ბრძანება N 11934
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11934
10 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----ის“ (ს/ნ ---)
(---) 2025 წლის 24 მარტის, 7 აპრილის და 7 მაისის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3, 10 აპრილის და 15 მაისის სხდომებზე (ოქმები №25; №27; №39) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 24 მარტის №94726/1/2025 საჩივარი, ასევე, 2025 წლის 7 აპრილის №55386/21 და 7 მაისის №70877/21 კორესპონდენცია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 მარტის №006-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მიწის მეპატრონეებისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონებების მეპატრონეებზე ფაქტობრივად გადაცემის მომენტში საქონლის მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შპს „---მ“ (ს/ნ ----) მიწის მესაკუთრეებთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა 2018 წლის სექტემბერში. ამ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლებოდა ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტი. იმის გამო, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა შენობის ექსპლუატაციაში მიღება, საწარმოს არ დაურიცხავს და არ გადაუხდია შესაბამისი დღგ. ნორმა, რომლის მიხედვითაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამოქმედდა 2021 წლის პირველი იანვრიდან. თუმცა პარალელურად კანონმდებლობიდან არ იქნა ამოღებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტი, რამაც განაპირობა ორაზროვნება. აღნიშნული მუხლი ამოღებული იქნა 2020 წლის 9 სექტემბრის შემდეგ. კანონმდებლობაში არსებული ნორმების დაზუსტების მიზნით 2024 წლის 7 ივნისს გამოიცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილება №195, რომელმაც დააზუსტა და დააკონკრეტა საგადასახადო კოდექსში არსებული ნორმები და რომლის თანახმადაც, „2024 წლის 1 იანვრამდე დადებულ ბარტერულ გარიგებებზე, შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში. ამასთანავე, ბარტერული ოპერაციის ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე თანხის ნაწილობრივ ანაზღაურების შემთხვევაში, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა თანხის ანაზღაურების საანგარიშო პერიოდში.“
საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, ხოლო შპს „---ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო დღგ-ს დარიცხვა სამუშაოების დასრულებისა და შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე. მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მომენტთან დაკავშირებით მომჩივანი მიუთითებს, რომ ქ. ----ს სამსახურის მიერ 2024 წლის 30 იანვარს გაცემული N--- ბრძანების - მშენებლობის ნებართვის თანახმად, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 30 იანვრიდან 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით და მიიჩნევს, რომ განსახილველი დასაბეგრი ოპერაციების დღგ-თი დაბეგვრა უნდა მოხდეს 2025 წლის 30 აგვისტოს, როცა მოხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება. გადამხდელის განმარტებით, ასევე აღსანიშნავია ის გარემოებებიც, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა ფართების გადაფორმების მომენტში 2022-2024 წლებში. ამ პერიოდებში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა კორპუსის მშენებლობის პროცესი. 2022 წელს ქვეკონტრაქტორმა, რომელიც აშენებდა კორპუსს, გასწია 7 460 142 ლარის მომსახურება, 2023 წელს - 4 190 487 ლარის, ხოლო 2024 წელს - 441 111 ლარის მომსახურება. კომპანია ქვეკონტრაქტორების მეშვეობით დღემდე ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. კერძოდ, ამ ეტაპზე არ არის დასრულებული სახურავი, მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა და ლიფტების მონტაჟი. შესაბამისად, 2022-2024 წლებში დღგ-ს დარიცხვა არ არის სწორი, რადგან ბინების გადაფორმება არ განსაზღვრავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობის შესრულებასა და მიწოდების/მომსახურების გაწევის დასრულებას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ დაბეგვრა ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა განხორციელებულიყო, არასწორია დღგ-ის დაანგარიშება, ვინაიდან გადაფორმების მომენტში ფართები არ იყო დასრულებული და მიყვანილი ბარტერის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობამდე.
შესაბამისად, დასაბეგრი ბაზა უნდა გამრავლებულიყო დასრულების პროცენტზე. ამასთან, ფართების ღირებულების დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა საბაზრო ფასებით, არამედ ბარტერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით, რომელიც, გადამხდელის განცხადებით, შეადგენს 500 აშშ დოლარს კვ.მ.-ზე. მაგალითად, 2023 წლის 5 მაისს ბ.ნ. ---ზე გადაცემული ბინაზე დღგ-ით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 53 693 ლარს (54კვ.მ.*$500*2.4858*80%=53 693 - დასრულების პროცენტი 80% დასაზუსტებელია), ნაცვლად აქტის პროექტში წარმოდგენილი 238,890 ლარისა. გადამხდელი მიუთითებს, რომ აქტში ბაზასთან ერთად არასწორად არის დათვლილი დღგ-ს თანხა. კერძოდ, იგი გამოთვლილია როგორც ფართის ღირებულების 18%, სინამდვილეში კი ფართის ღირებულება მოიცავს დღგ-ს. მომჩივანი ასევე მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები და დამატებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილება №195 აუარესებს შპს „---ის“ მდგომარეობას, რადგან მას ადრე დააკისრეს დღგ-ს გადახდა. შესაბამისად, არ არსებობს დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
განმარტავს, რომ კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასახადებისაგან თავის არიდება და კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს. მომჩივანი თვლიდა, რომ გადასახადი უნდა გადაეხადათ მომავალში, როდესაც მოხდებოდა შენობის ექსპლუატაციაში გადაცემა და მიაჩნია, რომ არცერთი გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ გადამხდელი გაცნობიერებულად და განზრახ არ იხდიდა გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის №15289 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის 27 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 21 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 მარტის №3688 ბრძანება და ამავე თარიღის №006-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 579 337 ლარი, მათ შორის, გადასახადი 873 517 ლარი, ჯარიმა 556 039 ლარი, საურავი 149 781 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● შპს „---ს" ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბინების/ფართების მშენებლობარეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებს ქ. ---ში, ---ის ქ. ---- -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ქვეკონტრაქტორების მეშვეობით და შესაბამის რეალიზაციას. აღნიშნული პროექტი დაიწყო 2018 წელს. კერძოდ, 2018 წლის 4 სექტემბერს საწარმომ სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გააფორმა „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულება (შემდგომში "ბარტერი"). ხელშეკრულება წარმოადგენს სამმხრივ შეთანხმებას: ერთის მხრივ მიწის მესაკუთრეებს (გამყიდველი), მეორეს მხრივ შპს „---ს" (მყიდველი") და მესამე მხრივ ---ს ("შემსრულებელი") შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „---" ვალდებულია მხარეებს გადასცეს ფულადი სახით 440 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და უძრავი ქონება 3 460 კვ.მ. საცხოვრებელი და მთლიანი ავტოსადგომების 25%. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სააღრიცხვო დოკუმენტაციის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ აღნიშნული ფართების გარკვეული ნაწილი არ არის დღგ-ის 18%- იან ბრუნვაში ასახული. გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული ფართების დეკლარირებას მოახდენს, კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით, დგინდება, რომ შპს „----ის" გამყიდველისათვის ფაქტობრივად გადაცემული აქვს შესაბამისი საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის, 160-ე, 1601 , 163-ე მუხლების თანახმად, ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და „ბარტერის“ ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „---ს“ ერთის მხრივ (პირობადადებული საკუთრების სახით) საკუთრებაში გადაეცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ს/კ ----, მეორეს მხრივ კი შპს „---“ იღებს ვალდებულებას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს და მესაკუთრეებს მიაწოდოს საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები და გადაუხადოს კონკრეტული ფულადი თანხა.
შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირების მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მეორეს მხრივ, შპს „---ის“ მიერ ფიზიკური პირებისთვის (საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი და ინდივიდუალური საპარკინგე ადგილი) მიწოდება და ფულადი თანხის გადახდა განხილულ უნდა იყოს ერთიან გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებში, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, კომპანიის მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა და ფულადი თანხის გადახდა.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის მიერ სამშენებლო მომსახურება გაიწევა 2018 წელს საკუთრებაში მიღებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, შპს „---თვის“ დღგ-ით დაბეგვრის დრო უნდა განისაზღვროს ზემოთ მითითებული ნორმების მიხედვით, კერძოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის მიხედვით.
ამდენად, შპს „---“-ის მიერ ფიზიკური პირებისათვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი, კერძოდ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) საანგარიშო პერიოდი.
● საწარმოს მიერ 2018 წლის 4 სექტემბერს სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულება (შემდგომში "ბარტერი"), აღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ---, შემდგომში მოხსენიებული როგორც „შემსრულებელი“.
ზემოაღნიშნული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ---ს „სამშენებლო პროექტის“ მიღების სანაცვლოდ შპს „---“ გადასცემს 800 კვ.მ ოდენობის საცხოვრებელ ფართებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და მე-2 მუხლების, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 521-ე მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 483 -ე მუხლის გათვალისწინებით, დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს „ბარტერის“ ხელშეკრულებაში „შემსრულებლად“ მითითებულ პირს, ----სა და შპს „---ს“ შორის არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მიხედვითაც --- შპს „---ს“ უწევს სამშენებლო პროექტის მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, სანაცვლოდ კი შპს „---“- სგან იღებს შეთანხმებული ბინების ფართს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ სახეზე გვაქვს გაცვლის ოპერაცია, შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს საბაზრო ფასი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, თუ სახეზეა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია.
ამ შემთხვევაში საქონლის მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება, რომ საქონელი/მომსახურება რეალიზებულია საბაზრო ფასით. შესაბამისად, შპს „---ის“ მიერ ---თვის მიწოდებული ბინის ფართები უნდა ჩაითვალოს საბაზრო ფასით რეალიზაციად. გარდა ამისა, შპს „---ის“ მიერ ---სთვის ფაქტობრივად მიწოდებული ბინები (ჯამში 707 კვ.მ.) დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა მარეგისტრირებელ ორგანოში მასზე და მის უფლებამონაცვლედ განსაზღვრულ პირებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ხოლო მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლოსამონტაჟო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/ მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის №195 საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც განმარტავს, გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხს, როდესაც ამ გარიგების ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, 2024 წლის პირველ იანვრამდე დადებულ გარიგებებზე, ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში. შესაბამისად, თუ 2024 წლის 1 იანვრამდე დადებული გარიგების მიხედვით, ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, საწარმოსგან საკუთრებაში იღებს ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ნაწილს, საწარმოს მიერ, აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ფიზიკური პირისთვის შენობა-ნაგებობის მიწოდების საანგარიშო პერიოდში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა ქ. ---- მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ქვეკონტრაქტორების მეშვეობით და ფართების რეალიზაციას. აღნიშნული პროექტი დაიწყო 2018 წელს. კერძოდ, 2018 წლის 4 სექტემბერს საწარმომ სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გააფორმა „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულება. ხელშეკრულება წარმოადგენს სამმხრივ შეთანხმებას: ერთის მხრივ მიწის მესაკუთრეებს (გამყიდველი), მეორეს მხრივ შპს „----ს" (მყიდველი") და მესამე მხრივ ---ს ("შემსრულებელი") შორის.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „---" ვალდებულია მხარეებს გადასცეს ფულადი სახით 440 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და უძრავი ქონება 3 460 კვ.მ., საცხოვრებელი და მთლიანი ავტოსადგომების 25%. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ:
- აღნიშნული სამმხრივი შეთანხმება განხილულია გაცვლის („ბარტერის) ოპერაციად. შემოწმების მიერ შეთანხმების საფუძველზე გაიმიჯნა მიწის მესაკუთრეებთან და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულების შინაარსი, კერძოდ, შემოწმების მიერ, ერთის მხრივ მიწის მესაკუთრეებთან დადებული „ბარტერის ხელშეკრულება“ დაკვალიფიცირდა როგორც უძრავი ქონების (მიწის) საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად, ხოლო „შემსრულებელთან“ (---სთან) მიმართებით, ხელშეკრულების შინაარსი განხილულ იქნა, როგორც მომსახურების გაწევის სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.
- შპს „---ს" მიწის მესაკუთრეებისთვის ფაქტობრივად გადაცემული აქვს შესაბამისი საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები. ამდენად, შპს „---ის“ მიერ ფიზიკური პირებისათვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროდ განისაზღვრა მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი, კერძოდ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების საანგარიშო პერიოდი. მიწის მესაკუთრეებთან არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელდა ე.წ დანახარჯების მეთოდით (სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული სრული დანახარჯების ჯამის შეფარდებას შენობის (კორპუსის) საერთო სასარგებლო ფართთან) საცხოვრებელი ბინის ერთ კვადრატული მეტრის ღირებულების განსაზღვრა.
შემოწმების მიერ დანახარჯის ჯამად განსაზღვრულ იქნა 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საერთო ხარჯი. შესაბამისად, მიწის მესაკუთრეებთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, დანახარჯების მეთოდის გამოყენებით, დასაბეგრ ბაზად განისაზღვრა 3 939 779 ლარი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირ განხილვაზე დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ შემოწმების მიერ საერთო ხარჯში არასწორად იქნა შეყვანილი 2024 წელს ლიფტის/ლიფტების მონტაჟზე გაწეული ხარჯიც, რაც იწვევდა შესაბამისი თანხების ხელოვნურ გაზრდას, შესაბამისად გადასახადის თანხების გაზრდას. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, კერძოდ, შემოწმების მიერ დანახარჯის ჯამად განსაზღვრულ იქნა 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საერთო ხარჯი, შესაბამისად 2024 წელს ლიფტის/ლიფტების მონტაჟზე გაწეული ხარჯი აღნიშნულ თანხაში არ არის შეყვანილი.
- შპს „---ის“ მიერ ---სთვის ფაქტობრივად მიწოდებულია ფართები (ჯამში 707 კვ.მ.). როგორც ზემოთ აღნიშნულია, სახეზეა გაცვლის ოპერაცია და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ საქონლის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის დროდ განისაზღვრა მასზე და მის უფლებამონაცვლედ განსაზღვრულ პირებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდები.
აღნიშნულ ოპერაციაზე (სამართლებრივ ურთიერთობაზე) შემოწმების მიერ გავრცელებულია საბაზრო ფასი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად. კერძოდ, შესაბამისი ბინის ღირებულება განსაზღვრულ იქნა, იმავე კორპუსში, იმავე სართულზე და ამასთან იმავე პერიოდში (ბინის მიწოდების მომენტი) სხვა (არაურთიერთდამოკიდებულ) პირზე რეალიზებული ბინის ღირებულებიდან გამომდინარე.
- შპს „---ის“ მიერ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში დამატებით წარმოდგენილ არგუმენტთან და გაანგარიშების ცხრილთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მათ მიერ განმეორებით იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალებში არ არის მოცემული რაიმე ახალი დამატებითი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ბარტერული ოპერაციის ფარგლებში კომპანიის მიერ სამშენებლო მომსახურების გაწევა განხორციელდა 2021 წლამდე საკუთრებაში მიღებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი დრო განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი. მომსახურების გაწევის მომენტად კი მიჩნეულ უნდა იქნას ის მომენტი, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგება ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის, მაგრამ არაუგვიანეს მომენტისა, როდესაც მომსახურების მიმღები ფაქტობრივად მიიღებს მომსახურებას. ხოლო ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმების გაცვლის („ბარტერის) ოპერაციად განხილვა, მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებთან და ფიზიკურ პირ ---თან განხორციელებული ბარტერული (გაცვლის) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროდ ფართებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდების (ფაქტობრივი მიწოდების საანგარიშო პერიოდის) მიჩნევა და ასევე, მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე გადაცემული ფართების ღირებულების შენობის ჯამურ ფართში, ამ პირებისთვის გადაცემული ფართების წილის პროპორციული დანახარჯების მიხედვით განსაზღვრა, განხორციელდა მართლზომიერად. რაც შეეხება ბარტერის (გაცვლის) ოპერაციის მიზნებისთვის, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის საკითხს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირისათვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულება უნდა განისაზღვროს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით).
თავის მხრივ, საბაზრო ფასი უნდა დადგინდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, მათ შორის, ბაზარზე ამ საქონლის მიწოდების მომენტისათვის იდენტური (მსგავსი) მახასიათებლების (ფიზიკურ პირთან ხელშეკრულების გაფორმების მომენტის გათვალისწინებით) მქონე უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.
ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირ ----სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირ ---სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მიწის მეპატრონეებისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონებების მეპატრონეებზე ფაქტობრივად გადაცემის მომენტში საქონლის მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბინების/ფართების მშენებლობა/რეალიზაცია. საწარმოს მიერ 2018 წლის 4 სექტემბერს სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულება (შემდგომში "ბარტერი"), აღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, შემდგომში მოხსენიებული როგორც „შემსრულებელი“.
ზემოაღნიშნული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, შემსრულებელს „სამშენებლო პროექტის“ მიღების სანაცვლოდ მომჩივანი გადასცემს 800 კვ.მ ოდენობის საცხოვრებელ ფართებს. ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს „ბარტერის“ ხელშეკრულებაში „შემსრულებლად“ მითითებულ პირსა და კომპანიას შორის არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მიხედვითაც შემსრულებელი უწევს სამშენებლო პროექტის მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, სანაცვლოდ კი საწარმოსგან იღებს შეთანხმებული ბინების ფართს.
ამ შემთხვევაში საქონლის მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება, რომ საქონელი/მომსახურება რეალიზებულია საბაზრო ფასით. შესაბამისად, საწარმოს“ მიერ შემსრულებლისთვის მიწოდებული ბინის ფართები უნდა ჩაითვალოს საბაზრო ფასით რეალიზაციად. გარდა ამისა, საწარმოს მიერ შემსრულებლისთვის ფაქტობრივად მიწოდებული ბინები (ჯამში 707 კვ.მ.) დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა მარეგისტრირებელ ორგანოში მასზე და მის უფლებამონაცვლედ განსაზღვრულ პირებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირსა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 160 (5); 18 (1); 159 (1); 163 (1,2,6); 164; 269 (7).