გადაწყვეტილება №75869/1/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№75869/1/2022
2.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ---------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------- 1.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №75869/1/2022).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის №259-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.09.2022 წლის №24317 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 41 744 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 21 880
ჯარიმა - 10 940
საურავი - 8 924
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 9 ივნისიდან, მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საშუალებით ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება, გადამხდელის სახელზე 2012 წლის 7 მაისიდან რეგისტრირებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტი --------- №--ში, რეგისტრაციის ნომრით:--------.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.12.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მეწარმის მხრიდან წარდგენილია ბანკის ცნობები ანგარიშების შესახებ და საბანკო ამონაწერები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მეწარმის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სისტემატიურად არღვევს სანებართვო პირობებს და არ აღრიცხავს ფულადი თანხების კონვერტაციებს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ კვარტალურ ანგარიშგებებში.
შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება და ნებართვის მფლობელი ვალდებულია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახოს აღნიშნულ პროგრამაში. ი/მ -----------ს (ს/ნ ---------) ვალუტის გაცვლითი ოპერაციების, ასევე ფულადი სახსრების ნაშთების აღრიცხვისათვის პროგრამულ უზრუნველყოფას უწევს შპს „-----------“ (------------) EX_GSS1 პროგრამის საშუალებით. აღნიშნულ პროგრამაში ასახული მონაცემების შესაბამისად ახდენს გადამხდელი ეროვნული ბანკისათვის კვარტალურად წარსადგენი ანგარიშგებების შედგენას, ასევე აღნიშნული მონაცემებით ახდენს მეწარმე დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებას და დეკლარირებას. შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „------“ (ს/ნ ---------) მეწარმის თაობაზე, კერძოდ, EX_GSS1 პროგრამიდან სრული რეპორტები, რომელიც მოიცავს გადამხდელის მიერ პროგრამაში ასახულ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. შემოწმების პროცესში ასევე დამუშავდა საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები. შემოწმების პროცესში მოხდა ზემოაღნიშნული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან შერჩევით გარკვეული დღეების ჩანაწერების ანალიზი.
კერძოდ, აღნიშნულ დღეებში მოხდა დათვლა თუ სრული სამუშაო დღის განმავლობაში რამდენი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია განხორციელდა გადამხდელის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, ანუ რამდენმა პიროვნებამ ისარგებლა ი/მ ---------ის (ს/ნ -----------) საკუთრებაში არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტით. მიღებული შედეგები შედარდა იგივე თარიღებში მეწარმის მიერ EX_GSS1 პროგრამაში დაფიქსირებული გაცვლის ოპერაციების რაოდენობას. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი პროგრამულად ასახავდა საშუალოდ ფაქტობრივად განხორციელებული ვალუტის გაცვლითი ოპერაციების 21%-ს და არ ასახავდა 79%-ს.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. რადგან გადამხდელი პროგრამულად არ ახდენდა ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციების სრულად აღრიცხვას EX_GSS1 პროგრამაში, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი გადამხდელის მიერ EX_GSS1 პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად, გაიზარდა 2019 და 2020 წლების ერთობლივი შემოსავალი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 4.07.2022 წლის №17296 ბრძანება და №259-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.09.2022 წლის №24317 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 9 ივნისიდან, მისი საქმიანობის საგანია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საშუალებით ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება, გადამხდელის სახელზე 2012 წლის 7 მაისიდან რეგისტრირებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ქ. -------, №--ში რეგისტრაციის ნომრით: --------.
შემოწმების პროცესში წაღებული იყო კომპიუტერი, სადაც ყველა ბრუნვის შესახებ არის ინფორმაცია. შემმოწმებელი კი წერს რომ არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მისი მხრიდან წარდგენილია ბანკის ცნობები ანგარიშების შესახებ და საბანკო ამონაწერები.
პროგრამიდან სრული რეპორტები, რომელიც მოიცავს გადამხდელის მიერ პროგრამაში ასახულ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს არის სრული სიზუსტით.
არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა არის არასწორი, ვინაიდან აღრიცხვა აქვს და ჰქონდა და მომსახურებას უწევს შპს „---------“ (--------) EX_Gშშ1 პროგრამის საშუალებით. აღნიშნულ პროგრამაში ასახული მონაცემების შესაბამისად ახდენს ეროვნული ბანკისათვის კვარტალურად წარსადგენი ანგარიშგებების შედგენას.
ითხოვს გათვალისწინებული იქნას და გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოწმებისას დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მეწარმის მხრიდან წარდგენილია ბანკის ცნობები ანგარიშების შესახებ და საბანკო ამონაწერები. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სისტემატიურად არღვევს სანებართვო პირობებს და არ აღრიცხავს ფულადი თანხების კონვერტაციებს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ კვარტალურ ანგარიშგებებში.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.