გადაწყვეტილება №22589/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22589/2/2024
02 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------18.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22589/2/2024).
დავის საგანი:
1. მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების და მასალების ნაშთის რეალიზაციის
შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა;
2. ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება;
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება;
4. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №065-48 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5434 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 70 474 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 42 049
დღგ - 24 437
საშემოსავლო გადასახადი - 17 612
ჯარიმა - 16 992
საურავი - 11 433
პროცერურული გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 17.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა 10.05.2023 წლის №10247 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №31953 ბრძანება და №065-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5434 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების და მასალების ნაშთის რეალიზაციის შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ტენდერების შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს მიღებული ჰქონდა ისეთი მომსახურების თანხები, რაზეც პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ იყო გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში იყო ასახული.
გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, შეძენილი მასალების რაოდენობების მიღება-ჩაბარების აქტებით გახარჯულ მასალებთან შედარების შედეგადაც დარჩენილი ნაშთის რეალიზაცია განხორციელდა მეწარმის დეკლარირებული ფასნამატით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-80 მუხლით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახური ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს მიღებული ჰქონდა ისეთი მომსახურების თანხები, რაზეც პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ იყო გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში იყო ასახული. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი მასალების რაოდენობების შედარება მიღება-ჩაბარების აქტებით გახარჯულ მასალებთან, რის შედეგადაც დარჩენილი ნაშთის რეალიზაცია განხორციელდა მეწარმის დეკლარირებული ფასნამატით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საკითხი განხილულ იქნას გადასახადის გადამხდელთან ერთად. განმარტავს, რომ შეძენილი მასალების ნაშთის რეალიზაცია არ მოუხდენია. ნაწილი არსებობენ დასაწყობებული სახით და ნაწილი გაფუჭდა საწარმოო პროცესის განმავლობაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“-„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს მიღებული ჰქონდა ისეთი მომსახურების თანხები, რაზეც პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ იყო გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში იყო ასახული. გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით, ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი მასალების რაოდენობების შედარება მიღება-ჩაბარების აქტებით გახარჯულ მასალებთან, რის შედეგადაც დარჩენილი ნაშთის რეალიზაცია განხორციელდა მეწარმის დეკლარირებული ფასნამატით, რაც დაიბეგრა დღგ-ით.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელ და მყარ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამატებით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში გამოქვითული ხარჯები თითოეული ტენდერის მიღება-ჩაბარების აქტების (ფორმა N2-ები) შესაბამისად და მიღებული დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) მიხედვით. ამდენად, ისეთი საქონლის/მომსახურების შეძენაზე გადახდილი თანხებით, რომელიც არ უკავშირდებოდა მეწარმის ეკონომიკურ საქმიანობას, არ იყო წარმოდგენილი ახსნა-განმარტება ან/და დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები შესაბამისი წლების მიხედვით. ასევე, შემოწმების მიერ დადგენილი ერთობლივი შემოსავლებიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი მასალების ხარჯის 75% გამოიქვითა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში გამოქვითული ხარჯები თითოეული ტენდერის მიღება-ჩაბარების აქტების და მიღებული დოკუმენტების მიხედვით. ამდენად, ისეთი საქონლის/მომსახურების შეძენაზე გადახდილი თანხებით, რომელიც არ უკავშირდებოდა მეწარმის ეკონომიკურ საქმიანობას, არ იყო წარმოდგენილი ახსნა-განმარტება ან/და დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები შესაბამისი წლების მიხედვით. ასევე, შემოწმების მიერ დადგენილი ერთობლივი შემოსავლებიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი მასალების ხარჯის 75% გამოიქვითა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ამ დავის საგნის ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში გამოქვითული ხარჯები თითოეული ტენდერის მიღება-ჩაბარების აქტების (ფორმა N2- ები) შესაბამისად და მიღებული დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები) მიხედვით. ამდენად, ისეთი საქონლის/მომსახურების შეძენაზე გადახდილი თანხებით, რომელიც არ უკავშირდებოდა მეწარმის ეკონომიკურ საქმიანობას, არ იყო წარმოდგენილი ახსნაგანმარტება ან/და დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დაკორექტირდა ერთობლივი ემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები შესაბამისი წლების მიხედვით. ასევე, შემოწმების მიერ დადგენილი ერთობლივი შემოსავლებიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი მასალების ხარჯის 75% გამოიქვითა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით.
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის (ეკონომიკურ საქმიანობაში ხარჯის გაწევის) მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საქონელზე/მომსახურებებზე მიღებული ჰქონდა ჩათვლა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, ზოგიერთი საქონელი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის, ხოლო მომსახურებები არ უკავშირდებოდა შესაბამისი პერიოდის ტენდერების ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მომსახურებებს.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული საქონლიდან/მომსახურებებიდან მიღებული ჩათვლები შემცირდა შესაბამისი პერიოდის მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ დადგინდა, რომ მეწარმეს საქონელზე/მომსახურებებზე მიღებული ჰქონდა ჩათვლა ისეთ საქონელზე, რომელიც განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის, ხოლო მომსახურებები არ უკავშირდებოდა შესაბამისი პერიოდის ტენდერების ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მომსახურებებს. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნულ საქონელზე/მომსახურებებზე მიღებული ჩათვლები შეამცირა შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის ჩათვლიდან ამოღებულია მიღებული ჩათვლები, რაც არამართებულად მიაჩნია და მოითხოვს დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საქონელზე/მომსახურებებზე მიღებული ჰქონდა ჩათვლა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, ზოგიერთი საქონელი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის, ხოლო მომსახურებები არ უკავშირდებოდა შესაბამისი პერიოდის ტენდერების ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მომსახურებებს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად და ზემოაღნიშნული საქონლიდან/მომსახურებებიდან მიღებული ჩათვლები შეამცირა შესაბამისი პერიოდის მიხედვით.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს ან მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის/მომსახურების მიღებიდან დღგ-ის ჩათვლების გაუქმება მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
4. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №065-48 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 16 992 ლარი და საურავი - 11 433 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის დეკლარირება, რომ განხორციელებულია არასწორად მისთვის სრული მოულოდნელობაა. ასრულებს სამუშაოებს, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და ჩანს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ გვერდზე. ამიტომ ერთი წუთითაც არ დაუშვია, რომ დაემალა რაიმე გადასახადი. ითხოვს გათვალისწინდეს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა და გადასახადის კეთილსინდისიერი გადამხდელი. ითხოვს, მოეხსნას დაკისრებული ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების და მასალების ნაშთის რეალიზაციის შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა;
2. ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება;
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება;
4. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს მიღებული ჰქონდა ისეთი მომსახურების თანხები, რაზეც პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ იყო გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში იყო ასახული. გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით, ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი მასალების რაოდენობების შედარება მიღება-ჩაბარების აქტებით გახარჯულ მასალებთან, რის შედეგადაც დარჩენილი ნაშთის რეალიზაცია განხორციელდა მეწარმის დეკლარირებული ფასნამატით, რაც დაიბეგრა დღგ-ით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 159(1);174(1);175(1);176(1);177(1);