერთო კრებით მიღებულია გადაწყვეტილება ზედმეტად გაცემული დივიდენდის დაბრუნების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საწარმოს არ განუხორციელებელია მოგების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტება.
შეფასება
· -სსკ-ის 97(1)-ე მუხლის "ა"ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. - ზემოაღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში ამ საქმიანობის ნაწილში, განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით, რომლის შესაბამისად ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. - სსკ-ის 99(1) მუხლის "ს" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება; - საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნებისათვის მოგების განაწილების რიგითობას არეგულირებს სსკ-ის 99(3) მუხლი, რომლის თანახმადაც ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა - "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
· ვარიანტი I: მოცემულ შემთხვევაში საწარმოს ქმედება მართლზომიერია.
· ვარიანტი II მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს ზედმეტად გაცემული შუალედური დივიდენდი 100 000 ლარი (1 600 000 - 1 500 000) მისი განაწილების დღიდან (2020 წლის ივნისიდან) დაბრუნების დღემდე განიხილება პარტნიორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრება საგადასახადო კანონმდებლობით სესხისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად.
ღონისძიებები
· ვარიანტი I: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.
· ვარიანტი II: პირს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სესხის დაბეგვრასთან დაკავშირებით იხილეთ N 2643 სიტუაციური სახელმძღვანელო
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2021 წლის 15 დეკემბერისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით