გადაწყვეტილება №26259/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26259/2/2025
05 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 04.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26259/2/2025).
დავის საგანი:
მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 03.11.2025 წლის N 227-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 03.12.2025 წლის N 26608 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 51 761.2 ლარი.
მათ შორის:
მიწა - არასასოფლო - 25 548.48 ლარი;
ჯარიმა - 17 032.30 ლარი;
საურავი - 9 180.42 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის N 23243 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 29 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
კომპანიას 2022, 2023, 2024 და 2025 წლების პირველი აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში უფიქსირდება მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტები, კერძოდ: არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა (საკადასტრო კოდი -----), აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს:-----. მომჩივანს მითითებულ საანგარიშო პერიოდებზე დეკლარირება არ განუხორციელებია, ამდენად, დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის N 24052 ბრძანება და 3 ნოემბრის N 227-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 03.12.2025 წლის N 26608 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე, 43-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით საწარმოს საკუთრებაში ფიქსირდება ----- კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ -----), რომელზეც საწარმოს მიერ 2022, 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. შემოწმების შედეგად, აღნიშნულ მიწაზე პირს განესაზღვრა ვალდებულება და დაერიცხა გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, სასაფლაოებით დაკავებული მიწების გადასახადისაგან განთავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნულ მიწაზე საწარმოს გააჩნია კაპიტალური შენობა - ნაგებობა, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობისთვის სანერგე მეურნეობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერში ფიქსირდება იჯარის ხელშეკრულება შპს -----, რომლის საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროების, რესტორნების საქმიანობა. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, იჯარით აღებული შენობის ფართში განთავსებული აქვს საწყობი სამეწარმეო მიზნებისთვის. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია, მხოლოდ საკრებულოს მიერ მერის სახელზე გაცემული რეკომენდაცია/თანხმობა სასაფლაოს მოწყობის თაობაზე, რომელიც დამატებით ასევე საჭიროებს მერის მიერ გამოცემულ შესაბამის აქტს, რომელიც არ არის წარმოდგენილი. კონკრეტული საქმის მასალებით არ დგინდება, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი დაკავებულია სასაფლაოებით, შესაბამისად მოცემული შეღავათის გამოყენების ფაქტობრივი/სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
აღნიშნული მიწის ნაკვეთი ----- მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით ----- წარმოადგენს კერძო სასაფლაოს. ამდენად, სასაფლაოებით დაკავებული მიწები გათავისუფლებულია გადასახადისაგან. ითხოვს მოთხოვნის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაანგარიშდება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველის ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყებაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 08.12.2025 წლის N ----- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტები, კერძოდ: არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა (----- საკადასტრო კოდი),----- რაიონის სოფელ -----. კომპანიის დირექტორს ეთხოვა განმარტება, თუ რა იყო მიზეზი საზოგადოების ბალანსზე არსებული მიწების სასოფლო სამეურნეო მიწებიდან არასასოფლო სამეურნეო მიწებად რეგისტრაციის და რა იყო საფუძველი მათი გაერთიანების. დირექტორის განმარტებით სურს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ისევ დაუბრუნდეს სასოფლო - სამეურნეო მიწის სტატუს.
შემოწმდა https://maps.gov.ge/map/portal-ზე საზოგადოების მიწის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ მიწაზე საზოგადოებას გააჩნია კაპიტალური შენობა - ნაგებობა, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობისთვის სანერგე მეურნეობა. სამეწარმეო ამონაწერზე ფიქსირდება იჯარის ხელშეკრულება შპს ----- (ს/ნ ----- ) გაცემული, აღნიშნული საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული ბაზების მიხედვით სასტუმროების, რესტორნების საქმიანობა. შპს -----წარმომადგენელმა განმარტა, რომ იჯარით აღებულ შენობის ფართში განთავსებული აქვს საწყობი სამეწარმეო მიზნებისთვის. ამასთან, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ საკრებულოს მიერ მერის სახელზე გაცემული 04.06.2021 წლის ----- განკარგულება სასაფლაოს მოწყობის თაობაზე, რომელიც დამატებით ასევე საჭიროებს მერის მიერ გამოცემულ შესაბამის აქტს, რომელიც არ არის წარმოდგენილი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამრეკლოს მოწყობა და მასზე არ არის სასაფლაო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და ამასთან, არ დგინდება, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი დაკავებულია სასაფლაოებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. კომპანიას 2022, 2023, 2024 და 2025 წლების პირველი აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში უფიქსირდება მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტები, კერძოდ: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მომჩივანს მითითებულ საანგარიშო პერიოდებზე დეკლარირება არ განუხორციელებია, ამდენად, დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და სანქცია. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რაც არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
ვინაიდან მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და ამასთან, არ დგინდება, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი დაკავებულია სასაფლაოებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 205 (2); 206 (I),,ი";.