გადაწყვეტილოება №20567/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20567/2/2023
12 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------14.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20567/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17116 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №022-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18243 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 354 958,98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 164 598
მოგების გადასახადი - 155 643
საშემოსავლო გადასახადი - 8 955
ჯარიმა - 81 948
საურავი - 108 412,98
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 21.06.2021 წლის აქტით შემოწმებულია 2.08.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი.
კომპანია დაფუძნებულია 2.08.2018 წელს და 4.08.2018 წლიდან მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსი. რეგისტრაციის მისამართია ქ. -----------. საქმიანობის სფეროა - სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა. 2.08.2018-19.06.2020 წწ პერიოდში საწარმოს დამფუძნებელი და 100 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო ----------- (75 2945967/---------/-100 %), ხოლო 19.06.2020 წლიდან დღემდე დამფუძნებელი და დირექტორია ------------.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს მიერ პერიოდულად ხდებოდა მიღებული მოგების განაწილება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (ცნობები ანგარიშების შესახებ, საბანკო ამონაწერები, „-----------” ელექტრონული საფულის ამონაწერი) მიხედვით, საწარმოს მიერ 2.08.2018- 1.05.2021 წწ პერიოდში გაცემული დივიდენდი შეადგენს სულ 3 598 893 ლარს. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დივიდენდი არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით.
მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმო სარგებლობს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით და შესაბამისად, გაცემულ დივიდენდებს არ ბეგრავს მოგების გადასახადით (ნაწილობრივ ასახავს „მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული მოგების განაწილების“ გრაფაში (22-ე გრაფა)). ასევე, გაცემული დივიდენდი სრულად არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებსა და „საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2.08.2018 წლიდან 19.06.2020 წლამდე პერიოდში დამფუძნებელს - ------------ საქართველოში შემოსვლა უფიქსირდება მხოლოდ 3-ჯერ - 18.11.2018 წელს 4 დღით (გასვლა 21.11.2018 წელს), 28.05.2019 წელს 1 დღით (გასვლა 29.05.2019 წელს) და 5.11.2019 წელს 1 დღით (გასვლა 6.11.2019 წელს). გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, ------------ საქმიანობას ახორციელებდა პირადად და არ ჰყავდა დაქირავებული პირები. ამასთან, 19.06.2020 წლის შემდგომ, საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორი გახდა -------------. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებით მომუშავე პირთა შესახებ ინფორმაცია, ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიებს ქმნის საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, კომპანიას არ გააჩნია საკუთრებაში არსებული ქონება, არც იჯარით აღებული ფართი, სადაც შეძლებდა საქმიანობის განხორციელებას.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა, შემოწმებით საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების, საბანკო ანგარიშების ამონაწერებისა და „-----------“ ელექტრონული საფულის მონაცემების მიხედვით, დივიდენდის შინაარსით გადახდილი თანხები „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-6 მუხლების, საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის, 104-ე, 130-ე, 134-ე და
154-ე მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ასევე დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2021 წლის №022-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.11.2021 წლის №36207 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.04.2022 წლის №15225/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.11.2021 წლის №36207 ბრძანება საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 8.04.2022 წლის №15225/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17116 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 25.03.2022 წლის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17116 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 25.03.2022 წლის №7547 ბრძანება და დამტკიცდა „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ ახალი მეთოდური მითითება, რომლის მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები შექმნილად ითვლება, თუ მისი შექმნა არსებითად ხორციელდება უშუალოდ დაქირავებულ(ებ)ის ან/და რეზიდენტი დამფუძნებლ(ებ)ის მიერ, მათ შორის, შესაძლებელია ვირტუალური ზონის პირი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შესაქმნელად ახორციელებდეს მომსახურების შეძენას. ამასთან, პირი განხორციელებულ განაცემებთან მიმართებაში უნდა ასრულებდეს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მიწოდებაც მოხდა ქვეყნის გარეთ არსებითად შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, ზემოხსენებული მეთოდური მითითების თანახმად, თუ ვირტუალური ზონის პირი დაფუძნებულია ფიზიკური პირის მიერ, საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება უშუალოდ რეზიდენტი დამფუძნებლის მიერ და მათი მიწოდება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. საწარმოს არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე პირი შესაბამისი პროფილური განხრით. დამფუძნებელი ფიზიკური პირი შემოსავალს იღებს მხოლოდ დივიდენდის სახით, ჩაითვლება, რომ მისი საქმიანობა შეესაბამება „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე, კოდექსის მოთხოვნებს და განსახილველ შემთხვევაში შესრულებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის დადგენილი მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ვინაიდან 19.06.2020-1.05.2021 წწ. პერიოდში კომპანიას შესაბამისი პროფილური განხრით (პროგრამისტი) დასაქმებულ პირს წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტი დამფუძნებელი და დირექტორი ----------- (პ/ნ -----------), რომელსაც შემოსავალი მიღებული აქვს მხოლოდ დივიდენდის სახით, რომელთან მიმართებაშიც კომპანია ასრულებს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულ ნაწილში ჩაითვლება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მიწოდებაც მოხდა ქვეყნის გარეთ, არსებითად შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის წმინდა მოგების დამფუძნებელ პირზე განაწილება, საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა მოგების გადასახადისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №022-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18243 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 2022 წლის 30 ივნისის №17116 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხის „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი გადამხდელს არ გაუხდია სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა გამოწვეულია ვირტუალური ზონის პირებისთვის კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანი და არა ცხადი ჩანაწერებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ინსტრუქციის/მეთოდური მითითების დაგვიანებით გამოცემით, ასევე სტატუსის მიღებისას შესაბამის ორგანოს არ განუმარტავს ჩვენთვის რა შემთხვევაში მოხდებოდა სტატუსით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. შესაბამისად შემოწმებით განხორციელებული დარიცხვები გამოწვეული არცოდნით და ინფორმაციის არქონით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ასევე, კომპანია ამჟამად აღარ ფუნქციონირებს კომპანიის ბალანსზე არ გააჩნია აქტივები, თუ მოხდება ჯარიმის და საურავის პატიება დამფუძნებლის მიერ მოხდება საკუთარი სახსრებიდან ძირითადი გადასახადის გადახდა და ასევე საქმიანობის გაგრძელება, რომელიც თავის თავში გულისხმობს ქართველი პროგრამისტების დასაქმებას.
შესაბამისად, ჩვენი თხოვნაა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მოხდეს კომპანიის განთავისუფლება დარიცხული ჯარიმებისგან და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე და 36-ე ნაწილების თანახმად:
35. ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
36. საინფორმაციო ტექნოლოგიები არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17116 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 25.03.2022 წლის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 25.03.2022 წლის №7547 ბრძანება და დამტკიცდა „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ ახალი მეთოდური მითითება. მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ვინაიდან 19.06.2020-1.05.2021 წწ პერიოდში კომპანიას შესაბამისი პროფილური განხრით (პროგრამისტი) დასაქმებულ პირს წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტი დამფუძნებელი და დირექტორი ----------- (პ/ნ ----------), რომელსაც შემოსავალი მიღებული აქვს მხოლოდ დივიდენდის სახით, რომელთან მიმართებაშიც კომპანია ასრულებს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულ ნაწილში ჩაითვლება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლის მიწოდებაც მოხდა ქვეყნის გარეთ, არსებითად შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის წმინდა მოგების დამფუძნებელ პირზე განაწილება, საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა მოგების გადასახადისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და საკითხის სრულყოფილად შესწავლის შედეგად საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17116 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) 30.06.2022 წლის №17116 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17116 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და საკითხის სრულყოფილად შესწავლის შედეგად საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 30.06.2022 წლის №17116 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;97(1);99(1ჟ);8(35,36);
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი