სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3/ბ–553-25

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.03.2025
№ დოკუმენტი 3/ბ–553-25წ.
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/ბ–553-25წ

05 მარტი, 2025 წელი

ქ. ქუთაისი

განჩინება

საქართველოს სახელით

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები: შოთა სირაძე (მომხსენებელი)

ლერი თედორაძე, ხათუნა ხომერიკი

სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „---" (ს/ნ ---);

წარმომადგენელი - ---;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ---;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო;

წარმომადგენელი - ---;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;

აპელანტის, შპს „---ის" მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2024 წლის 22 მაისს შპს „---ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2022 წლის 29 ნოემბრის N021-113 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბრის N29798 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის N8741 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N19579/2/2023 გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნის, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის N33249 ბრძანების, 2023 წლის 27 დეკემბრის N021-126 საგადასახადო მოთხოვნის და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 2024 წლის 15 მაისის N22008/2/2024 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სარჩელი – ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა შპს „---“-ს (ს/ნ ---) 2019 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 აპრილამდე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა და 2022 წლის 22 ნოემბერს შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული საგადასახადო აქტის საფუძველზე კომპანიას დაერიცხა სულ 74155.7 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 42935 ლარი. საგადასახდო შემოწმების დროს აუდიტორებმა სრულიად უკანონოდ, მოახდინეს კომპანიის საკუთარი დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების (საკუთარი კაპიტალი) 387 523 ლარის კორექტირება, კერძოდ, შეამცირეს 182 162 ლარამდე და სხვაობა, რომელიც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას და დამფუძნებელს საწესდებო კაპიტალის შესამცირებლად ჰქონდა კომპანიიდან გატანილი, განიხილეს დივიდენდად და განახორციელეს დარიცხვა შესაბამი პერიოდებზე. 2019 წლის 01 იანვრისთვის კომპანია შპს „---“-ს ვალდებულება დამფუძნებლის ---ს მიმართ შეადგენდა 387 523 ლარს, რაც წარმოშობილი იყო უშუალოდ დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული შენატანებით, რაც მოხმარდა ამავე კომპანიის მიზნებს, აღნიშნული ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია და მტკიცებულებები წარედგინათ აუდიტორებს, კერძოდ:

--- ბანკიდან კომპანიის საჭიროებისთვის და მშენებლობის განხორციელებისათვის მიღებული საკრედიტო ამონაწერები სადაც სრულად არის მითითებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და ინფორმაცია კრედიტის გადახდაზე. მათ შორის --- ბანკის საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია კრედიტის მიზნობრიობა, მშენებლობის განხორციელების მიზნით მიწის შეძენის - დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის პროექტი, ნებართვა, მშენებლობის მწარმოებელი და პროექტის შემდგენი პირების ხელწერილები, თანხის მიღების ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, კერძოდ: პრარაბს ---ს მიღებული აქვს 27000 ლარი, ---ს მონოლითური კარკასის და ბლოკის სამუშაოების შესრულებაში მიღებული აქვს ანაზღაურება 54 000 ლარი, ---ს განხორციელებული გეოლეგიური კვლევის, მონოლითური კონსტრუქციის, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების და ნებართვის მიღებისათვის მიღებული აქვს 25000 ლარი, ---ს 2017 წელს აშენებული მონოლითური კარკასის დემონტაჟისთვის მიღებული აქვს 29000 ლარი, მშენებლობის დარაჯს ---ს მიღებული აქვს 9000 ლარი, კომპანიის ბუღალტერს ---ს მიღებული აქვს 21000 ლარი, როგორც ვხედავთ სრულიად დასტურდება აღნიშნული თანხის კომპანიის მიზნებისთვის ხარჯვა, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ არ დასტურდება თანხების მიზნობრივი სარჯვა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ამდენად სრულიად დაუსაბუთებლად შეამცირეს დამფუძნებლის წინაშე კომპანიის ვალდებულება 387 523 ლარის ოდენობით 182 162 ლარამდე ანუ 205 361 ლარით რამაც გამოიწვია დარიცხვა.

აუდიტორები საგადასახადო შემოწმების აქტში მსჯელობენ, რომ კომპანიას რეალურად აქვს შეძენილი სამშენებლო მასალები, ასევე არ უარყოფენ შენობის აშენების ფაქტს, თუმცა არ ითვალისწინებენ მუშახელის ხელფასს, პროექტზე, გეოლოგიურ კვლევაზე და სამშენებლო ნებართვებზე გაწეულ დანახარჯებს რაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, მით უმეტეს, როდესაც გააჩნიათ იმ პირების ხელწერილები, რომლებმაც მიიღეს თანხა შენობის ასაშენებლად, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის მოსამზადებლად და მოგვიანებით ამ შენობის დემონტაჟი.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოთხსენებული თანხები, რომლებიც მიღებული აქვთ სხვადასხვა პირებს, წარმოადგენს ანაზღაურებას შპს „---ვის“ გაწეული სხვადასხვა სამუშაოსთვის, თუმცა აღნიშნულ გადახდილ ანაზღაურებებზე შპს „---“ მიერ, მისთვის უცნობი მიზეზების გამო არ ხდებოდა შესაბამისი დეკლარაციების წარდგენა და შესაბამისად არც საშემოსავლო გადასახადია გადახდილი, მაგრამ ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია (2012-2018 წლები) შპს „----ს" აღნიშნულ ანაზღაურებებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ ეკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოთხსენებულ ფიზიკურ პირებს შპს „----ის“ დამფუძნებელი და დირექტორი ანაზღაურებას უხდიდა შემდეგნაერად: დირექტორს შპს „---ის“ საბანკო ანგარიშიდან გამოჰქონდა თანხები და ხელზე (ნაღდი ანგარიშსწორება) უხდიდა მითითებულ ფიზიკურ პირებს, თუმცა დირექტორის მიერ შპს „---ის“ საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისას, რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხსენებული ფიზიკური პირები შპს „---გან“ იღებდნენ ანაზღაურებას, შესაბამისად დირექტორისა და დამფუძნებლის მიერ შპს „---ის" საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანა არის არა დივიდენდის მიღება, არამედ შპს „---ის“ მიერ გაწეული მიზნობრივი ხარჯი. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ საქმეზე წარმოადგინა ფიზიკური პირების: ---ის, ---ის, ----ის, ---ს,---ს და ---ს ნოტარიულად დამოწმებული დასტურის წერილები, რომელთა თანახმადაც აღნიშნულ პირებს შპს „---გან“ (ს/კ ---) მიღებული აქვთ გარკვეული თანხები ანაზღაურების სახით, ხოლო ყველა საგადასახადო ვალდებულების გადახდა ეკისრებოდა დამკვეთს - შპს „---ს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით, შპს „---ის" სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

25.11.2024 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე შპს „---ს“ წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა:

-ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;

- ბათილად იქნეს ცნობილი 2022 წლის 29 ნოემბრის No021-113 საგადასახადო მოთხოვნა - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;

- ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბრის N29798 ბრძანება - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;

-ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის N8741 ბრძანება - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N19579/2/2023 გადაწყვეტილება - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;

- ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;

- ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;

-ბათილად იქნეს ცნობილი 2023 წლის 27 დეკემბრის N021-126 საგადასახადო მოთხოვნა მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში;

-ბათილად იქნეს ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს 2024 წლის 15 მაისის N2208/2/2024 გადაწყვეტილება - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეებმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ შპს „---“ დარეგისტრირდა 2011 წლის 27 ოქტომბერს და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი: ----, დირექტორი და 100% წილის მესაკუთრეა --- (პ/ნ ---), იურიდიული მისამართი: საქართველო,---, მარეგისტრირებელი ორგანო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „---“-ს (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმება, რომელზეც 2022 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების N1638 აქტი. შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 01.01.2019-01.04.2022წ.

აღნიშნული საგადასახადო აქტის თანახმად (საკითხი 3), შპს „---“ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2011 წელს, ხოლო 2012 წლის სექტემბრიდან წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს. გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. ---ში (ქ. ---, ს/კ. ---).

შემოწმების პროცესში შესწავლილია, როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა ,,ორისი".

აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას 01-01–2019 თარიღისათვის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის) დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება (საკუთარი კაპიტალი 5150) გააჩნია 387 523 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში აღნიშნულ ნაშთთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა, როგორც ახსნა-განმარტება ასევე ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საწყისი კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა. შემოწმებისათვის წარდგენილი განმარტებით საზოგადოებას 2012 წლის განმავლობაში შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (შეძენის ღირებულება 35 000 აშშ დოლარი, საკადასტრო კოდი ---). გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულ მიწაზე იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა (წარმოდგენილია აღნიშნული ნებართვის ასლი), ასევე შეძენილი იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალები (ჯამში 91 793 ლარის ღირებულების - აღნიშნული დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით).

ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებას არ გააჩნდა სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ხარჯების დაფარვა ხდებოდა --- ბანკიდან აღებული სესხებით. შემოწმების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები დაფუძნებიდან შემოწმების დაწყების პერიოდამდე. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებას აღებული აქვს ჯამში 783 202 ლარის ოდენობით სესხი, რომლის ძირისა და პროცენტის დაფარვა ხდებოდა საზოგადოების დღევანდელი დირექტორ/დამფუძნებლის ---ს მიერ განხორციელებული შენატანებით. შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა სესხად აღებული თანხების მიზნობრიობა. შემოწმების მიერ იმ ხარჯებზე დაყრდნობით, რომელთა გაწევა ნამდვილად დასტურდებოდა (მიწისა და სამშენებლო მასალის ღირებულება), დაანგარიშებულ იქნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი, ასევე სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოხმარდა აღნიშნულ მშენებლობას (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). აღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი (01.01.2019წ. თარიღისთვის) განისაზღვრა 182 262 ლარის ოდენობით.

ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან გააქვს თანხები საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე. შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას, ჩაითვალა შესაბამის პერიოდში გაცემულ დივიდენდებად. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საზოგადოების მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, აღნიშნული ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებას შეეძლო შესაბამის პერიოდში დივიდენდის განაწილება. შესამოწმებელ პერიოდში (2021-2022წ.) მოგების გადასახადით დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 223 073 ლარი, შესაბამისად შპს ,,---ს"-ს დაეკისრა ბიუჯეტში მოგების გადაუხდელი გადასახადის 33 457 ლარის გადახდა და ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოგების გადასახადის ნაწილში ჯარიმა 16729 ლარის ოდენობით.

2022 წლის 22 ნოემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 19 ნოემბერს გამოსცა N29798 ბრძანება, ხოლო აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შპს „---ს" წარედგინა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა N21-113, რომლის თანახმად შპს „---ს“ დაერიცხა საგადასახადო დავალიანება სულ 72155.7 ლარის ოდენობით. აქედან გადასახადი 42935 ლარის (საიდანაც დღგ 1322 ლარი, მიწა არასასოფლო - 63 ლარი, მოგების გადასახადი 33457 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 9467 ლარი, ქონების გადასახადი –1248 ლარი) ოდენობით, ჯარიმა 21594 ლარის ოდენობით, სურავი 7626.7 ლარის ოდენობით.

2022 წლის 29 ნოემბრის N021-113 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N8741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2022 წლის 29 ნოემბრის N021-113 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N8741 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განნილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 აგვისტოს N19579/2/2023 გადაწყვეტილებით.

1. შპს „---ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N8741 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4 აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მიღებული შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N19579/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნა, რომლის მისედვით: გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა-განმარტება, რომლითაც ისინი განმარტავდნენ, რომ 2012-2018 წლების განმავლობაში შპს „---ს“ უსრულებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის სამშენებლო, დემონტაჟის, საბუღალტრო, დარაჯის და სხვა მომსახურებებს, რასთან დაკავშირებითაც ხანდაზმულ პერიოდში მიიღეს ანაზღაურება, თუმცა საგადასახადო ვალდებულებების (წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში) შესრულება ევალებოდა დამქირავებელს (აღნიშნულ განმარტებებს თან ახლდა ნოტარიულად დამოწმებული ცნობები, რომელთა საფუძველზეც ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობას).

გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთანავე შესწავლილ იქნა განმარტებებში მითითებულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯის გაწევის ნამდვილობა. ამასთანავე ვინაიდან ვერ ხერხდება 2012-2018 წლების განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების შესწავლა, შესაბამისად ვერ ხერხდება წარმოდგენილი განმარტებებით განსაზღვრული დანანარჯების დაფინანსების წყაროს დაზუსტება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის N33249 ბრძანება და 2023 წლის 27 დეკემბრის N021-126 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად შპს „---ს“ დაერიცხა საგადასახადო დავალიანება სულ 81264.46 ლარის ოდენობით. აქედან გადასახადი 42935 ლარის (საიდანაც: დღგ 1322 ლარი, მიწა - არასასოფლო – 63 ლარი, მოგების გადასახადი 33457 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 9467 ლარი, ქონების გადასახადი -1248 ლარი) ოდენობით, ჯარიმა 21594 ლარის ოდენობით, საურავი 16735.46 ლარის ოდენობით.

N021-126 საგადასახადო მოთხოვნით დგინდება, რომ ძირითადი გადასახადი შეადგენს 42935 ლარს, ხოლო მასზე დარიცხული საურავი 16735.46 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად (0.05 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის) მოცემულ შემთვევაში საურავის თანხა შეადგენს ძირითადი თანხის 38.97%-ს, ხოლო აღნიშნულიდან გამომდინარე ვადაგადაცალიებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 779 შვიდას სამოცდაცხრამეტი) დღეს. შესაბამისად, მოგების გადასახადის - 33457 ლარის ფარგლებში დარიცხული საურავის ოდენობა (33457-ის 0.05%x779 დღეზე) შეადგენს 13 031.5 (ცამეტი ათას ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის N021-126 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 15 მაისის N2208/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შპს „----ს“ საბანკო ანგარიშიდან, როგორც ხანდაზმულ პერიოდში - 2012- 2018 წლებში, ასევე 2019-2021 წლების განმავლობაში შპს „---ის“ დირექტორს გაჰქონდა თანხები ისე, რომ რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა. ამასთან, ხანდაზმულ პერიოდში შპს „---ის“ მიერ არ ხდებოდა საშემოსავლო გადასახადის გადახდა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2022 წლის 29 ნოემბრის N29798 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის N8741 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს N19579/2/2023 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის N33249 ბრძანება, 2023 წლის 27 დეკემბრის N021-126 საგადასახადო მოთხოვნა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მაისის N22008/2/2024 გადაწყვეტილება (სადავო ნაწილში - მოგების გადასახადის ფარგლებში დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში) გამოცემული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და ამდენად, არ არსებობდა აღნიშნული აქტების, სადავო ნაწილში ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავო აქტების სადავო ნაწილში ბათილად ცნობის ერთადერთ საფუძვლად უთითებდა, რომ „სარჩელში დასახელებული თანხები, რომლებიც მიღებული აქვთ სხვადასხვა პირებს, წარმოადგენს ანაზღაურებას შპს ,,---ის“ გაწეული სხვადასხვა სამუშაოსთვის, თუმცა აღნიშნულ გადახდილ ანაზღაურებებზე შპს „---ის" მიერ, მისთვის უცნობი მიზეზების გამო არ ხდებოდა – შესაბამისი დეკლარაციების წარდგენა და შესაბამისად არც საშემოსავლო გადასახადია გადახდილი, მაგრამ ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია (2012-2018 წლები) შპს „---ს“ აღნიშნულ ანაზღაურებებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ ეკისრება. ხსენებულ ფიზიკურ პირებს შპს „--ის“ დამფუძნებელი და დირექტორი ანაზღაურებას უხდიდა შემდეგნაირად: დირექტორს შპს „---ის“ საბანკო ანგარიშიდან გამოჰქონდა თანხები და ხელზე (ნაღდი ანგარიშსწორება) უხდიდა მითითებულ ფიზიკურ პირებს, თუმცა დირექტორის მიერ შპს „---ის“ საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისას, რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხსენებული ფიზიკური პირები შპს „---სგან" იღებდნენ ანაზღაურებას, შესაბამისად დირექტორისა და დამფუძნებლის მიერ შპს „---ის“ საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანა არის არა დივიდენდის მიღება, არამედ შპს „---ის“ მიერ გაწეული მიზნობრივი ხარჯი". აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმეზე წარმოადგინა ფიზიკური პირების: ---ის, ---ის, ---ის, ---ის, ---ის და ---ას ნოტარიულად დამოწმებული დასტურის წერილები, რომელთა თანახმადაც აღნიშნულ პირებს შპს „---გან" (ს/კ ---) მიღებული აქვთ გარკვეული თანხები ანაზღაურების სახით, ხოლო ყველა საგადასახადო ვალდებულების გადახდა ეკისრებოდა დამკვეთს - შპს „---ს“.

ზემოხსენებულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012-2018 წლებში გადახდილ ანაზღაურებებზე შპს „---ის“ მიერ არ ხდებოდა შესაბამისი დეკლარაციების წარდგენა და შესაბამისად არც ამ პერიოდის საშემოსავლო გადასახადია გადახდილი, ამასთან, დირექტორის მიერ შპს „---ის“ საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისას (მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში), რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ფიზიკური პირების: ---ის, ---ის, ---ის, ---ის, ---ის და ---ს ნოტარიულად დამოწმებული დასტურის წერილები, რომლებიც არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებულ იმპერატიულ ვალდებულებას - სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა; სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამისად სასამართლომ, მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილ ფიზიკურ პირთა ნოტარიულად დამოწმებული წერილები არ გაიზიარა. ამასთან სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია (2012– 2018 წლები) შპს „----ს" აღნიშნულ ფიზიკურ პირთათვის გადახდილ ანაზღაურებებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებულმა ფიზიკურმა პირებმა შპს „----“-სგან ანაზღაურება მიიღეს (თუ ასეთი რეალურად მოხდა) საგადასახადო შემოწმებით შემოწმებულ პერიოდამდე – 2019 წლის 01 იანვრამდე, ხოლო მოსარჩელეს შპს „---ს" მოგების გადასახადი დაეკისრა 2021-2022 წლებში გაცემული დივიდენდების ფარგლებში.

შესაბამისად, სასამართლომ რომც გაიზიაროს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია მოსარჩელის მიერ ფიზიკური პირებისათვის გაცემული ანაზღაურების ნაწილში, აღნიშნული მაინც ვერ გამორიცხავს მოსარჩელისათვის, 2021-2022 წლებში გაცემული დივიდენდების ფარგლებში მოგების გადასახადის დაკისრების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შებამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმისათვის მნიშვნელოვანი აქტები მიღებული იყო გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, ამდენად სასამართლომ შპს ,,---ის” სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „---ის“ დირექტორმა ---ამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა შპს „---“-ს (ს/ნ ---) 01.01.2019 წლიდან 01.04.2022 წლამდე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა და 2022 წლის 22 ნოემბერს შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული საგადასახადო აქტის საფუძველზე კომპანიას დაერიცხა სულ 72155.7 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 42935 ლარი. საგადასახდო შემოწმების დროს აუდიტორებმა სრულიად უკანონოდ, მოახდინეს კომპანიის საკუთარი დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების (საკუთარი კაპიტალი) 387 523 ლარის კორექტირება, კერძოდ შეამცირეს 182 162 ლარამდე და სხვაობა, რომელიც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას და დამფუძნებელს საწესდებო კაპიტალის შესამცირებლად ჰქონდა კომპანიიდან გატანილი, განიხილეს დივიდენტად და განახორციელეს დარიცხვა შესაბამის პერიოდებზე. 2019 წლის 01 იანვრისთვის კომპანია „---”-ს ვალდებულება დამფუძნებლის ---ს მიმართ შეადგენდა 387 523 ლარს, რაც წარმოშობილი იყო უშუალოდ დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული შენატანებით, რაც მოხმარდა ამავე კომპანიის მიზნებს, აღნიშნული ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია და მტკიცებულებები წარედგინათ აუდიტორებს, კერძოდ:

ბანკიდან კომპანიის საჭიროებისათვის და მშენებლობის განხორციელებისათვის მიღებული საკრედიტო ამონაწერები სადაც სრულად არის მითითებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და ინფორმაცია კრედიტის გადახდაზე, მათ შორის --- ბანკის საკრედიტო კომიტეტის სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია კრედიტის მიზნობრიობა, მშენებლობის განხორციელების მიზნით დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის პროექტი, ნებართვა, მიწის შეძენის მშენებლობის მწარმოებელი და პროექტის შემდგენი პირების ხელწერილები, თანხის მიღების ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, კერძოდ პრარაბს ---ს მიღებული აქვს 27000 ლარი, ---ს მონოლითური კარკასის და ბლოკის სამუშაოების შესრულებაში მიღებული აქვს ანაზღაურება 54 000 ლარი, ----ას განხორციელებული გეოლეგიური კვლევის, მონოლითური კონსტრუქციის, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების და ნებართის მიღებისათვის მიღებული აქვს 25000 ლარი, ----ს 2017 წელს აშენებული მონოლითური კარკასის დემონტაჟისთვის მიღებული აქვს 29000 ლარი. მშენებლობის დარაჯს ---ს მიღებული აქვს 9000 ლარი, კომპანიის ბუღალტერს ---ს მიღებული აქვს 21000 ლარი, ამდენად, სრულიად დასტურდება აღნიშნული თანხის კომპანიის მიზნებისთვის ხარჯვა, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ არ დასტურდება თანხების მიზნობრივი ხარჯვა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამდენად სრულიად დაუსაბუთებლად შემცირდა დამფუძნებლის წინაშე კომპანიის ვალდებულება 387 523 ლარის ოდენობით 182 162 ლარამდე ანუ 205 361 ლარით, რამაც გამოიწვია დარიცხვა.

აპელანტის განმარტებით, აუდიტორები საგადასახადო შემოწმების აქტში მსჯელობენ რომ კომპანიას რეალურად აქვს შეძენილი სამშენებლო მასალები, ასევე არ უარყოფენ შენობის აშენების ფაქტს, თუმცა არ ითვალისწინებენ მუშა-ხელის ხელფასს, პროექტზე, გეოლოგიურ კვლევაზე და სამშენებლო ნებართვებზე გაწეულ დანახარჯებს რაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, მით უმეტეს, როდესაც გააჩნიათ იმ პირების ხელწერილები, რომლებმაც მიიღეს თანხა შენობის ასაშენებლად.

სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ზემოთ ჩამოთვლილ პირებზე თანხის გადახდის დასტურის ხელწერილები, რაც ასაბუთებს იმ გარემოებებს, რომ შპს „---ს" არ ჰქონდა აღნიშნულ პირებზე წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები ხელფასის გაცემის თაობაზე და შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი გადახდილი.

მოსამართლემ სრულიად დაუსაბუთებლად განმარტა, რომ „ხსენებულმა ფიზიკურმა პირებმა შპს „--"-სგან ანაზღაურება მიიღეს (თუ ასეთი რეალურად მოხდა) საგადასახადო შემოწმებით შემოწმებულ პერიოდამდე - 2019 წლის 01 იანვრამდე, ხოლო მოსარჩელეს - შპს „---ს" მოგების გადასახადი დაეკისრა 2021–2022 წლებში გაცემული დივიდენდების ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ რომც გაიზიაროს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია მოსარჩელის მიერ ფიზიკური პირებისათვის გაცემული ანაზღაურების ნაწილში, აღნიშნული მაინც ვერ გამორიცხავს მოსარჩელისათვის, 2021-2022 წლებში გაცემული დივიდენდების ფარგლებში მოგების გადასახადის დაკისრების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. აღნიშნული მსჯელობა საერთოდ მოკლებულია კანონიერ საფუძველს, რამდენადაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საგადასახადომ არასწორად გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, შესაბამისად ხარჯებიდან ამოიღო კომპანიის დამფუძნებლის მიერ კომპანიის სამეწარმეო საქმიანობისათვის კომპანიაში საწესდებო კაპიტალში შეტანილი ფული, რომელიც კომპანიიდან გამოტანის დროს განიხილა დივიდენდად, მაშინ როდესაც ეს თანხა იყო დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნება, რომელი ოპერაციაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით არ იბეგრება, ამასთანავე უკანონოა მოსამართლის მიერ, 2021-2022 წლებში დივიდენდის ფარგლებში მოგების გადასახადის დაკისრების თაობაზე მსჯელობა, რამდენადაც ამ პერიოდში კომპანიას არავითარი შემოსავლები არ ჰქონდა, შესაბამისად მოგებაც არ ექნებოდა. აღნიშნულის არანაირი მტკიცებულება სასამართლოში მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი არ არის და ვერ იქნებოდა, რამდენადაც კომპანიას მაგ პერიოდისთვის საერთოდ შემოსავალი არ ჰქონდა, ასევე დაუსაბუთებელია ის გარემოებები, სადაც სასამართლო მსჯელობს, რომ დადასტურებული ხელწერილები არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია კანონიერ საფუძველს, რამდენადაც აღნიშნულ მუხლში დოკუმენტის ფორმაზე საერთოდ არ არის მსჯელობა, კანონი განმარტავს, რომ დოკუმენტურად ხარჯი უნდა დასტურდებოდეს, ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილებით ნათლად და ცალსახად დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულმა პირებმა, რა მიზნით მიიღეს თანხა, ვისგან და რა სახის სამუშაო შეასრულეს, ამასთანავე სრულიად უსაფუძვლოდ უკავშირებს სასამართლო აღნიშნულ პირებზე თანხის გადახდას და კომპანიის ვალდებულებას აღნიშნული თანხის დეკლარირების საკითხს.

 

ასევე აპელანტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლო მსჯელობას დივიდენდზე, რამდენადაც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია, რომ დივიდენდი არის კომპანიის მიერ მიღებული მოგება და მოცემულ შემთხვევაში, რა მოგებაზეა საუბარი, როდესაც მიმდინარეობდა მშენებლობა და შემოსავლის მიღებაც კი არ იყო დაწყებული, ასევე არ გაითვალისწინა სამართლომ ის გარემოება, რომ თვით საგადასახადო შემოწმების აქტშიც კი წერია, რომ კომპანიას სხვა შემოსავლები არ ჰქონია, გარდა დამფუძნებელის მიერ შეტანილი თანხისა.

ამდენად, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შპს „---ის“ სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, 832; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას" (Gorou v. Greece (N.3)&& 38-42).

პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანი უკავშირდება მოსარჩელისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების სისწორის შემოწმებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43.4 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელს ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 61.1 მუხლის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

61.3 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

268.1 მუხლის თანახმად კი, გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2022 წლის N14749 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა შპს „---ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე, 22.11.2022 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.01.2019 წლიდან 01.04.2022 წლამდე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 22.11.2022 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, 29.11.2022 გამოიცა N29798 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შემცირების შესახებ და ამავე თარიღის N021–113 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ - 72 155 ლარი, მათ შორის გადასახადი 42 935 ლარი, ჯარიმა – 21 594 ლარი და საურავი - 7 626 ლარი.

შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა როგორც შემოსავლების, სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ორისი", რომლის ბუღალტრული ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას 01.01.2019 თარიღისათის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის) დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება (საკუთარი კაპიტალი - 5150) გააჩნია 387 523 ლარის ოდენობით.

შემოწმების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებით მოთხოვნილ იქნა, როგორც ახსნა-განმარტება, ასევე ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა საწყისი კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა.

შემოწმებისათვის წარმოდგენილი განმარტებით საზოგადოებას 2012 წლის განმავლობაში შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (შეძენის ღირებულება - 35 000 აშშ დოლარი, საკადასტრო კოდი ---). გადამხდელის განმარტებით აღნიშნულ მიწაზე იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა (წარმადგენილია აღნიშნული ნებართვის ასლი), ასევე შეძენილი იყო სხვადასხვა სამშენებლო მასალები (ჯამში 91 793 ლარის ღირებულების - აღნიშნული დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით). ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებას არ გააჩნდა სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, ხარჯების დაფარვა ხდებოდა ---- ბანკიდან აღებული სესხებით.

შემოწმების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები დაფუძნებიდან, შემოწმების დაწყების პერიოდამდე, აღნიშნულის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებას ხანდაზმულ პერიოდში აღებული აქვს ჯამში 783 202 ლარის ოდენობის სესხი, რომლის ძირისა და პროცენტის დაფარვა ხდებოდა საზოგადოების დღევანდელი დირექტორ/დამფუძნებლის ---ს მიერ განხორციელებული შემონატანებით (წარმოდგენილია იმდროინდელი დამფუძნებლის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც ----ს აძლევდა კომპანიის მართვის სრულ უფლებამოსილებას), შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა სესხად აღებული თანხების მიზნობრიობა.

შემოწმების მიერ იმ ხარჯებზე დაყრდნობით, რომელთა გაწევა ნამდვილად დასტურდებოდა (მიწისა და სამშენებლო მასალების ღირებულება) დაანგარიშებულ იქნა იმ თანხების ოდენობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი, ასევე სესხზე გადახდილი პროცენტებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოხმარდა აღნიშნულ მშენებლობას (შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით). აღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი (01.01.2019 თარიღისათვის) განისაზღვრა 182 262 ლარის ოდენობით.

ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საზოგადოების ანგარიშიდან გააქვს თანხები, საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში გაცემულ დივიდენდებად.

 

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საზოგადოების მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას შეეძლო შესაბამის პერიოდებში დივიდენდის განაწილება.

22.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 29.11.2022 წელს გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ N29798 ბრძანება და N021-113 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „---ს“ სულ გადასახდელად დაერიცხა 72 155.7 ლარი (მათ შორის, ძირითადი გადასახადის სახით - 42935 ლარი (საიდანაც. დღგ 1322 ლარი, მიწა არასასოფლო -63 ლარი, მოგების გადასახადი 33457 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 9467 ლარი, ქონების გადასახადი -1248 ლარი); ჯარიმა - 21594 ლარი; საურავი – 7626.7 ლარი).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბერის N031-113 საგადასახადო მოთხოვნა შპს „---“-მ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2019 წლის 01 იანვრისთვის კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე შეადგენდა 387523 ლარს, რაც წარმოშობილი იყო დამფუძნებლის შენატანებით. შპს-მ შემოწმებას წარუდგინა მშენებლობის განხორციელებისთვის --- ბანკისგან მიღებული კრედიტის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის, მშენებლობის განხორციელებისთვის მიზნობრიობის საჭირო პროექტი და ნებართვები, ასევე, მიწისა და სამშენებლო მასალების შეძენის დოკუმენტაცია, მაგრამ შემოწმებამ სრულყოფილად არ გაითვალისწინა კომპანიის გაწეული ხარჯები და ასევე, მოახდინა კომპანიის ხანდაზმული პერიოდის 2012-2017 წლების საგადასახადო დოკუმენტაციის (საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადის დეკლარაციები) შემოწმება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის N8741 ბრძანებით, შპს „---ს" საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შპს „---"-მ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ნოემბერის N031-113 საგადასახადო მოთხოვნა და 2023 წლის 21 აპრილის 8741 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით (19579/2/2023) შპს „---ს“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის N8741 ბრძანება და მომჩივანს (შპს „---") მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ამავე გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მიღებული შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; დანარჩენ ნაწილში შპს „---ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 16.08.2023 წლის N19579/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 16.08.2023 წლის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილ იქნა რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა-განმარტება, რომლითაც ისინი განმარტავდნენ, რომ 2012-2018 წლების განმავლობაში შპს „---ს“ უსრულებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის სამშენებლო, დემონტაჟის, საბუღალტრო, დარაჯის და სხვა მომსახურებებს, რასთან დაკავშირებითაც ხანდაზმულ პერიოდში მიიღეს ანაზღაურება, თუმცა საგადასახადო ვალდებულებების (წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში) შესრულება ევალებოდა დამქირავებელს (აღნიშნულ განმარტებებს თან ახლდა 16 ნოტარიულად დამოწმებული ცნობები, რომელთა საფუძველზეც ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობას).

გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ინფორმაცია დოკუმენტაცია, ამასთანავე შესწავლილ იქნა განმარტებებში მითითებულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯის გაწევის ნამდვილობა. ამასთანავე, ვინაიდან ვერ ხერხდება 2012-2018 წლების განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების შესწავლა, შესაბამისად ვერ ხერხდება წარმოდგენილი განმარტებებით განსაზღვრული დანახარჯების დაფინანსების წყაროს დაზუსტება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე 2023 წლის 27 დეკემბერს გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N33249 ბრძანება და N021-126 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად შპს „---ს" დაერიცხა საგადასახადო დავალიანება სულ 81264.46 ლარის ოდენობით, აქედან გადასახადი 42935 ლარის ოდენობით, (დღგ 1322 ლარი, მიწა - არასასოფლო - 63 ლარი, მოგების გადასასადი 33457 საშემოსავლო გადასახადი 9467 ლარი, ქონების გადასახადი -1248 ლარი) ოდენობით, ჯარიმა 21594 ლარის ოდენობით, საურავი 16735.46 ლარის ოდენობით.

 

შპს „---"-მ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის N021–126 კორექტრირებული საგადასახადაო მოთხოვნა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 15.05.2024 წლის N22008/2/2024 გადაწყვეტილებით, შპს „---ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აპელანტის (მოსარჩელის) განმარტებით, საგადასახადომ არასწორედ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და ხარჯებიდან ამოიღო კომპანიის დამფუძნებლის მიერ კომპანიის სამეწარმეო საქმიანობისათვის საწესდებო კაპიტალში შეტანილი ფული, რომელიც კომპანიიდან გამოტანის დროს განიხილა როგორც დივიდენდად, მაშინ როდესაც ეს თანხა იყო დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნება, რომელი ოპერაციაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით არ იბეგრება. ასევე უკანონოდ მიაჩნია 2021-2022 წლებში დივიდენდის ფარგლებში მოგების გადასახადის დაკისრება, რამდენადაც ამ პერიოდში კომპანიას არავითარი შემოსავლები არ ჰქონდა და შესაბამისად მოგებაც არ ექნებოდა. სასამართლოს დასკვნას, რომ ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თვლის, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა მოკლებულია კანონიერ საფუძველს, რამდენადაც აღნიშნულ მუხლში დოკუმენტის ფორმაზე საერთოდ არ არის მსჯელობა, კანონი განმარტავს, რომ დოკუმენტურად ხარჯი უნდა დასტურდებოდეს ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილებით. ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილებით ნათლად და ცალსახად დასტურდება, რომ შპს „---ში" დასაქმებულმა პირებმა რა მიზნით მიიღეს თანხა, ვისგან და რა სახის სამუშაო შეასრულეს. ამდენად უსაფუძვლოა აღნიშნულ პირებზე თანხის გადახდა და კომპანიის ვალდებულების აღნიშნული თანხის დეკლარირების საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტი სასამართლოს მსჯელობას დივიდინდზე, რამდენადაც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია, რომ დივიდენდი არის კომპანიის მიერ მიღებული მოგება, და მოცემულ შემთხვევაში, რა მოგებაზეა საუბარი, როდესაც მიმდინარეობდა მშენებლობა და შემოსავლის მიღებაც კი არ იყო დაწყებული.

პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე, რომელიც შეეხება ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, აღნიშნული მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

73.4 მუხლით, თე რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე კოდექსის 8.12 მუხლის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად. 97.1 მუხლის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება, ხოლო 981.1 მუხლით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ 2012-2018 წლებში გადახდილ ანაზღაურებებზე შპს „---ს" მიერ არ ხდებოდა შესაბამისი დეკლარაციების წარდგენა და შესაბამისად არც ამ პერიოდის საშემოსავლო გადასახადია გადახდილი, ამასთან, დირექტორის მიერ შპს „---ის“ საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისას (მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში), რაიმე დოკუმენტი თანხის გატანის დანიშნულებისა და მიზნობრიობის თაობაზე არ იწერებოდა.

შპს „---ს“ მიერ წარმოდგენილ იქნა ფიზიკური პირების ნოტარიალურად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რომლითაც ირკვევა, რომ 2012-2018წ.წ. განმავლობაში კომპანიაში ასრულებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის სამშენებლო, დემონტაჟის, საბუღალტრო, დარაჯის და სხვა მომსახურებებს, რასთან დაკავშირებითაც, ხანდაზმულ პერიოდში მიიღეს ანაზღაურება, თუმცა საგადასახადო ვალდებულებების (გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება) შესრულება ევალებოდა გადასახადის გადამხდელს.

გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთანავე, შესწავლილი იქნა განმარტებებში მითითებულ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გადამხდელის დეკლარაციები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა აღნიშნული ხარჯის გაწევის ნამდვილობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.1 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე , ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. 136.3 მუხლით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამდენად, პალატა არ იზიარებს აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ დივიდენდის მიღებად არ უნდა ჩათვლილიყო ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურების მიღებისთვის დირექტორისა და დამფუძნებლის მიერ შპს „---ის“ საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანა და შპს „---ის“ მიერ გაწეულია მიზნობრივი ხარჯი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ეფუძნება საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევას, რითაც დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე ადმინისტრაციული წარმოებისას ადგილი არ ჰქონია ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი (მოსარჩელის/აპელანტის სასარგებლო) გადაწყვეტილება.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად, საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს, როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

სასამართლო ხარჯები:

აპელანტს შპს „---ის” მის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3250.60 ლარი არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივარზე უარყოფის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „---ს" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლეები

 

შოთა სირაძე

ხათუნა ხომერიკი

ლერი თედორაძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საზოგადოების საბანკო ანგარიშიდან გააქვს თანხები საკუთარი კაპიტალის შემცირების ხარჯზე. შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნული ოპერაციები და ის თანხები, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა საკუთარი კაპიტალის ოდენობას, ჩაითვალა შესაბამის პერიოდში გაცემულ დივიდენდებად. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საზოგადოების მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, აღნიშნული ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საზოგადოებას შეეძლო შესაბამის პერიოდში დივიდენდის განაწილება. შესაბამისად აპელანტს დაეკისრა ბიუჯეტში მოგების გადაუხდელი გადასახადის 33 457 ლარის გადახდა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და ამდენად, არ არსებობდა აღნიშნული აქტების, სადავო ნაწილში ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.

 

გადაწყვეტილება

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად, საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73 (4,9); 8 (12); 981(1) მუხლებით.