გადაწყვეტილება №18338/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 18338/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№18338/2/2022

10.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს------------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------------ს“ 30.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №---------------).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №007-90 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.09.2022 წლის №24315 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 109 447 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 65 241

დღგ - 22 033

საშემოსავლო გადასახადი - 43 208

ჯარიმა - 35 903

საურავი - 8 303

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა იმპორტირებული ხილბოსტნეულით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის - იანვრიდან 2021 წლის - დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 14.04.2022 წლის №9424 ბრძანება და №007-90 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2022 წლის №24315 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 677 880 ლარს. ამასთან, 2021 წლის მარტის თვის შემდგომ პირს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ უფიქსირდება, ხოლო იმპორტის ბოლო ოპერაცია უფიქსირდება 2020 წლის მაისის თვეში. გადამხდელის მიერ წარდგენილია ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები ნულის ტოლია. არ არის ნაწარმოები აღრიცხვა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მოთხოვნები. წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა, შესაბამისად, შემოწმებისას გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი.

შემოწმების შედეგად გაანალიზდა გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, დაჯგუფდა 8 ჯგუფად და თითოეული ჯგუფის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელების გზით განისაზღვრა პირის მიერ მიღებული შემოსავლები. იმ საქონელზე, რომელზეც მოხდა დოკუმენტური ფასნამატის იდენტიფიცირება, გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო სხვა საქონელზე გამოყენებულია იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი. კერძოდ, კარტოფილზე გავრცელდა ფასნამატი --%-ის ოდენობით, ვაშლზე - --% და კივზე - ---%, ხოლო დანარჩენ ჯგუფებზე გავრცელებულია საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი --%-ის ოდენობით. აღნიშნულის შედეგად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო გამოვლენილი სხვაობა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გადანაწილდა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ მის მიერ მოხდა შემმოწმებლის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის ანალიზი, სადაც აშკარად იკვეთება დაშვებული უზუსტობა. შემმოწმებლის გაანგარიშებით კარტოფილზე გავრცელებულ იქნა --% ფასნამატი. ანალიზით ირკვევა, რომ მან გაანგარიშებისას გამოიყენა მხოლოდ 4.--..2020-ში შეფ. №-------- და 7.--.2020 შეფ. №------------- განხორციელებული იმპორტის ოპერაციების ფარგლებში შემოტანილი კარტოფილის თვითღირებულება, რომელიც იყო უმცირესი ფასი ყველა სხვა განხორციელებულ იმპორტთა შორის და რეალიზაციის დროს 23.---.2020-ში №------------- და 28.--.2020-ში №----- გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასები. ხოლო უგულვებელყოფილ იქნა მის მიერ აღებულ იმპორტსა და რეალიზაციას შორის განხორციელებული 8 იმპორტის ფარგლებში შემოტანილი კარტოფილის თვითღირებულება 8.--.2020- ში №-----, 10.--.2020-ში №---- და №---, 11.0-.2020-ში №-----, 16.-.2020-ში №-------, 21.--.2020-ში №-----, 22.0-.2020-ში №--- და 24.--.2020-ში №---------. გაურკვეველია ლოგიკა თუ რატომ აირჩიეს აუდიტორებმა მხოლოდ ის იმპორტი, სადაც თვითღირებულება იმპორტირებული კარტოფილის იყო უმცირესი 0,-- ლარი. თუ იგი გამოიყენებდა ყველა იმპორტს საშუალო თვითღირებულების გამოთვლისას მიიღებდა 0,-- ლარს, რეალურ საშუალო თვითღირებულებას და არა არასწორი გამოთვლის შედეგად შემცირებულს, ამ შემთხვევაში საშუალო ფასნამატი გამოვიდოდა --%, --%-ის ნაცვლად, რაც რეალობასთან ახლოსაა.

რაც შეეხება ვაშლის ფასნამატის გამოთვლას ამ შემთხვევაშიც მდგომარეობა მსგავსია. აუდიტორებმა ვაშლის თვითღირებულების მისაღებად გამოიყენეს 11.--.2020-ში №----, 18.--.2020-ში №---- და №----, 6.--.2020-ში №---- განხორციელებული იმპორტების ფარგლებში შემოტანილი ვაშლის ფასები, ხოლო უგულებელყვეს 13.--.2020-ში №----, 24.--.2020-ში №------, 4.--.2020-ში №------, 14.--.2020-ში №----- განხორციელებული იმპორტის ფარგლებში შემოტანილი ვაშლის ფასები. მათ მხოლოდ გამოიყენეს ის იმპორტის ოპერაციები, სადაც ვაშლის თვითღირებულება შედარებით დაბალი იყო. საშუალო შესასყიდი ფასი მათი განმარტებით არის 0,--- - 0,---- ლარი. თებერვლის თვეში მათ ამ შემთხვევაშიც ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინეს ის იმპორტი, რომლის შესასყიდი ფასი იყო ყველაზე ძვირი და წონა თითქმის უდრიდა დანარჩენი ყველა აღებულ იმპორტთა ჯამს. თუ აუდიტორები გაითვალისწინებდნენ ყველა იმპორტს და ვისაუბრებთ მთლიან პერიოდზე. როგორც თებერვალში ისე მთლიან პერიოდზე საშუალო შესასყიდი ფასი უდრის 0,-- ლარს და არა 0,-- ლარს. ასეთ შემთხვევაში კი ფასნამატი გამოვიდოდა --%, --%-ის ნაცვლად, რაც რეალობას შეესაბამება. შესაბამისად ამ შემთხვევაშიც გაურკვეველია, როგორ და რა მიდგომით მოახდინეს აუდიტორებმა გაანგარიშება. აქედან გამომდინარე, შემცირდება მათ მიერ გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი ყველა სხვა პროდუქციაზე. შესაბამისად მოითხოვს 1.01.2021-მდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და 1.--.2021-დან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშებას, რათა მიღებულ იქნეს ზუსტი შედეგი და არა ხელოვნურად გამოყვანილი. ითხოვს დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს გადასაანგარიშებლად აღნიშნული საქმე და გადამხდელთან ერთობლიობაში მოხდეს მისი ზუსტად გამოანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგად გაანალიზდა გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, დაჯგუფდა 8 ჯგუფად და თითოეული ჯგუფის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელების გზით განისაზღვრა პირის მიერ მიღებული შემოსავლები. იმ საქონელზე, რომელზეც მოხდა დოკუმენტური ფასნამატის იდენტიფიცირება, გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო სხვა საქონელზე გამოყენებულია იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით, გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი. კერძოდ, კარტოფილზე გავრცელდა ფასნამატი --%- ის ოდენობით, ვაშლზე - --% და კივზე - --%, ხოლო დანარჩენ ჯგუფებზე გავრცელებულია საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი --%-ის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ საჩივარში მითითებულია კონკრეტული დეკლარაციები, სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული რეალიზებულ საქონელზე ფასნამატების განსაზღვრისას.

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ მითითებული დოკუმენტების გათვალისწინების შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაციის თანხა ნაკლებია მის თვითღირებულებაზე, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენა უახლოესი პერიოდების დადებითი ფასნამატები.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს შესაბამის არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი ფასნამატის შეცვლის (შემცირების) საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების ანალიზი, რომლის შედეგად გამოვლინდა განკარგვადი თანხა.

2021 წლის მარტის თვის შემდგომ პირს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ უფიქსირდება, ხოლო იმპორტის ბოლო ოპერაცია უფიქსირდება 2020 წლის მაისის თვეში. გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, ასევე, არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთი და 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეჩერებული აქვს ეკონომიკური აქტივობა.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლის, საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველი დავის საგნის ნაწილში აღწერილი არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს გადაანგარიშდეს არაპირდაპირი გზით გაანგარიშებული შემოსავალი, რომელიც შემდგომ საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაბეგრილ იქნა, როგორც ფიზიკურ პირზე, დირექტორზე -------------------ზე (პ.ნ -------------------), გაცემული ხელფასი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლინდა განკარგვადი თანხა. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, ასევე, არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთი. აღნიშნულის შედეგად გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად და არც ფაქტიურად გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ გაანგარიშებული განკარგვადი თანხის საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №007-90 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 35 903 ლარი და საურავი - 8 303 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ წინა პერიოდებში არ ჰქონია საგადასახადო დავალიანება დროულად ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სანქციებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.