ბრძანება N 4888
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4888
14.03.2023
ი/მ ---------- (ს/ნ----------)
(მის: ----------)
(იურიდიული მის: ----------)
2023 წლის 25 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის (ოქმი №15) და 2 მარტის (ოქმი №21) სხდომებზე განიხილა ი/მ ----------ს (ს/ნ ----------) №12426/01 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის კუთვნილ ქონებაზე (ს/კ 01.14.12.003.020.01.01.031) რეგისტრირებულ 2022 წლის 14 ნოემბრის №011-5272 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 2023 წლის 16 იანვრის №2022/011-5272/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 16 იანვარს ჩაბარდა სადავო ადმინისტრაციული აქტები, რომელთა თანახმად ყადაღა დაედო მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას----------, ----------საცხოვრებელ ბინას №31 (ს/კ -----------).
აღნიშნული უძრავი ქონება მის მიერ 60 000 აშშ დოლარად შეძენილ იქნა ---------- (პ/ნ ----------) და როგორც იუსტიციის სახლში და შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, დავალიანებაზე საგადასახადო მოთხოვნა არსებობს ---------- მიმართ. მისთვის ცნობილი გახდა ასევე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს შპს ----------წინააღმდეგ, რომლის დირექტორი და 100% წილის მესაკუთრე პარტნიორია ---------- მეუღლე - ----------. თავად კი გახლავთ აღნიშნული საცხოვრებელი ბინის კეთილსინდისიერი შემძენი და კავშირი არა აქვს ---------- და არც შპს ---------- და არც მათ საგადასახადო დავალიანებებთან.
საჩივარში მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებზე და ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (ს/კ ----------) რეგისტრირებული სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს ---------- (ს/ნ ----------) 2018 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე, 249-ე მუხლებისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ---------- (ს/ნ ----------) თავდების ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ----------) შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 2 თებერვლის №011-360 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ხოლო 2018 წლის აგვისტოს თვეში ფ/პ---------- (პ/ნ ----------) მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვისდა ი/მ ---------- (ს/ნ ----------).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 14 ნოემბრის №011-5272 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა ი/მ ---------- (ს/ნ----------) საკუთრებაში არსებული ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) მიერ ნაკისრი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2018 წლის 2 თებერვლის №011-360 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთული ქონება.
2022 წლის 14 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე კი, 2023 წლის 16 იანვარს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი №2022/011-5272/1
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 2 მარტის მდგომარეობით შპს---------- (ს/ნ ----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე–6 ნაწილის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონების (ს/კ ----------) მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივარში მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებზე და ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე რეგისტრირებული სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ შპს-ს 2018 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. 2018 წლის აგვისტოს თვეში ფ/პ მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვისდა მომჩივანზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:238(1),2);241;242;239(9);