შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიებს შორის გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ

უწყებათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 07.06.2017
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

შეთანხმება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიებს შორის გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ

წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი

ხელმძღვანელობენ რა, საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ 2014 წლის 20 მარტის შეთანხმებით,მიისწრაფიან რა უზრუნველყონ მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთქმედება საკუთარი სახელმწიფოების ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით,აღიარებენ რა მხარეთა სახელმწიფოების სახელმწიფო საზღვრებზე (შემდგომში - საზღვრები) გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობას, საქართველოსა და ყახაზეთის რესპუბლიკას შორის ვაჭრობის ხელშეწყობის პირობების უზრუნველყოფის მიზნით,ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ნორმებით, სტანდარტებით და რეკომენდაციებით, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო პრაქტიკით,მიისრაფიან რა საზღვარზე საბაჟო კონტროლის ინფორმაციული უზრუნველყოფის პირობების შექმნისკენ,საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, შემოტანის ადგილებში, აგრეთვე, მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე დანიშნულების საბაჟო ორგანოებში საბაჟო გაფორმების პროცედურების დაჩქარების მიზნით,იღებენ რა მხედველობაში 2005 წლის ივნისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ მოწონებულ საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩარჩო სტანდარტების რეალიზაციისათვის მიდგომების შემუშავებას,მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

წინასწარი მონაცემები - ინფორმაცია საბაჟო საზღვარზე საბაჟო ოპერაციებისა და პროცედურების შემდგომ გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, რომელიც ელექტრონული სახით გადაეცემა მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს.

მხარეები წინასწარი მონაცემების გაცვლას განახორციელებენ შემდეგი მიზნების მიღწევის მიზნით:

- საბაჟო ოპერაციების შესრულების დაჩქარება, რომლებიც უკავშირდება მხარეების საბაჟო ორგანოებში საქონლის საბაჟო პროცედურებში მოქცევას;

- დოკუმენტების რაოდენობის შემცირება, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ოპერაციებისა და პროცედურების შესასრულებლად;

- საქონლის საბაჟო კონტროლის ფორმების და მეთოდების გამოყენების მინიმიზაცია, საქონლის თაობაზე ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.

ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური პირობები - დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სტრუქტურას, ელექტრონული შეტყობინებების ფორმატს და ცნობების შემადგენლობას, რომელთაც ცვლიან მხარეების უფლებამოსილი ორგანოები საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, გაცვლის რეგლამენტს, გაცვლის გზებს, საინფორმაციო სისტემების პროგრამული და ტექნიკური საშუალებების მიმართ მოთხოვნებს.

მუხლი 2

წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების რეალიზაციისათვის უფლებამოსილ ორგანოებს წარმოადგენენ:

საქართველოს მხრიდან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური

ყაზახეთის მხრიდან - ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი

მხარეთა ზემოხსენებული უფლებამოსილი ორგანოების სახელწოდების ან ფუნქციის ცვლილების შემთხვევაში, მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დროულად აცნობებენ ერთმანეთს.

მუხლი 3

უფლებამოსილი ორგანოები ორგანიზებას უკეთებენ და განახორციელებენ მონაცემების გაცვლას, რომლებიც მათ მიღებული აქვთ საბაჟო ოპერაციებისა და პროცედურების განხორციელებისას, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტერიტორიის გავლით ან მისგან გატანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ.

წინასწარი მონაცემები იგზავნება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ მიმღები მხარე სახელმწიფოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე, შესაბამისი საბაჟო პროცედურით (ექსპორტი, ტრანზიტი და სხვ.) საქონლის გაშვების შემდგომ დაუყოვნებლივ.

წინასწარი მონაცემების გაცვლა ხდება უშუალოდ უფლებამოსილ ორგანოებს შორის მათი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.

მუხლი 4

ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, მხარეების მიერ მიღებული ინფორმაცია ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს და შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის. მისი გამოყენება სხვა მიზნებისათვის შესაძლებელია ინფორმაციის გამცემი მხარის წერილობითი დასტურით.

მხარეები უზრუნველყოფენ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობას ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებიც არიან მხარეთა სახელმწიფოები.

მუხლი 5

წინამდებარე შეთანხმების მესამე მუხლის დებულებების რეალიზაციის მიზნით მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები შეიმუშავებენ ტექნიკურ პირობებს, რომელთაც ამტკიცებს მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ხელმძღვანელები.

მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარ მონაცემებს წარადგენენ ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მონაცემთა მოცულობების შესაბამისად.

მუხლი 6

მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ არასანდო ინფორმაციის გამოვლენის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა წინასწარი მონაცემების გაცვლის შედეგად.

მუხლი 7

მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს თავიანთი კომპეტენტური სტრუქტურული ქვედანაყოფების შესახებ, რომლებიც:

- განახორციელებენ ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციის საშუალებების ტექნიკური პირობების, მონაცემთა გადაცემისა და დამუშავების ტექნოლოგიის, ასევე ინფორმაციის დაცულობის მოთხოვნის შემუშავებასა და შეთანხმებას;

- შეათანხმებენ წინასწარ მონაცემების კონკრეტულ სასაქონლო პარტიასთან და (ან) კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირების მეთოდებს;

- პასუხისმგებლები არიან წინასწარი მონაცემების გაცვლაზე.

მუხლი 8

წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციის მიზნით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ტექნოლოგიის შემუშავებისათვის, უფლებამოსილი ორგანოები განახორციელებენ ექსპერიმენტს.

უფლებამოსილი ორგანოები შეათანხმებენ მონაცემების გადაცემის წესს, სტრუქტურას და ფორმატს, წინასწარი მონაცემების დაცვის მოთხოვნებს წერილების გაცვლის გზით, წინასწარი მონაცემების ძირითად ტექნოლოგიურ პრინციპებს, კონკრეტული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის იდენტიფიკაციის წესს, ტრანსპორტის სახეობებს, რომელთა მიმართაც განხორციელდება წინასწარი მონაცემების გაცვლა, მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ტერიტორიული დანაყოფების ჩამონათვალს, რომლებიც მონაწილეობენ ექსპერიმენტში და ასევე ექსპერიმენტის დაწყების დროს და აუცილებელი ღონისძიებების შესრულების ვადებს.

ამ მუხლში აღნიშნული საკითხების შეთანხმების შემდეგ, მხარეები გაატარებენ აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ღონისძიებებს და წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს ექსპერიმენტის დაწყებისთვის მზადყოფნის შესახებ.

წინასწარი მონაცემების გაცვლის ექსპერიმენტის განხორციელების ვადას შეადგენს 6 თვე. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 9

განხორციელებული ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას წინასწარი მონაცემების მუდმივად გაცვლის დაწყების შესახებ.

უფლებამოსილი ორგანოები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს წინასწარი მონაცემების მუდმივად გაცვლის დაწყების შესახებ.

მუხლი 10

წინამდებარე შეთანხმების დებულებების რეალიზაციის მიზნით უფლებამოსილი ორგანოები ატარებენ კონსულტაციებს, ერთმანეთს მიაწოდებენ საინფორმაციო-საცნობარო მასალებს, რომლებიც აუცილებელია წინასწარი მონაცემების გაცვლისათვის.

მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილი იქნას ცვლილებები და დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმებად და შეადგენენ მის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან მე-13 მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.

მუხლი 12

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 13

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

შედგენილია ქ. თბილისში 7 ივნისს, 2017 წელი, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება რუსულენოვან ტექსტს.

საქართველოს ფინანსთა

სამინისტროს სახელით

ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა

სამინისტროს სახელით