ბრძანება N 27642

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.11.2023
№ დოკუმენტი 27642
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27642

09 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 2 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ოქტომბრის (ოქმი №104) და 27 ოქტომბრის (ოქმი №112) სხდომებზე განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №165744/21- 11 საჩივარი, რომელიც ეხება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 8 აგვისტოს №------- გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 5 ივლისს მისმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს. განცხადებას ერთვოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განჩინება. განმცხადებელი ითხოვდა კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულებას და შემოსავლების სამსახურის მიერ კანონშესაბამისი ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახურს ევალებოდა აღესრულებინა კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლის აღსრულება სავალდებულოა. თუმცა, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომზადდა გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანებით იგი აღიარებულია შპს ------- ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მოცემულია დასაბუთება იმ კონკრეტულ ქონებებზე, რომელთა გათავლისწინებითაც სასამართლომ დაადგინა მისი ცრუმაგიერობის ფარგლები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. მიუხედავად აღნიშნულისა, ვალის მართვის დეპარტამნეტის მიერ განხორციელდა ყადაღისა და ინკასოს ბრძანებების გამოცემა.

ამ უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მისმა წარმოადგენელმა კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს ცრუმაგიერობის ფარგლების განსამარტად. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დადგინა, რომ ცრუმაგიერმა პირებმა გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის პასუხი უნდა აგონ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ოპერაციების ფარგლებში.

ამასთან, აღნიშნული საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველმა და 2023 წლის 27 ივლისის №------- რეკომენდაციით მიმართა შემოსავლების სამსახურს. სახალხო დამცელმა მოითხოვა, შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე გამოცემული აქტის კორექტირება და უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებებზე, რომელიც მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

გადამხდელი საჩივარში მიუთითებს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-4 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 და სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლებზე და ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, ------- და ------- აღიარებულ იქნენ შპს „-------“ ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის №------- და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №------- ბრძანებით, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი ფ/პ ------- (პ/ნ -------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

„ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №------- ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 15 მარტს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №------- აქტი.

ვალის მართვის დეპარტამენტმა 2023 წლის 30 მარტს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, შპს „-------’’-ს (ს/ნ -------) ცრუმაგიერი პირის ფ/პ ------- (პ/ნ -------) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ. ამასთან აღნიშნული შუამდგომლობების განხილვა, მიმდინარეა.

2023 წლის 5 ივლისის №------- წერილით შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს მიმართა ------- (პ/ნ -------) წარმომადგენელმა ------- (პ/ნ -------) და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განჩინების შესაბამისად, შპს „-------“ ცრუმაგიერი პირის -------- (პ/ნ -------) მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება, მის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულ განცხადებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის პასუხი (უარი) განმცხადებელს ეცნობა 2023 წლის 8 აგვისტოს №------- წერილით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე–6 ნაწილის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „-------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, ------- და ------- აღიარებულ იქნენ შპს „-------“ ცრუმაგიერ პირებად. ამასთან, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის №------- განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და მომჩივნების (მათ შორის, -------) მიერ მოთხოვნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების მე-2 პუნქტი განმარტა შემდეგნაირად: „შპს ------- ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (შპს -------) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონსძიებებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში“ და ასევე მიუთითებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გაუქმდეს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების და ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მთელ ქონებაზე, გარდა იმ ქონებისა, რომლის რეალიზაციას ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე მოსამართლის ბრძანება, ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის №------- განჩინების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტების შინაარსის) და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიებები გაავრცელოს ფ/პ ------- (პ/ნ -------) ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის №------- განჩინებისა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტების შინაარსის) და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიებები გაავრცელოს ფ/პ ------- (პ/ნ -------) ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო ცრუმაგიერი პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებას.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განჩინების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებული ცრუმაგიერობის ფარგლების განმარტების შინაარსის) და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 მაისის №11805 ბრძანების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიებები გაავრცელოს პიზილირი პირის ცრუმაგიერობის ფარგლების გათვალისწინებით.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241; 246