საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/862-18-22

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.06.2022
№ დოკუმენტი 3/862-18-22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/862-18-22

30 ივნისი, 2022 წელი, ქუთაისი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი

 

მოსარჩელე - „----------“ (პ/ნ ----------);

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

წარმომადგენელი - ----------;

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;

 

წარმომადგენელი - ----------;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ოქმი სერია NCB 913611 „----------“ 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N26049 ბრძანება.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჩივარი 6869/2/2018 წელი.

დავის არსი:

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 05 ივლისს გადაჰქონდა ---------- (უვარგისი მასალა) დამზადებული 3 სმ სისქის ძელაკები.

საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ოქმით სერია NCB 913611, 5000 ლარით იქნა დაჯარიმებული, რაც მიაჩნია უსაფუძვლოდ, რადგან არ საჭიროებდა ზედნადებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქმის მასალებით, საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ოქმით სერია NCB 913611 „----------“ ს.ს.კ-ის 286 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 5000 ლარით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით ----------, რომელიც დატვირთული იყო დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალით, ფიცრით და ძელაკით, რა დროსაც დადგინდა რომ ი/მ „----------“ (პ/ნ ----------) ახდენდა თავისი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ზემო სვანეთის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე, განთავსებული დახერხილი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 2.25 მ3, მისი საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1140 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ოქმი CB 913611.(ს.ფ.18)

ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.104-118)

3.2. საქმის მასალებით, „----------“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2018 წლის 15 აგვისტოს ოქმის სერია NCB 913611 გაუქმება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N26049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჩივარი (ს.ფ.115)

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N26049 ბრძანება (ს.ფ.113- 121)

3.4. საქმის მასალებით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი 6869/2/2018 წელი, „----------“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.13-17).

3.5. „----------“ ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულია 2016 წლის 24 მაისს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი. მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No994 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ოქმი სერია N CB913611 „----------“ 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ; შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N26049 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჩივარი N6869/2/2018 წელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს - საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში

უალო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მე-21 პუნქტის თანახმად გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისა, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი.

მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.

6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ოქმით სერია - NCB 913611 „----------“ ს.ს.კ-ის 286 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 5000 ლარით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით ----------, რომელიც დატვირთული იყო დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალით, ფიცრით და ძელაკით, რა დროსაც დადგინდა რომ ი/მ „----------“ (პ/ნ ----------) ახდენდა თავისი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ზემო სვანეთის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე, განთავსებული დახერხილი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 2.25 მ3, მისი საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1140 ლარს.

„----------“ სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2) ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.

საქართველოს _ საგადასახადო კოდექსის 136–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად: "სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა." საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად „სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

სსკ-ის 286-ე მუხლის 1(1) ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2) ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72–ე მუხლის შესაბამისად.

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2.1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისა, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი.

სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 1. "საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით."

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 ივლისს მის მიერ ტრანსპორტირებული ხის მასალა არ წარმოადგენდა ღირებულების მქონე საქონელს, რადგან საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის რაჭა- ლეჩხუმის და ზემო სვანეთის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილზე, განთავსებული დახერხილი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 2.25 მ3, მისი საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1140 ლარს.

