ბრძანება N 7174
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7174
15 აპრილი 2025
ბრძანება
შპს „--------- -ის “ (ს/ნ "--------")
(მის.:"--------")
2025 წლის 24 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლისა და 10 აპრილის სხდომებზე (ოქმი №15 და №27) განიხილა შპს „---------- ის “ (ს/ნ "--------") 2025 წლის 24 იანვრის №93904/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №007-317 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სესხის პროცენტის ბენეფიციურ მფლობელად „"-------- Limited“-ის ("--------"კუნძულები - ოფშორი) მიჩნევას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. მომჩივანს აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს შემდეგი არგუმენტაცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენებას. მიუთითებს, რომ არ არსებობდა აღნიშნული ნორმების გამოყენების წინაპირობები და ორივე ნორმა არარელევანტურია.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ გადახდილი პროცენტის ბენეფიციურ მფლობელს წარმოადგენს მისი მიმღები პირი - „--------" (კვიპროსი), რომელიც, ამავდროულად, კომპანიის 100% წილის მფლობელია. „--------“ არ წარმოადგენს გამტარ კომპანიას, აქვს რეალური ეკონომიკური შინაარსი, გააჩნია აქტიური ფუნქცია და ბიზნეს ინტერესები. ამავდროულად, საპროცენტო შემოსავლებთან მიმართებით სრულად ფლობს უფლებებს შესაბამისი შემოსავლის გამოყენებასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით და მისი უფლებები არ იზღუდება ისეთი სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს მიღებული შემოსავლის სხვა პირისთვის გადაცემას. ამდენად, „---------“-ის (კვიპროსი) სტრუქტურა, მართვის პროცესები და ფინანსური გამჭვირვალობა აჩვენებს, რომ ის სრულად შეესაბამება ბენეფიციური მფლობელობის კრიტერიუმებს მიღებულ საპროცენტო შემოსავლებთან მიმართებით, რაც საშუალებას აძლევს გამოყენებულ იქნას ორმაგი დაბეგვრის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საგადასახადო შეღვათი.
მომჩივანი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ „----------“ (კვიპროსი) არ წარმოადგენს ბენეფიციურ მფლობელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის განაკვეთზე უფრო მაღალი განაკვეთის დაწესება პირდაპირ წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან. აცხადებს, რომ ვინაიდან კვიპროსის რესპუბლიკა არ წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმის თანახმად, ამ ქვეყნის რეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი პროცენტი შესაძლებელია დაიბეგროს წყაროსთან 5% განაკვეთით, ხოლო ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების გამოყენების შემთხვევაში, პროცენტების გადახდა სრულად გათავისუფლდება.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26882 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის (ს/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მომჩივანის (ს/ნ "--------") და კვიპროსის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ დამფუძნებელ კომპანიასთან - "--------", კვიპროსი, HE 376087 გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებებიდან წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 დეკემბრის №27480 ბრძანება და ამავე თარიღის №007–317 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 808 332 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 248 666 ლარი, ჯარიმა 375 347 ლარი და საურავი 184 319 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „--------" დაფუძნდა 2014 წლის მაისში ერთპიროვნული პარტნიორის "--------"-ს (ლიტვა) მიერ, ხოლო მოგვიანებით, 2014 წლის ივლისში კომპანიის საკუთრების უფლება გადაეცა „---------“-ს - (ნიდერლანდები), რომლის დამფუძნებელიც იყო, ასევე, ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „--------“ გადასახადის გადამხდელი ბრენდული დასახელება - „N1-ს“ ობიექტების საშუალებით ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და ინსტრუმენტების რეალიზაციას.
მომჩივანს 2014 წლის პირველ სექტემბერს „---------“-სთან (ნიდერლანდები) გაფორმებული აქვს 10 000 000 დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება.
2017 წლის 29 დეკემბერს „--------“-ს პარტნიორის გადაწყვეტილების თანახმად, გადაწყდა, რომ „---------.“-ს ყველა აქტივი, მათ შორის წილი კომპანიის კაპიტალში, გადაცემული ყოფილიყო - „---------“-სთვის, რომელიც წარმოადგენს კვიპროსში დაფუძნებულ კომპანიას, დირექტორი და წარმომადგენლები იყვნენ - "--------" (კვიპროსის მოქალაქე, პ/ნ "--------"), "--------"(კვიპროსის მოქალაქე, პ/ნ "--------"), "--------" (უკრაინის მოქალაქე, პ/ნ "--------", მცხოვრები "-------" 7/9-ში). ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია - "--------" -ის კომპანიის წილის რეალიზაციის შემდეგ დალიკვიდირდა.
2018 წელს სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის უფლება გადაეცა ახალ დამფუძნებელს („"--------" Limited“ - კვიპროსი). მომჩივანი 2020 წლამდე სესხის ძირითად თანხას არიცხავდა რთულ პროცენტს. სესხის პროცენტის გადახდისას, სარგებლობდა - „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლით, რომელიც პროცენტის წყაროსთან დაბეგვრის უფლებას აძლევს კვიპროსის რესპუბლიკას.
2021 წლის პირველი თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე "--------" Limited-სგან მიღებულია დამატებით 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი. საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 8%-ს.
გადასახადის გადამხდელის მიერ ანგარიშგების პორტალზე წარდგენილ, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია PwC-ის მიერ აუდირებულ ანგარიშგებაში დაფიქსირებულია, რომ მომჩივანის უშუალო მშობელ კომპანიას წარმოადგენს "--------" Limited“ (კვიპროსი), კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს „"--------" Limited“ ("--------"-ის კუნძულები), რომელიც მართავს კომპანიას ინვესტორების სასარგებლოდ და რომლის საბოლოო, 100%-იანი წილი წარმოადგენს ფ/პ "--------"-ის საკუთრებას.
კვიპროსის ბიზნეს რეესტრის მონაცმებით, "--------" Limited“-ს ჰყავს 3 დირექტორი და ერთი მდივანი. დირექტორები - "--------", "--------" (კიდევ 18 კომპანიასთან არის დაკავშირებული), "--------" (კიდევ 59 კომპანიასთან არის დაკავშირებული). მდივანი - "--------" LIMITED - (დაკავშირებულია კიდევ 1 179 კომპანიასთან).
შემოწმებამ იხელმძღვანელა „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-10 და მე-11 მუხლებით, „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის მე-7 მუხლით, ასევე, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების 11 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტით, „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილების პირველი მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანის მმართველ კომპანიას და საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენდა "------- Limited“ ("--------" კუნძულები), გადასახადის გადამხდელი ვერ ისარგებლებდა „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ დადებული ხელშეკრულების მე-11 მუხლით. შესაბამისად, შემოწმების მიერ გადახდილი პროცენტის განმკარგავად ჩაითვალა "-------- Limited“ ("--------"კუნძულები - ოფშორი) და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, 15%-იანი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
3. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით იღებს/გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:
ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით;
ბ 1 ) როიალტი – 5 პროცენტით;
ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით;
ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1 “ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.
„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-10 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
ამავე შეთანხმების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
„დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის მე7 მუხლის თანახმად, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ნებისმიერი დებულებების მიუხედავად, მის ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათი არ გავრცელდება შემოსავლის ელემენტზე ან კაპიტალზე, თუ ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით, დასაბუთებულად დგინდება, რომ ნებისმიერი სქემის ან ტრანზაქციის, რომლის შედეგად პირდაპირ ან ირიბად მიიღება ეს შეღავათი, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამგვარი შეღავათით სარგებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასტურდება, რომ ამგვარ გარემოებებში ამგვარი შეღავათის მინიჭება შეესაბამება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების შესაბამისი დებულების არსსა და მიზანს.
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების 11 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების თანახმად:
4. შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ამ შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია სრული უფლებები შესაბამისი შემოსავლის გამოყენებასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით და იგი არ იზღუდება ისეთი სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს მიღებული შემოსავლის სხვა პირისათვის გადაცემას.
8. მიუხედავად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებისა, შემოსავლის მიმღებს შესაძლებელია უარი ეთქვას საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობაზე, თუ კონკრეტული ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ შესაბამისი გარიგების ან შეთანხმების დადების მთავარ მიზანს წარმოადგენს გადასახადებისაგან თავის არიდება.
„შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, "--------"-ის კუნძულები ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ მომჩივანს 2014 წლის პირველ სექტემბერს "--------"-სთან (ნიდერლანდები) გაფორმებული აქვს 10 000 000 დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. 2017 წლის 29 დეკემბერს "--------"-ს პარტნიორის გადაწყვეტილების თანახმად, გადაწყდა, რომ „-------.“-ს ყველა აქტივი, მათ შორის წილი კომპანიის კაპიტალში, გადაცემული ყოფილიყო - "-------- Limited“- სთვის, რომელიც წარმოადგენს კვიპროსში დაფუძნებულ კომპანიას, დირექტორი და წარმომადგენლები იყვნენ - "--------" (კვიპროსის მოქალაქე, პ/ნ "--------"), "--------"-ის (კვიპროსის მოქალაქე, პ/ნ "--------"), "--------" (უკრაინის მოქალაქე, პ/ნ "--------", მცხოვრები "--------" 7/9-ში). ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია - "--------" კომპანიის წილის რეალიზაციის შემდეგ დალიკვიდირდა. 2018 წელს სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის უფლება გადაეცა ახალ დამფუძნებელს ("--------" Limited - კვიპროსი). მომჩივანი 2020 წლამდე სესხის ძირითად თანხას არიცხავდა რთულ პროცენტს. სესხის პროცენტის გადახდისას, სარგებლობდა - „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლით, რომელიც პროცენტის წყაროსთან დაბეგვრის უფლებას აძლევს კვიპროსის რესპუბლიკას. 2021 წლის პირველი თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე"--------" Limited-სგან მიღებულია დამატებით 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი. საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 8%-ს. გადასახადის გადამხდელის მიერ ანგარიშგების პორტალზე წარდგენილ, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია PwC-ის მიერ აუდირებულ ანგარიშგებაში დაფიქსირებულია, რომ მომჩივანის უშუალო მშობელ კომპანიას წარმოადგენს "--------" (კვიპროსი), კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს „--------“ ("--------" კუნძულები), რომელიც მართავს კომპანიას ინვესტორების სასარგებლოდ და რომლის საბოლოო, 100%-იანი წილი წარმოადგენს ფ/პ "--------"-ის საკუთრებას. კვიპროსის ბიზნეს რეესტრის მონაცმებით, "--------" Limited-ს ჰყავს 3 დირექტორი და ერთი მდივანი. დირექტორები - "--------", "--------" (კიდევ 18 კომპანიასთან არის დაკავშირებული), კონსტანტინოს მეივატზის (კიდევ 59 კომპანიასთან არის დაკავშირებული). მდივანი - "--------"LIMITED - (დაკავშირებულია კიდევ 1 179 კომპანიასთან).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის მე-7 მუხლზე, ასევე, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების 11 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებზე და საქმეში წარმოდგენილი ყველა შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადახდილი პროცენტის ბენეფიციურ მფლობელს წარმოადგენს"--------" Limited (-------- კუნძულები - ოფშორი), ხოლო 2018 წელს სესხის ხელშეკრულებაში შესული ცვლილების მიზანი, რომლითაც ჩანაცვლდა კრედიტორი და სესხის/მასზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის უფლება გადაეცა „--------"Limited-ს (კვიპროსი), იყო საგადასახადო შეღავათით სარგებლობა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადახდილი პროცენტის ბენეფიციურ მფლობელად "--------"-ის ("--------" კუნძულები - ოფშორი) მიჩნევა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრა მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ „---------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება სესხის პროცენტის ბენეფიციურ მფლობელად მიჩნევას და სსკ-ის 134-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
2. გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და ინსტრუმენტების რეალიზაციას.
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, გადამხდელის და კვიპროსის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ დამფუძნებელ კომპანიასთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებებიდან წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. გადასახადის გადამხდელის მიერ ანგარიშგების პორტალზე წარდგენილ, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის მიერ ანგარიშგებაში დაფიქსირებულია, რომ შპს-ს უშუალო მშობელ კომპანიას წარმოადგენს კვიპროსის რეზიდენტი. ხოლო, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს ოფშორში რეგისტრირებული კომპანია. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველ კომპანიას და საბოლოო მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენდა კომპანია, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული, გადასახადის გადამხდელი ვერ ისარგებლებდა „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ დადებული ხელშეკრულების მე-11 მუხლით. შესაბამისად, შემოწმების მიერ გადახდილი პროცენტის განმკარგავად ჩაითვალა ოფშორი და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, 15%-იანი განაკვეთით.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 134-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრა მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),134(11),269(7).