ბრძანება N 614

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.01.2026
№ დოკუმენტი 614
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 614

21.01.2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (იურ. მის.: -----)

2025 წლის 3 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე (ოქმი N 2) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 99187/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 17 ნოემბრის N EL 300989 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ----- ნავსადგურში სახაზო ბორანით ჩამოვიდა სატვირთო, რომელსაც ტვირთმფლობელის წარმომადგენლის (ტვირთის აგენტის) წარდგენილ გადმოტვირთვის სატვირთო დოკუმენტაციაში არასწორად იყო მითითებული ინფორმაცია. ტვირთის გასაფორმებლად საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ საბაჟომ მოითხოვა ზემოთხსენებულ სატვირთო დოკუმენტაციაში კორექტირება, მაგრამ უარი განაცხადა კორექტირების წერილზე ტვირთის აგენტისგან და მოითხოვა გემის აგენტის კორექტირების წერილი. იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო ტვირთის დაყოვნება, ტვირთის აგენტის თხოვნით და მათ მიერ ტვირთზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანია იძულებული გახდა მიემართა საბაჟოსთვის კორექტირების წერილით, სადაც აღნიშნა, რომ კომპანია მოქმედებს მხოლოდ როგორც გემის აგენტი.

მომჩივანი თვლის, რომ კანონმდებლობის პოტენციური დამრღვევი იდენტიფიცირებულია არასწორად, ვინაიდან ინფორმაციის (სატვირთო მანიფესტის) წარმდგენელი საბაჟოსთვის არ იყო გემის აგენტი - შპს „-----“, რაც დასტურდება საქართველოს ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის (NMSW) ნებართვების ისტორიით, სადაც ნათლად ჩანს რომ გადმოტვირთვის დოკუმენტაცია (მოიცავს მანიფესტს და კონოსამენტებს) გადაცემული და წარდგენილია ტვირთის აგენტის მიერ - კომპანია შპს „-----“ და ტვირთზე საბაჟოს ნებართვაც მათზეა გაცემული. გემთმფლობელის ან მისი წარმომადგენლების მიზეზით არ არის გამოწვეული ამ ტიპის ხარვეზები, ვინაიდან საკონტეინერო გადაზიდვების ანალოგიურად, საბორნე გადაზიდვების დროს მიღებულ სატვირთო ავტომანქანა თუ კონტეინერში ჩატვირთული ტვირთის რაოდენობა, წონა, ნაირსახეობა და სხვა მონაცემები მოწოდებულია ტვირთმფლობელის მიერ. შესაბამისად, სატვირთო მანიფესტი და კონოსამენტები ფორმდება მათზე დაყრდნობით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 31 ოქტომბერს, ----- საბორნე ტრანსპორტით „-----“ (-----) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანილ იქნა უნაგირა საწევარი და ნახევარმისაბმელი.

გემის აგენტის/სააგენტო კომპანიის – შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში ასახული და სატვირთო მანიფესტის მე-13 პოზიციაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ შემოტანილი საქონელი იყო: რეგისტრაციიდან მოხსნილი ----- მარკის უნაგირა საწევარი და ----- მარკის ნახევარმისაბმელი შემდეგი ტრანზიტული ნომრებით:-----, რომელზეც ტვირთის სახით განთავსებული იყო 4 ერთეული დაშლილი ნახევარმისაბმელი.

საქონლის ზოგადი დეკლარირებისას საქონლის მიმღების წარმომადგენლის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებით კი გამოირკვა, რომ სატვირთო მანიფესტის მე-13 პოზიციაზე მითითებული ----- მარკის ნახევარმისაბმელის ტრანზიტული ნომერი იყო ----- , ხოლო ვინ კოდი – -----. ასევე არასწორად იყო მითითებული ტვირთად განთავსებული ერთი ნახევარმისაბმელის ვინ კოდი, რაც დადასტურდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერებით.

განსახილველ შემთხვევაში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მეშვეობით საბაჟო ორგანოსთვის არ იყო მოწოდებული გადამზიდი ნახევარმისაბმელის ტრანზიტული ნომერი, ვინ კოდი და ტვირთად განთავსებული ნახევარმისაბმელის ვინ კოდი.

იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის მიერ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია კანონმდებლობით, აღნიშნული წარმოადგენს მის მუდმივ ვალდებულებას და არ საჭიროებს დამატებით საბაჟო ორგანოს მიერ ინდივიდუალურ შემთხვევებში მოთხოვნას, შპს „-----“ ქმედება ჩაითვალა საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევად. შესაბამისად, 2025 წლის 17 ნოემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა N EL300989 საბაჟო სამართალდარვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ რეალურ მონაცემებთან შესაბამისი ინფორმაცია სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის – შპს „-----“ მიერ მოწოდებულ იქნა კორექტირებული დოკუმენტაცია წერილობითი ფორმით (წერილი -----).

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას არასწორად იქნა ასახული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმა (ნაცვლად პირველი ნაწილისა, მითითებულ იქნა მე-2 ნაწილი), რის გამოც საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 31 დეკემბრის N 29024 ბრძანების საფუძველზე N EL300989 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში განხორციელდა კორექტირება და ჩადენილი ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო შეფარდებული სანქციის ოდენობა შეიცვალა 400 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის განხორციელებაში ან რომელსაც ეხება საბაჟო კონტროლი, ვალდებულია საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და სხვა ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

ამავე საკანონმდებლო აქტის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ოპერატორმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდის, საბაჟო ორგანოს ამ ხომალდის შემოსვლის შესახებ უნდა შეატყობინოს მისი შემოსვლისთანავე.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 1) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საზღვაო ხომალდის ოპერატორი/აგენტი/კაპიტანი ვალდებულია, საქართველოს საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ხომალდის შემოსვლამდე საბაჟო ორგანოს წარუდგინოს:

ა.ა) გენერალური დეკლარაცია;

ა.ბ) დეკლარაცია ტვირთის შესახებ;

ა.გ) დეკლარაცია გემის მარაგის შესახებ;

ა.დ) დეკლარაცია ეკიპაჟის პირადი ნივთების შესახებ;

ა.ე) ეკიპაჟის განრიგი;

ა.ვ) მგზავრთა სია;

ა.ზ) დეკლარაცია სახიფათო ტვირთების შესახებ;

ა.თ) შეტყობინება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა.თ.ა) საზღვაო ხომალდის დასახელება და დროშა;

ა.თ.ბ) საზღვაო ხომალდის IMO ნომერი;

ა.თ.გ) საზღვაო ხომალდის მფლობელის დასახელება;

ა.თ.დ) გამოსვლის ნავსადგური (ბოლო ნავსადგური, რომელშიც შევიდა, რეწვის რაიონი);

ა.თ.ე) მგზავრთა რაოდენობა;

ა.თ.ვ) ტვირთმიმღების და ტვირთგამგზავნის დასახელება/სახელი და საკონტაქტო მონაცემები;

ა.თ.ზ) მოთხოვნილება საწვავზე (ბუნკერი), სასმელ წყალზე, მომარაგებაზე, დამხმარე ოპერაციებზე.

ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია ზემოთ მითითებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვადა, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარედგინება:

ა) მინიმუმ 24 საათით ადრე ნავსადგურში შესვლამდე, ან,ბ) თუ საზღვაო ხომალდის გამოსვლის ნავსადგურიდან საქართველოს ნავსადგურამდე დარჩენილია 24 საათზე ნაკლები, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ან,გ) თუ წინასწარ უცნობია ჩასვლის ნავსადგური ან შეიცვალა უშუალოდ მოძრაობის პერიოდში აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე.

საქართველოს საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლის 51 ნაწილის, 781 მუხლის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სანავსადგუროს მომსახურების მისაღებად საქართველოს ნავსადგურებში ფუნქციონირებს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა (ტექნიკური პლატფორმა, რომელიც ეროვნულ დონეზე ფუნქციონირებს და იძლევა სანაოსნო, ადმინისტრაციული და საოპერაციო ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, დამუშავებისა და გაგზავნის საშუალებას, რაც მოიცავს დაშვების დონის ფარგლებში მინიჭებული უფლების (უფლებების) მართვას, შეტყობინების ჰარმონიზებულ და მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისებს, რომლებიც უზრუნველყოფს განმცხადებელთან მის კომუნიკაციას და განმცხადებლის მიერ ანგარიშგების ვალდებულების შესრულებას. ეს ტექნიკური პლატფორმა უზრუნველყოფს აგრეთვე კომპეტენტურ ორგანოთა სისტემებთან კავშირს და შესაბამისი მონაცემთა ბაზების ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ხელმისაწვდომობას, რაც იძლევა საშუალებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ იქნეს შეტყობინებები იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს განმცხადებელთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე ამ სისტემებით შეტყობინების მიღების სხვა საშუალებებთან კავშირის დამყარება), რომლითაც განმცხადებელი (ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სააგენტო კომპანია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ანგარიშგებას და პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებისთვის, აგრეთვე მისი სისწორისა და განახლებისთვის) ასრულებს ანგარიშგების ვალდებულებას (ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისად დანიშნულების ნავსადგურისთვის არის დადგენილი). განმცხადებელს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მხოლოდ ერთხელ, გემის ნავსადგურში შესვლისას, აგრეთვე გემის ნავსადგურიდან გასვლისას.

ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სააგენტო კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გემის შესახებ მონაცემების საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდება. სააგენტო კომპანია პასუხისმგებელია ამ მონაცემთა სისწორისთვის, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში მისი განახლებისთვის.

დასახელებული კოდექსის 781 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტო კომპანია არის პირი, რომელიც გემთმფლობელის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და გემთმფლობელის სახელით, ნავსადგურთან შეთანხმებით, გემის კაპიტნის მოთხოვნის შესაბამისად ორგანიზებას უწევს სანავსადგურო მომსახურების გაწევას და გემის ნავსადგურში შესვლასა და ნავსადგურიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესს (მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ორგანოებისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებას), აგრეთვე ტვირთის გაცემასა და მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

„საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის N 371 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებელი ვალდებულია:

ა) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში შეიტანოს ზუსტი ინფორმაცია, ამ წესის დანართ N 1-ის შესაბამისად;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში განაახლოს ინფორმაცია მასში ცვლილების შეტანის გზით;

გ) ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის ასახვა არ მოხდა საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლის ანდა საბაჟო ფორმალობების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის წარუდგენლობა – იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის მიერ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია კანონმდებლობით, აღნიშნული წარმოადგენს მის მუდმივ ვალდებულებას და არ საჭიროებს დამატებით საბაჟო ორგანოს მიერ ინდივიდუალურ შემთხვევებში მოთხოვნას.

დადგენილია ასევე, რომ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მეშვეობით საბაჟო ორგანოსთვის არ იყო მოწოდებული გადამზიდი ნახევარმისაბმელის ტრანზიტული ნომერი, ვინ კოდი და ტვირთად განთავსებული ნახევარმისაბმელის ვინ კოდი, რაც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რეალურ მონაცემებთან შესაბამისი ინფორმაცია სააგენტო კომპანიის/გემის აგენტის – შპს „-----“ მიერ მოწოდებულ იქნა კორექტირებული დოკუმენტაცია წერილობითი ფორმით (წერილი N ----- ).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ამომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საბორნე ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე, საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მეშვეობით საბაჟო ორგანოსთვის არ იყო მოწოდებული გადამზიდი ნახევარმისაბმელის ტრანზიტული ნომერი, ვინ კოდი და ტვირთად განთავსებული ნახევარმისაბმელის ვინ კოდი. მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში განხორციელდა კორექტირება და ჩადენილი ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო შეფარდებული სანქციის ოდენობა შეიცვალა 400 ლარით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69; 178(1);.