N 105 - 03/04/2026 - „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №105
2026 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
„საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.018002) დამტკიცებული „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმების და წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საინვესტიციო ოქროს (გარდა მონეტებისა) იმპორტში დეკლარირებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნით აუცილებელია:
ა) ოქროს ზოდზე/ფირფიტაზე დატანილი იყოს:
ა.ა) მწარმოებლის გადამამუშავებელი ქარხნის ლოგო/აღნიშვნა;
ა.ბ) პროდუქციის სერიული ნომერი;
ა.გ) სინჯის აღმნიშვნელი დამღა და წონა;
ბ) დეკლარანტმა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:
ბ.ა) ASSAY სერთიფიკატი ან დაუზიანებელი შეფუთვა, სადაც მწარმოებლის მიერ დატანილია ASSAY სერთიფიკატის შესაბამისი ინფორმაცია;
ბ.ბ) ინვოისი/ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია ოქროს ზოდის/ფირფიტის სერიული ნომერი, სინჯის აღმნიშვნელი დამღა და წონა.“.
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა ორგანოს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა:
ა) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია;
ბ) ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადამოწმების/სრულყოფილად შესწავლის მიზნით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე