ბრძანება N 5385
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5385
20.03.2023
შპს ,,----------“-ს (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2023 წლის 21 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი N21) განიხილა შპს ,,----------“-ს (ს/ნ ------------) N79247/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის NCB1437324 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მათი კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეფრინველეობა. ფერმაში ახდენენ ქათმების გამოყვანას და შემდგომ რეალიზაციას. კომპანია რეგისტრირებულია 2019 წლიდან და აღნიშნული პერიოდიდან კეთილსინდისიერად საქმიანობს ქართულ ბაზარზე.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ იმის გამო, რომ ნიადაგი (ხის ნახერხი), სადაც მოთავსებული ჰყავდათ წიწილები, არ აღმოჩნდა შესაბამისი ტემპერატურის, ამან გამოიწვია მათი სიკვდილიანობა.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2023 წლის 18 იანვარს მათ როგორც კეთილსინდისიერმა გადამხდელებმა, მაშინვე, როცა დაიწყო საქონლის გაფუჭება, მოახდინეს განაცხადის რეგისტრაცია თავიანთი ელექტრონული გვერდიდან კანონმდებლობის შესაბამისად „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო - მატერალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების“ შესახებ.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 5 სამუშაო დღის (13 კალენდარული დღე) განმავლობაში ელოდებოდნენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს განცხადის რეგისტრაციიდან, რომლებმაც რეაგირება არ მოახდინეს მათ მიერ რეგისტრირებულ განაცხადზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელი იყო გაფუჭებული ქათმების გაჩერება, რის გამოც თავადვე მოახდინეს საქონლის განადგურება.
საჩივარში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 18 იანვარს შემოსავლების სამსახურიში დაარეგისტრირა ID: ----------განცხადება „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“ თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ განადგურებას ექვემდებარებოდა 5600 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 იანვრის №სმფ-4667 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დანართი N24-ში მითითებულ საქონელთან შედარებით ფაქტიური აღრიცხვისას გამოვლენილი იქნა დანაკლისი 5600 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დარღვევის გამო გადასახადის გადამხდელის მიმართ 2023 წლის 30 იანვარს შედგენილი იქნა NCB1437324 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლი მესამე ნაწილის შესაბამისად პირი დაჯარიმდა 5600 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ დაგვიანებით მოხდა საგადასახადო ორგანოს მათ მიერ წარდგენილ განცხადებაზე რეაგირება, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ კომპანიამ განცხადება საქონლის ჩამოწერის შესახებ წარადგინა 2023 წლის 18 იანვარს და ამ განცხადების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ბრძანება სმფ-ების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ გამოცემული იქნა იმავე სამუშაო დღეს - 2023 წლის 18 იანვარს. აღნიშნული ბრძანება იმავე დღეს გაეგზავნა და ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს ელექტრონულად 2023 წლის 19 იანვარს. ამასთან, 2023 წლის 20, 23, 25, 26 და 27 იანვარს მრავალგზის მცდელობის შემდეგ მოახდინეს კომპანიის უფლებამოსილ პირთან დაკავშირება და შეუთანხმდნენ შეხვედრის დროზე, კერძოდ ----------- საქმიანობის (ფერმის) ფაქტიურ მისამართზე. 27 იანვარს ადგილზე გასვლისას დახვდათ მათი თანამშრომელი - ---------- (მიუხედავად შეთანხმებისა, არ გამოცხადდნენ ობიქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პირები), რომელთანაც საუბრის დროს დაადგინეს, რომ ჰქონდათ ჩამოსაწერი ქათამი (ზუსტი რაოდენობა არ იყო მისთვის ცნობილი), რომელიც ამ მომენტისთვის ადგილზე არ იყო და ის რამდენიმე დღის წინ მათ მიერ იქნა გადაყრილი. სატელეფონო საუბრისას შპს ,,---------“-ს დირექტორმა ---------- განმარტა, რომ ვერ მოახდენდა დანართ №24-ში მითითებული ჩამოსაწერი საქონლის წარმოდგენას და განმეორებით მოხდა მათ მიერ იმ გარემოების დადასტურება რომ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები მათ მიერ განმეორებით თვითნებურად იქნა განადგურებული შემოსავლების სამსახურში შეუთანხმებლად.
ამასთან, შპს ,,----------“-ს (ს/ნ ----------) დირექტორმა მიუხედავად მისი განმარტებისა, რომ საქონელი უკვე გაანადგურეს, ვერ წარადგინა ის ადგილი ან შესაბამისი დოკუმენტაცია რომლითაც დაადასტურებდა საქონლის თვითნებურად განადგურების ფაქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩინია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.