ბრძანება N 18869
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18869
25 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 25 ივლისის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 25 ივლისის №97100/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №081-130 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებით გავრცელებულმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 8.15%, მიუხედავად ამისა, შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ 8.15%-იანი ფასნამატი უნდა გაეზარდა 10.31%-მდე, თუმცა გაუგებარია, რის საფუძველზე მოახდინა მან ფასნამატის გაანაგარიშება და მისი გაზრდა, იქედან გამომდინარე, რომ საწარმოს მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციაში ყველა ფაქტორი სრულად და რეალურად იყო გაანალიზებული/გათვალისწინებული.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის განკარგვადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ ფულის ნაშთი 271 258 ლარი არასწორად არის გაანგარიშებული, იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნულ მომენტში კომპანიის ბალანსზე ნაშთად ფიქსირდება ფულის ნაწილი.
3. არ ეთანხმება თანამშრომლებზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა განაწილებული დივიდენდი 72 500 ლარის ოდენობით, მათ შორის 52 500 ლარის ოდენობით დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე ---ზე, ხოლო 20 000 ლარის ოდენობით 8 ფიზიკურ პირზე, რომლებიც ამავდროულად არიან საწარმოს დაქირავებული თანამშრომლები და ღებულობენ ხელფასს საწარმოდან, აქედან გამომდინარე, ზემოთხსენებული თანხა უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით, ხოლო გაცემული დივიდენდი საშემოსავლო გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4536 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 ივნისის №13585 ბრძანება და ამავე თარიღის №081-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 175 660 ლარი, მათ შორის გადასახადი 108 529 ლარი, ჯარიმა 56 029 ლარი და საურავი 11 101 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „---“ რეგისტრირებულია 28.09.2021 წელს, ამავე დღეს რეგისტრირებულია დღგის გადამხდელად. საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკვები პროდუქტებითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე. ექსპორტიმპორტის ოპერაციები არ განუხორციელებია. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ 600 კვ.მ. ფართში მდებარე ქ. ---. საიჯარო ქირა შეადგენს 3 000 ლარს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ცნობა ბანკებიდან ანგარიშების შესახებ, შესაბამისი ანგარიშებიდან ამონაწერები. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბურალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების მიმდინარეობისას ბუღალტრულ პროგრამაში „FMG“ აღრიცხა შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული რეალიზაცია და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ასევე, აღრიცხულია 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად. გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტების გარეშე (საცალო რეალიზაცია) რეალიზებული საქონლის მოძრაობის რაოდენობრივი/თანხობრივი აღრიცხვა. წარმოდგენილი ჩანაწერები ნაწარმოებია კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, აღნიშნულის გამო შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 5.54%-ს. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 4 954 344 ლარს, მათ შორის, მარკეტინგული მომსახურებით/ბონუსებით მიღებული შემოსავალი - 73 468 ლარს, საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი - 4 880 876 ლარს.
დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 182 228 ლარს, რაც საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 3.73%-ია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი. შესყიდული საქონელი დაჯგუფებულ იქნა ჯგუფების მიხედვით, სულ 44 ჯგუფი. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები გავრცელებულ იქნა რეალიზებულ საქონელზე ჯგუფების მიხედვით. შემოწმებით გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 10.31%-ს, დადგენილი საწარმოს შემოსავალი შედგება საქონლის რეალიზაციით (5 101 574 ლარი) და მარკეტინგული მომსახურებით/ბონუსებით (73 468 ლარი) მიღებული შემოსავლისაგან. შესამოწმებელ პერიოდში შესყიდულია 4 671 822 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). საწყისი სმფ-ების ნაშთი შეადგენს 135 716 ლარს. საბოლო სმფ-ების ნაშთი - 182 752 ლარს. რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 4 624 786 ლარს. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩართულ იქნა შემოსავალში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბანკის ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, გაანგარიშებული იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ვალდებულებების განსაზღვრამ გამოიწვია ფულადი შემოსავლის გაზრდა. გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების არარსებობის და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის შეადგენს 25 350 ლარს, პერიოდის ბოლოსათვის 48 350 ლარს, საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არის 27 226 ლარი. შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხავი ფულის ნაშთი 271 258 ლარის ოდენობით (დარიცხული 339 073 ლარი დღგ-ის ჩათვლით), დებიტორულ/კრედიტორული ნულოვანი ნაშთების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი რეგისტრაციის დღიდან არის ----. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს განაწილებული დივიდენდი 72 500 ლარის ოდენობით, მათ შორის 52 500 ლარის ოდენობით დამფუძნებელ ფიზიკურ პირ ---ზე. ხოლო, 20 000 ლარის ოდენობით (19 000 ლარის ოდენობით ხელზე აღებული) 8 ფიზიკურ პირზე, რომლებიც ამავდროულად არიან საწარმოს დაქირავებული თანამშრომლები და ღებულობენ ხელფასს საწარმოდან. საგადასახადო შემოწმებით, საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე - თანამშრომლებზე განაწილებული დივიდენდი 2024 წლის აგვისტოს, ოქტომბრისა და 2025 იანვრის თვეში 20 000 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარება არასწორად დარიცხული მოგების/საშემოსავლო გადასახადები. ამასთან, გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში დამატებით დაერიცხა 3 750 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ გადამხდელის შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი, კერძოდ, შესყიდული საქონელი დაჯგუფებულ იქნა ჯგუფების მიხედვით (სულ 44 ჯგუფი) და რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატები. ამასთან, შემოწმებით გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 10.31%-ს. შედეგად, საანგარიშო პერიოდების მიხედვით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბანკის ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, გაანგარიშებული იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ვალდებულებების განსაზღვრამ გამოიწვია ფულადი შემოსავლის გაზრდა. გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების არარსებობის და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის, პერიოდის ბოლოსათვის, ასევე, პერიოდის ბოლოსთვის საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთის გათვალისწინებით გამოვლენილი აღურიცხავი ფულის ნაშთი, დებიტორულ/კრედიტორული ნულოვანი ნაშთების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის მე-12-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დაქირავებით მუშაობად ითვლება:
ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;
ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;
გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
2. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი რეგისტრაციის დღიდან არის ---. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს განაწილებული დივიდენდი 72 500 ლარის ოდენობით, მათ შორის 52 500 ლარის ოდენობით დამფუძნებელ ფიზიკურ პირ ---ზე. ხოლო, 20 000 ლარის ოდენობით 8 ფიზიკურ პირზე, რომლებიც ამავდროულად არიან საწარმოს დაქირავებული თანამშრომლები და ღებულობენ ხელფასს საწარმოდან.
საგადასახადო შემოწმებით, საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე - თანამშრომლებზე განაწილებული დივიდენდი 2024 წლის აგვისტოს, ოქტომბრისა და 2025 იანვრის თვეში 20 000 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარება არასწორად დარიცხული მოგების/საშემოსავლო გადასახადები. ამასთან, გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში დამატებით დაერიცხა 3 750 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის განკარგვადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. არ ეთანხმება თანამშრომლებზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ გადამხდელის შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი, კერძოდ, შესყიდული საქონელი დაჯგუფებულ იქნა ჯგუფების მიხედვით (სულ 44 ჯგუფი) და რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატები. ამასთან, შემოწმებით გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 10.31%-ს. შედეგად, საანგარიშო პერიოდების მიხედვით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბანკის ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, გაანგარიშებული იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ვალდებულებების განსაზღვრამ გამოიწვია ფულადი შემოსავლის გაზრდა. გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების არარსებობის და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის, პერიოდის ბოლოსათვის, ასევე, პერიოდის ბოლოსთვის საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთის გათვალისწინებით გამოვლენილი აღურიცხავი ფულის ნაშთი, დებიტორულ/კრედიტორული ნულოვანი ნაშთების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს განაწილებული დივიდენდი 72 500 ლარის ოდენობით, მათ შორის 52 500 ლარის ოდენობით დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე. ხოლო, 20 000 ლარის ოდენობით 8 ფიზიკურ პირზე, რომლებიც ამავდროულად არიან საწარმოს დაქირავებული თანამშრომლები და ღებულობენ ხელფასს საწარმოდან.
საგადასახადო შემოწმებით, საწარმოს მიერ დაქირავებულ პირებზე - თანამშრომლებზე განაწილებული დივიდენდი 2024 წლის აგვისტოს, ოქტომბრისა და 2025 იანვრის თვეში 20 000 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარება არასწორად დარიცხული მოგების/საშემოსავლო გადასახადები. ამასთან, გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში დამატებით დაერიცხა 3 750 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 73 (4;9); 101 (1); 154 (1); 8 (12); 130 (1); 12 (1,2); 981.