ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია N 2647
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია N 2647
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „A“ და შპს „B" წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. ამასთან, ორივე საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
· შპს „A“-მ შპს „B"-სთან დადო ხელშეკრულება 100 ცალი კალმის მიწოდების თაობაზე. თითო კალმის საბაზრო ფასი შეადგენდა 1 ლარს, საკომპენსაციო თანხა კი განისაზღვრა 80 ლარის ოდენობით.
· შპს A-მ აღნიშნული 20 ლარი არ ჩათვალა მოგების განაწილებად და არ დაბეგრა მოგების გადასახადით.
შეფასება
· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ა) განაწილებული მოგება; ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; დ) საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
· როგორც ზემოაღნიშნული ნორმა ცხადყოფს, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ისეთ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით კი, საწარმოები მოგების გადასახადით იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოგების განაწილების გარდა, გათვალისწინებულია მოგების გადასახადით დაბეგვრის სხვა ობიექტები, რომელთაგან, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არაა არცერთი მათგანი, მათ შორის, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება. შესაბამისად, პირის ქმედება მართლზომიერია.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულები ს დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 19 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით