ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა N 0256

0256 ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა 02.02.2012
№ დოკუმენტი 0256
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა N 0256

ფაქტობრივი გარემოებები

•დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი "მაცივრების" რეალიზაციას ახდენს 1000 ლარად, ხოლო "ტელევიზორებისას"* - 800 ლარად. მაცივრების ნაწილი, რომელზედაც მას გააჩნია სრულფასოვანი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესყიდული აქვს 600 ლარად, ხოლო ნაწილი - 900 ლარად. ამასთან 900 ლარად შეძენილი მაცივრებიდან ნაწილზე არ გააჩნია, ნაწილზე კი დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. ტელევიზორების შეძენის დოკუმენტი საერთოდ არ გააჩნია

•საწარმოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს აღნიშნული საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯი სრულად

•აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ფაქტი დადგენილი არ არის. ამასთან დადგენილია, რომ ტელევიზორზე და 900 ლარად შეძენილი მაცივრების ნაწილზე შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს

შეფასება

•სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამასთან სსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე)

ღონისძიებები

•რეალიზებულ "მაცივრებთან" დაკავშირებით (მათ შორის 900 ლარად შეძენილებთან მიმართებაში) გადამხდელის მოგება უნდა განისაზღვროს მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით (1000-600), ხოლო "ტელევიზორებთან" მიმართებაში, როდესაც სხვა პირებთანაც ვერ მოიპოვება ინფორმაცია სრულფასოვანი დოკუმენტით მინიმალური შესყიდვის ფასებთან დაკავშირებით - 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. შესაბამის შემთხვევებში უნდა დაკორექტირდეს შესაბამისი წლის მოგების (საშემოსავლო) გადასახადის დეკლარაცია

•დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირს დაეკისრება შესაბამისი სანქცია

აღნიშნული არ ეხება სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიწოდებას დაქვემდებარებულ საქონელს და უსაქონლო ოპერაციებზე/ფიქტიურ გარიგებებზე გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს. აგრეთვე იმ შეძენებს, რომლებიც განხორციელებულია იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით დადგენილია ფიქტიურ ან/და უსაქონლო ოპერაცებში მონაწილეობა

როდესაც ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვლება გადამდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით.

*საქონლის დასახელებები მითითებულია პირობითად, სახელმძღვანელო ვრცელდება სხვა საქონელზეც,სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და გამოიყენება ამავე პერიოდისათვის მიმდინარე და შემდგომ პერიოდებში განსახორციელებელი საგადასახადო შემოწმებისას

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით