ბრძანება N 7181

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.04.2023
№ დოკუმენტი 7181
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7181

04.04.2023

ფ/პ --------ს (პ/ნ-------- )

(მის.: ------------)

2023 წლის 23 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა ფ/პ --------ს (პ/ნ-------- ) №78325/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №065-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის შემოწმებული სრული დოკუმენტაცია, კერძოდ, ხელშეკრულებები მომსახურებაზე, მიღება-ჩაბარების აქტები, საექსპერტო მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში გადახდილი თანხები. გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეღავათებიდან არცერთი არ იქნა შემოწმებით გათვალისწინებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20361 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ფ/პ -------ის (პ/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32573 ბრძანება და ამავე თარიღის №065-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 15 320 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 181 ლარი, ჯარიმა 3 564 ლარი და საურავი 1 575 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

ფ/პ ------------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 4 აპრილიდან. 2015 წლის 15 ივლისიდან სარგებლობდა მიკრო მეწარმის სტატუსით. აღნიშნული სტატუსი გადამხდელს მინიჭებული აქვს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადებარეალიზაციის საქმიანობაზე. ფ/პ ------ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება-რეალიზაცია. გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით, შესრულებული აქვს კაპიტალური რემონტისა (შეკეთება) და რეკონსტრუქციის, გზის შეკეთებისა და არხის მშენებლობის სამუშაოები. 2021 წელს ფ/პ --------ის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 113 064 ლარი. 2021 წლის 20 სექტემბრიდან ფ/პ -----------ს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, ფ/პ ----------ეს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი 2021 წლიდან და 2021 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე 82-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ფ/პ --------- 2021 წლის 20 სექტემბრიდან დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად:

1. ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს.

2. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ:

ა) ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ორგანოს მიმართა მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.

გ) ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.

3. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის (ერთობლივი შემოსავლის ოდენობის შეზღუდვა) დარღვევიდან 15 დღის ვადაში არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მას გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.

4. საგადასახადო ორგანოს მიერ მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევა.

5. ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას:

ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისას – მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სხვა შემთხვევაში – ამ კოდექსის 79-ე–82-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-102 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების დროს დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, თავად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და ასევე, ასოციაცია „---------“ (ს/ნ ----------) მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელთანაც ფ/პ ---------ეს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. საექსპერტო მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შემოწმებით გამოქვითულია 2021 წლის ერთობლივი შემოსავლიდან. ფ/პ ----------ეს შესამოწმებელ პერიოდში, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით, შესრულებული აქვს კაპიტალური რემონტისა (შეკეთება) და რეკონსტრუქციის, გზის შეკეთებისა და არხის მშენებლობის სამუშაოები. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებზე გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით და ხარჯად გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ ფორმა №2-ებით გაცხადებული ხარჯის 75%. რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე, 113-ე, 114-ე, 1141 , 115-ე, 1151 და 116-ე ნაწილებით დადგენილ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეღავათებს, გადამხდელს არ აქვს აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის უფლება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ----------ის (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად,.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი 2015 წლის 15 ივლისიდან სარგებლობდა მიკრო მეწარმის სტატუსით. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება-რეალიზაცია. 2021 წლის 20 სექტემბრიდან გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის სტატუსი 2021 წლიდან და 2021 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრა გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა. გადამხდელი 2021 წლის 20 სექტემბრიდან დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79; 82; 84; 158; 159; 163; 164; 275; 282; 309

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანება