N 55 - 24/02/2015 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №55
2015 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 83-ე მუხლის:
1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქონლის ჩამორთმევისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი მოვალეა იმ პირს, რომლისგანაც ხდება საქონლის ჩამორთმევა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო ორგანოს უფროსის ბრძანება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი).“.
2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. საქონლის ჩამორთმევის (ამოღების) დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოიღებს მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც არანიშანდებულია ან ნიშანდებულია დადგენილი წესის მოთხოვნათა დარღვევით.“.
3. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. ჩამორთმეულ საქონელს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები დროებით შესანახად აბარებენ შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღნიშნულ საქონელს აბარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ საწყობებში ჩამორთმევის განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაში. საქონლის გადაცემის ორივე ეტაპზე დგება მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) აქტის შედგენის ადგილი და თარიღი;
ბ) აქტის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) ჩამორთმევის პროცედურაში მონაწილეთა (როგორც პროცედურის განმახორციელებელ პირთა, ისე მათი, ვის მიმართაც იგი განხორციელდა) სრული რეკვიზიტები;
დ) ჩამორთმევის პროცედურის დრო;
ე) ჩამორთმეული საქონლის დასახელება და რაოდენობა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური