გადაწყვეტილება №21346/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.02.2024
№ დოკუმენტი 21346/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21346/2/2023

13 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- 17.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21346/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №21-17/61738 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26749 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „------------“ (ს/ნ ------------) 8.01.2020 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „------------“ (ს/ნ ------------) მთელ ქონებაზე 8.01.2020 წლის №006-286 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 3.05.2023 წლის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების (ს/კ ------------) ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება ------------ (პ/ნ ------------), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 3.05.2023 წელს. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია №230544078 ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 2023 წლის 28 აპრილი) და გადაწყვეტილება №2/32682-21 (დამოწმების თარიღი 9.03.2022 წელს).

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი მფლობელის მიმართ, აღნიშნულ ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

მომჩივანმა 13.07.2023 წლის №--------- განცხადებით მიმართა, ვალის მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ ------------) გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №21-17/61738 გადაწყვეტილებით, აღნიშნული 9.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.10.2023 წლის №26749 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გაუქმებაც განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში და მოითხოვა ------------ უძრავი ქონებიდან საგადასახადო დავალიანების გაუქმება, რადგან როგორც განცხადებაში აღინიშნა დავალიანება მას არ ეკუთვნოდა, ქონება, რომელზეც მას აღნიშნული საგადასახადო დავალიანება უფიქსირდებოდა დროებით თაღლითური გზით აღმოჩნდა შპს „------------“ ხელში. ამ უკანასკნელის დირექტორი ამ და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო იხდის ამჟამად სასჯელს, ხოლო შპს „------------“ ახალმა კეთილსინდისიერმა დირექტორმა უკან დაუბრუნა მის მარწმუნებელს თავისი ქონება სასამართლოში სარჩელის ცნობით.

ის დავალიანება რაც ------------ უძრავ ქონებაზე არის დარიცხული არ უნდა წარმოშობილიყო, რომ არა ეს ინციდენტი. ეს გარიგება არ არის ნამდვილი და ის იურიდიული მდგომარეობა უნდა აღდგეს, რაც ამ ინციდენტამდე იყო მოცემული.

შპს „------------“ ქონების ------------ უკან დაბრუნება გარიგების საფუძველზე არ წარმოშობილა, არამედ სასამართლოს გზით მოხდა აღნიშნული ქონების, როგორც დაზარალებულთათვის უკან დაბრუნება. შესაბამისად სამართლებრივად ის მდგომარეობა უნდა აღდგეს რა მდგომარეობაც შპს „------------“ ქონების გადაცემამდე იყო.

შესაბამისად საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით პირი მხოლოდ ამ გადასახადების გადახდაზეა ვალდებული, რომელთა მიმართაც ეს პირი გადასახადის გადამხდელია. ამავე დროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დაუშვებელია ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების სხვისთვის დაკისრება.

შესაბამისად რეალური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ საგადასახადო კოდექსის 238 მუხლის მე-7 პუნქტის ა ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდეს ------------- საგადასახადო ვალდებულების გაუქმება.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის დაზარალებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია და არაერთ მოქალაქეს დაუბრუნდა ქონება ზოგს სასამართლოს გზით და ზოგს თბილისის მერიის მხრიდან ინვესტორების მოზიდვის და ალტერნატიული ფრთების გამოყოფით.

შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26749 ბრძანება დაუსაბუთებელია და არ პასუხობს მათ მიერ წამოჭრილ საკითხებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

ვალის მართვის დეპარტამენტის 1.01.2023 წლის №------------ წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „------------“ 8.01.2020 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, გადასახადი 191323,52 ლარი, საურავი 54632,51 ლარი.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „------------“ მთელ ქონებაზე 8.01.2020 წლის №006-286 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მომჩივნის განმარტებით, ქონებაზე, რომელზეც გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ------------ მიერ საკუთრების უფლება აღდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ №------------ საქმეზე 9.03.2022 წელს მიღებული გადაწყვეტილებით.

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის პროცესში სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად არ შეფასებულა ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის თარიღი და საფუძველი.

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26749 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №21-17/61738 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26749 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს-ს 8.01.2020 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი. ახალი მფლობელის მიმართ, აღნიშნულ ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

მომჩივანმა განცხადებით მიმართა, ვალის მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გირავნობა/იპოთეკის გაუქმება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული 9.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;238(1);239(1,2,5,7);