გადაწყვეტილება№18678/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 18678/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18678/2/2023

16.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 18.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18678/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2020 წლის №081-356 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28666 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 542 248.6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 271 862

დღგ - 88 762

მოგების გადასახადი - 43 532

საშემოსავლო გადასახადი - 139 568

ჯარიმა - 148 088

საურავი - 122 298.6

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 8.12.2020 წლის №36581 ბრძანება და ამავე თარიღის №081-356 წლის საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2022 წლის 31 ოქტომბრის და 7 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28666 ბრძანებით საჩივრები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ კომპანია 7.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2020 წლის №36581 ბრძანებას და ამავე თარიღის №081-356 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 9.02.2021 წელს, ხოლო საფოსტო დაწესებულების საშუალებით დოკუმენტები ჩაბარდა 15.03.2021 წელს.

შემოსავლების სამსახურში საჩივრები საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2022 წლის 31 ოქტომბერს და 7 ნოემბერს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28666 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2020 წლის №081-356 საგადასახადო მოთხოვნა, №36581 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი კანონსაწინააღმდეგოა, მიკერძოებულია, უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს საწარმოს დოკუმენტაციის შესწავლისა და ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ ობიექტურად გამოკვლევის შედეგად, იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

11.10.2022 წელს კომპანიის დირექტორი ------ ------- დაიბარეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში გამოკითხვაზე, რა დროსაც გამომძიებელმა მას გადასცა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები რომელთა შინაარსიც და არსებობაც მანამდე ცნობილი არ იყო არც საწარმოსთვის და არც მისი დირექტორისთვის.

ასევე გამომძიებლის განმარტებით შეიტყო, რომ თითქოს ელექტრონულად არის გაცნობილი საწარმოს ამ დოკუმენტებს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან შესაძლებელია დეკლარაციის ჩაბარების დროს რაიმე სავალდებულო შეტყობინება მოინიშნა წაკითხულად, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტები არ გახსნილა და საწარმოსთვის ამის შესახებ ცნობილი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მოხდებოდა მათი გასაჩივრება, რადგან შემოწმების შედეგები არასწორია და არ ეთანხმება.

გარდა ამისა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე 78-ე მუხლების თანახმად პირისათვის შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება თუ მას ჩაბარდება პირადად, გაიგზავნება ფოსტით, კურიერის, ელ. ფოსტის ან ფაქსის საშუალებით და დადასტურებული იქნება შესაბამისი აღნიშვნით, რომ ჩაბარდა შეტყობინება, აღნიშნულ შემთხვევაში კი არც კომპანიის კანცელარიას, არც ადმინისტრაციას და არც პირადად საწარმოს დირექტორს შეტყობინება არ ჩაბარებიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე 78-ე მუხლების დაცვით 11.10.2022 წლამდე შესაბამისად გასაჩივრების ვადის ათვლაც იწყება ამ მომენტიდან ანუ 11.10.2022 წლიდან.

აუდიტის დეპარტამენტმა ისე ჩაატარა კომპანიის საგადასახადო შემოწმება, რომ არც მისი დაწყების და არც დასრულების შესახებ არ უცნობებია არც კომპანიის კანცელარიისთვის, არც ადმინისტრაციისთვის და არც პირადად საწარმოს დირექტორისთვის. ამის შესახებ აღნიშნულია თვით საგადასახადო შემოწმების აქტშიც „შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხერხდა გადამხდელთან დაკავშირება შესაბამისად ვერ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვა“ - სწორედაც რომ თუ არ აცნობებდნენ გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობის შესახებ გადამხდელი ვერ წარუდგენდა ვერანაირ დოკუმენტაციას და ვერც გაირკვეოდა ნაწარმოები ჰქონდა თუ არა ბუღალტრული აღრიცხვა - ეს ყველაფერი კი აწყობდა შემმოწმებელს.

ძალიან მარტივად აიღეს მხოლოდ შესყიდვის დოკუმენტაცია, ყველაფერი ჩათვალეს რეალიზებულად, აიღეს ყველაზე მაღალი სარეალიზაციო ფასი, არც ხარჯები გამოაკლეს და არც გაფუჭებული პროდუქცია (საუბარია ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობაზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პროდუქციის მიღების დროს უკვე პროცენტულად გაფუჭებულია ანუ სარეალიზაციო უვარგისია და ასევე რამდენიმე დღეში ფუჭდება და სარეალიზაციოდ უვარგისი ხდება) ისე მოახდინეს შემოწმება სრულიად მიკერძოებულად, არაობიექტურად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად მათი ბათილად ცნობის საფუძველია.

აღნიშნული მიკერძოებული და უკანონო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ზემოთ აღნიშნული აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება, რომლებიც ასევე უკანონო და მიკერძოებულია, რადგან გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევს გარეშე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად მათი ბათილად ცნობის საფუძველია.

ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მოეხდინა ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ ობიექტურად შესწავლა დაადგენდა, რომ გადამხდელს არ მიეცა საშუალება წარედინა დოკუმენტაცია და საკუთარი პოზიცია შემოწმებასთან დაკავშირებით და რომ სრულიად უკანონოდ დაადგინა საგადასახადო ორგანომ ის „ფაქტობრივი გარემოებები“, რომ თითქოს ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა გადამხდელი და რომ დარიცხვა სრულიად უკანონოდ განახორციელა შემმოწმებელმა ყველაზე მაღალი ფასნამატით, რაც რეალურად არ ჰქონია საწარმოს.

ამდენად უკანონოა დარიცხვა ძირითად თანხა - 271 862 ლარის ნაწილში, უკანონოა დარიცხვა დღგ-ის თანხა - 88 762 ლარის ნაწილში, უკანონოა დარიცხვა მოგების გადასახადის თანხა - 43 532 ლარის ნაწილში, უკანონოა დარიცხვა საშემოსავლო გადასახადის თანხა 139 568 ლარის ნაწილში, უკანონოა დარიცხვა ჯარიმის თანხა 148 088 ლარის ნაწილში, უკანონოა დარიცხვა საურავის თანხა 122 298.6 ლარის ნაწილში და შესაბამისად უკანონოა სრული თანხაც 542 248.6 ლარის ნაწილშიც.

აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რაზეც შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩენილიყო განუხილველი, რადგან თითქოს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ჩაბარდა ელექტრონულად 9.02.2021 წელს, ხოლო ფოსტის საშუალებით 15.03.2021 წელს. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, რადგან გასაჩივრებული დოკუმენტები პირველად იხილა, მაშინ როდესაც ფინანსური პოლიციის გამომძიებლის მიერ გადაეცა 11.10.2022 წელს.

მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

კანონის აღნიშნული დანაწესი ცალკე პუნქტად გამოყოფს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების ჩაბარების წესს და ასეთ შემთხვევაში აუცილებელს ხდის, რომ ასეთი კატეგორიის დოკუმენტები, რომლებიც ეხება მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, უნდა ჩაბარდეს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს. ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო ორგანოს არ მიუღია გადასახადის გადამხდელისგან ახსნა-განმარტება და არც სააღრიცხვო დოკუმენტაცია მოუთხოვია ისე ჩაატარა შემოწმება და სრულიად უკანონოდ დაარიცხა თანხები, ხოლო შემოსავლების სამსახურმა სრულიად უკანონოდ დატოვა განუხილველად საჩივარი.

საგადასახადო ორგანო უნდა იყოს მაკონტროლებელი და არა სადამსჯელო ორგანიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არსებითად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, 47-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე, 58-ე მუხლების მოთხოვნები, რაც იწვევს მათ ბათილად ცნობას ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და 601 მუხლების თანახმად. რადგან საგადასახადო ორგანოს არ შეუსწავლია მტკიცებულებები, არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი გარემოებების მქონე ფაქტობრივი გარემოებები ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტები.

ითხოვს დაევალოს საგადასახადო ორგანოს ჩაატაროს საგადასახადო შემოწმება კომპანიის საბუღალტრო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ ობიექტურად შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად.

ასევე ითხოვს გასაჩივრებული აქტები ჩაბარებულად ჩაითვალოს რეალურად ჩაბარების მომენტიდან 11.10.2022 წლიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

დადგენილია, რომ მომჩივანს მის მიმართ შედგენილ 7.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 8.12.2020 წლის №36581 ბრძანებას და 8.12.2020 წლის №081-356 საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით 9.02.2021 წელს.

ამასთან საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განხორცილდა ზემოაღნიშნული დოკუმენტების საჯაროდ გავრცელება 23.02.2021 წელს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

ამგვარად, სადავო აქტების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს დოკუმენტების ელექტრონულად გაცნობიდან. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 11.03.2021 წელი.

საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 31 ოქტომბერს და 7 ნოემბერს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ როდესაც დირექტორი დაიბარეს გამოკითხვაზე გამომძიებელმა მას გადასცა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები რომელთა შინაარსიც და არსებობაც მანამდე ცნობილი არ იყო არც საწარმოსთვის და არც მისი დირექტორისთვის.

ასევე გამომძიებლის განმარტებით შეიტყო, რომ თითქოს ელექტრონულად არის გაცნობილი საწარმოს ამ დოკუმენტებს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან შესაძლებელია დეკლარაციის ჩაბარების დროს რაიმე სავალდებულო შეტყობინება მოინიშნა წაკითხულად, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტები არ გახსნილა და საწარმოსთვის ამის შესახებ ცნობილი არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მოხდებოდა მათი გასაჩივრება, რადგან შემოწმების შედეგები არასწორია და არ ეთანხმება.

ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2020 წლის №081-356 საგადასახდო მოთხოვნა, №36581 ბრძანება და 7.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი ჩაბარებულად ჩაითვალოს რეალურად ჩაბარების მომენტიდან 11.10.2022 წლიდან.

მომჩივნის არგუმენტებს საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28666 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

მომჩივნი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახდო მოთხოვნა, ბრძანება და საგადასახადო შემოწმების აქტი ჩაბარებულად ჩაითვალოს რეალურად ჩაბარების მომენტიდან 11.10.2022 წლიდან.

 

ფაქტობრივი გარემოება

კომპანია 7.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 9.02.2021 წელს, ხოლო საფოსტო დაწესებულების საშუალებით დოკუმენტები ჩაბარდა 15.03.2021 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2022 წლის 31 ოქტომბერს და 7 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, კომპანიის საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი. რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის არგუმენტებს საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44; 263; 301 (ე).