ბრძანება N 12698

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.06.2026
№ დოკუმენტი 12698
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12698

10 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 22 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მაისის №26902/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----“ (ს/ნ ----) №100183/1/2026, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №006-591 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის დარიცხულ ჯარიმა-საურავს. განმარტავს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 1 761.2 კვ.მ. კომერციული ფართები აღრიცხულია სასაქონლო-მატერიალურ აქტივებში და არა ძირითადი საშუალებების ჯგუფში. აღნიშნავს, რომ კომერციული ფართები შეძენილ იქნა სარეალიზაციოდ და არა კომპანიის კომერციულ საქმიანობაში გამოსაყენებლად, შემოწმებას წარუდგინა კომერციული ფართების გასხვისების ხელშეკრულება, რომელიც წარმოებაში აქვს მიღებული საჯარო რეესტრს. აცხადებს, რომ 2025 წელს ჩატარებულ შემოწმების პერიოდზე არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ გამოყენებული მიმდინარე ბუღალტრული სააღრიცხვო პოლიტიკა და ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძვლად გამოყენებულ იქნა 2022 წლის საგადასახადო შემოწმებით ქონების გადასახადში დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით არგუმენტაცია. კოპირებით იქნა გადმოტანილი წინა შემოწმების აქტის ჩანაწერი და განხორციელდა 2019-2021 წლების შემოწმებული საკითხის გამოყენება 2025 წლის შემოწმების აქტში.

აცხადებს, რომ მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.

მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ კომერციული ფართების სასაქონლო მარაგებში აღრიცხვა სრულ შესაბამისობაშია სასაქონლო-მატერიალური მარაგების (საქონლის) განმარტებასთან, არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ძირითადი საშუალების განმარტებას და არ არსებობს შემოწმების პერიოდში კომპანიის საქმიანობის არცერთი მიმართულება, სადაც ეკონომიური სარგებლის მისაღებად გამოყენებული ყოფილიყო კომერციული ფართი.

ითხოვს დარიცხული ქონების გადასახადისა და მასზე დასკირებული ჯარიმა-საურავის ნაწილში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22569 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი მარტიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №28640 ბრძანება და ამავე თარიღის №006-591 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 290 603 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 174 294 ლარი, ჯარიმა

66 537 ლარი და საურავი 49 772 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 20 თებერვლის №3941 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 19 მაისის №26902/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მაისის №26902/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო კომერციული ფართები არის სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. მშენებლობის პროცესში აღრიცხული იყო, როგორც ძირითადი საშუალება, თუმცა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხდა გადატანა სასაქონლო მატერიალური მარაგების ბალანსზე. ამასთან, დღეის მდგომარეობით კომერციულ ფართს ადევს ყადაღა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩამოართვა საკუთრებიდან. შესაბამისად, ვერც ყიდის, ვერც იჯარით გასცემს და ვერც იყენებს. ამასთან, მომჩივანი წარმოადგენს დამატებით დოკუმენტურ მტკიცებულებებს.“

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 მაისის №11562 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მხიედვითაც გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში ჰქონდა/აქვს (მისამართი: ----) კომერციული ფართი 1 761.2 კვ.მ.. აღნიშნული კომერციული ფართის ღირებულების განსაზღვრისთვის 2022 წლის 24 ივნისს შედგა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №----- დასკვნა, რომლის მიხედვითაც საწარმოს ქონების საბაზრო ღირებულება 2021 წლის 31 დეკემბრისთვის განისაზღვრა 4 122 000 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა, 2022 წლის 5 მაისის №11562 ბრძანების მიხედვით, წინა შემოწმების აქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნით და დამატებით დაარიცხა ქონების გადასახადი. საწარმოს 2022-2024 წლებში ქონების გადასახადით არ დაუბეგრავს ზემოთ აღნიშნული კომერციული ფართები.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის, მე-41 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას: ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში და საქმის ზეპირ განხილვაზე დაფიქსირებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციას და საქმეში არსებულ მასალებს, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

შპს „----“ (ს/ნ ----) საკუთრებაში აქვს კომერციული ფართი 1 761.2 კვ.მ, რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები 2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე.

შემოწმებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 მაისის №11562 ბრძანების საფუძველზე 2022 წლის 30 ივნისს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნით. შედეგად, განისაზღრა საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადში.

წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საწარმოს საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი განხილულია როგორც ძირითადი საშუალება და დარიცხულია ქონების გადასახადი. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებებით გადასახადის გადამხდელის საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მიმდინარე საგადასახადო შემოწმების დროსაც მოხდა აღნიშნული კომერციული ფართების ქონების გადასახადით დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის დარიცხულ ჯარიმა-საურავს. ითხოვს დარიცხული ქონების გადასახადისა და მასზე დასკირებული ჯარიმა-საურავის ნაწილში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში ჰქონდა კომერციული ფართი 1 761.2 კვ.მ. საწარმოს ქონების საბაზრო ღირებულება 2021 წლის 31 დეკემბრისთვის განისაზღვრა 4 122 000 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა, 2022 წლის 5 მაისის №11562 ბრძანების მიხედვით, წინა შემოწმების აქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნით და დამატებით დაარიცხა ქონების გადასახადი. საწარმოს 2022-2024 წლებში ქონების გადასახადით არ დაუბეგრავს ზემოთ აღნიშნული კომერციული ფართები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:201(1);202(1);205(2);