გადაწყვეტილება №20041/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20041/2/2023
16 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 21.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20041/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო შემოწმების პროცედურული მოთხოვნების დარღვევა;
2.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა;
4.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და გამოვლენილი დანაკლისისთვის დაკისრებული სანქცია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №259-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 209 330,45 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 133 656
დღგ - 92 428
მოგების გადასახადი - 2 117
საშემოსავლო გადასახადი - 38 991
ქონების გადასახადი - 120
ჯარიმა - 66 738
საურავი - 8 936,45
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმების პროცედურული მოთხოვნების დარღვევა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №5910 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება ამავე დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებაში. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.02.2023 წლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 31.03.2023 წლის აქტში, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №259-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 262-ე მუხლზე, 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე და „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების მე-6 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებზე.
შემოწმებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილი გარემოება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №2305 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ინვენტარიზაციის მასალები გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს, მასალების მიხედვით არ იყო გამოყვანილი ინვენტარიზაციის შედეგი, სხვაობა ფაქტობრივ და საბუღალტრო ნაშთს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობა კამერალური საგადასახადო შემოწმება და შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №5910 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებაში და აუდიტის დეპარტამენტს უფლება მიენიჭა შესამოწმებელ პერიოდში შესულიყო 9.02.2023 წელს განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები, ვერ ჩაითვლება უკვე შემოწმებული პერიოდის გადამოწმებად. საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №5910 ბრძანება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საყურადღებოა საკითხის ირგვლივ კანონმდებლობის ნორმები. საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმები გაწერილია საგადასახადო კოდექსის XII კარით, რომლითაც გაწერილია პროცედურები მიმდინარე კონტროლის პროცედურებისთვის და საგადასახადო შემოწმების სახეები.
როგორც ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №2305 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე ამ პროცედურებში მონაწილე სხვა პირი. პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმებში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელებულ სმფ-ების ინვენტარიზაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა (შემდგომში ფაქტობრივი აღრიცხვა);
ბ) სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენა;
გ) სმფ-ების ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარება და შედეგების გამოყვანა. ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სმფ-ების საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების მიზნით, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებისა და რაოდენობის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ“.
ამავე ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება შემაჯამებელი ოქმით, რომელშიც აისახება ინვენტარიზაციის შედეგები. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“.
ამდენად, კანონმდებლობის ნორმებით ცალსახად განსაზღვრულია ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის წესი, რომელიც გადასახადის გადამხდელს წარედგინა ოქმის სახით და ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლი განსაზღვრავს სანქციის ოდენობას. კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სწორედ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების მიხედვით ინვენტარიზაციის განხორციელებას უნდა მოჰყვეს შესაბამისი შედეგები და აღნიშნული უნდა ასახულიყო სამართალდარღვევის ოქმში. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, რომლის მიხედვით ინვენტარიზაცია დაიწყო და დასრულდა 10.02.2023 წელს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, თუმცა როგორც დგინდება, ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში და აღნიშნულის უფლება აუდიტის დეპარტამენტს მიენიჭა ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, 24.03.2023 წლის №5910 ბრძანებით, რაც წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ ერთხელ უკვე შემოწმებული საკითხის გადამოწმებას, რომელიც არ განხორციელებულა შესაბამისი პროცედურების დაცვით, კერძოდ არ არსებობს აღნიშნულზე მოსამართლის ბრძანება და 24.03.2023 წლის №5910 ბრძანება და მისი თანმდევი შედეგები უნდა იქნეს მიჩნეული უკანონოდ და დაექვემდებაროს გაუქმებას.
პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის საგადასახადო ორგანოს მიერ განმეორებით შემოწმებას/გადამოწმებას არეგულირებს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად განსაზღვრულია, რომ მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
მომჩივანი მიუთითებს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად არ იქნა დასაბუთებული აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილება ერთხელ უკვე შემოწმებული საკითხის ხელახალი გადამოწმების თაობაზე. ბრძანებაში უარის საფუძვლად მითითებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და უგულვებელყოფილია წარდგენილი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის კამერალური საგადასახადო შემოწმება და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე, ხოლო აღნიშნულ ბრძანებაში 24.03.2023 წლის №5910 ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა შემდეგნაირად: 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.02.2023 წლის ჩათვლით.
თავდაპირველად კომპანიაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №2305 ბრძანებით დანიშნული იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შემდეგ უკვე პარალელურად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 24.03.2023 წლის №5910 ბრძანება კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც ცვლილება განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის განსაზღვრაში და აღნიშნული ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.02.2023 წლის ჩათვლით. პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის საგადასახადო ორგანოს მიერ განმეორებით შემოწმებას/გადამოწმებას არეგულირებს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად, განსაზღვრულია, რომ მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებული პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს. შემოსავლების სამსახურმა მაკონტროლებელი ორგანოების ორივე სადავო ბრძანება დატოვა ძალაში და უარი ეთქვა კომპანიის საჩივარს. ამდენად:
ერთი მხრივ - დაირღვა საგადასახადო კანონმდებლობა და ასევე სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონი კერძოდ ერთდროულად ერთიდაიგივე პერიოდის არეალში პარალელურად მეორე შემოწმება დაინიშნა. ანუ კონტროლი ხორციელდება ერთი - ადგილზე გასვლით, ხოლო მეორე კამერალურად. დავის გადაწყვეტის შედეგით თეორიულად დაკანონდა - ორ საგადასახადო ორგანოს შეუძლია თურმე სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგის დაფიქსირება: დანაკლისის თუ ზედმეტობის დაფიქსირება ოქმში/აქტში და ეს ქმედებები კანონშესაბამისია.
24.03.2023 წლის №5910 ბრძანება ინვენტარიზაციის ნაწილში უკანონოა და საგადასახადო ორგანო არ არის აღჭურვილი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით ერთხელ უკვე შემოწმებული საკითხის განმეორებით გადამოწმებისას და აღნიშნულ შემთხვევაში მას გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება, მოიპოვოს სასამართლოს ბრძანება და თუ აღნიშნული არ განხორცილდა და ისე მოხდა საკითხის განმეორებითი შემოწმება, შედეგები უნდა დაექვემდებაროს სრულად გაუქმებას.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სრულიად გაურკვეველია ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა საანგარიშო პერიოდის განსაზღვრისას, რამდენადაც კანონმდებლობა არ ცნობს შესამოწმებელი პერიოდის განსაზღვრას „ინვენტარიზაციის მიზნებისთვის“. კანონმდებლობა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდს უკავშირებს კალენდარულ თვეს ან კალენდარულ წელს.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კანონმდებლობა არ ცნობს შესამოწმებელ პერიოდს კონკრეტული საკითხის/თემატიკის მიზნებისთვის, კიდევ უფრო ბუნდოვანია ინვენტარიზაციის მიზნებისთვის საანგარიშო პერიოდის განსაზღვრა 9.02.2023 წლამდე, რამდენადაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 9.02.2023 წლის ბრძანებით დანიშნული ინვენტარიზაცია დაიწყო და დასრულდა 10.02.2023 წელს. 24.03.2023 წლის №5910 ბრძანებით ერთის მხრივ ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა უკვე შემოწმებული საკითხის ხელახალი შემოწმება, ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნული შემოწმების ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 9.02.2023 წლამდე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 9.02.2023 წლამდე პერიოდმა მოიცვა 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდი, საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდი და შემოწმების შედეგებში უნდა აისახოს 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდი და შესაბამისად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საყურადღებოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არგუმენტი წარდგენილი იყო როგორც წერილობითი ფორმით საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში ასახული არ არის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებული უარის თქმის საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების გაბათილება არ განხორციელებულა და შესაბამისად, ბუნდოვანია უარის თქმის საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა უგულვებელყო კანონმდებლობით მათთვის დადგენილი ვალდებულებები, არ იმსჯელა საჩივარში წარდგენილ და ასევე საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხზე და გარემოებაზე და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით იქნა გამოცემული 24.03.2023 წლის №5910 ბრძანება და ექვემდებარება სრულად გაუქმებას თანმდევ შედეგებთან ერთად. ასევე განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას, ამ კარით განსაზღვრული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევა აისახება შემოწმების აქტში, ამ შემთხვევაში ცალკე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება. ამავე წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების, წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.
საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. აღნიშნულ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებით, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.02.2023 წლის ჩათვლით პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 31.03.2023 წლის აქტში. მომჩივნის არგუმენტები, რომ ინვენტარიზაციის შედეგები უნდა ასახულიყო სამართალდარღვევის ოქმში, საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი პროცედურების მოთხოვნების დაცვის გარეშე გადამოწმებულია ერთხელ უკვე შემოწმებული საკითხი და კანონმდებლობა არ ცნობს შესამოწმებელი პერიოდის განსაზღვრას ინვენტარიზაციის მიზნებისთვის საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულია მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შემოწმების აქტში ასახვის შესაძლებლობა.
საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები და აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №5910 ბრძანებით განხორრციელებული ცვლილებით საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული არ არის გადაწყვეტილება შესამოწმებელი პერიოდის ცვლილებაზე/უკვე შემოწმებული საანგარიშო პერიოდის ხელახლა შემოწმებაზე, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, რაც კანონმდებლობის მიხედვით საგადასახადო შემოწმების მიზნებისთვის არ წარმოადგენს შესამოწმებელ/შემოწმებულ პერიოდს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების განხორციელებისას არ იკვეთება კანონმდებლობის დარღვევა, რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნას საგადასახადო შემოწმების შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნები დარღვეული არ არის და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 16.09.2021 წელს. გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე იძენს გაყინულ პროდუქტებს და აწვდის დამკვეთებს. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 1 422 963 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობის პროდუქტი, ხოლო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთის დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს სულ 782 852 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე წარადგინა საბუღალტრო პროგრამა, სადაც ასახულია მხოლოდ დოკუმენტით რეალიზებული საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, ამასთან არასწორად იყო ასახული კრედიტორული დავალიანება ერთ-ერთ მსხვილ მომწოდებელთან, რომელთანაც რეალურად გადახდილი იყო თანხა (456 676 ლარი), ამასთან საბოლოო ნაშთში 31.12.2022 წელს დაფიქსირებული აქვს დიდი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 484 122 ლარის ოდენობით, თუმცა გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა არც საკუთრებაში და არც იჯარით რაიმე სახის მაცივრები ან კონტეინერები. ამასთან, ინვენტარიზაცია ჩატარდა 9.02.2023 წელს, რომლის შესაბამისადაც ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა სულ 2 634 ლარი (გადამხდელმა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ ერთიანი თანხა დაადეკლარირა დღგ-ის დეკლარაციით, 2023 წლის იანვრის თვეში). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ზემოაღწერილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოწმებამ მომჩივნის მიერ მიღებული/მისაღების შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე და აღნიშნულის გათვალისწინებით 2021-2022 წლებში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა 470 348 ლარის თვითღირებულების საქონელი (2022 წლის დეკემბრის ბუღალტრულ ნაშთზე დაკლებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ ინვენტარიზაციის თარიღამდე დოკუმენტებით რეალიზებული საქონელი და ინვენტარიზაციაში დაფიქსირებული ფაქტობრივი ნაშთი).
აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე შესაბამისი ჯგუფების მიხედვით, აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 513 492 ლარის ოდენობით, გაანგარიშდა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული ოპერაციით მიღებული/მისაღები შემოსავალი ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულად და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს განხორციელებული აქვს შეძენები სულ 1 422 963 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული აქვს დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა სულ 782 852 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს მიღებულ შემოსავლად 31.12.2022 წლის მდგომარეობით ასახული და დეკლარირებული აქვს მხოლოდ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ღირებულება, ხოლო არადოკუმენტური რეალიზაციები არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიღებული/მისაღების შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე და აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021-2022 წლებში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა 470 348 ლარის თვითღირებულების საქონელი. შემოწმების მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი, საშუალო შეწონილი მეთოდის მიხედვით, დადგინდა - 9,17%, სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის მიხედვით, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე აღნიშნული ჯგუფების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მოხდა დიდი ოდენობის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია იანვრის თვეში, მინიმალურ ფასად და აღნიშნული საქონელი შემოწმების მიერ არ უნდა ჩათვლილიყო 31.12.2022 წლამდე პერიოდში განხორციელებულ მიწოდებად, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელისთვის არაერთხელ იქნა მოთხოვნილი აღნიშნული ბრუნვის გაშიფვრა, რაც შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი, ამასთან გადასახადის გადამხდელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიისთვის წარდგენილ 2023 იანვრის თვის სმფ-ების რეალიზაცია საბაზრო ღირებულებით შეადგენს - 34 234 ლარს, მაგრამ საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით აღნიშნული თანხა, იანვრის თვეში, შემოსავალში არ უფიქსირდება. ამასთან, ინვენტარიზაციის ბრძანება გამოიცა 9.02.2023 წელს, ხოლო იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაცია გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შემდგომ, 16.02.2023 წელს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ოფიციალურად არ გააჩნდა სასაწყობე/სამაცივრე ფართი, სადაც შენახული იქნებოდა აღნიშნული საქონელი, შემოწმების მიერ აღნიშნული დეკლარირებული ბრუნვა არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები უნდა დაანგარიშებულიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და მხოლოდ ამის შემდგომ დაანგარიშებულიყო მიღებული შემოსავალი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის შედეგად მიღებული/მისაღები შემოსავალი ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულად და ყველა არსებული, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ, ხარჯის განსაზღვრის მიზნით, შემოწმების/დავის წარმოების ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა დამატებითი მტკიცებულებები/დოკუმენტები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და მის წინაპირობებს განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი. პირველ რიგში გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.12.2020 წლის №ბს-421(2კ-20) გადაწყვეტილებით განმარტებულია საგადასახადო ორგანოთა მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობდა საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო საგადასახადო ვალდებულებების დადგენისას ეხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განეხორციელებინა მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის №ბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ხსენებული ნორმით (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი), საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ, შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი ის არის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. იმ პირობებში კი, როდესაც საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთადერთ საფუძვლად უთითებს მხოლოდ საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პირობების დარღვევას, ამასთან არ დგინდება რაში გამოიხატა კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, მითითებული არ ქმნის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველს შემთხვევაში კი, საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძველს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად.
შემმოწმებელი საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას მიუთითებს გარემოებაზე, რომ კომპანიას არ გააჩნია არც საკუთრებაში და არც იჯარა არ ფიქსირდება მაცივრების, რომლებშიც შესაძლებელი იქნებოდა მარაგების დასაწყობება. კომპანია სარგებლობდა სხვა პირის საკუთრებაში არსებული მაცივრებით, თუმცა იმ გარემოების გამო, რომ მაცივრების მესაკუთრე ემიგრაციაში წავიდა ამერიკაში და თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, 2023 წლის იანვარში კომპანიას გამოუცხადა, რომ ახორციელებდა მის საკუთრებაში არსებული მაცივრების რეალიზაციას, კომპანია იძულებული გახდა სხვის საკუთრებაში დასაწყობებული მარაგების რეალიზაცია განეხორციელებინა უმოკლეს დროში. აღნიშნულმა განაპირობა ფაქტი, რომ კომპანიის მიერ სასაქონლო-მატერიალური მარაგების დიდი რაოდენობით რეალიზაცია განხორციელდა იანვრის თვეში და იმ გარემოების გამო, რომ პროდუქციას წარმოადგენდა გაყინული პროდუქტები და მაცივრების გარეშე აღნიშნული პროდუქტი დაექვემდებარებოდა გაფუჭებას და კომპანიას მიადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი, პროდუქციის რეალიზაცია უმეტესად განხორციელდა ძალიან დაბალ ფასში. შესაბამისად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონელი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, რეალიზაციის საანგარიშო პერიოდში, 2023 წლის იანვრის თვეში და აღნიშნულის დასტურად წარმოგიდგენთ შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციას. საყურადღებოა, რომ კომპანიამ განახორციელა მის მიერ 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების ნაწილის გადახდა. საყურადღებოა საქმის ირგვლივ არსებული მთელი რიგი გარემოებები.
როგორც შემოწმების აქტშია მითითებული, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას საქონლის მოძრაობის შესწავლა განხორციელდა ინვენტარიზაციის თარიღამდე 9.02.2023 წლამდე. აღნიშნულით შემმოწმებელი ადასტურებს, რომ მის მიერ შემოწმებულმა საკითხმა მოიცვა 9.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. აქვე, შემმოწმებელი თავად მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის თვეში განხორციელებული იყო „ერთიანი თანხის დეკლარირება“. შესაბამისად, კომპანიის მიერ რეალიზაციაში ჩართული იყო და დღგით დაბეგრილი იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილი 2023 წლის იანვრის თვის დღგის დეკლარაციაში. ხოლო შემმოწმებელმა, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თავადვე ადასტურებს აქტით, რომ შეისწავლა „საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის თარიღამდე“ უგულვებელყო კომპანიის მიერ დეკლარირებული საქონლის რეალიზაცია და კომპანიის მიერ 2023 წლის იანვრის თვეში დეკლარირებული საქონელი მიწოდებად განიხილა „შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში“, ანუ 31.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს ზემოაღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის სრულ ნაკლოვანებაზე, რამდენადაც შემმოწმებელმა ე.წ. შესწავლის მიუხედავად უგულვებელყო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემები შემოსავლების სამსახურში. კერძოდ, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმებას 9.02.2023 წლამდე შემოწმების უფლებამოსილება მიენიჭა 24.03.2023 წლის №5910 ბრძანებით, ანუ მაშინ როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ უკვე წარდგენილი იყო 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია. აღნიშნულს თავად შემმოწმებელიც მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში, რამდენადაც განმარტავს, რომ მის მიერ შესწავლილია 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია და აღნიშნულის მიუხედავად, უგულვებელყოფს დეკლარირებულ მონაცემებს და იგივე საქონელს რეალიზაციაში რთავს წინა საანგარიშო პერიოდებში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით მითითებულია თითქოს კომპანიის მიერ იანვრის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა არ იქნა გაშიფრული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა კომპანიის უფლებამოსილ პირებთან კომუნიკაცია დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვის იდენტიფიცირებისთვის. შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად აღნიშნულ გარემოებაზე მითითება მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს. ამდენად, იმ დაშვებითაც კი, რომ მართლზომიერად იქნა არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებული და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის საანგარიშო პერიოდი შეცვლილი, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია 2023 წლის იანვრის თვის დეკლარირებული მონაცემების უგულვებელყოფა იმდაგვარად, რომ აღნიშნული არ ექვემდებარება შემცირებას. ამჟამად არსებული მდგომარეობით, ერთიდაიმავე საქონლის რეალიზაცია ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში 2-ჯერ: ერთხელ როგორც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით წინა საანგარიშო პერიოდებში განხილული დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მეორე მხრივ, იანვრის თვის დეკლარირებული მონაცემების ძალაში დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში, თავადვე მიუთითებს აღნიშნული საკითხის შესწავლაზე. 24.03.2023 წლის №5910 ბრძანებამ მოიცვა 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდი. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური არგუმენტები წარმოდგენილია პირველ სადავო საკითხზე. ამასთან ერთად, შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტშივე აფიქსირებს, რომ მის მიერ შესწავლილ იქნა 2023 წლის იანვრის თვის დეკლარაცია, თუმცა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ გაითვალისწინა აღნიშნული და კომპანიის მიმართ გამოიყენა საუარესო შედეგი და ერთიდაიგივე საქონლის რეალიზაცია დღგ-ით დაბეგვრას დაუქვემდებარა 2-ჯერ.
ამდენად, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გააჩნდა ვალდებულება დაეცვა კანონმდებლობის ნორმები, საგადასახადო ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები და გადასახადის გადამხდელის უფლებები. რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები. განსახილველი საგადასახადო შემოწმების აქტით კი დგინდება, რომ ერთის მხრივ შემმოწმებლის მიერ შესწავლილი იქნა 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია, მიჩნეულ იქნა, რომ დეკლარაციაში ასახულ ფაქტს, საქონლის რეალიზაციის შედეგად განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვას ადგილი ვერ ექნებოდა, თუმცა აღნიშნული არ დაექვემდებარა შემცირებას და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა იმდაგვარად, რომ არ დაიცვა თანაზომიერების პრინციპი და გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენა მხოლოდ გადასახადების დამატებით დარიცხვის მექანიზმი, მაშინ როდესაც არასწორად ზედმეტად დეკლარირებული გადასახადის შემცირების ვალდებულებაც განეკუთვნება გადასახადის გამოანგარიშების სისწორის კონტროლს. შესაბამისად, შემოწმების აქტი სამართლებრივად უსაფუძვლოა და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრული ვალდებულებები ექვემდებარება სრულად შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი: „შემოწმების მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი, საშუალო შეწონილი მეთოდის მიხედვით, დადგინდა - 9,17%, სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის მიხედვით, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე აღნიშნული ჯგუფების მიხედვით“ - რაც კატეგორიულად მიუღებელია. გაურკვეველია შემმოწმებლის მეთოდიკა ფასნამატის განსაზღვრისას, რამდენადაც პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის ფასნამატების ანალიზი თითოეულ საქონლის სახეობაზე, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატისგან და შეადგენს 4-5%-ს. შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატზე, შემმოწმებელი მიუთითებს, რომ გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, თუმცა აღნიშნული არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით გაანგარიშებული ფასნამატი შეადგენს 4-5%-ს, ხოლო შემოწმების შედეგად გამოყენებული ფასნამატი შეადგენს 10%-ს, რაც სრულიად შეუსაბამოა პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან და აღნიშნული დასტურდება ელექტრონულად არსებული დოკუმენტაციითაც. სავარაუდოდ შემმოწმებლის მიერ ფასნამატის გამოყენების მაგივრად გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციის პროცესში მითითებული სარეალიზაციო ფასები, რაც არამართებულია, რამდენადაც კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა, შესაბამისად შემმოწმებელს ეჭვქვეშ რომ დაეყენებინა ფასნამატის ოდენობა, მას გააჩნდა ვალდებულება ფასნამატის სწორედ განსაზღვრის მიზნით, ეხელმძღვანელა პირველ რიგში კომპანიის დოკუმენტური ფასნამატით, ან ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის (ანალოგიური პროდუქციის საბითუმო ვაჭრობით დასაქმებული პირის) ფასნამატით. ამდენად, შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ნაწილშიც დაშვებულია არსებითი გარემოების უზუსტობები.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სრულიად ბუნდოვანია შემმოწმებლის მითითება განკარგვადი თანხის განსაზღვრასთან დაკავშირებით. უპირველესად არ არის მითითებული სამართლებრივი ნორმები რა საფუძვლით იქნა მიჩნეული აღნიშნული უპირობოდ გაცემულ ხელფასად, მაშინ როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა და არსებული სასამართლო პრაქტიკა ადგენს კვალიფიკაციის შეცვლისთვის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთების აუცილებლობას, რაც მოცემულ საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული და დასაბუთებული არ არის. შემმოწმებელი მიუთითებს, რომ განკარგვადი თანხის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნა მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აღნიშნული საკითხს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, რამდენადაც თუ კომპანიას გააჩნდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი შეძენები ან ხარჯები და აღნიშნული სადავო არ გამხდარა საქონლის რეალიზაციის მიზნებისთვის, შემმოწმებელს გააჩნდა ვალდებულება, რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ დარჩენილი თანხა განეხილა ხელფასის სახით განაცემად. ასევე, სავარაუდოდ შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განიხილა დღგ-ის ჩათვლით თანხა. აღნიშნულის დადასტურების მიზნით გამოთხოვილი იქნება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოდან, თუმცა თუ შემოწმების მიერ აღნიშნული მიდგომა იქნა გამოყენებული, აღნიშნული კატეგორიულად მიუღებელია და არ უნდა დაექვემდებაროს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირებას.
რამდენადაც, განსახილველი მიდგომით, ერთის მხრივ საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს განიხილავს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვად, არიცხავს დღგ-ს, ხოლო მეორეს მხრივ, ის რაც ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ია, ასევე განხილულია დირექტორის კუთვნილ სარგებლად და ბიუჯეტის კუთვნილ დღგ-ზე (18%-ზე) დამატებით საზღვრავს საშემოსავლო გადასახადს. აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული მიდგომა არღვევს ყველა სამართლებრივ პრინციპს და უგულვებელყოფს საგადასახადო კოდექსის პრინციპებს. თუ დავუშვებთ მიდგომას, რომ საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვისას ხელმძღვანელობს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რომელიც განმარტავს, რომ დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას სარგებლის ღირებულებად განისაზღვრება ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, აღნიშნული სცდება ყოველგვარ ლოგიკას. სარგებლის ღირებულება საბაზრო ფასით (დღგ-ის ჩათვლით) განიხილება მხოლოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას, შემმოწმებელი ერთის მხრივ საქონელს განიხილავს საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზაციად, თანხას თვლის მიღებულად და საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ განკარგულად, ხოლო განკარგვად თანხას განიხილავს და საშემოსავლო გადასახადით ბეგრავს დღგ-ის ჩათვლით, ანუ გადასახადს, რაც შემმოწმებელმა თვითონვე განიხილა ბიუჯეტში გადასახდელ დღგ-ად, ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო და უსაფუძვლოა შემოწმების შედეგად ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და აღნიშნული ექვემდებარება სრულად შემცირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულებათა გამოუკვლევლად, სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით განხორციელდა კომპანიის საგადასახადო ტვირთის დამძიმება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და განსახილველი საკითხის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება სრულად გაუქმებას. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის ირგვლივ არ დგინდება ფაქტობრივი გარემოებები და საგადასახადო შემოწმების აქტი შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ მითითებებს, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს საგადასახადო დავის განხილვისას კომპანიის წარმომადგენელების უშუალო მონაწილეობა. შესაბამისად, საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს კომპანიის წამომადგენლების უშუალო მონაწილეობით, რადგან სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით დავის განმხილველი ორგანოებისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მომჩივნის დაუსწრებლად საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო პროგრამაში ასახული აქვს მხოლოდ დოკუმენტით რეალიზებული საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, ამასთან, არასწორად იყო ასახული კრედიტორული დავალიანება ერთ-ერთ მსხვილ მომწოდებელთან, რომელთანაც რეალურად გადახდილი იყო თანხა (456 676 ლარი), საბოლოო ნაშთში 31.12.2022 წელს დაფიქსირებული აქვს დიდი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 484 122 ლარის ოდენობით, თუმცა გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა არც საკუთრებაში და არც იჯარით რაიმე სახის მაცივრები ან კონტეინერები. 9.02.2023 წელს მომჩივნის ობიექტზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შესაბამისად ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 2 634 ლარი. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად.
