გადაწყვეტილება №24824/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.03.2025
№ დოკუმენტი 24824/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24824/2/2025

19 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 25.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24824/2/2025).

 

დავის საგანი:

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი და უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 28.11.2024 წლის №------- ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 2.12.2024 წლის №------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 19.12.2024 წლის №------- აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; 4. შემოსავლების სამსახურის 5.02.2025 წლის №1758 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

საურავი - 425 212.83 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას 12.11.2024 წელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის 2021 და 2022 წლების დაზუსტებული დეკლარაციები, რომელიც პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა 13.11.2024 წელს. აღნიშნული დეკლარაციების საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა პირველად დეკლარაციებთან შედარებით გაზრდილია ჯამურად 778 546 ლარით. მათ შორის, 2021 წლის - 389 273 ლარით, 2022 წლის - 389 273 ლარით.

დაზუსტებული დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვამდე, 12.11.2024 წლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 33 610.94 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული სულ 1 193 373.10 ლარი, მათ შორის, ქონების გადასახადი 899 087.00 ლარი და საურავი 294 286.10 ლარი.

დეკლარაციების დაზუსტებამ (ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით - 13.11.2024 წლის მდგომარეობით) გამოიწვია საურავის დარიცხვა 412 916.73 ლარის ოდენობით.

დეკლარაციების დაზუსტებების შედეგად, 13.11.2024 წლის მდგომარეობით, კომპანიას ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 732 638.96 ლარი, საურავი 425 212.83 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული: სულ 1 195 336.17 ლარი.

ვინაიდან, 27.11.2024 წლის მდგომარეობით კომპანიას ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - საურავი 355 531.83 ლარი, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 28.11.2024 წელს გამოიცა №------- ბრძანება კომპანიის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ.

კომპანიას 1.12.2024 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - საურავი 258 513.38 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241- ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ კომპანიის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2.12.2024 წლის №------- ბრძანება. ასევე, შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 19.12.2024 წლის №------- აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება.

ვალის მართვის დეპარტამენტის 28.11.2024 წლის №------- ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, 2.12.2024 წლის №------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 19.12.2024 წლის №------- აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.02.2025 წლის №1758 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან;

- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე სადავო უზრუნველყოფის ღონისძიებები გაავრცელოს კორექტირებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.02.2025 წლის №1758 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლზე და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის შენობა წარმოადგენს იჯარის საგანს, რომელიც 2006 წლიდან გადაცემულია მოიჯარეზე, რომელიც აღნიშნულ ქონებაზე იხდიდა კიდეც ქონების გადასახადს. მოგვიანებით, ზემოხსენებულ საკითხზე, მოიჯარემ მოითხოვა წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა და წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელა ქონების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტება (2021-2022 წლების). აღნიშნული შეცვლილი გარემოების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, შპს „-------“ დაგვიანებით დააზუსტა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები და გადაიხადა გადასახადი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან.

უზრუნველყოფის ღონისძიებებზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 241-ე მუხლის პირველ და მე2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტებზე, 241-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 239-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 243-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე სადავო უზრუნველყოფის ღონისძიებები გაავრცელოს კორექტირებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახურმა კომპანიაზე დაკისრებული საურავის ჩამოწერის საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღო მომჩივანის მიერ საჩივარში მოყვანილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. კომპანია აფასებს შემოსავლების სამსახურის მიდგომას დარიცხული საურავის ნაწილობრივ კორექტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ 5.02.2025 წლის ბრძანებით მოხდა საურავის მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულად ჩამოწერა, არადა ხსენებულ ბრძანებაში მოყვანილი კანონები რომელთა საფუძველზეც მოხდა დარიცხული საურავის ნაწილობრივ კორექტირება, შემოსავლების სამსახურს შეეძლო ამ ნორმებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი მისი კეთილსინდისიერებიდან და არაგანზრახ საგადასახადო სამართალდარღვევიდან გამომდინარე სრულად გაეთავისუფლებინა საურავისაგან.

შესაბამისად, ითხოვს მოეხსნას შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაკისრებული საურავი, რომელიც დაერიცხა 13.11.2024 წელს კომპანიის მიერ ქონების დეკლარაციის დაზუსტების შედეგად, კერძოდ სრულად გათავისუფლდეს საურავის თანხისგან, რომელიც შეადგენს 425 212.83 ლარს და ასევე, დაუბრუნდეს აღნიშნული საურავის დასაფარად კომპანიის საბანკო ანგარიშიდან ვალის მართვის დეპარტამენტის 28.11.2024 წლის №------- ბრძანების შესაბამისად საინკასო დავალებებით ჩამოჭრილი თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ კომპანია აფასებს შემოსავლების სამსახურის მიდგომას დარიცხული საურავის ნაწილობრივ კორექტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ 5.02.2025 წლის ბრძანებით მოხდა საურავის მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულად ჩამოწერა, არადა ხსენებულ ბრძანებაში მოყვანილი კანონები რომელთა საფუძველზეც მოხდა დარიცხული საურავის ნაწილობრივ კორექტირება, შემოსავლების სამსახურს შეეძლო ამ ნორმებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი მისი კეთილსინდისიერებიდან და არაგანზრახ საგადასახადო სამართალდარღვევიდან გამომდინარე სრულად გაეთავისუფლებინა საურავისაგან. ასევე, ითხოვს დაუბრუნდეს აღნიშნული საურავის დასაფარად კომპანიის საბანკო ანგარიშიდან საინკასო დავალებებით ჩამოჭრილი თანხები.

შემოსავლების სამსახურის 5.02.2025 წლის №1758 ბრძანებით კომპანია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან; ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა, შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე სადავო უზრუნველყოფის ღონისძიებები გაავრცელოს კორექტირებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი მომსახურების დეპარტამენტის 5.03.2025 წლის №16566-21-11 წერილიდან ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, დეკლარაციების დაზუსტებების შედეგად, კომპანიას 13.11.2024 წლის მდგომარეობით, ერიცხება აღიარებული დავალიანება ძირითადი 732 638.96 ლარი, საურავი 425 212.83 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, სულ 1 195 336.17 ლარი, მათ შორის ქონების გადასახადი 899 087 ლარი და საურავი 296 249.17 ლარი. დეკლარაციების დაზუსტებამ, ერთი დღის (13.11.2024 წლიდან 14.11.2024 წლამდე პერიოდი) შედარების აქტის მიხედვით გამოიწვია საურავის დარიცხვა 412 916.73 ლარის ოდენობით. დეკლარაციების დაზუსტების შემდეგ, 13.11.2024 წლიდან 4.03.2025 წლამდე (მომსახურების დეპარტამენტის მიერ საჩივართან დაკავშირებით წერილის წარმოდგენის თარიღამდე) გადახდილია სულ 964 419.45 ლარი. 13.11.2024 წლიდან 4.03.2025 წლამდე შედარების აქტის მიხედვით დაფარულია საურავი სულ 170 156.49 ლარი.

ამასთან, ამავე წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 5.02.2025 წლის №1758 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად (აღიარებულ) ბარათზე შემცირებულია 5.02.2025 წლისათვის არსებული საურავი სრულად, 255 734.16 ლარის ოდენობით.

საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი ვალის მართვის დეპარტამენტის 14.03.2025 წლის №------- წერილიდან ირკვევა, რომ სადავო საინკასო დავალების საფუძველზე კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან განაღდებულია 97 018.45 ლარი, ასევე, გამოიცა კორექტირებული საინკასო დავალებები. 29.11.2024 წლის №------- საინკასო დავალების საფუძველზე კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან განაღდებულია 1 500 ლარი, 17.12.2024 წლის №------- საინკასო დავალების საფუძველზე 18 135 ლარი, 20.12.2024 წლის №------- საინკასო დავალების საფუძველზე 1 500 ლარი, 16.01.2025 წლის №------- საინკასო დავალების საფუძველზე 18 600 ლარი და 5.03.2025 წლის №------- საინკასო დავალების საფუძველზე 19 214.03 ლარი, რითიც შესრულდა გადასახადის გადამხდელის მიმართ წარდგენილი საინკასო დავალება. 13.03.2025 წლის მდგომარეობით, კომპანიას ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - 0 ლარი. ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ“ 14.03.2025 წლის №------- ბრძანება, რომლითაც გაუქმდა კომპანიის მიმართ გამოცემული, სადავო, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2.12.2024 წლის №------- ბრძანება.

აღნიშნული გარემოებებიდან, მომჩივნის არგუმენტების, მისი მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, ვინაიდან 27.11.2024 და 1.12.2024 წლის მდგომარეობით კომპანიას ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 243-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე, საინკასო დავალების წარდგენა და ქონებაზე ყადაღის დადება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი და უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიას წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის 2021 და 2022 წლების დაზუსტებული დეკლარაციები, რომლის საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა პირველად დეკლარაციებთან შედარებით გაზრდილია.

დეკლარაციების დაზუსტებების შედეგად, კომპანიას ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ კომპანიის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. ასევე, შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის არგუმენტების, მისი მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, ვინაიდან კომპანიას ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საინკასო დავალების წარდგენა და ქონებაზე ყადაღის დადება მართებულია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241; 243; 269(7);