ბრძანება N 27431
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27431
07 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 26 იანვრის №78574/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №007-394 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი ავანსის თანხების სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანია -------სთან გაფორმებულია ექსკლუზივის ხელშეკრულება, რომლითაც საწარმოს შეუქმნა გარანტია, რომ მისი პროდუქცია არავის მიუღია საქართველოში, გარდა ------- და პროდუქციაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოეწოდება საწარმოს. აღნიშნული ხელშეკრულება, შედარების აქტი და აღნიშნული კომპანიის მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი სალაროს გასავლის ორდერი (ტრანზაქციები აკრძალულია ირანში) წარედგინა შემმოწმებლებს, თუმცა რწმუნებულებად არ მიიღეს და მოახდინეს თანხების დარიცხვა. რაც შეეხება კომპანია -------ს, გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას საწარმოო სივრცის მოწყობითი სამუშაოების დამთავრება დაგეგმილი ჰქონდა 2022 წლის აპრილში, თუმცა, რესურსების მიმართვა მოხდა საექსპორტო პროდუქციის მოსამზადებელი ხარჯებისთვის, შესაბამისად, გადავადდა საწარმოო სივრცის მოწყობის სამუშაოების დასრულება. ასევე, კომპანიას არ აქვს გადახდილი საინვოისო ღირებულების მეორე ნახევარი, დანადგარების ღია ცის ქვეშ დალაგება კომპანიისთვის იქნება დიდი ზარალის მომტანი, შესაბამისად დანადგარების საინვოისო ღირებულების ნახევარს გააჩნია საავანსო სტატუსი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6858 და 27 დეკემბრის №33042 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის განისაზღვრა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33453 ბრძანება და ამავე თარიღის №007-394 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 340 995 ლარი, მათ შორის, გადასახადი 184 067 ლარი, ჯარიმა 113 100 ლარი, საურავი 43 828 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 20 ივლისის №17639 ბრძანებით შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 21 სექტემბრის №20496/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №17639 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბრის №20496/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერი გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის მიერ განხორციელებული სადავო სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17639 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 8 იანვარს და 2021 წლის 3 დეკემბერს ირანში რეგისტრირებულ საწარმოებზე „-------“-ზე და „-------”-ზე სალაროდან გაცემული აქვს თანხა, რომელიც ბუღალტრულად აღრიცხულია როგორც ავანსი, ჯამური ოდენობით - 524 746 ლარი ხელშეკრულების შესაბამისად (ორივე შემთხვევაში თანხის სალაროდან გაცემა მოხდა ერთი ოპერაციის ფარგლებში, რომლის დეკლარირება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ ფიქსირდება). „-------“-ზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ე.წ. საგარანტიო თანხას ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც არარეზიდენტ კომპანიასთან უცვლელად/გაუნაშთავად დარჩება ხელშეკრულების შეწყვეტის წლამდე. „-------”-ზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილ თანხას, რომლის მოწოდებაც არ მომხდარა დღემდე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 96-ე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს მიერ გაცემული ავანსის თანხა დაკვალიფიცირებული იქნა არარეზიდენტებზე „-------“-ზე და „-------”-ზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილული იქნა მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 8 იანვარს და 2021 წლის 3 დეკემბერს ირანში რეგისტრირებულ საწარმოებზე „-------“-ზე და „-------”-ზე სალაროდან გაცემული აქვს თანხა, რომელიც ბუღალტრულად აღრიცხულია როგორც ავანსი, ჯამური ოდენობით - 524 746 ლარი. „-------“-ზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ე.წ. საგარანტიო თანხას ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც არარეზიდენტ კომპანიასთან უცვლელად/გაუნაშთავად დარჩება ხელშეკრულების შეწყვეტის წლამდე. „-------”-ზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილ თანხას, რომლის მოწოდებაც არ მომხდარა დღემდე. შემოწმებით საწარმოს მიერ გაცემული ავანსის თანხა დაკვალიფიცირებული იქნა ზემოაღნიშნულ არარეზიდენტებზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილული იქნა მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად, შედეგად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არარეზიდენტზე გადახდილი თანხები უცვლელად/გაუნაშთავად ფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში, ასევე ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილია თანხები, თუმცა აღნიშნული ქონების მოწოდება ჯერ არ განხორციელებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ოპერაციებზე სესხის კვალიფიკაცია მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი ავანსის თანხების სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ორგანიზაციის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 20 ივლისის №17639 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. 2023 წლის 21 სექტემბრის №20496/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №17639 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-ბ); 982(3-ზ) 983(1); 275;