ბრძანება N 17715

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.08.2025
№ დოკუმენტი 17715
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17715

06 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „-------ის“ (ს/ნ ------)

(მის.: -------)

2025 წლის 23 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 23 ივლისის №97032/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის №149-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატზე შეცდომით იყო ამობეჭდილი ჩეკები, რაც არ იყო დაკორექტირებული და აგრეთვე, ხდებოდა შეცდომით გატარებული თანხის საკონტროლოსალარო აპარატზე ამობეჭდვა, რაც იწვევდა თანხების გაორებას. მიუთითებს, რომ არაკვალიფიციური სტატუსის გამო სრულად არ არის ჩასათვლელი თანხები შემოწმების მიერ გათვალისწინებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5235 და 2025 წლის 12 ივნისის №12284 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების, ასევე ჩასათვლელი დღგის თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 16 ივნისის №12491 ბრძანება და ამავე თარიღის №149-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 64 848 ლარი, მათ შორის გადასახადი

36 909 ლარი, ჯარიმა 18 827 ლარი და საურავი 9 112 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საქონლის საცალო რეალიზაცია ქ. -------- შემოსავლის მიღებას ძირითადად ახორციელებდა საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა წერილობითი განცხადება, მეწარმის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინების თაობაზე. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შემოწმებით განსაზღვრულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხების სხვაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატზე შეცდომით იყო ამობეჭდილი ჩეკები, რაც არ იყო დაკორექტირებული და აგრეთვე ხდებოდა შეცდომით გატარებული თანხის საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდვა, რაც იწვევდა თანხების გაორებას. მიუთითებს, რომ არაკვალიფიციური სტატუსის გამო სრულად არ არის ჩასათვლელი თანხები შემოწმების მიერ გათვალისწინებული.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა შეცდომით ამობეჭდილ ჩეკებთან, ასევე სალაროსა და საბანკო ტერმინალში გაორებულ თანხებთან დაკავშირებით. ამასთან, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო საკონტროლო სალარო-აპარატსა და საბანკო ტერმინალებში შესაძლო გაორებული თანხების შედარება და გამიჯვნა. რაც შეეხება დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს, შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა წერილობითი განცხადება, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინების თაობაზე. თავდაპირველად, მეწარმე იყო დღგ-ის არაკვალიფიციური სტატუსის მქონე გადამხდელი, თუმცა საგადასახადო შემოწმების პერიოდში მას მიენიჭა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი, რის საფუძველზეც შეძლო მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება და შესაბამისად, შემოწმების მიერ, აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა და გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები 7 311 ლარის ოდენობით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარრემოება

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საქონლის საცალო რეალიზაცია. შემოსავლის მიღებას ძირითადად ახორციელებდა საბანკო ტერმინალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა წერილობითი განცხადება, მეწარმის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინების თაობაზე. , დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შემოწმებით განსაზღვრულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხების სხვაობაზე, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1);159(1);163(2);164(1);174(1);157(1);275