სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება N 2542

2542 სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება 21.05.2020
№ დოკუმენტი 2542
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება N 2542

ფაქტობრივი გარემოებები

· გადასახადი გადამხდელად რეგისტრირებული "A" პირის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქონლის მიტანის მომსახურება ე.წ "დელივერი სერვისი".

· საქონლის მიტანის მომსახურებების განმახორციელებელ "A" პირს დაუკავშირდა ფიზიკური პირი, რომელმაც პირადი მოხმარების მიზნით (არასამეწარმეო საქმიანობისათვის) დაავალა/შეუკვეთა საკვები პროდუქტის მიტანა.

· აღნიშნულ ოპერაციაზე სასაქონლო ზედნადები არ გამოწერილა ოპერაციის მონაწილე არცერთი მხარის მიერ. შესაბამისად, "A" პირმა საკვები პროდუქტის ტრანსპორტირება განახორციელა სასაქონლო ზედნადების გარეშე.

შეფასება

· სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გამოიწეროს სასაქონლო ზედნადები. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

· არასამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრასნსპორტირებისას, სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა. შესაბამისად, პირთა ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.

ღონისძიებები

· პირთა ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 6 მაისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.