გადაწყვეტილება №19463/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.06.2023
№ დოკუმენტი 19463/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19463/2/2023

8.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 20.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19463/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვა;

2. მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახულ განაწილებულ დივიდენდსა და შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემს შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №002-276 საგადასახადო მოთხოვნა;

2.შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7946 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 123 907 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 50 419

დღგ - 29 079

მოგების გადასახადი - 14 202

საშემოსავლო გადასახადი - 6 016

ქონების გადასახადი - 1 122

ჯარიმა - 50 466

საურავი - 23 022

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა ორთოპედიული პროდუქციის, ტრავმატოლოგიური იმპლანტების და სხვა სამედიცინო მომსახურების საგნების იმპორტი და რეალიზაცია. იმპორტირებული პროდუქციის მიწოდებას ახდენს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებზე, ასევე საცალო რეალიზაციას მისივე მაღაზიათა ქსელში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33756 ბრძანება და ამავე თარიღის №002-276 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2023 წლის 27 და 31 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7946 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ და განაწილებულ მოგებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეისწავლოს/გამოიკვლიოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი (მ.შ. ტექნიკური უზუსტობის საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7946 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხდება, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების“ დანართი №9-ის შესაბამისად საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულია პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა (ყოველთვიური სარგებლის თანხა), საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, უფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული დანართი №9-ის შესაბამისად, საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს გააჩნია სრულყოფილად მოწესრიგებული აღრიცხვა. შესაძლებელია ყველა ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასრულებაზე კონტროლი. შესამოწმებელ პერიოდში დირექტორების მიღებულმა ხელფასმა შეადგინა 827 908 ლარი. დამფუძნებლების მიერ მიღებულმა დივიდენდმა შეადგინა 1 274 653 ლარი; ამ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა შეადგინა 2 352 395 ლარი.

შესამოწმებელ პერიოდში არ ყოფილა შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, წინა საგადასახადო შემოწმებით გადამხდელს დაუდგინდა ბიუჯეტში ზედმეტად დეკლარირებული გადასახადები, რაც გადამხდელს დაუბრუნდა შემოწმების შედეგად. საწარმოში შესამოწმებელ პერიოდში ფუნქციონირებდა 39 ცალი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელთა მეშვეობით ჯამურად ნაღდი ფულის სახით საწარმოს მიღებული აქვს შემოსავალი 7 757 214 ლარის ოდენობით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რა გახდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეცვლის საფუძველი და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველი, რომლის შედეგად გაანგარიშებულმა სარგებელმა შეადგინა 30 000 ლარი, ხოლო მასზე დარიცხულმა გადასახადმა 6 017 ლარი. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ამ საკითხში დამატებით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის მიხედვით:

3. მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით კომპანიას გააჩნია სრულყოფილად მოწესრიგებული აღრიცხვა. შესაძლებელია ყველა ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასრულებაზე კონტროლი.

შესამოწმებელ პერიოდში არ ყოფილა შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, წინა საგადასახადო შემოწმებით გადამხდელს დაუდგინდა ბიუჯეტში ზედმეტად დეკლარირებული გადასახადები და შემოწმებით დაუბრუნდა გადამხდელს ზედმეტად გადახდილი გადასახადები.

საწარმოში შესამოწმებელ პერიოდში ფუნქციონირებდა 39 ცალი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელთა მეშვეობით ჯამურად ნაღდი ფულის სახით საწარმოს მიღებული აქვს შემოსავალი 7 757 214 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რა გახდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეცვლის და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველი. კომპანიას აღნიშნული თანხა აქვს სალაროში და სჭირდება ყოველდღიური საქმიანობისთვის.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული დანართი №9-ის შესაბამისად.

გადამხდელს შემოსავლის დიდი ნაწილის მიღება უფიქსირდება საკასო მეთოდით, შესაბამისად, როგორც საკასო შემოსავალის, ისე საკასო ხარჯის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად მაინც გამოვლინდა საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შეფასების ახალ მიდგომაზე, ამდენად საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და შემოსავლების სამსახურს დაევალოს ხელახლა შეაფასოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

 

2. მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახულ განაწილებულ დივიდენდსა და შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემს შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის რამდენიმე თვეებში გაცემული დივიდენდი შეადგენს 39 000 ლარს, რომელიც დეკლარირებულია საშემოსავლო გადასახადით. ამავე პერიოდის მოგების დეკლარაციაში განაწილებული დივიდენდი განსხვავდება შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად შემოწმების მიერ განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილება განხორციელდა 2017 წლამდე მიღებული წმინდა მოგებიდან. აღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ 2022 წლის 29 დეკემბრის №002-276 საგადასახადო მოთხოვნაში ფიქსირდება ტექნიკური უზუსტობა, რის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება ასახულია არასწორად.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ და განაწილებულ მოგებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შეისწავლოს/გამოიკვლიოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი (მ.შ. ტექნიკური უზუსტობის საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს 2019 წლის პერიოდში გაცემულია დივიდენდი 2017 წლამდე დაგროვილი წმინდა მოგების ხარჯზე, შესაბამისად, აღნიშნული განაცემები არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს ამ საკითხში დამატებით დარიცხული თანხების მოხსნას.

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

 

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7946 ბრძანებით 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხის შესწავლის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ და განაწილებულ მოგებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეისწავლოს/გამოიკვლიოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი (მ.შ. ტექნიკური უზუსტობის საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან და მომჩივნის არგუმენტიდან გამომდინარე საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმა დაეკისრა 50 466 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №002- 276 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 23 022 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება კომპანიის მოთხოვნა, ვინაიდან არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით შეფარდებული ჯარიმა, საურავის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7946 ბრძანება;

3. საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვა;

2.მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახულ განაწილებულ დივიდენდსა და შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემს შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულია პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა (ყოველთვიური სარგებლის თანხა), საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად შემოწმების მიერ განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 982 (3, ზ); 101 (1,2); 154 (1,ა); 97 (1,ა); 981 ; 302 (92); 272 (1,2); 275 (2,21;22) 269 (7).