გადაწყვეტილება №23143/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 23143/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23143/2/2024

16 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------------ძე (ს/ნ -----------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ძის 27.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 16.03.2024 წლის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8700 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 50 142.54 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

16.03.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------ს“კონტროლის ზონაში -------ის მხრიდან შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომობილი, ქართული სახელმწიფო სანომრე ნიშნით -------. მომჩივანმა დასმულ შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის ნაღდი ფული, განაცხადა უარი.

საბაჟო ორგანოს მიერ მოხდა მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რომლის შედეგად, ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული ----- აშშ დოლარი (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16.03.2024 წლისათვის დადგენილი ოფიციალური კურსის გათვალისწინებით – ----ლარი).

გამოვლენილ ფაქტზე 16.03.2024 წლის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა -------- ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.04.2024 წლის №8700 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 24-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-5, მე-6, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 157-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

16.03.2024 წელს-----ს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ მოხდა მისი და მისივე კუთვნილი ავტომობილის შემოწმება. რა თქმა უნდა, კანონით აკრძალული არაფერი გააჩნდა. ტანზე ეკეთა სამკერდე ჩანთა, რა დროსაც ოფიცერმა კითხა, თუ რა ედო შიგნით, რაზეც უპასუხა, რომ ჰქონდა თანხა. შემდგომ აბსოლუტურად მოულოდნელად, შეიყვანეს შემოწმების ოთახში, მოახდინეს აღნიშნული თანხის დათვლა და მომჩივნის მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის №--------ოქმი.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა კუთვნილი თანხის 10 %-ით (----- აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, ---- ლარის ოდენობით), რომელიც გადაიხადა ადგილზე.

მომჩივანი არ ეთანხმება ზემოხსენებულ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, მიმაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს საბაჟო ჯარიმა და კუთვნილი თანხა დაუბრუნდეს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრვი გარემოებათა გამო:

მთელი მისი ცხოვრება შრომობს პატიოსნად, არასოდეს ყოფილა კანონთან კონფლიქტში, მათ შორის, არ ყოფილა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი. აღნიშნული თანხა პატიოსანი შრომით გამოიმუშავა. გაუსაძლის ყინვებში, დილის 7 საათზე დგებოდა და დაღამებამდე მუშაობდა, სამშობლოსგან და ოჯახისგან შორს. მისი საქმიანობით ------ში სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებოდა ციტრუსის რეალიზაციაში და ვინაიდან ------ის -----დან -----ში არ ხდებოდა თანხის გადარიცხვა, საქართველოს გავლით მოუწია აღნიშნული თანხის გადატანა. მისი არ ცოდნის გამო, იმ ფაქტის უცოდინრობით, რომ თანხა უნდა დაედეკლარირებინა, განუზომლად დიდი ზიანი მიადგა მას და მის ოჯახს, ვინაიდან დაჯარიმებული თანხის მეოთხედიც კი არ წარმოადგენდა მის ანაზღაურებას.

ამასთან, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ არავითარი მიზანი თანხის დამალვის არ ჰქონია, თანხა ედო სამკერდე ჩანთაში, საკმაოდ თვალსაჩინოდ. დამალვის მიზანი რომ ჰქონოდა, ამისთვის მინიმუმ ავტომობილში შეინახავდა, საბანკო ანგარიშზე განათავსებდა ან სხვაგვარად შეეცდებოდა მის დამალვას.

არასოდეს ჰქონია რაიმე ინტერესი და სურვილი, რომ ჩაედინა უკანონო საქციელი, არც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდა და არ იცოდა, თუ საზღვარზე მისი კუთვნილი თანხა უნდა დაედეკლარირებინა.

მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება, ასევე ჯარიმის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რაზეც ეთქვა უარი.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურმა ზედაპირულად იმსჯელა მის არგუმენტებზე, თითქოს მან მებაჟე ოფიცერს დაუმალა ნაღდი ფულის არსებობის შესახებ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან შემოწმების დროს მებაჟე ოფიცრის მითითებით, გადმოვიდა ავტომობილიდან, რა დროსაც მკერდზე დემონსტრაციულად გადაკიდებულ სამკერდე ჩანთაზე მებაჟე ოფიცერმა ჰკითხა, თუ რა ედო, რაზეც უპასუხა, რომ ედო თანხა.

ბუნებრივია, რომ არ ჰქონია არანაირი მცდელობა თანხის დამალვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე შესამჩნევად არ მოახდენდა თანხის დემონსტრაციულად ტარებას. ამდენად ის ერთადერთი მსჯელობა, რაზეც ამყარებს შემოსავლების სამსახური საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, არის ერთმნიშვნელოვნად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ზოგად პრინციპებს. ხსენებული მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი ითვალისწინებს ჩადენილი სამართალდარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო, პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუ ჩადენილია მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ვალდებულია დაადგინოს ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. 11.04.2012 წლის №ბს-1655-1627(კ-11) განჩინებით განიმარტა, რომ გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას.

დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი).

მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 7.10.2014 წლის განჩინება (საქმე №ბს222-219 (კ-14)), სადაც აღინიშნა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება, ანუ პრინციპთა ერთიან სისტემას, რომლებიც ასახავენ მის შინაარსს, არსს, ფუნქციებსა და რეალიზაციის ფორმებს. საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს, კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით. საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, გაუმქდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის ბრძანება და დაუბრუნდეს მის მიერ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე საბაჟო ჯარიმის სახით გადახდილი ------ ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

ამავე ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია, ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა), დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია, დაათვალიეროს ფიზიკური პირი, განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ დამალული საქონლის მგზავრის მიერ ნებაყოფლობით გადაცემის ან/და დათვალიერების შედეგად ასეთი საქონლის აღმოჩენის შესახებ დგება „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

მომჩივნის განმარტებით, 16.03.2024 წელს -------ს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ მოხდა მისი და მისივე კუთვნილი ავტომობილის შემოწმება. რა თქმა უნდა, კანონით აკრძალული არაფერი გააჩნდა. ტანზე ეკეთა სამკერდე ჩანთა, რა დროსაც ოფიცერმა კითხა, თუ რა ედო შიგნით, რაზეც უპასუხა, რომ ჰქონდა თანხა. შემდგომ აბსოლუტურად მოულოდნელად, შეიყვანეს შემოწმების ოთახში, მოახდინეს აღნიშნული თანხის დათვლა და მომჩივნის მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის №--------- ოქმი.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა კუთვნილი თანხის 10 %-ით (----- აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, ----- ლარის ოდენობით), რომელიც გადაიხადა ადგილზე.

მომჩივანი არ ეთანხმება ზემოხსენებულ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ჯარიმა და კუთვნილი თანხა დაუბრუნდეს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო:

მთელი მისი ცხოვრება შრომობს პატიოსნად, არასოდეს ყოფილა კანონთან კონფლიქტში, მათ შორის, არ ყოფილა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი. აღნიშნული თანხა პატიოსანი შრომით გამოიმუშავა. გაუსაძლის ყინვებში, დილის 7 საათზე დგებოდა და დაღამებამდე მუშაობდა, სამშობლოსგან და ოჯახისგან შორს. მისი საქმიანობით -----ში სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებოდა ციტრუსის რეალიზაციაში და ვინაიდან ----ის -----დან ------ში არ ხდებოდა თანხის გადარიცხვა, საქართველოს გავლით მოუწია აღნიშნული თანხის გადატანა. მისი არ ცოდნის გამო, იმ ფაქტის უცოდინრობით, რომ თანხა უნდა დაედეკლარირებინა, განუზომლად დიდი ზიანი მიადგა მას და მის ოჯახს, ვინაიდან დაჯარიმებული თანხის მეოთხედიც კი არ წარმოადგენდა მის ანაზღაურებას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 10.06.2024 წლის №-----21-10 წერილი, სადაც მითითებულია, რომ მომჩივანმა 16.03.2024 წელს საბაჟო გამშვებ პუნქტ „---------ს“ საბაჟო კონტროლის ზონაში -----ის --------ის მხრიდან შემოსვლისას, დასმულ შეკითხვაზე, ქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის ნაღდი ფული, განაცხადა უარი. ეჭვის საფუძველზე მოხდა მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რომლის შედეგად, ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული -------აშშ დოლარი (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16.03.2024 წლისათვის დადგენილი ოფიციალური კურსის გათვალისწინებით – ------ ლარი), რაც ჩაითვალა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანად, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (169-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით) მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

16.03.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტზე შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომობილი, ქართული სახელმწიფო სანომრე ნიშნით . მომჩივანმა დასმულ შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის ნაღდი ფული, განაცხადა უარი.

საბაჟო ორგანოს მიერ მოხდა მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რომლის შედეგად, ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული 100 000 ლარზე მეტი ნაღდი ფული .

გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა .

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №8700 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით) მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციის გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:5(2); 6(1 „ა“); 27(1); 70(1);163(1); 169(3);