ბრძანება N 12314
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12314
05 ივნისი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 12 მარტის და 7 მაისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი აპრილის, 22 აპრილის და 7 მაისის სხდომებზე (ოქმები: №28, №33, №37) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 12 მარტის №101286/1/2026 და 7 მაისის №102241/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 თებერვლის №001-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:
● მომჩივანი ითხოვს, რომ ფქვილის კატეგორიის 3 ჯგუფი გაერთიანდეს და ყველა ფქვილი განხილული იყოს ერთიან კატეგორიად. მიუთითებს, რომ კომპანია ახდენდა 50კგ.-იანი უმაღლესი ხარისხისა და პირველი ხარისხის ფქვილების რეალიზაციას და შემოწმების მიერ ცალ-ცალკე კატეგორიებად განხილვამ გამოიწვია უმაღლესი ხარისხის ფქვილის ნაშთების გამინუსება, ხოლო პირველი ხარისხის ფქვილის საქონლის ნაშთის დანაკლისი და ასევე, უმაღლესი ხარისხის ფქვილის „უდოკუმენტო შეძენად“ მიჩნევა და ნაშთების გაზრდა. აღნიშნავს, რომ ე.წ. „გამინუსება“ გამოწვეულია სასაქონლო ზედნადებების გამოწერის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომებით, რადგან არასწორად იყო საქონლის სახეობები მითითებული, ამდენად, სამართლიანი და სწორი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის საჭიროა საქონლის კატეგორიების გაერთიანება, რაც გამოიწვევს დუბლირებული დარიცხვის შემცირებას დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. ასევე, ითხოვს, რომ თუ აღნიშნული არ იქნება გათვალისწინებული ე.წ. „უდოკუმენტო შეძენაზე“ გამოყენებულ იქნას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და შემცირდეს ხელფასად განხილული თანხა და ასევე, შეძენილ ფქვილზე მისაღები დღგ-ის თანხაც.
● მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულების წლიური საშუალო ფასის მეთოდით გაანგარიშებას. აცხადებს, რომ ფქვილის რეალიზაციისას გასაყიდი ფასი სხვადასხვა პერიოდისა და სხვადასხვა მომხმარებლების მიხედვით განსხვავდებოდა. აგრეთვე, მიუთითებს, რომ იმპორტით შეძენის დროს თვითღირებულების გაანგარიშება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად როგორც პერიოდის, აგრეთვე ფქვილის კატეგორიის მიხედვით და არა საშუალოდ წლის განმავლობაში ჯამურად შეძენების მიხედვით, ვინაიდან ერთიანი წლიური საშუალო ფასით რეალიზაციის გაანგარიშება ვერ ასახავს კომპანიის რეალურ ბრუნვას და იწვევს საბოლოო შედეგების დამახინჯებას. მომჩივანი ითხოვს, რომ სარეალიზაციო ფასი უნდა გაანგარიშდეს საშუალო თვის ფასით და არა წლის.
● მომჩივანი აცხადებს, რომ საშუალო ფასის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ გათვალისწინებულია შპს "-------- - ზე“ („-------“) სარეალიზაციო ფასები, თუმცა აღნიშნულ ქსელში პროდუქციის მიწოდება ხდებოდა არსებითად მაღალ ფასად, რაც ამოვარდნილია ფასების დინამიკიდან. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს, რომ საშუალო ფასის გაანგარიშების ცხრილიდან ამოღებულ იქნა "-------"-ზე რეალიზაციის დოკუმენტები. ასევე, მიუთითებს, რომ გაანგარიშება გავლილია შემმოწმებელთან ერთად საგადასახადო დავის პროცესში და აღნიშნულის გათვალისწინება არსებითად შეამცირებს დარიცხვას.
● მომჩივანი აცხადებს, რომ 2025 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია კომპანიამ მოგვიანებით დააზუსტა, თავდაპირველი დეკლარაციის (№„-------“) მიხედვით დაბეგრილი ბრუნვა შეადგენდა 53 848 ლარს, ხოლო დაზუსტებული დეკლარაციის (№„-------“) წარდგენის შემდეგ აღნიშნული თანხა გაიზარდა 145 842 ლარამდე. განმარტავს, რომ აღნიშნული დაზუსტება განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, რის შედეგადაც კომპანიამ რეალიზაციის გაზრდილი მოცულობა თავადვე ასახა დეკლარაციაში და გაზარდა რეალიზაციის მოცულობა, თუმცა ამ რეალიზაციის ზრდის პროპორციულად ფქვილის ჩამოწერა არ მომხდარა და არც შემოწმების მიერ განხორციელებულა დეკლარირებული თანხის შემცირება ამავე თვეში. ითხოვს, რომ დამატებით იქნას შესწავლილი 2025 წლის იანვარში დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციით ჩამოსაწერი ფქვილის საკითხი და განხორციელდეს შესაბამისი კორექტირება.
● მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო მარაგების ნაშთის ოდენობას და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“ შეიცავდა არსებით ხარვეზს და შემოწმების ბოლოს არსებული მარაგების ნაშთი პროგრამაში არ იყო სწორად ასახული. მიუთითებს, რომ 2025 წლის ივნისში, ივლისსა და არასრულ აგვისტოს თვეზე განხორციელებული იყო დიდი მოცულობის რეალიზაცია, მაშინ როდესაც იმპორტით დამატებითი შეძენა არ მომხდარა, ამდენად, აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ რეალურად არსებობდა ფქვილის ნაშთი, რომლის რაოდენობაც შემოწმებამ არ გაითვალისწინა. მომჩივანი ითხოვს, რომ დაკორექტირდეს შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო მარაგების ნაშთი და აღნიშნულის შესაბამისად გადაანგარიშდეს შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:
● აცხადებს, რომ საწარმოს პროდუქციის შესაძენად, 2025 წლის 27 მარტს, აღებული აქვს სესხი სს საქართველოს ბანკიდან 450 000 ლარის ოდენობით, რაც შემოწმების მიერ მთლიანად დამატებულია ფულის მოძრაობაში და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. მიუთითებს, რომ შემდგომ პერიოდში სს საქართველოს ბანკის ვალდებულება შემცირებულია 397 000 ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც საჩივრების დანართად წარმოდგენილია სესხის გრაფიკი. მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებას, ხოლო თუ აღნიშნული არ იქნება გათვალისწინებული ითხოვს ზემოაღნიშნული თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
● აცხადებს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებული არ არის კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დასტურდება კომპანიის საბანკო ანგარიშების ამონაწერებიდან, მაგალითად ტრანსპორტიორ პირებზე გადახდილი თანხები და სხვა მსგავსი ხარჯები, რომლებზეც არაა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/სასაქონლო ზედნადებები.
● ასევე აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არაა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი ბრძანება №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე დანართი N9 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, რომლის მიხედვითაც საკასო ხარჯი და საკასო შემოსავლის ნაწილი არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულ ნაწილში ითხოვს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს საკასო შემოსავლისა და საკასო ხარჯის გათვალისწინებით შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის საკითხი.
● მომჩივანი ითხოვს, რომ დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდეს გაცემულ დივიდენდად.
3. მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას. აცხადებს, რომ ჩათვლის ნაწილში არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ეა-"-------", დღგ-ის თანხა 4080 ლარი) და ასევე მცირე თანხიანი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც ასევე წარმოდგენილია საჩივრების დანართის სახით ცხრილში. ასევე, მიუთითებს, რომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გარდა, გასათვალისწინებელია იმპორტის დღგ, რომლითაც შეძენილია ძირითადი საშუალება, ტექნიკა დღგ-ის თანხით 1 980 ლარი, რაზეც წარმოდგენილია დანართის სახით საბაჟო ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. მომჩივანი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ივნისის №13364 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 16 მაისიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 6 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 12 თებერვლის №3039 ბრძანება და ამავე თარიღის №001-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 820 407 ლარი, მათ შორის გადასახადი 500 124 ლარი, ჯარიმა 249 538 ლარი და საურავი 70 744 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ფქვილით ვაჭრობა, კერძოდ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რუსეთიდან იმპორტირებული ჰქონდა 1 846 007 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი - 190 422 ღირებულების საქონელი. გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 2 808 219 ლარს. თავდაპირველად, გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მას გაეგზავნა წერილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიის მიერ ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, 2025 წლის პირველ ოქტომბერს პირის მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნულის შემდგომ, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დოკუმენტაცია, კერძოდ საბანკო დოკუმენტაცია და ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“. კომპანიის საქონლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს უფიქსირდებოდა 3 252 700 კგ. ფქვილის შეძენა, ხოლო რეალიზებული ჰქონდა 2 575 150 კგ. ფქვილი. შესაბამისად, საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის რეალიზებული ფქვილის ღირებულება შესაბამისი პერიოდის საშუალო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, აღნიშნულს დაემატა რეალიზებული სხვა საქონლის (ფარიმანი,ზეთი, მანის ბურღული) ღირებულებაც და დღგ-ის ბრუნვის სხვაობამ შეადგინა 1 052 892 ლარი. პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ 189 521 ლარის ოდენობით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ფქვილით ვაჭრობა. კომპანიამ შემოწმებას წარუდგინა საბანკო დოკუმენტაცია და ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“. საქონლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს უფიქსირდებოდა 3 252 700 კგ. ფქვილის შეძენა, ხოლო რეალიზებული ჰქონდა 2 575 150 კგ. ფქვილი. შესაბამისად, საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის რეალიზებული ფქვილის ღირებულება შესაბამისი პერიოდის საშუალო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, აღნიშნულს დაემატა რეალიზებული სხვა საქონლის (ფარიმანი, ზეთი, მანის ბურღული) ღირებულებაც და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც:
- მომჩივანი ითხოვს, რომ ფქვილის კატეგორიის 3 ჯგუფი გაერთიანდეს და ყველა ფქვილი განხილული იყოს ერთიან კატეგორიად, ვინაიდან სასაქონლო ზედნადებების გამოწერის დროს დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომები და არასწორად იყო საქონლის სახეობები მითითებული. ამდენად, სამართლიანი და სწორი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის ითხოვს, რომ გაერთიანდეს საქონლის კატეგორიები, რაც გამოიწვევს დუბლირებული დარიცხვის შემცირებას დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. ასევე, ითხოვს, რომ თუ აღნიშნული არ იქნება გათვალისწინებული ე.წ. „უდოკუმენტო შეძენაზე“ გამოყენებულ იქნას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და შემცირდეს ხელფასად განხილული თანხა და ასევე, შეძენილ ფქვილზე მისაღები დღგ-ის თანხაც.
- რეალიზებული საქონლის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში, ითხოვს, რომ ვინაიდან ერთიანი წლიური საშუალო ფასით რეალიზაციის გაანგარიშება ვერ ასახავს კომპანიის რეალურ ბრუნვას და იწვევს საბოლოო შედეგების დამახინჯებას, სარეალიზაციო ფასი გაანგარიშდეს საშუალო თვის ფასით.
- ასევე, ითხოვს, რომ საშუალო ფასის გაანგარიშების ცხრილიდან ამოღებულ იქნა „-------“-ზე რეალიზაციის დოკუმენტები, ვინაიდან აღნიშნულ ქსელში პროდუქციის მიწოდება ხდებოდა არსებითად მაღალ ფასად, რაც ამოვარდნილია ფასების დინამიკიდან. ასევე, მომჩივანმა საქმის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ „-------“-ზე მიწოდების შემთხვევაში ადგილი აქვს ე.წ. „ქეშბექს“ და დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ უნდა მოხდეს აღნიშნული რეალიზაციების გათვალისწინება.
- ითხოვს, რომ დამატებით იქნას შესწავლილი 2025 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციით ჩამოსაწერი ფქვილის საკითხი და განხორციელდეს შესაბამისი კორექტირება.
- მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო მარაგების ნაშთის ოდენობას და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“ შეიცავდა არსებით ხარვეზს და შემოწმების ბოლოს არსებული მარაგების ნაშთი პროგრამაში არ იყო სწორად ასახული, ამდენად, ითხოვს, რომ დაკორექტირდეს შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო მარაგების ნაშთი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დოკუმენტური ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ასევე, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს „-------“-ზე მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი ის საგადასახადო დოკუმენტები, სადაც ადგილი აქვს ე.წ „ქეშბექებს“ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებებზე, რომელთა თანახმადაც ფულის ნაშთის გაანგარიშებაში შემოწმების მიერ გასათვალისწინებელია კომპანიის მიერ აღებული სესხის ფარგლებში განხორციელებული გადახდები, რასთან დაკავშირებითაც საჩივრების დანართად წარმოდგენილია გადახდის გრაფიკი. ასევე, გასათვალისწინებელია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დასტურდება კომპანიის საბანკო ანგარიშების ამონაწერებიდან, მაგალითად ტრანსპორტიორ პირებზე გადახდილი თანხები და სხვა მსგავსი ხარჯები, რაზეც არაა გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა-"-------", დღგ-ის თანხით 4 080 ლარი) და ასევე მცირე თანხიანი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასევე წარმოდგენილია საჩივრების დანართის სახით ცხრილში. ასევე, მიუთითებს, რომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გარდა, გასათვალისწინებელია იმპორტის დღგ, რომლითაც შეძენილია ძირითადი საშუალება (ტექნიკა, დღგ-ის თანხით 1 980 ლარი), რაზეც დანართის სახით წარმოდგენილია საბაჟო ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების საფუძველზე, მომჩივანი ითხოვს გადასახდელი დღგ-ის თანხის შემცირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს, როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკვშირებით, კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ასევე, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს „-------“-ზე მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი ის საგადასახადო დოკუმენტები, სადაც ადგილი აქვს ე.წ „ქეშბექებს“ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ფქვილით ვაჭრობა, კერძოდ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რუსეთიდან იმპორტირებული ჰქონდა 1 846 007 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი - 190 422 ღირებულების საქონელი. გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 2 808 219 ლარს. თავდაპირველად, გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მას გაეგზავნა წერილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიის მიერ ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, 2025 წლის პირველ ოქტომბერს პირის მიმართ, სსკ-ის 279-ე მუხლის საფუძველზე, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნულის შემდგომ, გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დოკუმენტაცია, კერძოდ საბანკო დოკუმენტაცია და ბუღალტრული პროგრამა „ბალანსი“. კომპანიის საქონლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს უფიქსირდებოდა 3 252 700 კგ. ფქვილის შეძენა, ხოლო რეალიზებული ჰქონდა 2 575 150 კგ. ფქვილი. შესაბამისად, საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადამხდელის რეალიზებული ფქვილის ღირებულება შესაბამისი პერიოდის საშუალო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, აღნიშნულს დაემატა რეალიზებული სხვა საქონლის ღირებულებაც და დღგ-ის ბრუნვის სხვაობამ შეადგინა 1 052 892 ლარი. პირს სსკ-ის 158-ე, 159-ე, 163-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და ჯარიმა.ამასთან, აღნიშნული სხვაობა სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დოკუმენტური ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ასევე, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი ის საგადასახადო დოკუმენტები, სადაც ადგილი აქვს ე.წ „ქეშბექებს“ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს, როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებ.
4.შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,163,164,174,175.