ბრძანება N 22664

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.10.2024
№ დოკუმენტი 22664
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22664

22 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 20 აგვისტოს და 3 ოქტომბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბრის და 11 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №104; ოქმი №110) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 20 აგვისტოს №91552/1/2024 და 3 ოქტომბრის №92196/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივლისის №002-159 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით, სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და ხელშეკრულებით დადებულ საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობის ხელფასად დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 2023 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ და ფ/პ ------- 2023 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული შედარების აქტები, ასევე, ფ/პ ------- გაფორმებული თითოეული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გადაანგარიშებული დარიცხული პროცენტების შესახებ ინფორმაცია, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 სექტემბრის №22502 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ ფ/პ ------- გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფ/პ ------- სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 სექტემბრის №22502 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 22 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 ივლისის №002-159 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 სექტემბრის №22502 ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი დოკუმენტები, კერძოდ გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ბრძანების ფარგლებში წარმოადგინა 2023 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებების ცვლილების თაობაზე, მათ შორის ისეთ ხელშეკრულებებზეც, რომელთა ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას დარიცხვა საერთოდ არ განხორციელებულა და წარმოადგინა ასევე კორექტირებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ფ/პ ------- 2023 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული შედარების აქტები. წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე გაკეთებული ანალიზის მიხედვით პირველად ხელშეკრულებებთან შედარებით აღნიშნული კორექტირებული ხელშეკრულებების საფუძველზე კორექტირებულია ფ/პ ------- მოთხოვნა შპს „-------“ (ს/ნ -------) წინაშე. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განიხილა შპს „-------" (ს/ნ -------) საჩივარი და აღნიშნულის ფარგლებში მიღებული ბრძანების აღსრულება დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნულ სხდომაზე კი ვერ იქნებოდა მსჯელობა 2023 წლის 17 სექტემბრით დათარიღებულ სესხის ხელშეკრულებების ცვლილებზე და 2023 წლის 18 სექტემბრით გაფორმებული შედარების აქტებზე. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 სექტემბრის №22502 ბრძანების შესაბამისად არ ყოფილა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას იმის საშუალებას მისცემდა შეემცირებინა დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად:

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, რომლის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) განაწილებული მოგება;

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;

თ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით, სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და ხელშეკრულებით დადებულ საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობის ხელფასად დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 2023 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ და ფ/პ ------- 2023 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული შედარების აქტები, ასევე, ფ/პ ------- გაფორმებული თითოეული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გადაანგარიშებული დარიცხული პროცენტების შესახებ ინფორმაცია, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგები კორექტირებას არ დაექვემდებარა. მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაანგარიშება, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისაგან მიღებულ სესხებზე დარიცხული პროცენტების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად კორექტირება, საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდიტორებს თავადვე უნდა გაეკეთებინათ, რათა შეემოწმებინათ, ხომ არ აჭარბებდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ პროცენტად კვალიფიცირებული თანხები, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით გაანგარიშებულ გადასახდელი პროცენტის თანხებს, სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, შემმოწმებლებს უნდა ემსჯელათ ზედმეტად გადახდილი თანხების დაბეგვრის თაობაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელისთვის დავალებულ იქნა არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ ფ/პ ------- გაფორმებული ურთიერთშედარების აქტების შემოწმებისთვის წარდგენა, თუმცა გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2023 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ და ფ/პ ------- 2023 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული შედარების აქტები, რომლის ანალიზით დადგინდა, რომ პირველად ხელშეკრულებებთან შედარებით აღნიშნული კორექტირებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაზრდილია ------- მოთხოვნა შპს „-------“ წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა შეემცირებინა დარიცხული თანხები

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2024 წლის 3 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს შესწავლას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 სექტემბრის №22502 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით, სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და ხელშეკრულებით დადებულ საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობის ხელფასად დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელისთვის დავალებულ იქნა არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ გაფორმებული ურთიერთშედარების აქტების შემოწმებისთვის წარდგენა, თუმცა გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შეთანხმებები სესხის ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ. ანალიზით დადგინდა, რომ პირველად ხელშეკრულებებთან შედარებით აღნიშნული კორექტირებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაზრდილია ფიზიკური პირის მოთხოვნა მომჩივანის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა შეემცირებინა დარიცხული თანხები

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2024 წლის 3 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს შესწავლას.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 სექტემბრის №22502 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(9); 101; 154; 131;