სასამართლო, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 286-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში საქმეზე Nბს205-203(კ-14) საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას ან იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმცემი (გამყიდველი) მის მიერ დაქირავებული თანამშრომლის, დისტრიბუტორის მეშვეობით ახორციელებს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას, ე.ი. გამყიდველი (მეწარმე) ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული - გამოწეროს სასაქონლო ზედნადები, მას ამგვარი ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარუდგენს მეწარმის დამადასტურებელ დოკუმენტს. ზედნადების ქონის ვალდებულება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმებს-205-203(კ-14)), სადაც საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ „სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე ფიზიკური პირის ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად დაკვალიფიცირება ქვეყნის ადმინისტრაციულ, კერძოდ, საგადასახადო ორგანოების მნიშვნელოვან ფუნქციას განეკუთვნება, რაც კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესების უზრუნველყოფით უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე, რათა ამ სფეროს ადმინისტრირების პროცესში გამოირიცხოს კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ საქონლის შეძენა თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და მის ინტენსიურ ხასიათს ყოველი პირის პირადი ცხოვრება, შემოსავლების ოდენობა, დასაქმებულობის ხარისხი, ოჯახის სულადობა, მოთხოვნილებათა, საჭიროებათა მოცულობა, სამომხმარებლო კულტურა - განსაზღვრავს. საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისათვის თუ მოგების მიღების მიზნით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ სფეროში საგადასახადო ადმინისტრირების ფუნქციით აღჭურვილი. საგადასახადო მოხელეები უნდა ფლობდნენ შესაბამის კვალიფიკაციას, შესაბამის უნარ-ჩვევებს, გამოირიცხოს ამგვარი მიზნის არ მქონე პირების მიმართ უკანონო სანქციების გავრცელება, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი და მმართველობითი ავტორიტეტისათვის საზიანო. საკასაციო სასამართლო განმარტავს: ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ. სამართლის ნორმის ამგვარი გაგება-გამოყენება საგადასახადო ორგანოების მხრიდან არ ემსახურება კანონიერი მმართველობის სტანდარტების მიღწევას. პირიქით, ადმინისტრირების უხეში, არაკვალიფიციური სტილი და მეთოდები მმართველობას რეპრესიულ ხასიათს სძენს და იგი დამთრგუნველი, შესაბამისად, მიუღებელი ხდება ფართო საზოგადოებისათვის.“ „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტიდან გამომდინარე ფიზიკური პირის საქმიანობის კვალიფიკაცია ეკონომიკურ საქმიანობად მოითხოვს ამგვარი საქმიანობის დამადასტურებელი/გამაქარწყლებელი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, მათ ობიექტურ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომლის საფუძველზე უტყუარად უნდა დადგინდეს საქმიანობის სტატუსი. მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებების კანონიერებას სწორედ მათი დასაბუთებულობა განსაზღვრავს.“ „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული, მათ შორის, საგადასახადო სამართალდარღვევათა გამოკვლევა-დადგენა, სპეციფიკით გამოირჩევა სამართალდარღვევათა გამოვლენის თავისებურებათა გათვალისწინებით, თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს სამართალდარღვევათა შემფარდებელ ორგანოებს უზრუნველყონ უმნიშვნელოვანესი პროცედურული ვალდებულება გამოიკვლიონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღონ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“ „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი საჯარო წესრიგისა და კანონიერი ადმინისტრირების მისაღწევად იმდენად არსებით საკითხად მიიჩნევს სამართალდარღვევათა გამოვლენას, საგადასახადო სამართალდარღვევათა პრევენციას, მათი განხილვა-გადაწყვეტის პრაქტიკის კანონიერებას, რომ საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოებს დაკისრებული აქვთ ვალდებულება - განახორციელონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება და დასახონ შესაბამისი ღონისძიებები საგადასახადო სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად; გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით.“ სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელია ფიზიკური პირის ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად მიჩნევა ეფუძნებოდეს მხოლოდ საგადასახადო მოხელის აღქმით შეფასებას, რამდენადაც ამგვარ ვითარებაში არსებობს რისკი, რომ ყველა ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირი პოტენციურ სამართალდამრღვევად იქნეს მიჩნეული, რაც მომხმარებელთა უნდობლობასა და უპატივცემულობას გამოიწვევს საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ. საჯარო მმართველობა საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული, შესაბამისად, ადმინისტრირების ნებისმიერი ფორმა საზოგადოების მიერ აღქმული უნდა იყოს, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის საშუალება, რაც მოსახლეობის სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი თანადგომის გარეშე ვერ მიიღწევა.“ „საკასაციო სასამართლო“ განმარტავს, რომ ქვეყნის საგადასახადო სამსახურებმა უნდა შეიმუშაონ ანალოგიური სამართალდარღვევების გამოვლენის-შეფასების დადგენის იმგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი სტანდარტი, მეთოდოლოგია, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევებს, რათა ადმინისტრირების ფორმებმა გაუსაძლისი არ გახადოს ადამიანთა ყოველდღიურობა, არ გაუჩნდეთ განცდა, რომ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. სამოქალაქო ურთიერთობებში შესვლისას შესაძლო ადმინისტრირების, მინიმუმ დაკვირვების ობიექტს წარმოადგენენ, რაც პოზიტიურად არ აისახება ქვეყანაში ისედაც განუვითარებელი და ჩამოუყალიბებელი საბაზრო ურთიერთობებისა და აქტიური ბრუნვის კულტურის დამკვიდრებაზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კვალიფიციურად მართონ პროცესი, რომ ის ფიზიკური პირები, რომლებიც მოგების მიზნით იძენენ პროდუქციას, თუმცა, სათანადო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობენ, რათა თავი აარიდონ კუთვნილი გადასახადების გადახდას, რითიც პატივს არ სცემენ საზოგადოებრივი თანაცხოვრების საერთო წესებს, არ დარჩნენ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად სანქცირების მიღმა. ამ მმართველობითი მიზნის მიღწევა საგადასახადო სისტემას ავალდებულებს ადმინისტრირების მეთოდოლოგიის, ტექნიკური საშუალებების და მოხელეთა უნარ-ჩვევებისა და ა.შ., ღონისძიებათა მთელი კომპლექსის თანამედროვე, კანონიერი სტანდარტის შემუშავებას.“

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი ტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.“ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.“

ამდენად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად,ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ვინაიდან „----------“ ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულია 2016 წლის 24 მაისს, ხოლო მისი სამეწარმეო საქმიანობის სახეა ხე-ტის მასალით ვაჭრობა, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებული იყო სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხის მასალის ტრანსპორტირების დროს გამოეწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რადგან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ზემოაღნიშნული თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ინსტრუქციის 25 მუხლის მე-2 პუნქტის თამდენად, კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ზედნადების სავალდებულო წესით გამოწერის შემთხვევები, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი.

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60,1 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები - საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ოქმი სერია CB 913611 „----------“ 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ; შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N26049 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჩივარი 6869/2/2018 წელი, შეესაბამება კანონს და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე _ განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახ. ბაჟი სრულად უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესოკოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. „----------“ (პ/ნ ----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11).

4. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე

მალხაზ ჩუბინიძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ოქმით ს.ს.კ-ის 286 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 5000 ლარით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ა/მანქანა, რომელიც დატვირთული იყო დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალით, ფიცრით და ძელაკით, რა დროსაც დადგინდა რომ მეწარმე ახდენდა თავისი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ზემო სვანეთის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე, განთავსებული დახერხილი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 2.25 მ3, მისი საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1140 ლარს.

სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2) ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები - საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ოქმი 5000 ლარით დაჯარიმების შესახებ; შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N26049 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჩივარი 6869/2/2018 წელი, შეესაბამება კანონს და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესოკოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.