გადაწყვეტილება №24605/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24605/2/2025
26 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ----)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 14.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24605/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №21-11/85970 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2024 წლის №26706 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
13.11.2024 წელს გადასახადის გადამხდელმა №188019/-21-11 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. მომსახურების დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №21-11/85970 გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.12.2024 წლის №26706 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე, 57-ე, 309-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 10 ივლისის თარიღით გამოცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად წარმოადგენს ---ის მემკვიდრეს. არც მას და არც მის მამკვიდრებელს 2021 წლის იანვრის შემდგომ არ უწარმოებია სამეწარმეო საქმიანობა, შესაბამისად არც რაიმე საგადასახადო ვალდებულებები დარიცხვია 2021 წლის შემდგომ. ამდენად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, დარიცხული საურავებით უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252- ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:
- 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით.
შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.
- მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.
- 91 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
- მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
ამავე მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის 3 შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253- ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით მამკვიდრებელს გპაბ-ზე 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება სულ 18 136,17 ლარი. მათ შორის: 7 120,53 ლარი, ჯარიმა 3 122,27 ლარი და საურავი 7 893.37 ლარის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 16 იანვრის №1517-21- 11 წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2020 წლის 10 ივლისს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, სადაც მემკვიდრეს წარმოადგენს ----, რომელსაც სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით დაერიცხა 7 120,53 ლარი, ჯარიმა 3 122.27 ლარი და საურავი 7 893,37 ლარის ოდენობით.
ამასთან, --- ახორციელებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას და სამკვიდრო მოწმობის გახსნის შემდგომ გადახდილი აქვს 2 680.20 ლარი. რომელიც გათვალისწინებულ იქნა ჩამოსაწერი დავალიანების დაანგარიშებისას. ამდენად, სამკვიდრო მოწმობის გაცემის შემდეგ განხორციელებული გადახდებით და შემცირების ოპერაციებით პირველ რიგში დაიფარა უფრო ადრე წარმოშობილი დავალიანება.
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-წ მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩამოწერის შემდგომ, სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღის შემდეგ დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
მომჩივანი განმარტავს, რომ 2020 წლის 10 ივლისის თარიღით გამოცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად წარმოადგენს ----ის მემკვიდრეს. ამბობს, რომ არც მას და არც მის მამკვიდრებელს 2021 წლის იანვრის შემდგომ არ უწარმოებია სამეწარმეო საქმიანობა, შესაბამისად არც რაიმე საგადასახადო ვალდებულებები დარიცხვია 2021 წლის შემდგომ. ამდენად, აღნიშნავს, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანება, დარიცხული საურავებით უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამკვიდრო მოწმობა გამოცემულია 2020 წლის 10 ივლისს, სადაც მემკვიდრედ მითითებულია ---, რომელსაც საგადასახადო ვალდებულებები დაერიცხა სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.12.2024 წლის №26706 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.12.2024 წლის №26706 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309 (37, დ).