ბრძანება N 2720
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2720
14.02.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(იურ. მის.:----------;
ფაქტ. მის.: ----------)
2022 წლის 11 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ "----------" (ს/ნ ----------) №70745/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 აპრილის №068-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავლებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის ძირითადი სხვაობა გამოვლენილია 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე. ამ პერიოდში გაარემონტა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი ტერიტორია, რაზეც დახარჯა სულ 133 750 ლარი. აღნიშნული, როგორც საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალება, დაბეგრილი იქნა 2019 წლის მაისის თვის დეკლარაციაში, თუმცა არ იქნა მიღებული დღგ-ის ჩათვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს 133 750 ლარის ღირებულების მასალების რეალიზაციიდან ამოღებას და 2019 წლის მაისის თვეში საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებებზე დღგ-ის ჩათვლის უფლებას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ოპერაცია არ იქნება განხილული როგორც საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალება და დაკვალიფიცირდება როგორც რემონტი, ითხოვს დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №738 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 12 აპრილის №9241 ბრძანება და 13 აპრილის №068-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 116 648 ლარი, მათ შორის გადასახადი 65 717 ლარი, ჯარიმა 33 980 ლარი და საურავი 16 951 ლარი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 აპრილის №068-8 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 8 აგვისტოს №21149 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21149 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მომჩივანი ითხოვს 133 750 ლარის ღირებულების მასალები არ იქნას დამატებით რეალიზაციაში ნაჩვენები და 2019 წლის მაისის თვეში მიენიჭოს საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლის უფლება, ვინაიდან, აღნიშნული ქონება სრულად იქნა გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, ეს ოპერაცია თუ არ იქნება განხილული როგორც საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შექმნა და დაკვალიფიცირდება როგორც რემონტი, მოხდეს დასაბეგრი ბრუნვის შემცირება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შენობანაგებობები აგებულია 2018 წელს, ხოლო რემონტის ხარჯები გათვალისწინებულია შემოწმების პროცესში.
მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დასადგენია როდის შევიდა ექსპლუატაციაში ძირითადი საშუალებები.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ "----------" (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 7 მარტს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 9 სექტემბერს. გადასახადის გადამხდელი "----------" აწარმოებს სამშენებლო ბლოკებს (უფიქსირდება ბეტონის და პემზის ბლოკების წარმოება) და მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრებს. აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის საჭირო მასალები შეძენილი აქვს სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს როგორც სასაქონლო-ზედნადებით, ასევე, საცალოდ ფიზიკურ პირებზე. სამშენებლო ბლოკისა და მეტალო-პლასმასის ნაკეთობების გარდა ი/მ "----------"-ს უფიქსირდება ცემენტის, ქვიშა-ღორღის და არმატურის დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით დგინდება, რომ არ არსებობს შიდა აღრიცხვის მასალები, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის, არ არის ნაწარმოები ბუღალტერია.
შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების დადგენა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემიდან ამოღებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე ჩამოწერილი მასალების (ქვიშა-ღორღი, ცემენტი, არმატურა, აგური, მეტალოპლასმასი და სხვა.) რაოდენობა. აღნიშნულიდან მოხდა ნაწილის წარმოება გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით. ხოლო ნაწილი განხილულ იქნა რეალიზაციად. გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 159-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით იბეგრება საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც:
დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას;
დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი.
ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ხოლო, ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.