ბრძანება N 22219

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.10.2024
№ დოკუმენტი 22219
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22219

11 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“-ის (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------

იურ. მის.: ----------------------------)

2024 წლის 25 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ ----------------) 2024 წლის 25 სექტემბრის №92107/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს №007-229 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლას და 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ არარეზიდენტი მომწოდებლისთვის თანხის გადახდა დადასტურებულია როგორც არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერით, ისე არარეზიდენტ მომწოდებელთან გაფორმებული შესაბამისი პერიოდების შედარების აქტებით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა პირების მიერ სატრანსპორტო გადაზიდვებში გამოყენების ოპერაციის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად განხილვას და დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის №8325 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა

შპს „---------“-ის (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 8 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 აგვისტოს №19342 ბრძანება და ამავე თარიღის №007-229 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 664 ლარი, მათ შორის, გადასახადი 27 877 ლარი, ჯარიმა 22 334 ლარი, საურავი 9 453 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. იმპორტირებული საქონლის გარკვეულ ნაწილზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ არის საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), ამასთან, აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონულად არსებობს ინვოისები და საბაჟო დეკლარაციები, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად (იმპორტირებული საქონლის ღირებულებისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით გადარიცხული თანხის ოდენობას შორის სხვაობიდან). ხოლო, დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დარიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებულია სხვადასხვა პირების მიერ საქონლის გადაზიდვებში, რის შესახებ ინფორმაცია ასახულია მათ მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნულთან დაკავშირებით მომსახურების გაწევიდან შემოსავლის მიღების ფაქტი შემოწმებით არ დგინდება. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა აღნიშნული გადაზიდვების საბაზრო ფასები, რის გათვალისწინებითაც განისაზღვრა შესაბამისი დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, იმპორტირებული საქონლის გარკვეულ ნაწილზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ არის საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), ამასთან, აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონულად არსებობს ინვოისები და საბაჟო დეკლარაციები, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენაიმპორტი, იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად (იმპორტირებული საქონლის ღირებულებისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით გადარიცხული თანხის ოდენობას შორის სხვაობიდან). ხოლო, დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომ კომპანიის მიერ არარეზიდენტი მომწოდებლისთვის თანხის გადახდა დადასტურებულია როგორც არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერით, ისე არარეზიდენტ მომწოდებელთან გაფორმებული შესაბამისი პერიოდების შედარების აქტებით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს სადავო არ გაუხდია ინვოისების არსებობა და მასში მითითებული საქონლის ღირებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებულია სხვადასხვა პირების მიერ საქონლის გადაზიდვებში, რის შესახებ ინფორმაცია ასახულია მათ მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნულთან დაკავშირებით მომსახურების გაწევიდან შემოსავლის მიღების ფაქტი შემოწმებით არ დგინდება. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა აღნიშნული გადაზიდვების საბაზრო ფასები, რის გათვალისწინებითაც განისაზღვრა შესაბამისი დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოგების გადასახადით დაბეგრილია მ.შ იურიდიული პირებისთვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემა უსასყიდლოდ ხორციელდებოდა კომპანიის პარტნიორ საწარმოებზე. აცხადებს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტნიორი საწარმოები მოგების გადასახადის მიზნებისთვის წარმოადგენდნენ ე.წ. „ესტონურ მოდელის“ მიხედვით დაბეგვრად კომპანიებს, მათზე უსასყიდლო მომსახურების გაწევა არ დაიბეგრება (არც მოგების გადასახადით და არც დღგ-ით).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვა, გადაზიდვის ღირებულების გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი გადაზიდვების საბაზრო ფასების მიხედვით განსაზღვრა და დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ხოლო, მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოგების გადასახადით დაბეგრილია მ.შ იურიდიული პირებისთვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა და ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით არ იბეგრება მოგების გადასახადით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იურიდიული პირებისთვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იურიდიული პირებისთვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლას და 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

2. კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა პირების მიერ სატრანსპორტო გადაზიდვებში გამოყენების ოპერაციის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად განხილვას და დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8325 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №19342 ბრძანება და №007-229 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 664 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის იმპორტირებული საქონლის გარკვეულ ნაწილზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ არის საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი , ამასთან, აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონულად არსებობს ინვოისები და საბაჟო დეკლარაციები, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად (იმპორტირებული საქონლის ღირებულებისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით გადარიცხული თანხის ოდენობას შორის სხვაობიდან). ხოლო, დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დარიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებულია სხვადასხვა პირების მიერ საქონლის გადაზიდვებში, რის შესახებ ინფორმაცია ასახულია მათ მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნულთან დაკავშირებით მომსახურების გაწევიდან შემოსავლის მიღების ფაქტი შემოწმებით არ დგინდება. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა აღნიშნული გადაზიდვების საბაზრო ფასები, რის გათვალისწინებითაც განისაზღვრა შესაბამისი დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან,კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე გაწეული მომსახურების საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვა, გადაზიდვის ღირებულების გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი გადაზიდვების საბაზრო ფასების მიხედვით განსაზღვრა და დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.

ხოლო, მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოგების გადასახადით დაბეგრილია მ.შ იურიდიული პირებისთვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა და ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით არ იბეგრება მოგების გადასახადით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იურიდიული პირებისთვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“ ); 97(1 „გ“); 983 (1.3 „ზ“); 101(1); 154(1 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1 „ბ“); 163(1); 164(1);