გადაწყვეტილება №23693/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 25.09.2024
№ დოკუმენტი 23693/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23693/2/2024

25 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება უსფ (წ) ------- 9.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23693/2/2024).

 

დავის საგანი:

1. კომპანიის საქმიანობის ხელახალი შემოწმების დანიშვნა;

2. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-749 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17348 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 415 239 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 215 083

ჯარიმა - 107 542

საურავი - 92 614

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება, მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის სერია ეა ------- საფუძველზე, დღგ-ში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 დეკემბრის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.12.2023 წლის №33589 ბრძანება და №006-749 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7468 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კომპანია, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-749 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7468 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 14.06.2024 წლის №22933/2/2024 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სადავო საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერთან (შპს -------) მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება განხორციელებულ კონკრეტულ ოპერაციაზე დარიცხვის კანონიერებაზე და საჩივრის განხილვის ეტაპზე შემოწმება დასრულებული არ იყო:

- მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს; - მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული (წარმოშობილი) საურავისაგან; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი მე-2 სადავო საკითხის ნაწილში და 24.07.2024 წლის №17348 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. კომპანიის საქმიანობის ხელახალი შემოწმების დანიშვნა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 8 დეკემბერს მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უსფ (წ) ------- ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. ------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით (საქმე №-------), დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა და ნება დაერთო, განეხორციელებინა უსფ (წ) ------- ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული, ეა ------- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, დღგ-ში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. ------- სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით (საქმე №-------) უცვლელად დარჩა ------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33327 ბრძანება უსფ (წ) ------- საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხის ნაწილში არგუმენტები დაფიქსირებული არ არის, რადგან საბჭოს 14.06.2024 წელს მიღებული №22933/2/2024 გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 25 სექტემბრის №28991, 2021 წლის 9 მარტის №6138 და 2022 წლის 26 იანვრის №1710 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა უსფ (წ) ------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმება დაინიშნა სწორედ სადავო ტრანზაქციის, კერძოდ ეა ------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით გამოწვეული დღგ-ის ჩათვლის გამო. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 6 აგვისტოდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდები. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 8 ივლისის №18744 ბრძანებით შესწავლილი იქნა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2019 წლის დეკემბრისა და 2020 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ ასახული დეკლარაციები არის სწორი. თუმცა, 2023 წლის 8 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა საქალაქო სასამართლოს უსფ (წ) ------- მიმართ ხელახალი საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე, 2020 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ეა ------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფარგლებში (საქმე №-------). მოქმედი კანონის და კონსტიტუციის სრული დარღვევით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჯერ სრულიად უკანონოდ გამოსცა 2023 წლის 27 დეკემბერს №33327 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი (ბრძანება უსფ (წ) ------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ), ხოლო შემდგომ, 2023 წლის 28 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტის მიერ, 2023 წლის 27 დეკემბრის №33327 ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოიცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, კერძოდ 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2023 წლის 28 დეკემბრის №33589 ბრძანება და 2023 წლის 28 დეკემბრის №006-749 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე დარიცხულმა თანხამ შეადგინა სულ 415 239.4 ლარი (გადასახადი 215 083 ლარი, ჯარიმა 107 542 ლარი და საურავი 92 614.4 ლარი). ამ უკანასკნელის საფუძველზე, დაეკისრა გადასახადის გადახდა და საგადასახადო სანქცია.

2024 წლის 4 აპრილის შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით მომჩივანს გაუუქმდა ჯარიმა 107 542 ლარი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის №22933/2/2024 გადაწყვეტილებით მომჩივანს გაუუქმდა საურავი 92 614.4 ლარის ოდენობით, მაგრამ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, მომჩივანს მაინც დაერიცხა გადასახადის სახით 215 083 ლარი.

მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33327 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2023 წლის 28 დეკემბრის №33589 ბრძანება და 2023 წლის 28 დეკემბრის N006-749 საგადასახადო მოთხოვნა უკანონოა და არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს,შემოსავლების სამსახურმა განახორციელა შემდეგი ქმედებები:

2023 წლის 8 დეკემბერს შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, უსფ (წ) ------- საქმიანობის ხელახალი შემოწმების თაობაზე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება. მალევე, ------- საქალაქო სასამართლოს მიერ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოცემული იქნა ბრძანება, რომლის თანახმადაც, დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა და აუდიტის დეპარტამენტს ნება დაერთო კომპანიის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების განხორციელება 2020 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ეა ------- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (დღგ-ში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრის მიზნით). ასევე, ამავე ბრძანებით, მხარეს უსფ (წ) ------- მიეცა გასაჩივრების უფლება ბრძანების ასლის ჩაბარებიდან 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში. 2024 წლის 23 იანვრის საჩივრის დანართ 1-ში ნათლად ჩანს ბრძანებაზე სასამართლოს კანცელარიის ბეჭედი, რომელიც ცალსახად არის იმის მანიშნებელი, რომ ბრძანება არ არის კანონიერ ძალაში შესული. უსფ (წ) ------- ------- საქალაქო სასამართლოს ბრძანება ჩაბარდა 2023 წლის 27 დეკემბერს 14:00 საათზე. მხარემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და გაასაჩივრა 2023 წლის 11 დეკემბერს ------- საქალაქო სასამართლოს ბრძანება კანონით დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში. საჩივარი 2023 წლის 29 დეკემბერს დაეწერა ------- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს და წარმოებაში იქნა მიღებული კომპანიის საჩივარი (საქმე №-------).

საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-8 ნაწილი პირდაპირ უთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-14 ნაწილით, მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ისმის კითხვა, კანონის რომელი ნორმით ან საფუძვლით გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბერს №33327 ბრძანება შემოწმების დანიშვნის შესახებ, 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2023 წლის 28 დეკემბრის 33589 ბრძანება და 2023 წლის 28 დეკემბრის №006-749 საგადასახადო მოთხოვნა, მაშინ როდესაც ------- საქალაქო სასამართლოს ბრძანება ჯერ კიდევ არ იყო შესული კანონიერ ძალაში, ანუ არ არსებობდა ნებართვა, რომელიც იქნა მოთხოვნილი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი მხარეს ართმევს კანონით მინიჭებულ უფლებებს, კერძოდ:

1) უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ და საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს;

2) უარყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ და საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საკუთრების უფლების პრინციპს;

3) ფორსირებული და უკანონო ქმედებით არ მიეცა შესაძლებლობა სათანადოდ მოეხდინა მხარის ინტერესების დაცვა და ფაქტობრივად შეეზღუდა გასაჩივრების უფლება, რაც პირდაპირ კანონის უხეში დარღვევაა. თითოეულ ფიზიკურ, იურიდიულ, თუ სახელმწიფო ორგანოს ევალება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, კანონმდებლობით მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა. ეს უფლება თავის თავში მოიაზრებს ყველა იმ უფლებრივ კომპონენტს, რომლებიც დაცული არაა ამავე მუხლის სხვა პუნქტებით, თუმცა სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანი ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ;

4) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება;

5) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ უთითებს, რომ კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ადმინისტრაციული კოდექსი სახელმძღვანელოა ადმინისტრაციული უწყებებისთვის მათ შორის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვისაც. მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზეა კანონის უხეში დარღვევა შესაბამისი ადმინისტრაციული უწყების მხრიდან;

6) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამრიგად, სახეზეა საგადასახდო ორგანოს მხრიდან კანონის უხეში დარღვევა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება დღეს მოქმედ კანონის და წესების ნორმებს.

ზემოთ მოყვანილ უკანონო ქმედებაზე შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა.

მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17348 ბრძანებით არ არის ნამსჯელი უსფ (წ) ------- ხელმეორედ შემოწმების კანონიერებაზე, არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა ამ საკითხზე, რომ აუდიტის სამსახურს არ ქონდა კანონიერი უფლება ხელმეორედ შეემოწმებინა მანამ, სანამ კანონიერ ძალაში არ შევიდოდა სასამართლოს გადაწყვეტილება.

მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 პუნქტზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება უკანონოა და უსამართლო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7468 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-749 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ასევე დადგენილია, რომ ხსენებული ბრძანება არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში გასაჩივრდა და საბჭოს 14.06.2024 წლის №22933/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა რა ნაწილობრივ, მე-2 სადავო საკითხის, კერძოდ დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ამასთან მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული (წარმოშობილი) საურავისაგან. ხოლო დანარჩენ ნაწილში, მათ შორის სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

კერძოდ საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33327 ბრძანება გამოცემულია კანონშესაბამისად და რომ შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7468 ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.

 

2. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება

ფაქტების აღწერა

კომპანიას 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი ჰქონდა დღგ-ის თანხა შპს ------- (ს/ნ -------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომლის შესაბამისი ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. ვინაიდან, ოპერაციების განხორციელების პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. ------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით (საქმე №-------), დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების განხორციელების შესახებ.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა და ჩათვლილი თანხიდან გაუქმდა 215 084 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილზე და ამავე მუხლის 81-ე ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ 2024 წლის პირველ ივლისს გამოიცა შპს ------- (ს/კ -------) დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზეც შპს ------- შეუმცირდა, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულ ოპერაციებზე, მათ შორის, სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ და მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს ------- მიერ უსფ (წ) ------- უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს ------- წარმომადგენლობა უსფ (წ) ------- საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2019 წლიდან, მას აქვს როგორც დასრულებული სამშენებლო პროექტები, ასევე მიმდინარე პროექტები, იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში და კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებებს. ფილიალის შექმნის მიზანი იყო სწორედ საქართველოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად (სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისთვის საჭიროა საბანკო გარანტიები) 2020 წლის 31 დეკემბერს შეიძინა არა ერთი უძრავი ქონება შპს -------, სწორედ საბანკო გარანტიების აღების მიზნით. მხარეებს შორის 2020 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ საგნის ღირებულება მოიცავს ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ-ს. ასევე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილში წერია, რომ მყიდველმა სრულად შეასრულა ვალდებულება და გადაიხადა ნასყიდობის ღირებულების საფასური სრულად. ვინაიდან, ორივე კომპანია იყო დღგ-ის გადამხდელი გამყიდველმა (შპს -------) გამოწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რასაც თავის მხრივ დაეთანხმა მყიდველი, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა, როგორც შუამდგომლობაში თავად აღნიშნავს, საგადასახადო შემოწმების აქტში ვერ დააფიქსირა დღგ-ის ჩათვლის უსწორობა. გამოდის, რომ ჩათვლილი და ათვისებული თანხა კომპანიამ უნდა გადაიხადოს იმის გამო, რომ შპს ------- გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან, რაც მყიდველისთვის უცნობი იყო და არა მარტო მყიდველისთვის, როგორც ირკვევა, ასევე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვისაც უცნობი იყო, ამას ადასტურებს ------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №------- წერილი, ადრესატი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი. წერილით დგინდება, რომ გამყიდველი, გაურკვეველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (№1986), შეყვანილია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულთა ნუსხაში. ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, ის თავად ახორციელებს უკანონო ქმედებას, ჯერ გამოსცემს უკანონო ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რის საფუძველზეც ხდება კომპანიის შემოწმება ხელმეორედ, ხოლო შემდგომ უუქმებს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს ჩათვლილ დღგ-ს და ფაქტიურად, ავალდებულებს კანონიერად ჩათვლილი დღგ დააბრუნოს უკან.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დასტურდება, რომ შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის მიზნით გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა ------- შპს ------- მიერ. შესაბამისად, ცალსახაა და უტყუარი ფაქტია, რომ შპს ------- პირდაპირ შეცდომაში შეიყვანა მომჩივანი და ხოლო ირიბად შეიყვანა შეცდომაში შემოსავლების სამსახურმა, რომელიც მესამე პირებთან სარგებლობს უტყუარობის პრეზუმციით. სახეზეა ორმხრივი ქმედება, რომელმაც ფინანსური ზიანი მიაყენა მომჩივანს.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს, მათ შემთხვევაში ორივე მხარე, როგორც გამყიდველი, ასევე მყიდველი, რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, შესაბამისად, სრული უფლება ჰქონდა, ჩაეთვალა გამყიდველის მიერ გამოწერილი ეა ------- საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული დღგ. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან, ანუ, კანონი პირდაპირ არეგულირებს დღგ-ის ჩათვლის პროცედურებს, კერძოდ, უსფ (წ) ------- წარმოეშვა ჩათვლის უფლება იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც მოხდა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა გამყიდველის მხრიდან.

საგადასახადო კოდექსი მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მითითებით აღნიშნავს, რომ მათ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ გაუუქმა მიმწოდებელს გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რითაც შეუმცირდა დარიცხვა მიმწოდებელს, ფაქტიურად სრულიად უსაფუძვლოდ გაამდიდრა მიმწოდებელი, ხოლო მომხმარებელს გაუუქმა მის მიერ სრულიად კანონიერად ჩათვლილი (გადახდილი) დღგ.

ადმინისტრაციულმა ორგანომ მომხმარებელი ჩააყენა არათანაბარ სიტუაციაში, ერთის მხრივ, მომხმარებელმა უნდა დააბრუნოს მის მიერ ათვისებული თანხა, ხოლო მეორეს მხრივ გამოდის, რომ მან გადაიხადა საქონლის იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე უნდა გადაეხადა, ამ შეცდომაში შეყვანის მთავარი პასუხისმგებელი პირი არის შემოსავლების სამსახური, რომელმაც თავის მხრივ დაარღვია მესამე პირებისთვის უტყუარობის პრეზუმფცია, rs.ge-ზე გადამოწმების შედეგად შეცდომაში შეიყვანა მომხმარებელი.

პროგრამულად მისცა უფლება მიმწოდებელს, არა უფლებამოსილ პირს გამოეწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ვითომდა ჩაითვალა მომხმარებელმა, ხოლო მეორეს მხრივ, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა ვერ მოახდინა გადასახადის ამოღება, კეთილსინდისიერ მომხმარებელს გაუუქმა დღგ-ის ჩათვლის უფლება.

საგადასახადო კოდექსის თანახმად, დღგ-ის გადამხდელისათვის საგადასახადო დოკუმენტი არის დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტი. ხოლო მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში დადგებოდა სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისას/გამოუწერლობისას.

არანაირი შედეგი არ დადგა შეცდომით/უსაფუძვლოდ/არასწორად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამო მიმწოდებლისთვის, შედეგი და ზიანი დადგა მხოლოდ მომხმარებლისთვის.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, მე-7 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ მათ შემთხვევაში, კანონიერი ნდობა არსებობდა შემოსავლების სამსახურის მიმართ და მიმწოდებლის მიერ გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიმართ, რომლის ბათილად ცნობამ (გაუქმებამ) ფინანსური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა მომხმარებელს (მომჩივანს). ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც კეთილსინდისიერ მომხმარებელს მიაყენა ზიანი.

მიუთითებს საგადასახადო კოდექსი 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 187-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ადგილი არ ჰქონია დოკუმენტების გაყალბებას, არ შემდგარა ფიქტიური გარიგება ან უსაქონლო ოპერაცია. ყველა უძრავი ქონება, რომელიც მყიდველმა შეიძინა გამყიდველისგან ირიცხება ან/და ირიცხებოდა საჯარო რეესტრში მყიდველის საკუთრებად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ქმედებით გამოდის, რომ შპს ------- წარმომადგენლობამ დააზარალა მომხმარებელი (მომჩივანი) უძრავი ქონების შეძენით და მოუწევს ორჯერ უფრო მეტი თანხის გადახდა, ვიდრე ეს გათვალისწინებული არის მოქმედი კანონით, კერძოდ:

1) მომხმარებელმა (მომჩივანმა) უნდა დააბრუნოს ჩათვლილი და ათვისებული თანხა;

2) დაბრუნებულ თანხას ვერ ამოიღებს შპს -------, ვინაიდან მას საკუთრებაში არ ერიცხება არანაირი ქონება.

აღნიშნულით პირდაპირი ზიანი მიადგა მყიდველს, ვინაიდან ხელშეკრულების ღირებულების განსაზღვრის დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ჩათვლის უფლების განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს ეცოდინებოდა აღნიშნულის გამოყენების შეუძლებლობის შესახებ, ეს აუცილებლად აისახებოდა სახელშეკრულებო ღირებულებაში. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები და აღნიშნული დარღვევის გამომწვევი მხარე არის სახელმწიფო.

საჯარო რეესტრიდან შპს ------- ქონების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისას, ინფორმაციის გადამოწმებისა და გაანალიზებისას, წააწყდა რეესტრის ხარვეზს, რომლის თანახმადაც შპს ------- დღემდე ფლობს ორ მიწის ნაკვეთს, ესენია:

1. საკადასტრო კოდი: -------; მისამართი: -------, ------- (ყოფ. -------);

2. საკადასტრო კოდი: --------; მისამართი: -------, -------.

წინამდებარე საჩივარს ურთავს ამონაწერს პირის უძრავი ქონების შესახებ და ასევე, ორივე უძრავი ქონების ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, სადაც დაწვრილებითი ინფორმაციის შესწავლისას გაირკვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო შპს ------- მოხსენიებულია როგორც თანამესაკუთრე, თუმცა არ არის დაფიქსირებული ზუსტად ქონების რა ნაწილს ფლობს. როგორც მათთვის ცნობილია, წარსულში მის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე ააშენა კორპუსები და გაყიდა მასში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებლის ბინები, ხოლო თავად ამჟამად აღარ ფლობს რაიმე ქონებას. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მომჩივანი შპს ------- ფულადი თანხის სახით ვერაფერს მიიღებს და მომჩივანის მიერ აზრს მოკლებულია მის მიმართ მოთხოვნების წაყენება.

წარმოადგენს მტკიცებულების სახით ცნობას საჯარო რეესტრიდან და ორი მიწის ნაკვეთის ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რითაც დგინდება, რომ შპს ------- უძრავი ქონება არ გააჩნია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახურის ქმედებამ მიაყენა კეთილსინდისიერ შემძენს და გადასახადის გადამხდელს ორმაგი ფინანსური ზიანი,სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე დაუშვებელია კეთილსინდისიერი სუბიექტის დაზარალება უსამართლოდ. საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ შებღალა მომჩივანის სამართლებრივი ინტერესები, კერძოდ მას მოუსპო სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გარეშე, დაჩქარებული წესით მოახდინა მისი იმ უფლების რეალიზაცია, რომელიც ჯერაც არ ჰქონდა მინიჭებული.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდა 2024 წლის 23 იანვარს შემოსავლების სამსახურში, 2024 წლის 4 აპრილის შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით (ბრძანება №7468) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და გაუქმდა მხოლოდ დარიცხული ჯარიმა 107 542 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა 2024 წლის 19 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ამ უკანასკნელის 2024 წლის 14 ივნისის №22933/2/2024 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7468 ბრძანება და მე-2 სადავო საკითხის ნაწილში (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მესამე მოთხოვნის ნაწილში, გათავისუფლდა ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულების საფუძველზე დაკისრებული (წარმოშობილი) საურავისგან.

2024 წლის 24 ივლისის №17348 ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა და არ დააკმაყოფილა საჩივარი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების ნაწილში.

შემოსავლების სამსახური ბრძანებაში ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი მოსმენისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველ ივლისს გამოიცა შპს ------- დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების დაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზეც შპს ------- შეუმცირდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულ ოპერაციებზე, მათ შორის, სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ. ფაქტიურად, შემოსავლების სამსახურმა აღიარა რომ:

1) კომპანიის უკანონო შემოწმება წინ უსწრებდა სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის გაუქმებას, ცხადია რომ შემოსავლების სამსახურმა ისე, რომ ჯერ არ ქონდა შპს ------- შემცირებული თანხა, მომხმარებელს (კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს) გაუუქმა ჩათვლის უფლება, უტყუარი ფაქტია ჩათვლის უფლების გაუქმება წინ უსწრებდა შპს ------- თანხის შემცირებას;

2) შემოსავლების სამსახურმა კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი შეიყვანა შეცდომაში და დამატებით გადაახდევინა დღგ, რომლითაც სრულიად უსაფუძვლოდ (მოტყუებით) გაამდიდრა შპს -------, ხოლო კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს დამატებით დააკისრა ჩათვლილი დღგ-ის (ათვისებული თანხის), 215 083 ლარის უკან დაბრუნება;

3) შემოსავლების სამსახურმა ერთის მხრივ, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი დღგ დაუტოვა არა კეთილსინდისიერ სუბიექტს, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და მეორეს მხრივ, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელისგან ითხოვს დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას, რომელიც გამოიწვევს ჩათვლილი, ათვისებული 215 083 ლარის დაბრუნებას.

ამ ქმედებით, ფაქტიურად შემოსავლების სამსახურმა ირიბად უსფ (წ) ------- გადაახდევინა 20%-ით მეტი, ვიდრე უნდა გადაეხადა.

მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება უკანონოა და უსამართლო. ითხოვს დარჩეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული, ჩათვლილი დღგ და მოხდეს დღგ-ის თანხის ჩათვლის აღდგენა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 81-ე ნაწილების თანახმად:

79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;

ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;

ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;

ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;

გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);

დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;

ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.

81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა შპს ------- მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი დღგ.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულია და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ 2024 წლის პირველ ივლისს გამოიცა შპს ------- დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზეც შპს ------- შეუმცირდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულ ოპერაციებზე, მათ შორის, სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახური პოზიციას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ------- მიერ უსფ (წ) ------- უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად.

საქმესთან არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. კომპანიის საქმიანობის ხელახალი შემოწმების დანიშვნა;

2. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომჩივანის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით, დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა და ნება დაერთო, განეხორციელებინა კომპანიის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება, დღგ-ში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება.

გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი დღგ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გამოცემულია კანონშესაბამისად და რომ შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7468 ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია. ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახური პოზიციას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად; არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 255(6); 269(7); 301(ზ); 309(79, 81); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 173; 174