ბრძანება N 20844
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20844
23 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის: --) 2025 წლის 28 ივლისის და 7 აგვისტოს საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 და 11 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №72 და №75) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №118460/21 და №124761/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივლისის №042-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ ფასნამატის აღნიშნული მეთოდით გამოყვანა არასწორია, რადგან არ არის გათვალისწინებული პროპორცია მთლიან შეძენაში ესა თუ ის საქონელი რა პროცენტს შეადგენს. 47% ფასნამატი არარეალურად დიდია. აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა უმეტესად საკვები პროდუქტებით, რაც მალფუჭებად პროდუქტთა კატეგორიას განეკუთვნება და ხშირად ვადის გასვლის გამო რეალიზაციიდან ამოღებას ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №8130 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 17 აგვისტოდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის 25 სექტემბერი 2025 N 20844 დეპარტამენტმა 2025 წლის 10 ივლისს გამოსცა №15664 ბრძანება და №042-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 332 311 ლარი, მათ შორის, გადასახადი 212 709 ლარი, ჯარიმა 105 663 ლარი და საურავი 13 939 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „---“ (ს/ნ ---) დაფუძნებულია 2023 წლის 17 აგვისტოს. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელი და მიეკუთვნება მცირე გადამხლდელთა კატეგორიას. საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა უპირატესად საკვები პროდუქტებით. სარეალიზაციო საქონელი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე, სულ 698 297 ლარის ოდენობით დღგ-ის გარეშე. კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვები შეადგენს 437 119 ლარს (ამ დროს ამობეჭდილი ჩეკებისა და ტერმინალის ჯამი 322 143 ლარია დღგ-ის გარეშე), მიღებული ჩათვლა - 123 404 ლარი. შეძენილი აქვს, როგორც დასაბეგრი ისე დაუბეგრავი კატერგორიის საქონელი. დასაბეგრი კატეგორიის საქონლის შეძენის თვითღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) არის 822 468 ლარი, ხოლო დაუბეგრავი საქონლის თანხა არის 1 522 ლარი. დღგ-ის დეკლარაციაში ბოლო არანულოვანი ბრუნვა ფიქსირდება 2024 წლის დეკემბერში. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით არის 0.08724%.
დოკუმენტურ რეალიზაციაში დაფიქსირებული ფასნამატი არის 14%. ტერმინალითა და ჩეკებით დაფიქსირებული თანხების ჯამი შეადგენს დეკლარირებული ბრუნვების 74%-ს. შემოწმების პროცესში კომპანიის უფლებამოსილ პირთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციითა და ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემებით. ასევე გათვალისწინებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 2 მაისის №8406 ბრძანებით 8 მაისს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგები, რომლითაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი.
2025 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართ N2-ში სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი 2024 წლის ბოლოსთვის წარმოდგენილია 0 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2025 წლის პირველი აპრილისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით და შესამოწმებელი პერიოდის - ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამოყოფილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილი და სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალოდ რეალიზებულად, რაზედაც მიყენებულ იქნა მსგავსი კომპანიის აუდირებული ფასნამატები. თავის მხრივ, საცალო რეალიზაციიდან შეძენის წილის მიხედვით გამოიყო 18 ჯგუფი: ზეთი და ცხიმი - 1.43%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 66%), კონსერვი -3.37%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 40%), მაკარონ-ბურღულეული -1.81%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 66%), მზა საკვები -0.13%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასანამატი 26%), მწნილი - 0.04%- იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 30%), ნახევარფაბრიკატები -0.23%-იანი წილი შეძენაძი (მიყენებული ფასნამატი 66%), რძის- პროდუქტები -0.39%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 41%), საკვებ-დანამატი -16.68%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 104%), სასმელი ალკოჰოლის გაერშე -0.42%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 46%), საყოფაცხოვრებო ნივთები -51.51%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 28%), სნექები -1.35%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 50%), სოუსები -0.16%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 37%), ტკბილეული -1.92%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 54%), ფქვილი -1.69%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 37%), შაქარი -3.93%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 33%), ჩაი/ყავა -0.35%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 40%), ჰიგიენური საშუალება - 14.37%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 52%), ჰიგიენური საშუალება დაუბეგრავი -0.22%-იანი წილი შეძენაში (მიყენებული ფასნამატი 52%).
დაანგარიშებულმა საცალო რეალიზაციამ ჯამში შეადგინა 1 024 546.86 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის მთლიანი რეალიზაციის თანაფარდობა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასთან (საშუალო შეწონილი ფასნამატი) შეადგენს 47%-ს.
ზემოაღნიშნულის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმებით ჩატარდა, შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები და ყველა ხელთარსებული დანახარჯი. სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის საწყისსა და ბოლოსთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა 0 ლარად. 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ნაწილი III-ის მიხედვითაც, ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის წარმოდგენილია 0 ლარი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7775 ბრძანებით 8 ივნისს გადასახადის გადამხდელის სალაროში ჩატარდა ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. გადამხდელის უფლებამოსილმა წარმოამდგენელმა დააფიქსირა, რომ არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული თანხა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვები შეადგენს 437 119 ლარს (ამ დროს ამობეჭდილი ჩეკებისა და ტერმინალის ჯამი 322 143 ლარია დღგ-ის გარეშე), მიღებული ჩათვლა - 123 404 ლარი. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით არის 0.08724%. დოკუმენტურ რეალიზაციაში დაფიქსირებული ფასნამატი არის 14%. ტერმინალითა და ჩეკებით დაფიქსირებული თანხების ჯამი შეადგენს დეკლარირებული ბრუნვების 74%-ს. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 2 მაისის №8406 ბრძანებით 8 მაისს ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ღონისძიება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი. 2025 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართ N2-ში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 2024 წლის ბოლოსთვის წარმოდგენილია 0 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2025 წლის პირველი აპრილისთვის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით და შესამოწმებელი პერიოდის ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა სრულად რეალიზებულად.
რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამოყოფილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილი და სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალოდ რეალიზებულად, რაზედაც მიყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატები. შემოწმებით ჩატარდა ასევე, შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ნაწილი III-ის მიხედვითაც, ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის წარმოდგენილია 0 ლარი.
ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7775 ბრძანებით შპს ,,---"-ის სალაროში ჩატარდა ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. გადამხდელის უფლებამოსილმა წარმოამდგენელმა დააფიქსირა, რომ არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით, შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი დამატებითი შემოსავლი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, სადაც აღნიშნავს, რომ 47% ფასნამატი არარეალურად დიდია.
კომპანიის საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა უმეტესად საკვები პროდუქტებით, რაც მალფუჭებად პროდუქტთა კატეგორიას განეკუთვნება და ხშირად ვადის გასვლის გამო რეალიზაციიდან ამოღებას ექვემდებარება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელი პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელი პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციითა და ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემებით. ასევე გათვალისწინებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგები, რომლითაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამოყოფილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილი და სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალოდ რეალიზებულად, რაზედაც მიყენებულ იქნა მსგავსი კომპანიის აუდირებული ფასნამატები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
შემოწმებით ჩატარდა, შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები და ყველა ხელთარსებული დანახარჯი. გადამხდელის უფლებამოსილმა წარმოამდგენელმა დააფიქსირა, რომ არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი.
შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად. შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელი პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მესამე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 145 (6); 269 (7).