ამასთან, განკარგვადი თანხები განსაზღვრულია საწარმოს მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის სხვაობით. დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, კომპანიის მიერ საქონლის ფასი მოიცავს დღგ-ის თანხას. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის დროს გამოყენებულია კომპანიის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატი. პროდუქციის თვითღირებულებები განსაზღვრული იქნა საქონლის ჯგუფების მიხედვით.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ავტომობილი ფიზიკური პირისგან, რაზეც საბუღალტრო მონაცემებით სალაროდან ჩამოწერილია 12 000 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ავტომობილი მომჩივნის საკუთრებაშია თუმცა, შემოწმების პროცესში, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი შემოწმების პროცესში. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ ავტომობილის შესყიდვისთვის გაწეული ხარჯი უნდა განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რადგან კომპანიის მიერ შეძენილი ავტომობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების შესაბამისად რეგისტრირებულია კომპანიაზე და გამოიყენება კომპანიის საქმიანობის განხორციელებისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო მტკიცებულებათა წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ ავტომობილის შეძენისთვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემმოწმებელი მიუთითებს, სადავო გარემოებად მიჩნეული იქნა კომპანიის მიერ ფიზიკური პირისგან ავტომანქანის შესყიდვის დოკუმენტის არ არსებობა და აღნიშნული შესყიდვისთვის საწარმოდან გასული თანხები მიჩნეული იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ავტომობილის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმება თავად ადასტურებს, რომ აღნიშნული ავტომობილი კომპანიის საკუთრებაშია და აღნიშნული დგინდება შსს-ში არსებული მონაცემებითაც, ავტომობილის შესყიდვისთვის გაწეული დანახარჯები შემოწმებას უნდა განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
აღნიშნულ პრაქტიკას ადგენს ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 და სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსგავს საკითხთან დაკავშირებით მიღებული 18.10.2016 წლის გადაწყვეტილება (საქმე №3/3694-16), რომლითაც სასამართლო ადასტურებს საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, დაბეგვრის მიზნისთვის, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების თაობაზე, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას. ამდენად, თუ შემმოწმებლის მიერ სადავო არ გამხდარა ავტომობილის ფლობის ფაქტი, აღნიშნული საქონლის შესყიდვისთვის კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული) ექვემდებარება განკარგვადი თანხების გამოანგარიშებისას გათვალისწინებას. შესაბამისად, აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის არამართლზომიერებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საკითხის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შეძენილი აქვს ავტომობილი ფიზიკური პირისგან, საბუღალტრო მონაცემებით სალაროდან გასულია 12 000 ლარი, ავტომობილი მომჩივნის საკუთრებაშია, თუმცა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი.
შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო, მტკიცებულებათა წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ავტომობილის შეძენისთვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და გამოვლენილი დანაკლისისთვის დაკისრებული სანქცია
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №2305 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია 9.02.2023 წლის მდგომარეობით, რომლის შესაბამისადაც დათვლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 2 634 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით, რომლის შესაბამისადაც გამოვლინდა დანაკლისი 2 971 ლარის საბაზრო ღირებულებით, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაექვემდებარა საბაზრო ღირებულების 10 %-ით დაჯარიმებას, ჯარიმა სულ 297 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა არ იძლეოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზუსტი ნაშთის განსაზღვრის შესაძლებლობას. შესაბამისად 31.12.2022 წლის მონაცემების საფუძველზე შემოწმების მიერ 9.02.2023 წლისთვის გაანგარიშდა სმფ-ების ნაშთები, კერძოდ საქონელი, რომელიც ინვენტარიზაციის ფაქტობრივ ნაშთად დაფიქსირდა, არ ჩაირთო არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების ცხრილში და 31.12.2022 წლის მდგომარეობით სმფ-ის ნაშთი არ განულდა. ასევე, ჩატარდა 2023 წლის იანვარსა და თებერვალში შეძენილი/რეალიზებული საქონლის ანალიზი და მხოლოდ აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შედეგად გაანგარიშდა დანაკლისი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ დანაკლისზე ჯარიმის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით შემოწმებით შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით, რომლის შესაბამისადაც გამოვლინდა დანაკლისი 2 971 ლარის საბაზრო ღირებულებით, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დაექვემდებარა საბაზრო ღირებულების 10%-ით დაჯარიმებას და შეადგინა ჯარიმის ოდენობამ სულ 297 ლარი. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც უშუალოდ დაკავშირებულია მიმდინარე საჩივრის პირველ და მე-2 სადავო საკითხებად წარმოდგენილ დავის საგნებთან, რამდენადაც ერთის მხრივ შემმოწმებელი მიუთითებს, რომ მის მიერ შემოწმდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა, მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნული მარაგები რეალიზებულია 31.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდებში, ხოლო მეორეს მხრივ განსაზღვრავს გამოვლენილი დანაკლისის საფუძვლით სანქციას. განხორციელდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანალიზი და გამოიკვეთა, რომ შემმოწმებლის მიერ მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ 1.01.2023 წლიდან შესყიდული და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამდენად აღნიშნული ადასტურებს, რომ შემოწმების შედეგად შესწავლილი იქნა 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდი. ამასთან, გაურკვეველია დანაკლისის გამოვლენის საფუძველი, მაშინ როდესაც თუ შემმოწმებელმა იხელმძღვანელა მხოლოდ 1.01.2023 წლიდან შესყიდული და რეალიზებული საქონლის მიხედვით, მაშინ დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის გათვალისწინებით, ინვენტარიზაციისას აღწერილი ფაქტობრივი ნაშთები, სრულად შესაბამისია, ბუღალტრულად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან. ამასთან, სრულიად გაურკვეველია შემმოწმებლის მიდგომა, 31.12.2022 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სრულად განაშთვასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტი ყველა სადავო საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და განსახილველი სადავო საკითხების ნაწილში ექვემდებარება სრულად გაუქმებას. ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხების ირგვლივ არ დგინდება ფაქტობრივი გარემოებები და საგადასახადო შემოწმების აქტი შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ მითითებებს, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს საგადასახადო დავის განხილვისას კომპანიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობა. შესაბამისად, საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რადგან სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით დავის განმხილველი ორგანოებისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მომჩივნის დაუსწრებლად საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №2305 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია 9.02.2023 წლის მდგომარეობით, რომლის შესაბამისადაც დათვლილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 2 634 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით, რომლის შესაბამისადაც გამოვლინდა დანაკლისი 2 971 ლარის საბაზრო ღირებულებით, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაექვემდებარა საბაზრო ღირებულების 10 %-ით დაჯარიმებას, ჯარიმა სულ 297 ლარი.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცედურის ფარგლებში ფაქტობრივად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და მომჩივნის სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებს შორის გამოვლენილია ნაკლებობა, რაც წარმოადგენს სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის შესაბამისად, სანქცია განესაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. საგადასახადო შემოწმების პროცედურული მოთხოვნების დარღვევა;
2.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა; 4.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და გამოვლენილი დანაკლისისთვის დაკისრებული სანქცია.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №5910 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება ამავე დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებაში. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.02.2023 წლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 31.03.2023 წლის აქტში, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №259-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების განხორციელებისას არ იკვეთება კანონმდებლობის დარღვევა, რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნას საგადასახადო შემოწმების შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნები დარღვეული არ არის და არ არსებობს სადავო საკითხების ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 255 (4); 262; 263; 73 (4, 5, 9); 97; 982; 43 (4); 8 (11); 145; 286 (9); 159; 164; 168; 69; 136; 101; 154.