გადაწყვეტილება №25365/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2025
№ დოკუმენტი 25365/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25365/2/2025

18 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 23.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25365/2/2025).

 

დავის საგანი:

1. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 6.02.2025 წლის №011-697 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 7.02.2025 წლის №067-261 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ;

3. შემოსავლების სამსახურის 7.04.2025 წლის №6647 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ქონების გადასახადი - 7 200.72 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 6.02.2025 წლის №011-697 საგადასახადო მოთხოვნით, 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე, დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი - 7 200.72 ლარის ოდენობით. აღნიშნული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 7.02.2025 წლის №067-261 შეტყობინებით, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

ხსენებული საგადასახადო მოთხოვნა და შეტყობინება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2025 წლის №6647 ბრძანებით, საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 7.02.2025 წლის №067-261 შეტყობინების ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს, ------- მდებარე 8 ჰა ( ს/კ -------, დანიშნულება - საძოვარი), 0.0302 ჰა (ს/კ -------, დანიშნულება - სახნავი), 0.0063 ჰა (ს/კ -------, დანიშნულება - სახნავი), 5 ჰა (ს/კ -------, დანიშნულება - სახნავი) და 7 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე (ს/კ -------, დანიშნულება - სახნავი) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, 2017-2018 წლების ქონების გადასახადი დაერიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 20.02.2019 წელს. ხოლო, 2019-2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 163 ლარის ოდენობით თითოეულ წელზე. ამასთან, 01.04.2024 წლის მდგომარეობით სახელმწიფო მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 5 აპრილის №------- (შემოს. №-------) წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე 2025 წლის 6 თებერვალს, საგადასახადო ორგანოს მიერ, განხორციელდა 2022-2023-2024 წლებზე დარიცხული ქონების გადასახადის დაზუსტება და მომჩივანს ------- სოფ. ------- მდებარე 55.5068 ჰა (ს/კ -------, დანიშნულება - სახნავი), 39 ჰა (ს/კ -------, დანიშნულება - საძოვარი) და 40 ჰა (ს/კ -------, დანიშნულება - საძოვარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე (იჯარის ხელშეკრულება №22, 13.01.2005 წ. დადგენილება №73, 12.10.2004 წ. - ------- - იჯარის მოქმედების ვადა - 49 წელი) დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი თითოეულ წელზე 6 037 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე, 205-ე, 61-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2005 წლის 13 იანვრის იჯარის ხელშეკრულება №22, რომლის საფუძველზეც მომჩივანი ფლობს/სარგებლობს ------- მდებარე 55.5068 ჰა (ს/კ -------), 39 ჰა (ს/კ -------) და 40 ჰა (ს/კ -------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით, გაფორმებულია მასსა და სახელმწიფოს შორის. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2005 წლიდან სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულ მიწაზე დაერიცხა ქონების გადასახადი, რაც მისთვის სრულიად გაუგებარია. აღნიშნავს, რომ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას იხდის პირნათლად, არანაირი ქონების გადასახადი არ ეკუთვნის და უნდა მოხდეს მისი დაკორექტირება/გაუქმება. აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში და ფაქტობრივად არის მესაზღვრე ფერმერი. ამბობს, რომ წლების განმავლობაში უწევს საკმაოდ დიდი საზღვრის პერიმეტრის დაცვა, როგორც ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული დანაკარგებთან ბრძოლით, ასევე მდინარეზე არსებული ფონების გაკონტროლებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საქართველოს მთავრობის 28.12.2010 წლის №406 დადგენილებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის“ პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქონების გადასახადის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ყოველი წლის 10 აპრილამდე, აღნიშნული დადგენილების დანართის მიხედვით, შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენენ ინფორმაციას მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ხოლო ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო პერიოდის ქონების გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ავტომატურ რეჟიმში, რაც დაზუსტდა, 01.04.2024 წლის მდგომარეობით სახელმწიფო მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და ამავე სოფელში იჯარით აღებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე მომჩივანს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი, რამაც ჯამში შეადგინა 7 200.72 ლარი.

მომჩივანს უსაფუძვლოდ მიაჩნია 2005 წლიდან სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა, აღნიშნავს, რომ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას იხდის პირნათლად, ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში და ფაქტობრივად არის მესაზღვრე ფერმერი. წლების განმავლობაში უწევს საკმაოდ დიდი საზღვრის პერიმეტრის დაცვა, როგორც ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული დანაკარგებთან ბრძოლით, ასევე მდინარეზე არსებული ფონების გაკონტროლებით. არანაირი ქონების გადასახადი არ ეკუთვნის და უნდა მოხდეს მისი დაკორექტირება/გაუქმება.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №55699-21-11 წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ფ.პ. ------- (პ.ნ. -------) შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის №5699 ბრძანებით გპაბ-ზე 17.08.2014 წ. თარიღით სრულად შეუმცირდა საგადასახადო დავალიანება და დაერიცხა საქართველოს მთავრობის 03.12.2014 წ. №2187 განკარგულების საფუძველზე ფ.პ. ------- (პ.ნ. -------) და შემოსავლების სამსახურს შორის 17.12.2014 წ. გაფორმებული №ა337-21 საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხა - 15000 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელმა 2014 წლის 23 და 24 ოქტომბერს გადაიხადა 26 632.22 (11946.25+14605.97+80) ლარი, რითაც სრულად დაიფარა დარიცხული 15 000 ლარი, ხოლო სხვაობა დარჩა ზედმეტად გადახდილად, სულ 11 632,22 ლარი.

მომჩივანმა წარადგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2014 წლის დაზუსტებული დეკლარაცია, ------- მდებარე 67,50 ჰა. (სახნავი) და 105 ჰა. (საძოვარი) სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწებზე 17.11.2014 წლის სავადო თარიღით გპაბ-ზე დაერიცხა ქონების გადასახადი 7 485 (67,50ჰა.*86+105ჰა.*16) ლარის ოდენობით, რომელიც დაიფარა გპაბ-ზე არსებული ზედმეტად რიცხული თანხიდან. ამასთან, მომჩივანმა წარადგინა 2015-2016 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები.

მომჩივნის გპაბ-ზე 2017-2018 წლების ქონების გადასახადი დარიცხულია 20.02.2019 წელს, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ------- 8 ჰა. ( ს.კ. -------, დანიშნულება - საძოვარი) , 0,0302 ჰა. (ს.კ. -------, დანიშნულება - სახნავი), 0,0063 ჰა. (ს.კ. -------, დანიშნულება - სახნავი), 5,00 ჰა. (ს.კ. -------, დანიშნულება - სახნავი) და 7,00ჰა. (ს.კ. -------, დანიშნულება - სახნავი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. ხოლო 2019-2024 წლების საანგარიშო პერიოდზე მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია პროგრამულად ავტომატურ (STS) რეჟიმში საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1163 ((8ჰა.*16)+(0,0302+0,0063+5+7) ჰა.*86)) ლარის ოდენობით თითოეულ წელზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.12.2010 წლის №406 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 05.04.2024 წლის №------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის (01.04.2024 წლის მდგომარეობით სახელმწიფო მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ) საფუძველზე 06.02.2025 წელს საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელდა მომჩივნის გპაბ-ზე დარიცხული 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დაზუსტება და გადამხდელს ------- მდებარე 55,5068 ჰა. (ს.კ. -------, დანიშნულება - სახნავი), 39ჰა. (ს.კ. -------, დანიშნულება - საძოვარი) და 40 ჰა.(ს.კ. -------, დანიშნულება - საძოვარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი 6 037 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწასა და ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საკუთრებაში არსებული და ასევე მის მიერ იჯარით აღებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, წარმოადგენს ქონების გადასახადით დასაბეგრ ობიექტს. ამდენად, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე, რომლის მიხედვით 2025 წლის 21 თებერვლის №067-365 შეტყობინების საფუძველზე გაუქმდა მომჩივნის ქონებაზე სადავო შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

სადავო საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №60258-2-11 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის მთელ ქონებაზე 7.02.2025 წლის №067-261 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 2025 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - 0 ლარი, ხოლო ზედმეტობა - 499.12 ლარის ოდენობით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მომჩივნის ქონებაზე 7.02.2025 წლის №067-261 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.